რუსლან ჯაყელი – „ადამიანია კაცი?!”

125

საიდან მოდის ადამიანი? რისთვის არსებობს იგი? ან საითკენ მიემართება ასე სწორუპოვრად? ამგვარი კითხვები ყოველი საუკუნის კუთვნილებაა და ყოველი ეთნოსი მანამდე იქნება მის ძიებაში, ვიდრე ნათელი არ მოეფინება ადამის გაჩენას.

ღმერთმა ყველაზე ბოლოს შექმნა ადამიანი თავისი სულისა და ხატის მსგავსად და მას ქმნილებათა გვირგვინი უწოდა. ფაქტობრივად, დედამიწაზე ადამიანის ამპლუა ღმერთის მოადგილეობა გახლდათ. მას უნდა ებატონა ყველა დანარჩენ ქმნილებაზე, გამოეყენებინა იგი, ოღონდ თაყვანი არ ეცა მისთვის, რამეთუ სათაყვანებელი მხოლოდ შემოქმედია  და არა ქმნილება. „ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!“ (რომაელთა 1:25).
ვნახოთ, რას ამბობს მეფე დავითი ადამიანის წარმომავლობაზე: „რამეთუ შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის მუცელში, გადიდებ, რამეთუ საოცრებით შემქმენი, საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს ფრიად. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში,  ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი“ (ფსალმუნი 138:13-16).

„შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია… აბა, გაიხსენე, თიხისაგან რომ შემქმენი… განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე? ტყავით და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე. სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენი ზრუნვა ინახავს ჩემს სულს“ (იობი 10:8-12).

 „როგორც არ უწყი გზა ქარისა და როგორ წარმოიქმნება ძვალნი ორსულის მუცელში, ისე ვერ შეიცნობ საქმეს ღვთისას, რომელმაც ყოველივე შექმნა“ (ეკლესიასტე 11:5).

მსოფლიოში პირველად 1920 წელს „კომუნისტების ღმერთმა“ ვ. ლენინმა გამოსცა დეკრეტი აბორტთა ლეგალიზებაზე. მაშინ ამტკიცებდნენ, რომ დაუბადებელი ბავშვი ადამიანი კი არა, დედის სხეულის ნაწილიაო. არა მშობიარობის, არამედ ჩასახვის პირველი დღე მიიჩნევა ახალი სიცოცხლის დაბადების დღედ. ამიტომ შეჩერდით, დედებო, ნუ მოკლავთ შვილებს!

თანამედროვე ულტრაბგერითმა ტექნოლოგიამ ხელმისაწვდომი გახადა ბავშვის შიდასაშვილოსნო განვითარების ზუსტი ინფორმაცია. როგორც კი ათასობით სპერმატოზოიდიდან ერთადერთი შეერწყმება კვერცხუჯრედს, იწყება ახალი სიცოცხლე, რომელსაც აქვს ურთულესი გენეტიკური კოდი, განმსაზღვრელი მშობლების ქრომოსომის ყოველი დეტალისა: სქესი, სისხლის ჯგუფი, ინტუიცია, თვალების, თმისა და სხეულის ფერი, ხასიათი, ზომები, თითების ანაბეჭდი, მიდრეკილება და სხვა. შენც ასეთი უჯრედი იყავი განაყოფიერებისას, გქონდა განსაზღვრული – ცხრა თვით ცხოვრება დედის საშვილოსნოში და 90-მდე წელიწადი ამ ცოდვილ წუთისოფელში. არა დაბადების, არამედ სწორედ ჩასახვის მომენტიდან შენ ხარ ის არსება, რომელიც ისტორიაში არასოდეს არსებობდა და არასოდეს იარსებებს კვლავაც.

ადამიანის არც ერთი ორგანო არ ფუნქციონირებს თავისთვის. ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. იესო მათ ადამიანთა ურთიერთობებს ადარებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მოყვასისთვის უნდა იღვწოდეს მუდამ. თვალები – ღმერთის სიტყვას უნდა კითხულობდეს და არა ცრურელიგიურ ლიტერატურას. ყურები – ჭეშმარიტებას უნდა ისმენდეს და არა ცილისწამებას და სიცრუეს. ენა – მადლის სიტყვით უნდა იყოს გაჯერებული. როგორც ექიმი განსაზღვრავს ენის რეცეპტორების მიხედვით დიაგნოზს, განკითხვის დღეს ჩვენც მოგვიწევს ანგარიშის ჩაბარება ამ წუთისოფელში ნათქვამი ყოველი სიტყვის გამო. ხელებმა – კეთილსინდისიერი და უანგარო საქმე უნდა აკეთოს და არა ქრთამებით გაისვაროს. ფეხები – ბოდიალით კი არ უნდა იღლებოდეს, არამედ ქრისტეს სახარებას უნდა დაატარებდეს. გული – უპატიებლობით, სიძულვილითა და შურით კი არ უნდა იტვირთებოდეს, არამედ პატიებით, სიყვარულითა და ღმერთის წმინდა სულით უნდა ივსებოდეს.

ადამიანი არ არის სხეული, რომელიც მიწისგანაა და მიწადვე იქცევა სულის გარდაცვალებისას. ადამიანი არის სული (სინდისი), ადამიანს აქვს სამშვინველი (ძალაუფლება, ნებისყოფა, ინტუიცია) და ის ცხოვრობს დროებით სახლში (გრძნობები). ღმერთის სიტყვა ბრძანებს: „ჩემ მიერ არის სული ხორცშესხმული და სამშვინველი მე შევქმენი“ (ესაია 57:16). როგორც სხეულისთვისაა აუცილებელი საკვები, ასევე აუცილებელია სულისთვის და მშვინვისთვისაც. ჩვილისთვის დედის რძე შეიცავს მისთვის საჭირო პროდუქციის ყველა ინგრედიენტს. იესო სწორედ რძეს ადარებს წმინდა წერილს: „როგორც ახალშობილმა ყრმებმა,ისურვეთ სულიერი, სუფთა რძე“ (1 პეტრეს 2:2). ფრიდრიხ დიდის სასახლეში, ბანკეტის დროს, ერთ ურწმუნო გენერალს დამცინავად  უკითხავს მორწმუნისათვის: „შეგიძლიათ, მარადისობაზე მითხრათ რაიმე?“ „დიახ, – უპასუხა მან. – თქვენ იქ უკვე აღარ იქნებით გენერალი.“

ეკლესიის აშენება არ ნიშნავს გაქრისტიანებას. მონათვლა და რიტუალის შესრულება არ ნიშნავს გაქრისტიანებას. ცოდვათა მონანიება და ქრისტეს საკუთარ მხსნელად და უფლად აღიარება ხდის ადამიანს ქრისტიანად! მე არ ვქადაგებ რომელიმე რელიგიის უპირატესობას. მე ვქადაგებ ცოცხალ იესო ქრისტეს, რომლის საფლავი ცარიელია! ირწმუნე იესო და არ გასამართლდები. „უფალი ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას“ (2 თესალონიკელთა 1:8).

უფალი დაინტერესებულია არა მარტო სამოთხეში შენი მოხვედრით, არამედ დედამიწაზეც შენი ბედნიერებით, ჯანმრთელობით და მას ძალიან სურს, რომ წუთისოფელი განვლო არა ტანჯვა-ვაებით, არამედ სიხარულით, სიმშვიდითა და თავისუფლებით.

პასკალმა ბრძანა: „გაჩუმდი, ბრიყვო გონებავ, უსმინე ღმერთს!” სწორედ ბიბლიის ღმერთის თითებით გამოძერწილი, უნიკალური და უმშვენიერესი ქმნილება ხარ შენ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მაიმუნისგან არ წარმოქმნილა, რაც გამჩენის შეურაცხყოფაა, უღმერთოდ ცხოვრება ნამდვილად ‘მაიმუნობაა’ და მეტი არაფერი.

უფლის თვალსაზრისით კი, იესოს მიმდევარი დედაკაცი და მამაკაცია უეჭველად მისი სადარი ადამიანი, რომელსაც როგორც ხორციელად, ასევე სულიერად უწერია დაბადება. სწორედ იმიტომ უპასუხა მღვდელმთავარ  ნიკოდემოსს იესომ (რომელმაც ეს ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო): „ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავსო ღმერთის სასუფეველს.“ (იოანე 3:3). ასევე ორჯერ შეიძლება მოკვდეს ადამიანი: პირველად ფიზიკურად, რომელსაც გარდაცვალება ჰქვია და მეორედ – მარადიული სიკვდილით აღსასრულისას, თუ ის ამ წუთისოფელში უარყოფს იესო მაცხოვარს.

ადამიანი – უნიკუმი სუპერქმნილება,

ყველა არსების გვირგვინი და ღვთის ხატის მსგავსი,

უზენაესმა შემოქმედმა ასე ინება,

რომ ენეტარა დედაკაცსა და მამაკაცში.

რამდენი რამე მაოცებს და მაკვირვებს დღესაც,

ხელი რომ ხელს ჰბანს და ორივე – ღვთაებრივ სახეს,

საოცარია, ნაკლებ პატივს რომ არ ვცემ ფეხსაც,

სამაგიეროდ, ღრუბლებიდან ამიყვანს ცამდე!

საკვირველია ღვთის თითებით გამოძერწილი

შიგნეულობა, მშობელთ მსგავსი – დედის საშოში,

ყველა ორგანოს მუშაობის ლომური წილი,

ინსტინქტით კვება რძით ავსებულ უფლის სასმისის.

თავი – ყველაფრის მბრძანებელი და დამკვირვები,

ცხვირი, თვალები, ყურები და ამაყი ენა,

რომელზეც ექიმს შეუძლია, სნეულთ კითხვები

განკითხვის დილას ჩვენ მოგვიწევს – ვაჩვენოთ ზენარს.

მე არ ვარ ხორცი, ან სხეული – გარს რომ მახვია,

არამედ სული და სინდისი და მე მაქვს მშვინვა,

წუთისოფლისთვის ეს სხეული ჩემი სახლია,

მარადიულში ის იქნება უხრწნადი, წმინდა.

ყოვლის დანახვა თვალთა შორის გულის თვალს ძალუძს,

ღვთის  სიტყვის მსმენელთ – უმჯობესი გულის ყურია,

ტკბილმოუბარი, ადამთ მოდგმას არ ეტყვის აუგს,

ავის ჩამდენზე შემნდობელიც გულის გულია.

თუ მიუტევებ, ვითარც ქრისტემ შენ მოგიტევა,

ის თვალს აგიხელს და განკურნავს შენს არსს სრულიად,

მითხარ, იესო!.. ამ ჩემს გულში როგორ ეტევი?

ამხელა ღმერთი ზეციური სიყვარულითა!..

ალილუია!

რუსლან ჯაყელი – ქობულეთის სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, თეოლოგი.

 

ჩატვირთვა...