გია ჯვარშეიშვილი – “რა არის წინასწარმეტყველება?”

215

წინასწარმეტყველება სულიწმიდის ერთ-ერთი ნიჭია. კორინთელთა მიმართ წერილში ჩამოთვლილია ცხრა ნიჭი, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ წინასწარმეტყველება.

1 კორინთელთა 14:3-5:

„ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება ასაშენებლად და შესაგონებლად და სანუგეშებლად. ენით მოლაპარაკე  თავის თავს აშენებს, ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ეკლესიას აშენებს. მე მსურს, რომ თქვენ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით და უფრო მეტად, რომ წინასწარმეტყველებდეთ. ვინაიდან წინასწარმეტყველი დიდია ენებით მოლაპარაკეზე, თუ განმარტავს კიდეც, რათა ეკლესია აშენდეს.“

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ წინასწარმეტყველების ნიჭი  მომავლის წინასწარმეტყველების უნარია. როცა იესო ქრისტე სამარიტელ დედაკაცს ესაუბრებოდა, ქალმა უთხრა: ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარო. არადა ქრისტე სამარიტელ დედაკაცს მის წარსულზე ესაუბრებოდა და არა მომავალზე. „წინასწარმეტყველება“ ნიშნავს ღმერთის დავალებით ლაპარაკს, როცა ვინმე აჟღერებს უფლის სათქმელს. მოსეს ეთქვა, რომ აარონი მისი წინასწარმეტყველი იქნებოდა, მისი ბაგეები; ანუ მოსე აარონს გამოიყენებდა იმის სათქმელად, რაც ღმერთს სურდა, რომ ეთქვა. წინასწარმეტყველება არის ღმერთის დავალებით ლაპარაკი. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც მომავალს, ასევე წარსულსა და აწმყოს.

დღეს ჩვენ წინასწარმეტყველების დანიშნულებაზე ვისაუბრებთ. როგორც უკვე წავიკითხეთ, წინასწარმეტყველება ხდება ეკლესიის ასაშენებლად, შესაგონებლად და სანუგეშებლად. მაგრამ, რადგან ეკლესიის აშენება ღმერთის სულის საქმიანობაა და რადგან ეკლესიას, მშენებლობის თვალსაზრისით, ხუცესი ჰყავს, ამიტომ წინასწარმეტყველება ეკლესიის ხუცესის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. წინასწარმეტყველება ეკლესიის მწყემსის დახმარებას გულისხმობს მორწმუნეთა სულიერი ზრდის საკითხში. ეკლესიის მშენებლობის დროს მასალად ხორცი არ გამოდგება, რადგან აქ სულიერ მშენებლობაზეა საუბარი. თუკი წარმოითქმება ისეთი წინასწარმეტყველება, რომელსაც სულიერი ზრდა არ მოაქვს ეკლესიისთვის, ეს წინასწარმეტყველება არის არა ასაშენებლად, არამედ განხეთქილების მოსატანად.

შეგონებაზე როცა ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ადამიანისთვის მის ნაკლოვანებებზე მითითებას. შეგონებაში იგულისხმება გამხნევება – ადამიანს გამოსავალიც უნდა დაანახვო.

 გამოცხადების წიგნში ვკითხულობთ (3:14-20):

„ლაოდიკიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს ამინი, მოწამე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა: ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ო, ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი! მაგრამ, რაკი ნელთბილი ხარ შენ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. ვინაიდან შენ ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. მე გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლით განწმენდილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი შესამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე. ვინც მიყვარს, მათ ვამხილებ და ვწვრთნი. აბა, ეშურე და მოინანიე. აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკავ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.’“

უფალი ლაოდიკიის ეკლესიას მის ნაკლოვანებებზე მიუთითებს, მაგრამ ამით არ ამთავრებს: „ეშურე და მოინანიე,“ – ამბობს უფალი. მისი შეგონება გამამხნევებელია – ის გამოსავალზეც მიუთითებს.

წინასწარმეტყველების შეგონებითი მხარე აგრეთვე გულის ზრახვების დანახვასაც გულისხმობს. შესაძლოა, ადამიანს გულში რაღაც კითხვები ჰქონდეს ღმერთის წინაშე. შეიძლება უფალმა რომელიმე წინასწარმეტყველის პირით  მიანიშნოს და დაანახვოს ამ ადამიანს თავისი გულის დაფარული, როგორც წერია (1კორ. 14:24-25): „მაგრამ, თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, მას ყველა ამხელს და ყველა განსჯის, და ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარული. ის დაემხობა ძირს, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენ შორის არის ღმერთი.“ ან კიდევ ის ადგილი გავიხსენოთ, როცა უფალმა იესო ქრისტემ ნათანაელს უთხრა: დაგინახე ლეღვის ქვეშ მდგარი. სულაც არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ნათანაელი ლეღვის ქვეშ მაინცდამაინც რაღაც ცუდს აკეთებდა. შესაძლოა, ის თავის გულში ფიქრობდა: ნეტავ ვინ იქნება მესია, ვინ იქნება მხსნელი. ამ დროს იგი ერთ-ერთმა მოციქულმა ქრისტესთან მიიყვანა. იესოს ნათქვამმა კი დაანახვა ნათანაელს, რომ ის იყო მესია.

შეგონება აუცილებელია, რადგან ბევრი ჩვენგანი პრობლემებში ვართ და საჭიროებები გვაქვს. და რადგან შეგონება აუცილებელია, აუცილებელი ყოფილა წინასწარმეტყველების ნიჭი.

შესაძლებელია ასევე, რომ წინასწარმეტყველებაში იყოს მოწოდება მონანიებისკენ. მაგრამ ამ მოწოდებას არ უნდა მოჰყვეს მოთხოვნა, ძალდატანება. ღმერთი მოძალადე არაა – იგი არ მოითხოვს ადამიანებისგან, რომ მათ იძულებით ამოთქვან თავიანთი ბაგეებიდან და აღიარონ შეცდომები. სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. თავად უფლის სული მიიყვანს ადამიანს მონანიებამდე.

ნუგეში 

მართალია ღმერთის შვილებს ყოველივე სასიკეთოდ გვეწევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ლხინი იქნება. უფალს არ უთქვამს, რომ მორწმუნის გზა ია-ვარდებით იქნება მოფენილი. ამიტომაც ნუგეში გვჭირდება. ზოგჯერ ნუგეში უფრო საჭიროა, ვიდრე სიმკაცრე. თავად ღმერთია ყოველგვარი ნუგეშის ღმერთი. თავად ღმერთი გველაპარაკება ესაიას ბაგეებით (ესაია 40:1-2): „ანუგეშეთ, ანუგეშეთ  ჩემი ხალხი.“

წინასწარმეტყველებას სამი მოთხოვნა აქვს: იგი წარმოთქმული უნდა იყოს ასაშენებლად, შესაგონებლად და სანუგეშებლად.

კიდევ რამდენიმე ადგილი გავიხსენოთ წმინდა წერილიდან. იგავები 29:18: „ხილვათა გარეშე თავს აიშვებს ხალხი.“ ვის სჭირდება აულაგმავი ხალხი? როცა ეკლესიაში წინასწარმეტყველება არაა, ხალხი თავს გადის. მოსე ასე ლაპარაკობს (რიცხვნი 2: 28-29): „ნეტავ ღმერთის მთელი ერი წინასწარმეტყველები იყვნენ, მაშინ უფალი მოავლენდა თავის სულს.“ პირველ მეფეთას 3:1-ში ვკითხულობთ, რომ სამუელის დროს ღმერთის სიტყვა და ხილვა იშვიათი იყო, ამიტომაც ხალხი გარყვნილებას მიეცა, თვით სამუელის სახლეულობაც კი.

წინასწარმეტყველება საჭირო ნიჭია. ამაზე პავლე მოციქული ლაპარაკობს: „მე მსურს, რომ თქვენ ყველანი წინასწარმეტყველებდეთ.“ თესალონიკელთა მიმართ წერილში კი ვკითხულობთ: „სულს ნუ ჩააქრობთ;  წინასწარმეტყველებას ნუ გააბაიბურებთ; ყველაფერი გამოცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ“ (1 თეს. 5:19-21).

შესაძლოა, ეკლესია ორ უკიდურესობაში გადავარდეს წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით: 1) უგულებელყოს ეს ნიჭი და დაამციროს იგი; 2) შესაძლოა, ეკლესია და ხუცესი მოწინასწარმეტყველე ადამიანის გავლენის ქვეშ მოექცნენ.

წმინდა წერილში წერია, რომ არ უნდა დავამციროთ წინასწარმეტყველება, მაგრამ არ წერია, რომ ყველაფერი უნდა მივიღოთ. დაწერილია: „ყველაფერი გამოცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ.“  წინასწარმეტყველებას ავსებს და წინ მიუძღვის სიტყვები, რომელიც გამოცხდების წიგნში წერია: „იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია“ (გამოცხ. 19:10). წინასწარმეტყველება ყოველთვის თანხმობაში უნდა მოდიოდეს წერილთან.

წინასწარმეტყველების ფორმები

წინასწარმეტყველება შეიძლება გამოვლინდეს იმ ადამიანისგან, ვისშიც და ვისზეც არის ღმერთის სული, სულიწმიდა. წინასწარმეტყველება სულიწმიდის ნიჭია, ამიტომ ადამიანი, რომელიც წინასწარმეტყველებს, აუცილებლად სულიწმიდით უნდა იყოს მონათლული. წინასწარმეტყველების ნიჭი სხვადასხვა ფორმით ვლინდება. დღეს ზოგიერთ მათგანზე ვისაუბრებთ.

1) წინასწარმეტყველება შეიძლება ქადაგების დროს გამოვლინდეს. ქადაგება წინასწარმეტყველების ელემენტებს შეიცავს.

2) შესაძლოა, წინასწარმეტყველება დღის და ღამის ჩვენებებით გამოვლინდეს. ღამის ჩვენება სიზმარია, დღის ჩვენება – ზმანება.

3) წინასწარმეტყველება, შესაძლოა, ხმის მოსმენით გამოვლინდეს.

4) უცხო ენაზე ლაპარაკი და მისი განმარტება.

5) სხვადასხვა ნიშნებით. მაგალითად, საქმეების 21-ე თავში წერია, რომ, როცა პავლე მოციქული აგაბოსთან მივიდა, ამ უკანასკნელმა ქამარი აიღო, ხელებზე შემოირტყა და თქვა: სული ლაპარაკობს, რომ ამ ქამრის პატრონს შებორკავენ და წარმართებს გადასცემენ იერუსალიმშიო.

სულიერ ნიჭებს, მათ შორის წინასწარმეტყველებას სწავლა სჭირდება. პავლე მოციქული ამის შესახებ კორინთელთა მიმართ წერილში გველაპარაკება: „ახლა სულიერ ნიჭებზე. არ მინდა ძმანო, უცოდინარნი იყოთ“ (1კორ. 12:1).

ახლა მინდა, შევეხო წინსაწარმეტყველების არასწორ გამოვლინებას. არასწორ გამოვლინებაში არ იგულისხმება, რომ ამ დროს სატანის სული მოქმედებს. სულების გარჩევა სხვა ნიჭია. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ღმერთის სულით ამოქმედებული ადამიანი მოქმედებს რწმენის საზომით, მაგრამ მისი წინასწარმეტყველება ისეთ საკითხებს სწვდება, რაც წინასწარმეტყველის საქმიანობა არაა. ასე მაშინ ხდება, როცა ადამიანი სიამაყით ივსება, როცა მასში ძალაუფლების სიყვარული იზრდება. ასეთი ადამიანი, ვითომც და სულისგან ამოქმედებული, ისეთ საკითხებში იწყებს წინასწარმეტყველებას, რაც დაუშვებელია. ახლა ზოგიერთ მათაგანს ჩამოვთვლი: კომერციული საქმიანობა, ქორწინება-მაჭანკლობა, მსახურებაზე ადამიანების დაყენება, აღიარებისა და ინფორმაციის გამოძალვა წინასწარმეტყველების ძალით, ავდმყოფებისთვის დიაგნოზის დასმა, პირადი სადავო საკითხების მოგვარება. ასევე დავამატებ, რომ წინასწარმეტყველება არ უნდა გახდეს სწავლების წყარო.

მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ სად ხდება წინასწარმეტყველება, ანუ სად მოდის ღმერთისგან ინფორმაცია; მაგრამ ჯერ ორი გაუგებრობა განვმარტოთ:

1) 1კორ. 14:32:  „და წინასაწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასაწარმეტყველთ“ – ეს მუხლი არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს სულიწმიდა ემორჩილება წინასწარმეტყველს. ადამიანის სურვილი ყოველთვის იყო, რომ ღმერთი, სულიწმიდა თავის ჭკუაზე ეტარებინა. მაგრამ უფალს პირიქით სურს. ამ მუხლში შემდეგი აზრია გადმოცემული: ადამიანს, რომელიც წინასწარმეტყველებს, ძალაუფლება აქვს თავის სულზე, იგი ფლობს თავის სულს. შეიძლება წინასწარმეტყველური ინფორმაცია  ღმერთმა მოგვცეს სულში, მაგრამ ჩვენში არის ძალაუფლება, რომ შევაკავოთ ჩვენი სული  და საჭირო დროს გადავცეთ სათქმელი (დაველოდოთ ქადაგების დასრულებას, რათა წესრიგი არ დაირღვეს მსახურების დროს).

2) როცა წინასწარმეტყველი წინსაწარმეტყველებს, მისი ბაგეებით სულიწმიდა ლაპარაკობს. ამიტომ მორწმუნეებმა ნათქვამი განუსჯელად უნდა მიიღონ. სინამდვილეში კი შემდეგი ხდება: ღმერთისგან ინფორმაცია ადამიანის სულში მოდის, ხოლო წინასწარმეტყველება, ანუ ინფორმაციის გამოტანა ხდება რწმენის საზომით. ადამიანი, რომელიც წინასწარმეტყველებს, ღმერთისგან მიღებულ ინფორმაციას თავისი სიტყვებით გადმოსცემს, ისე, როგორც მან ეს შეიგრძნო სულში. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ ადამიანმა დაამატოს რაღაც, ანდა შეამოკლოს სათქმელი. შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ინფორმაცია ღმერთის სულისგან უცებ მოვიდეს და მორწმუნე ადამიანისგან ასევე უცებ გამოვიდეს, ასე ვთქვათ, გაუფილტრავად, გონების ფილტრში გავლის გარეშე. ასე ხდება ხოლმე ქადაგებების დროს, როცა ღმერთის სული რაღაცას ჩადებს მქადაგებლის სულში და მქადაგებელი გააჟღერებს ხოლმე ამას. მაგრამ არც მთელი ქადაგება არაა უეცარი სულისდაცემა და არც მთელი წინასწარმეტყველება – სულიწმიდის ლაპარაკი. აქ ადგილი აქვს ადამიანის მიერ რაღაცის დამატებას ან მოკლებას. სწორედ ამიტომაა საჭირო ნათქვამის შემოწმება – რამდენადაა ის წერილთან შესაბამისობაში. თუ  წინასწარმეტყველის მიერ გადმოცემული ინფორმაცია  არ გადამოწმდა და ყოველგვარი ანალიზის გარეშე მოხდა მისი მიღება, ასეთ შემეთხვევაში წინასწარმეტყველი შეიძლება  უპასუხისმგებლო გახდეს – ილაპარაკოს გაუაზრებელი რაღაცები, რაც, შესაძლოა, წინააღმდეგობაშიც კი იყოს წერილთან. მან კი თავი იმართლოს იმით, რომ ლაპარაკობდა იმას, რაც სულიწმიდამ ჩაუდო გულში. ანუ სრულად მოიხსნას პასუხისმგებლობა და ყველაფერი სულიწმიდას „დააბრალოს“.

წინასწარმეტყველს, პირველ რიგში, უფლის მიმართ სიყვარული და მორჩილება უნდა ჰქონდეს, მაგრამ, ამავდროულად, პასუხისმგებლობაც არ უნდა დაივიწყოს.  წინასწარმეტყველი პასუხს აგებს მის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვაზე.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსურს თქვენი ყურადღების შეჩერება. წერილი გვასწავლის, რომ ყოველი წინასწარმეტყველება ღმერთის სიტყვით უნდა შემოწმდეს. საკმარისი არაა მორწმუნის სურვილი, რომ იწინასწარმეტყველოს ღმერთის სიტყვა. ისევე, როგორც ადამიანის სურვილი არ კმარა იმისთვის, ქირურგი რომ გახდეს – მოისურვა და მაშინვე საოპერაციო მაგიდასთან დადგა. არა! წინასწარმეტყველება უდიდესი პასუხისმგებლობაა. სურვილი კარგია, მაგრამ საჭიროა ნიჭი. ამიტომაც წერია: მე მინდა, რომ ყველანი წინასწარმეტყველებდეთ, მაგრამ ნიჭია საჭირო, ღმერთის სიყვარული, მისი მორჩილებაა საჭირო. უცოდინარობის გამო შესაძლოა, სულები დაღუპოს იმ ადამიანმა, ვინც წინასწარმეტყველება მოისურვა, მაგრამ საამისო ნიჭი არ გააჩნია. ხდება ისეც, რომ ღმერთი მორწმუნეს ხილვებით ეუბნება თავის სათქმელს, მაგრამ ამ ხილვის განმარტება ყველას არ შეუძლია. ის, რასაც უფალი სულში გვიჩვენებს, ხორციელი გონებით ვერ განიმარტება, საჭიროა მისი სულიერად განმარტება. როცა პეტრე მოციქულს ჩვენება ჰქონდა – ზეციდან ჩამომავალი ცხოველები – მანაც ვერ შეძლო ამის სწორად ახსნა. მაგრამ მოგვიანებით, როცა ღმერთმა აღასრულა ის, რაც მოციქულს ხილვაში მიეცა, პეტრეც მიხვდა ყოველივეს. ერთია უფლისგან ინფორმაციის მიღება, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის სწორად ახსნა, განმარტება. ამიტომაც გვარიგებს მოციქული პავლე: „ვინც ენებით ლოცულობს, ილოცოს, რომ განმარტოს კიდეც“ (1კორ. 14:14).

ენებზე ლოცვა და განმარტება უცხო ენებზე ლაპარაკს და თარგმანს კი არა, არამედ ჩვენი გონების სულისთვის დამორჩილებას ნიშნავს, რათა ჩვენი გონება გასულიერდეს – მატერიალური საგნების მიღმა სულიერი დაინახოს. სახარებაში წერია: ორმა ან სამმა იწინასწარმეტყველოს, დანარჩენებმა კი განსაჯონ. სულაც არაა სავალდებულო, რომ წინასწარმეტყველება იმ მორწმუნემ განმარტოს, ვინც იწინასწარმეტყველა.

ბოლოს მინდა, ვისაუბროთ წინასწარმეტყველების შემოწმებაზე. აქ საუბარი არაა იმაზე, თუ რა სული ლაპარაკობს წინასწარმეტყველის ბაგეებით, აქ სულების გამოცდაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვამოწმებთ ინფორმაციას: რა არის ღმერთისგან და რა – ადამიანისგან დამატებული. ანუ წინასწარმეტყველი კი არ იცდება, არამედ მისგან გამოსული ინფორმაცია მოწმდება, რათა წინასწარმეტყველებამ სიცოცხლე მოიტანოს და არა დაცემა, რათა მორწმუნეში სულიერი ნიჭები განვითარდეს.

პავლე მოციქული ლაპარაკობს, რომ ყველას შეუძლია, ისწავლოს და იწინასწარმეტყველოს. ეს კი ღმერთთან მოზიარეობაში ყოფნით ხდება.

გია ჯვარშეიშვილი – საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ღვთისმსახური

16.03.1996

ჩატვირთვა...