რუსლან ჯაყელი – “ჯვარი”

207

რა არის ჯვარი? რას უნდა ნიშნავდეს ორი ძელისგან გამოჭედილი ფიგურა, ზოგიერთისთვის მრწამსის სიმბოლოდ რომ ქცეულა, უმრავლესობისთვის კი – მოდურ გატაცებად მხოლოდ?...

ალბათ, ყველას მოეხსენება ჯვრის მოყვანილობა, რომელიც ასოცირდება ქრისტიანობასთან, ანუ ქრისტესთან, რომელიც შენსა და ჩემ გამო აცვეს ჯვარს.

იმ დროისთვის არ არსებობდა უფრო საშინელი სასჯელი, ვიდრე ჯვარცმა, რომლითაც სჯიდნენ ყველაზე საშიშ დამნაშავეებს. ურწმუნოსათვის ძნელი ასახსნელია, საიდუმლოდ რატომ დაუწერა მამა ღმერთმა თავის ძეს ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა მესამე დღეს, მორწმუნისათვის კი გასაგებია. „რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს მას საუკუნო სიცოცხლე“ (იოანეს სახარება 3:16).

ადამიანის ცოდვის გამო ადამის მოდგმა წყეული გახდა, რაც  შთამომავლობით გადაეცემოდა, ამიტომ შორსმჭვრეტელმა ღმერთმა, ქრ. შობამდე დაახლოებით 1800 – 1400 წწ.  უბრძანა მოსეს რჯულის შეუსრულებლობისთვის მოკლულთა ხეზე ჩამოკიდება. (მეორე რჯული 21:22-23)  ქრ. შობიდან 50-ე წელს მოციქულმა პავლემ აღიარა: „ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენ ნაცვლად, ვინაიდან დაწერილია – წყეულია ყოველი დაკიდებული ძელზე“ (გალატელთა 3:13).

იესო ქრისტეს სანაცვლო სიკვდილი ჯვარზე, სატანის განიარაღება და დამარცხება, უფლის მკვდრეთით აღდგომა და მისი მეორედ მობრძანებისთვის სამზადისი – წმინდა წერილის კვინსისტენციაა, რომლის კოცნა კი არა, კითხვაა საჭირო და აუცილებელი, გადაკარგული, თაროებზე რომ იმტვერება „ქრისტიანულ” ოჯახებში. აი, მიზეზი, საზოგადოება ცრუ რელიგია-სექტების მახეში რომ გაბმულა.

ჯვრის ჩამოკიდება, ტარება და თვით პირჯვრის  გადაწერაც სრულებით არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი ხარ. იესოს არ უთქვამს ჯვარი ჩამოიკიდე და გადარჩებიო ჯოჯოხეთის ცეცხლისაგან, არამედ  მან ბრძანა: „თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავი, ყოველდღე აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე…“ (ლუკ. 9:23). აქედან გამომდინარე, ქრისტიანობა ნიშნავს იესო ქრისტეს ნაკვალევზე გაყოლას, და არამც და არამც რელიგიური რიტუალების უნებლიე, ბრმად შესრულებას.

იესოს არავისთვის დაუძალებია „გაქრისტიანება”. ყველანი თავისი ნებით მიჰყვებოდნენ დიდების უფალს. ჯერ უნდა მოინანიო და მხოლოდ მონანიების შემდეგ მოინათლო, რომ გადარჩე (მოციქულთა საქმეები 2:38). თუ ეს არ ხდება, მაშინ ირღვევა ქრისტესმიერი წეს-ჩვეულება, რაც გამორიცხავს ქრისტიანობას, მით უმეტეს ბავშვებში. იესო არ მოუნათლავთ ჩვილობაში, არამედ მხოლოდ მაშინ, თავად რომ გადაწყვიტა მონათვლა.

ლუდოვიკო IX (25.4.1214 – 25.8.1270) 12 წლისა გახდა საფრანგეთის მეფე. ბევრმა ისარგებლა მისი არასრულწლოვანებით და აუმხედრდნენ. დედამისმა შეძლო მათი მოგერიება. როცა ლუდოვიკო გაიზარდა, მოწინააღმდეგენი გაიქცნენ საზღვარგარეთ, რადგან მან ყოველ სახლს გვერდით ჯვარი დაუყენა. მეფემ მოუწოდა, დაბრუნებულიყვნენ და აუხსნა ყველას, რომ „ჯვარი არ ნიშნავს ჩემი მტრების სიკვდილს, ის მუდამ უნდა მახსენებდეს იესოს ჯვარსა და სხვათა პატიებას.”

როგორ გაპატიებს ღმერთი, პირდაპირპროპორციულია, თუ როგორ პატიობ შენ (მათე 6:12). იესოს უყვარს ცოდვილი, მაგრამ არამც და არამც ცოდვა, რომლის საზღაური სიკვდილია (რომაელთა 6:23). ღმერთმა იესოში დასაჯა და გაასამართლა ცოდვა. მან ჯვარზე მიალურსმა ჩვენი ცოდვა, წყეულება, ავადმყოფობა და სიკვდილი.

იესო ერთნაირად სჭირდება როგორც ქრისტიანს, ისე მაჰმადიანსა და ათეისტს; ყველას, ვინც გამოეხმაურება გულის კარზე მის თავაზიან კაკუნს, რათა სულს სიმშვიდე მოუპოვოს. გულით გაიმეორე მონანიების ლოცვა: „მამაო ჩემო, მე ვაღიარებ თავს ცოდვილად და გთხოვ მაპატიო. მადლობა, რომ შენი მხოლოდშობილი  ძე შესწირე ჩემ გამო, სადაც მე უნდა ვყოფილიყავი ჯვარცმული. მწამს მკვდრეთით აღმდგარი იესოს მეოხება ჩემთვის, რათა განვიკურნო სულიერად, მშვინვიერად და ხორციელად. ამინ!”

გილოცავთ გადარჩენას და გთხოვთ დაიხსომოთ, რომ ჯვარი თქვენთვის ის გარდაუვალი ეშაფოტია, რომლისგანაც მკვიდრმა ან ახლობელმა კი არა, თქვენთვის უცნობმა იესომ გიხსნათ, რათა მამა ღმერთთან შეგარიგოთ და მოხვდეთ სამოთხეში მარადისობის გასატარებლად, აბსოლუტურად დაუმსახურებლად, უბრალოდ, მისი უსაზღვრო მადლით და მოწყალებით.

კედლის ძველებურ, დიდ საათებს სწორად მუშაობისთვის საწონებზე მცირეოდენ ქანჩებს უმატებდნენ. ჯვარი, რომელსაც ჩვენ უფალი გვაკისრებს, გვეძლევა არა ჩვენ გასაჭყლეტად, არამედ მართებული სვლისთვის.

ოდესღაც გერმანიაში აშენებულა დიდი კოშკი. ხშირ გრიგალსა და დრო-ჟამს ის გვერდზე გადაუხრია. არქიტექტორს მოუწადინებია კოშკის რესტავრირება და რომ შეეჩერებინა გადახრა, მისთვის სიმძიმე ჩამოუკიდებია, როგორც საპირწონე. კოშკი დგას დღესაც, საპირწონე აწონასწორებს მას.

ასევეა შენთვისაც იესოს ჯვარი, რომელიც შენდამი სიყვარულის გამო იტვირთა უფალმა.

ოჰ, რამდენი სიყვარული აქვს ზენაარსს! ალელუია!

რუსლან ჯაყელი, თეოლოგი

                                                            გაზეთი„აჭარა” №184 (27.09.2003წ.) სტილი დაცულია

ჩატვირთვა...