რუსლან ჯაყელი – “სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ!”

693

რა არის სიკვდილი? არის თუ არა ის ცხოვრების დასასრული? რა ხდება მის შემდეგ?…

კაცობრიობა მონდომებით ეძებს ამ კითხვაზე პასუხს. მედიცინის ენით, სიკვდილი სხეულის ყველა სასიცოცხლო ფუნქციათა შეწყვეტაა. რელიგიებს კი სხვადასხვაგვარი თვალსაზრისი აქვთ სამარისიქითა სიცოცხლის შესახებ. „რელიგია მეცნიერების გარეშე ბრმაა, მეცნიერება რელიგიის გარეშე – კოჭლი“, – უთქვამს აინშტაინს. მეცნიერები ცდილობენ სიკვდილის დამარცხებას და უკვდავების თეორიის პრაქტიკულ დასაბუთებას, ეძებენ გზებს სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, მაშინ, როცა ღმერთმა, ჩვენდამი სიყვარულის გამო, უკვე დაამარცხა იგი იესო ქრისტეს სიკვდილითა და აღდგომით.

ხალხს ოდითგანვე სწამდა საიქიო ცხოვრების, რის დამადასტურებელიცაა პირამიდების სამარხები. ფარაონებს ხომ სურსათ-სანოვაგის გარდა მონებსაც აყოლებდნენ ცოცხლად, მათთვის რომ ემსახურათ. ზოგიერთი მაგნატი ათასობით დოლარს უხდის მეცნიერებს, რათა მათი სხეული სიკვდილის შემდეგ გაიყინოს იმ იმედით, რომ მეცნიერება მიაღწევს სასწაულებს და შთამომავლები მკვდრეთით აღადგენენ მათ.

კლინიკური სიკვდილი ნაწილობრივ ნათელს ჰფენს ამ მოვლენებს. ზოგი ანგელოზებსა და სამოთხეს ხედავს, ზოგი კი დემონებით სავსე ცეცხლის ტბასა და ცოდვილთა ტანჯვა-ვაებას ჯოჯოხეთში. ზოგიერთებისთვის ანალოგიური ფაქტები ზღაპრის დონეზე აღიქმება, რადგანაც ფუჭმა ათეიზმმა რწმენის ტენდენცია „პური არსობისას“ ტენდენციით შეუცვალა მოტყუებულ ხალხს.

სწორედ ამიტომ მუცლის ამოვსებისკენაა ადამიანის მთელი ყურადღება და ძალისხმევა მიმართული. ის დალოცვილიც ისე იზრდება, საერთოდ დაგვავიწყა, რა არის უმთავრესი. ადამიანი არ არის „კუჭი“, ფიზიკური, მატერიალური სხეული მხოლოდ. უპირველესად, ის ღვთის მსგავსად შექმნილი სულია. მას, ესე იგი, სულს, გააჩნია მშვინვა (გონება, ემოცია, ინტელექტი, ნებისყოფა, ინტუიცია) და ის ცხოვრობს სხეულში, დროებით საყდარში (1 თესალონიკელთა 5:23), რომელიც მიწასთან უშუალო კავშირისათვის მიწისგანვეა შემდგარი. უხილავი სულის განზრახვანი სხეულის გარეშე აბსოლუტურად გაუგებარი იქნებოდა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ მოგვევლინა იესოს სხეულში ღვთის უწმინდესი სული, რომელმაც სხეულს კვება დაუწესა და არა ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი.

სულსაც საკვები სჭირდება, ოღონდ სულიერი, რომელიც არის ღვთის წმინდა წერილი კაცობრიობისადმი მიწერილი – ბიბლია. თავდაპირველად ღმერთს სიკვდილი არ დაუწესებია ადამიანისთვის. თუ შესცოდავ, მაშინ მოკვდებიო, – უთხრა ადამს, რომელმაც თავად აირჩია სიკვდილი. ცოდვა ღვთის ურჩობაა (დაბადება 2:17; იაკობი 1:15; რომაელთა 6:12).

თავისი შინაარსობრივი დატვირთვით იშვიათი ფენომენია ქართული სიტყვები „წუთისოფელი“ და „გარდაცვალება“. საშუალოდ, თუ 70-80 წელიწადი წუთია ცხოვრებისა, წარმოიდგინეთ, რამდენი საათი, თვე და წელიწადი ელოდება ადამიანს, თავის ნალოლიავებ, ნაწვალებ სხეულს რომ განშორდება. ნუ გეშინიათ სიკვდილისა, ის კარია უხილავ სამყაროში გადასასვლელად. გეშინოდეთ ჯოჯოხეთში მოხვედრისა, სადაც მოხვდება იესო ქრისტეს უარმყოფელი, მიუხედავად იმისა, კეთილია ის თუ მდიდარი, რელიგიურია თუ ლამაზი, განათლებულია თუ ძლიერი. ჯოჯოხეთი რეალური ადგილი რომ არ იყოს, იესო უსათუოდ გაგვაფრთხილებდა ამის შესახებ (მათე 13:41-43).

ჯოჯოხეთი არ არის წარმოსახვის ნაყოფი, არც მეტაფორა, არც ფილოსოფიური იდეა და არც იგავი ან ლეგენდა, რაზეც ნათლად მეტყველებს ლუკას სახარება 16:19-31, მდიდრისა და გლახაკი ლაზარეს მაგალითი. იესო ხაზს უსვამს იმას, რომ სიმდიდრე ვერ გაუიგივდება სიმართლეს. ერთი ცხოვრობდა ფუფუნებაში, მეორე – სიდუხჭირეში. მოკვდა ორივე. სიკვდილმა მდიდარს კარი ჯოჯოხეთში გაუღო, ლაზარეს – სამოთხეში. ჯოჯოხეთში მდიდარი ხედავდა, გრძნობდა, ნანობდა. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ სიკვდილის შემდეგ მისი არსებობა არ შეწყვეტილა. სხეული დაიმარხა, სული კი მთლიანი შეგნებით განაგრძობდა არსებობას. ის ითხოვდა, რომ ვინმე გაეგზავნათ მის ოჯახში და გაეფრთხილებინათ ჯოჯოხეთის რეალურობის შესახებ. მას სტანჯავდნენ დემონები და უქრობი ცეცხლის ალი. ამპარტავნობამ და თანაგრძნობის უქონლობამ სამუდამოდ გაწირა იგი და მოაცილა ოჯახსა და ღმერთის უკიდეგანო სიყვარულს…

შეუძლებელია ჯოჯოხეთიდან სამოთხეში „გადანაცვლება“, რადგან სამუდამო სამყოფელში მოხვედრის შანსი ადამიანს მხოლოდ ერთხელ, წუთისოფელში ეძლევა. ეკლესიასტე ბრძანებს: „როგორც შიშველი გამოვიდა დედის მუცლიდან, შიშველივე წავა“ (ეკლესიასტე 5:15). ალექსანდრე მაკედონელის ანდერძი ნათლად გვიჩვენებს წუთისოფლის ამაოებას. მან დაიბარა, დაესაფლავებინათ აპყრობილი ხელებით, რათა ყველას ეხილა, რომ მსოფლიოს ძლევამოსილ დამპყრობელსაც კი არ შეეძლო, რამე წაეღო ამ ქვეყნიდან.

ხშირად ადამიანები სვამენ კითხვას: „რატომ უშვებს მოყვარული ღმერთი ხალხს ჯოჯოხეთში?!“ ადამის ცოდვით დაცემის გამო ედემის ბაღში მთელი ქმნილება დაეცა და ყველა განწირულია ჯოჯოხეთისთვის (ეკლესიასტე 7:20; რომაელთა 3:10-23 ), მაგრამ ღვთის უსაზღვრო მადლი და მოწყალება გვაძლევს გამოსავალს (2 პეტრე 3:9; 1 ტიმოთე 2:4-6), იდექი რწმენაში და შენთვის განადგურებულია ჯოჯოხეთი. ღმერთი არ ეხება შენს თავისუფალ ნებას, რამეთუ ის გვაძლევს არჩევანის საშუალებას. მილიონობით ადამიანს არხეინად სძინავს, იკვებება, ისვენებს სანაპიროზე; უსასრულო სერიალების ყურებასა და აზარტულ თამაშებში, სხვის ლანძღვა-გინებასა და ცილისწამებაში გაჰყავს განუმეორებელი დრო და არც კი იცის ღმერთის კანონები. ზოგი ადამიანი დადის ეკლესიაში, ასრულებს რიტუალებს და არ იცის, რომ რელიგია არ არის გადარჩენა, ნათლობის რიტუალი არ არის გადარჩენა, კეთილის ქმნა არ არის გადარჩენა, ბიბლიის კითხვა არ არის გადარჩენა… ჯოჯოხეთისგან გადარჩენა იესო ქრისტესთან პირადი ურთიერთობის დამყარებაა, რომელსაც ცოდვების პატიება და განკურნება მოაქვს ადამიანისათვის.

ადამიანს არაფერს შველის საიქიო ცხოვრებაში ცრემლები და ყვავილები, ეპიტაფიები და მით უმეტეს ისეთი ღრეობები, როგორებიცაა 7, 40, 50 წლისთავი, გარდაცვალების აღსანიშნავი თარიღი, საკურთხი და მისთანანი. „რატომ დუმს ეკლესია ჯოჯოხეთისა და სამოთხის თაობაზე, რატომ არ ქადაგებენ ქრისტიანები რიტუალების ნაცვლად ამ ჭეშმარიტებათ?“ – დაიწყებდა პრეტენზიულად გოდებას გარდაცვლილი. დაიწყე გარდაქმნა დღეს, საკმარისია თავის მოტყუება!

ნუ გამოიყენებ ცოდნას და განათლებას დაღუპვის საბაბად, ურწმუნოება არ არის ცოდნის შედეგი, პირიქით, თუ კარგად ჩავუკვირდებით ქმნილებას, მისი ხილვით მივალთ შემოქმედის შეცნობამდე. არ გაშინებთ, ძვირფასნო, არამედ გაფრთხილებთ. არც იმას გთავაზობთ, უარყოთ ერთი რელიგია, რათა მიიღოთ მეორე. არც მუჰამედი, არც ბუდა, არც კონფუცი და სხვა წმინდანები არ მომკვდარან ჩვენთვის. მხოლოდ იესო იყო ის, ვინც გამიზნულად შეეწირა ჩემთვის და თქვენთვის, რათა გადაგვარჩინოს ცოდვის მონობისაგან და მოგვცეს საუკუნო სიცოცხლე. მას ერთნაირად უყვარს მართლმადიდებელიც და მუსლიმანიც, კათოლიკეც და ათეისტიც. იესოს უყვარხარ პირადად შენ!

ერთხელ ფიზიკოს მაიკლ ფარადეის ვერცხლის კოვზი ჩაუვარდა მჟავაში, რომელმაც „შეჭამა“ ის. შემდეგ ფიზიკოსს საჭირო ელემენტების დამატებით ვერცხლი ფსკერზე დაულექავს, რათა ამ უფორმო მასისგან კვლავ შესაძლებელი ყოფილიყო კოვზის აღდგენა… და რაოდენ დიდი და ყოვლისშემძლეა სამყაროს უფალი, რომელსაც ძალუძს მიწადქცეული სხეულის აღდგენა და განდიდება?! არა აქვს მნიშვნელობა, იგი კრემაციისას ფერფლად იქცა, დასაფლავებულია, თუ წყალში განისვენებს, მით უმეტეს „იმ ქვეყნად“ თავით წაიყვანეს თუ ფეხებით… ვერც ერთი რელიგიური თუ ოკულტური მიზეზით ადამიანი თავს ვერ გაიმართლებს იესოს წინაშე. დარწმუნებული თუ არ ხარ, რომ გარდაცვალების შემდეგ ცხონება გელოდება („ცხონებული“ „გარდაცვალების“ პირდაპირპროპორციული ეპითეტი არ გახლავთ), მაშინ აღიარე მაცხოვარი უფლად, მოინანიე და უძღვენი მას შენი ცხოვრება.

ჩატვირთვა...