გია ჯვარშეიშვილი – “რა არის მონანიება?”

191

რწმენა უმთავრესია, მაგრამ რაღაც უნდა მოიმოქმედო, რომ გწამდეს. ხშირად ცხოვრებაში  ეჭვები გვიპყრობს, ვშიშობთ, ვზრუნავთ, განვიცდით, ვნერვიულობთ, რადგან ვერ ვენდობით.  კარგია, როცა გვწამს. მთავარია გვწამდეს!  მორწმუნეს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ რწმენის ნიჭი აქვთ იმათ, ვინც ინანიებს – რწმენა მონანიებას მოსდევს. კურთხევა და კარგი ცხოვრება მონანიებით იწყება. უფალ იესო ქრისტეს მსახურების მისია მონანიების ქადაგება არ ყოფილა, მისი მისია მამის სიყვარულსა და ღვთის სასუფეველზე საუბარი იყო. მაგრამ მან თავისი მსახურება მონანიებით დაიწყო. მონანიება იოანე ნათლისმცემლის საქმე იყო. მან თავისი მსახურება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „მოინანიეთ, რადგან მოახლოებულია სასუფეველი ცათა.“  (იხ. მათე 4:17) არ მსურს, ამ ახალი წლის დღეებში მონანიებაზე ვილაპარაკო, მაგრამ  ვიცი, რომ კურთხევა მონანიებას მოსდევს. რწმენის მადლი მონანიების გარეშე ვერ მოვა. ყველამ ვიცით, რომ რწმენა უმთავრესია, მაგრამ მაინც მის დეფიციტს განვიცდით. რატომ? პრობლემა მონანიებაშია. თუ ადამიანი წრფელად მოინანიებს, მაშინ რწმენის მადლიც გადმოვა მასზე.

ერთხელ უფალმა იესომ სიმონ-პეტრეს ასეთი სიტყვები უთხრა: “სიმონ, სატანამ შენი გაცხრილვა მოითხოვა, მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ წაგრთმეოდა რწმენა.” შესაძლოა კითხვა გაგვიჩნდეს, რაღა იმისთვის ილოცა უფალმა, რომ სიმონს რწმენა არ წართმეოდა, ბარემ იმისთვის ელოცა, რომ განსაცდელში არ ჩავარდნილიყო ეს უკანასკნელი. მაგრამ განსაცდელის თავიდან ასაცილებლად ჩვენ უნდა ვილოცოთ და არა უფალმა. ღმერთი უშვებს განსაცდელებს ჩვენს ცხოვრებაში, რათა რწმენის მადლი გაგვიმრავლდეს. როცა მოხდება ისე, რომ ეჭვები დაგვიპყრობს ან შიში შემოგვეპარება, ნუ დავაყოვნებთ და მოვინანიოთ. ღმერთი არ გააკეთებს ისე, რომ განსაცდელი არ მოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. განსაცდელის გარეშე ჩვენი რწმენა ცეცხლში ვერ გამოიბრძმედება. განსაცდელები აუცილებელია. ქრისტე იესოში ზრდა საჭიროა მონანიებითა და თავის დამდაბლებით.

გახსოვთ სახარებიდან ის ადგილი, როცა თორმეტი წლის იესო მშობლებმა, ტრადიციისამებრ, იერუსალიმში წაიყვანეს ეკლესიაში, დაავიწყდათ და იქ დატოვეს? ასეა ყოველთვის, როცა მსახურებას ტრადიციად ვაქცევთ, მაშინ იესო გვავიწყდება. ყოველი ჩვენი დღე, ჩვენი ყოველი საქმე ქრისტე იესოში უნდა იყოს. ნურასდროს შევეჩვევით და ტრადიციად ნუ გადავაქცევთ ჩვენს მსახურებებს, ჩვენს ცხოვრებას. გამუდმებით ვეძიოთ უფლის სახე. ლოცვა მაშინაა შესმენილი, როცა ის გულმხურვალეა. ქადაგება მაშინაა ძალით შემოსილი, როცა ის ისე წარმოითქმება, თითქოს პირველად ქადაგებდე – შიშითა და მოკრძალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ქადაგება, ლოცვა თუ გალობა ღმერთის ყურს ვერ მისწვდება. როცა მშობლებმა იესო იპოვეს  და ჰკითხეს, სად იყო ამდენ ხანს, მან უპასუხა: „’რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ იმაში უნდა ვიმყოფებოდე, რაც მამაჩემისაა?’ ხოლო მათ ვერ გაიგეს მისი თქმული სიტყვა. იგი გაჰყვა მათ და მივიდნენ ნაზარეთს და ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.“ ( ლუკა 2:49-52).

ღმერთმა მორწმუნეები ქრისტე იესოში ჩაგვსვა. ჩვენი სამყოფელი ახლა მასშია. როცა ქრისტეში ვართ – ღმერთის სახლში ვიმყოფებით. როცა ქრისტე იესოდან გამოვდივართ, მაშინ ღმერთის სახლს ვტოვებთ. ადამიანი ვერ იქნება ღმერთის სახლში, თუ ქრისტეში არ დარჩა, თუ ყველაფერში უფალს, მის მცნებებს არ დაემორჩილა. ღმერთის მორჩილება ერთბაშად ვერ მოვა, ამას დრო სჭირდება. მართალია ღმერთს ვუყვარვართ, მაგრამ სიტყვა გველაპარაკება: შენი მოყვარულები მიყვარს მე (იხ. იოანე 16:27). ღმერთის მიმართ ჩვენი სიყვარული მაშინ ვლინდება, როცა მის სიტყვაში ვრჩებით. ღმერთს სურს, რომ მთელი ჩვენი არსებით გვიყვარდეს იგი და არა მხოლოდ ბაგეებით. იესოზე წერია, რომ ემორჩილებოდა თავის მშობლებს. სახარებაში არაფერია ნათქვამი იესოზე თორმეტიდან ოცდაათ წლამდე ასაკის პერიოდში. მხოლოდ ეს ფაქტია აღწერილი: „ყველაფერში ემორჩილებოდა თავის მშობლებს. ემატებოდა სიბრძნე და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.“  და რაკი იესო ყველაფერში ემორჩილებდა თავის მშობლებს და იზრდებოდა ღმერთისა და ხალხის სიყვარულში, სიბრძნეში, ღმერთისა და ხალხის შემეცნებაში, ამის შემდეგ აღივსო იგი ცხებულებით.

ყველას გვსურს, რომ ძალითა და სასწაულებით ვმსახურებდეთ. ამისთვის კი საჭიროა, რომ იგივე მორჩილება გვქონდეს, რაც იესოს ჰქონდა,  ისეთივე თანმიმდევრულნი ვიყოთ ღმერთისა და ხალხის მიმართ სიყვარულში და ვიზრდებოდეთ სიბრძნეში.

ერთხელ უფალმა იესომ ებრაელ ხალხს – ღმერთის ერს უთხრა: „ყველა,  ცოდვის ჩამდენი, ცოდვის მონაა. მაგრამ თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფლები იქნებით.“  (იხ. იოანე 8:36)  არავითარი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთის შვილებს ცოდვები ეპატიათ, მაგრამ გათავისუფლებას რაც შეეხება, აქ საეჭვოდაა საქმე. რამდენი ჩვენგანი დაიტრაბახებს, რომ თავისუფალია არაწმინდა აზრებისა თუ ფიქრებისაგან, გულისთქმებისა თუ სურვილებისგან, სიჯიუტისა და რისხვისაგან? მოუთმენლობისა და თავშეუკავებლობისგან? თვალთმაქცობისა და სიცრუისაგან? უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა როგორც პატიების, ასევე გათავისუფლების საქმე. სულიერებაში ზრდა გვეხმარება,  გვათავისუფლებს ცოდვებისაგან, საკუთარი მესგან, ძველი კაცისგან. რწმენა და სიყვარული ზეციერი ქმნილების ატრიბუტებია, სიყვარული – სულიერი ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა.

იოანემ თქვა: მე უნდა ვპატარავდებოდე და ქრისტე იზრდებოდესო ჩემში. ყოველმა ჩვენგანმა უნდა გავიმეოროთ ეს სიტყვები. გიაში, დათოსა თუ გელაში არაა არც სიბრძნე და არც სიყვარული. მხოლოდ ქრისტეშია ერთიც და მეორეც. ამიტომ ის უნდა იზრდებოდეს ჩვენში მანამ, ვიდრე მოციქულ პავლეს მსგავსად არ ვიტყვით: „მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ქრისტე ცხოვრობს ჩემში.“ (იხ. გალატ. 2:20)  სულიერი კაცი იზრდება იმის პარალელურად, რამდენადაც ხორციელი კაცი პატარავდება ჩვენში. ძველი უნდა დაპატარავდეს, ახალმა რომ შეძლოს ზრდა.

ძვირფასებო, როცა მქდაგებელი მონანიებაზე საუბრობს, კი ნუ განაწყენდებით, არამედ ჩაფიქრდით! ჩვენში ბევრია ხორციელი – ტყუილი, თვალთმაქცობა, სიცრუე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღმერთის წინაშე ვდგავართ. იესო ქრისტე იზრდებოდა სიყვარულსა და სიბრძნეში და ყველაფერში ემორჩილებიდა თავის მშობლებს. ახალგაზრდებო, როგორ არის თქვენს ცხოვრებაში მშობლების მორჩილების საკითხი? ემორჩილებით მათ? მოგვარებული გაქვთ მშობლებთან ურთიერთობა? ხართ თავმდაბლები და გულმოდრეკილები? თუ თავი მორწმუნეებად მიგაჩნიათ და თვლით, რომ ახლა მშობლების მორჩილება საჭირო აღარაა?

მშობლებო, თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ შვილებთან: აღიზიანებთ მათ თუ არა? უფლისთვის ზრდით თუ თქვენთვის? რას უნერგავთ: ამქვეყნიურ სიამეებს თუ უფალთან სიახლოვეს? თქვენი შვილების წინაშე ხართ თავმდაბლები და გულმოდრეკილები? თუ საჭირო გახდა უფლის გულისთვის, იყენებთ წკეპლას, ქამარს, ხელს, თუ თავიანთ ნებაზე გყავთ შვილები მიშვებულები?

უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს და მოციქულთა თავს – პეტრეს ჩააბარა სამოთხისა და ჯოჯოხეთის გასაღებები. პეტრე იყო მოციქულთა თავი. ის ყოველთვის უფალთან ერთად დადიოდა. პეტრემ ერთხელ მოინანია გულმხურვალედ და თქვა: “უფალო, მაპატიე, ცოდვილი ადამიანი ვარ”, მაგრამ ამის შემდეგ იყო, რომ აღარ დაემორჩილა ქრისტეს. იესომ მარიამ მაგდალინელს დააბარა: „უთხარი ჩემს ძმებს და პეტრესაც.“ ხედავთ? პეტრე ერთ დროს თავი იყო, შემდგომ კი „ც“ გახდა („პეტრესაც“, – თქვა უფალმა). მაგრამ, როცა პეტრემ ისევ მოინანია – კვლავ თავი გახდა. ის, ვინც თავი იყო ეკლესიაში, კუდი გახდა – „ძმებს უთხარი და პეტრესაც“…

თუ ხორციელმა გადაგიყოლათ, თუ ისევ ხორცმა დაგატყვევათ, იცოდეთ, რომ თქვენც „ც“ ხართ უფლისთვის. მაგრამ თუ მოინანიებთ, თუ დაინახავთ საკუთარ დანაშაულს და თავს დაიმდაბლებთ უფლის წინაშე, კვლავაც განაგრძობთ სულიერ ზრდას ქრისტეში. ღმერთის შვილები უღმერთოდ ვერ გაიხარებენ. ვისაც ღმერთმა გამოსყიდვის დღისთვის შუბლზე ბეჭედი დაასვა, ვეღარაფერს გააკეთებს მის გარეშე.

დიდებულია ჩვენი უფალი! სულიწმიდა ჩვენშია და ელაპარაკება ჩვენს გულებს. ის არასდროს მიგვატოვებს, სულ მუდამ ჩვენ გვერდით იქნება, მოგვცემს ძალასა და სიბრძნეს. ნუ შეგეშინდებათ, ღმერთია ჩვენი ძალა! ის არასდროს გაგვიშვებს ხელს!

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რწმენით ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ მისი მადლი გადმოდის მათზე, ვინც ინანიებს. ინანიებს არა მარტო ცოდვებსა თუ შეცდომებს, არამედ გულის ზრახვებსაც, არასწორ ფიქრებსა და თვალთმაქცობას. ღმერთს უნდა ვემსახურებოდეთ წრფელი გულითა და ხალისიანი სულით!

გია ჯვარშეიშვილი – სახარების რწმენის ეკლესიის ღვთისმსახური

05.01.1997

 

ჩატვირთვა...