ოლეგ ხუბაშვილი – “უფალი ყოველივეს აკონტროლებს, ილოცე”

134

მათე 26:36-45:

„მაშინ იესო მივიდა მათთან იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია და უთხრა მოწაფეებს: ‘აქ ისხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე.’ თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა. მაშინ უთხრა მათ: ‘დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.’ და ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო და ამბობდა: ‘მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ, როგორც შენ.’ მივიდა მოწაფეებთან და პოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: ‘ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად? იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.’ მეორედაც წავიდა, ლოცულობდა. კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი პოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ. მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა. მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: ‘თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ?’…“

იმდენად დიდი იყო იესოს განცდები გეთსიმანიის ბაღში ლოცვის დროს, რომ, როგორც წერია, ანგელოზი მოდიოდა და აძლიერებდა მას.  „გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა“ (ლუკა 22:43-44).  ლოცვიდან მობრუნებულმა კი  მოწაფეები კვლავ მძინარენი ნახა.

 „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განაცდელში“ –  უფლის ეს მოწოდება დღესაც ისმის. ბოროტი გამძვინვარებულია. რაც უფრო ახლოვდება მისი აღსასრული, მით მეტად ბობოქრობს იგი. მორწმუნემ არ უნდა უყუროს გარემოებებს და ლოცვის ძალა არ უნდა დაივიწყოს. მორწმუნის ლოცვას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

ჩვენ კარგად ვიცით ღმერთის თვისებები: იგი ყოვლისშემძლეა, ყველგანმყოფია და ყოვლისმცოდნე. სატანას არც ერთი ამ თვისებათაგანი არ გააჩნია. ღმერთმა შექმნა ყოველივე, მათ შორის ანგელოზები. სატანაც მთავარანგელოზი იყო – ღმერთის მიერ შექმნილი. ეშმაკს არ გააჩნია ის თვისებები, რაც უფალ ღმერთს: ის არაა ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე. ყველაფერი მხოლოდ ჩვენი უფლის ხელშია.  სატანა ყველგან და ყოველთვის ვერ იქნება შენ გვერდით, მაგრამ ჩვენი ღმერთი მუდამ ჩვენთანაა – მისი სული ყვალაფერს მოიცავს. ღმერთი ყოვლისმცოდნეა, მაგრამ სატანამ ყველაფერი არ იცის. მან ისიც კი არ იცის, თუ რას ვფიქრობთ, რა აზრები გვაქვს გონებაში. ამიტომ, თუ შენს ცხოვრებაში სირთულეები გაჩნდა და დემონური ძალები გააქტიურდნენ, ნუ შეშინდები, რადგან ეშმაკი მხოლოდ იმდენად შეეხება შენს ცხოვრებას, რამდენადაც უფალი მისცემს ამის უფლებას. მას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია შენზე, მაგრამ თუკი დროდადრო მის შემოტევებს გრძნობ, გამხნევდი, უფალი აკონტროლებს ყველაფერს! ღმერთს თითოეული ჩვენგანის სულიერი ზრდის გეგმა აქვს. ბიბლიიდან გვახსოვს იობის ისტორია. სატანამ მხოლოდ იმის გაკეთება შეძლო მის ცხოვრებაში, სადამდეც ღმერთმა დართო ნება. მეტის გაკეთება სატანას არ შეეძლო, რადგან ამის ძალა არ შესწევდა, უფალი აკონტროლებდა ყველაფერს: „და უთხრა უფალმა სატანას: ‘აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი, ოღონდ თვით მის წინააღმდეგ ნუ გაიწვდი ხელს!’“ (იობი 1:12).   სატანა დაემორჩილა უფლის სიტყვას – იგი ვერ შეეხო თავად იობს. მეორედ უფალმა უთხრა სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს, მხოლოდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.“ (იობი 2:6).  აქაც მორჩილად შეასრულა სატანამ უფლის ნაბრძანები. ასე რომ, ნუ შეგვეშინდება ეშმაკის შემოტევების – უფალი აკონტროლებს ყველაფერს!  განსაცდელები კი ჩვენი სულიერი ზრდისთვისაა საჭირო. თმის ერთი ბეწვიც კი არ ჩამოგვვარდება თავიდან, თუ ჩვენი ზეციერი მამის ნება არ იქნა. უნდა გვჯეროდეს ღმერთის სიტყვის, ის არის ჭეშმარიტება!  რწმენითა და მადლიერებით შევხვდეთ განსაცდელებს!

იოსების ცხოვრებიდან მინდა  გავიხსენო. მას იმის მსჯელობის დრო არ ჰქონია, ღმერთისგან იყო განსაცდელები, თუ ეშმაკისგან. იოსებს სიზმრები ჰქონდა ნანახი, სადაც მას თაყვანს სცემდნენ და დიდებაში იყო, მაგრამ არც ერთ სიზმარში არ ყოფილა მინიშნება იმაზე, რომ ორმოში ჩააგდებდნენ, ან საპყრობილეში აღმოჩნდებოდა. განსაცდელების ჟამს იოსები უბრალოდ ერთგული დარჩა ღმერთის და არ დაუკარგავს მადლიერი გული. ყველაფრისთვის ემადლიერე უფალს. უთხარი: “დიდება შენ ღმერთო! თუ დაუშვი ეს განსაცდელი, ესე იგი, გეგმა გაქვს ჩემს ცხოვრებაზე, უფრო უკეთესი რამ გაქვს ჩემთვის გამზადებული.”

რწმენაში მდგომი ადამიანები არასდროს უძლურდებიან, ლოცულობენ და ყოველთვის ადიდებენ უფალ იესოს, სწავლობენ ღმერთის სიღრმეებს და უფრო მეტად ძლიერდებიან. შედეგი კი ის გახლავთ, რომ ასეთი ადამიანების ლოცვებს მალევე პასუხობს ღმერთი. უფალი ამბობს: ჯერ კიდევ ლაპარაკში იქნებიან,  ჯერ თხოვნა დამთავრებული არ ექნებათ,  მე რომ  მოვუსმენო მათ. ამიტომ გვჭირდება მუდმივი მოზიარეობა უფალთან, არა მხოლოდ მაშინ, როცა გაგვიჭირდება, არამედ ყოველთვის და ყოველჟამს. კიდევ ერთი ადგილი მინდა წავიკითხო:

მათე 7:7:

„ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით.  დარეკეთ და გაგეღებათ.“

ამ მუხლში სამი სახის ლოცვაზეა საუბარი, რომლებზეც უფალი პასუხობს. აქ შემთხვევით არ წერია: ითხოვეთ, ეძებეთ, დარეკეთ. პირველი წინადადება – ითხოვეთ და მოგეცემათ – არის რწმენის ლოცვა, როცა ადმიანები ლოცულობენ და  რწმენით იღებენ აღთქმებს. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადგილი მინდა წავიკითხო მარკოზის სახარებიდან: ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება. როცა ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.“ (მარკ. 11:24-26).

სახარება გველაპარაკება, რომ, რასაც რწმენით ვითხოვთ, მოგვეცემა. ამის წაკითხვა ყოველთვის გვსიამოვნებს, მაგრამ მოდით, შემდეგ მუხლებსაც დავუკვირდეთ, სადაც წერია, რომ უნდა მივუტევოთ, თუკი ვინმეს საწინააღმდეგო გვაქვს რაიმე, რათა ჩვენმა ზეციერმა მამამაც მოგვიტევოს. რადგან თუკი ზეციერი მამა არ მოგვიტევებს, ჩვენი ლოცვა არ იქნება შესმენილი.  ხშირად ღმერთის კურთხევებს ჩვენი უპატიებელი გულის გამო ვკარგავთ. გვიჭირს მიტევება, ვცდილობთ სხვას გადავაბრალოთ ყველაფერი და თავი ვიმართლოთ, ოღონდაც ჩვენი პატივმოყვარეობა არ შეილახოს – არ მოგვიწიოს ჩვენი შეცდომების აღიარება და პატიების თხოვნა. ნაწყენი გულით ვერ წარვდგებით უფლის სამსჯავროზე. იქ უკვე ვეღარ ვიმართლებთ თავებს, ვერ ვეტყვით უფალს, რომ ჩვენს გულებში ჩამარხული წყენის მიზეზი სხვა ადამიანია. უფალი კი გვეტყვის, რომ თუ ვინმემ უსამართლოდ გვაწყენინა, იმას თავისი მოეთხოვება. მაგრამ ჩვენ სამსჯავროზე იმის გამო წარვდგებით, რომ ჩვენი გულის სადარაჯოზე არ ვიდექით, არ მოვისმინეთ ღმერთის სიტყვა და არ ვაპატიეთ. უფალი უპატიებელი გულის წინააღმდეგია. მართალია, ვერ ვიქნებით სრულყოფილები, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ.  ხომ არ ვართ მარტონი? სულიწმიდაა ჩვენთან!

„ეძიეთ და იპოვით“ – აქ საუბარია უფლისთვის თავის მიძღვნაზე, ღმერთის ძიებაზე.  ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ცდილობს ღმერთის შეცნობას. უფალი შორს არაა – ის უფრო ახლოა, ვიდრე ჩვენ გვგონია. ვინც ეძებს, პოულობს. ვეძებოთ უფალი ჩვენს ფიქრებში, საქმეებში, ჩვენს თვისებებში. ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ, თუ რაზე ვფიქრობთ. იესო ქრისტე მთაზე ქადაგების დროს შედეგებზე კი არ ლაპარაკობდა, ის ადამიანის გულის მდგომარეობაზე, მის ფიქრებზე საუბრობდა: „გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:27-28).   როცა უფალი სხვადასხვა აკრძალვებზე საუბრობს, უპირველესად, ის ჩვენი გულების სიწმინდეზე ამახვილებს ყურადღებას. წმინდა წერილიდან ნათლად ჩანს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ფიქრები, რადგან ადამიანი ისეთია, როგორი ფიქრებიცაა მასში. იგავთა წიგნში წერია:

„რადგან, როგორც ის ფიქრობს თავის გულში, ისეთია იგი.“ (იგავები 23:7).

თუ ადამიანი ფიქრებში მრუშობს, ბიბლია ლაპარაკობს, რომ ის მრუშია, თუ ფიქრებში ქურდობს – ქურდია, თუ კლავს ფიქრებში – მკვლელია და ა.შ.  უფალი ჩვენს გულებს უყურებს.

ერთი ანდაზა გამახსენდა: „დათესე ფიქრი და მოიმკი საქციელს. დათესე საქციელი და მოიმკი ჩვევას. დათესე ჩვევა და მოიმკი ხასიათს.“ ფიქრები მოქმედებად გადაიქცევა, მოქმედება ჩვევად, ჩვევა კი ხასიათად ჩამოყალიბდება.  ვეძებოთ ღმერთი! ვეძებოთ იგი ჩვენს ფიქრებსა თუ ქცევებში.

„დარეკეთ და გაგეღებათ“ –  აქ შუამდგომლობით ლოცვაზეა საუბარი – ლოცვები საჭიროებებისთვის, სხვა პიროვნებებისთვის, ეკლესიისთვის, ქვეყნისთვის და ა.შ. თუ  არ ვილოცებთ და არ ვიშუამდგომლებთ, ვერაფერს მივიღებთ. თუ  უფლის ძებნას არ დავიწყებთ, ვერაფერს ვიპოვით. თუ არ დავაკაკუნებთ, არ გაგვეღება. თუ გულხელდაკრეფილები ვიქნებით, არაფერი მოვა ჩვენს ცხოვრებაში.  დღეს რომ ჩვენი ეკლესია არსებობს, გვაქვს სამლოცველო სახლი, მორწმუნეთა რიცხვი იზრდება – ეს ყველაფერი იმ წმინდანების ლოცვის შედეგია, რომლებიც წლების განმავლობაში თავიანთი ლოცვებით შუამდგომლობდნენ უფალთან. შესაძლოა ბევრი მათგანი დღეს ცოცხალიც არაა, მაგრამ მათმა ლოცვებმა ნაყოფები გამოიღო.

მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ ლოცვები და შუამდგომლობა ჩვენი ქვეყნისთვის. შესაძლოა პოლიტიკური თვალსაზრისით ბევრ რამეში ვერ ვერკვეოდეთ, მაგრამ ჩვენ ძლიერი იარაღი გვაქვს – ლოცვა.  ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ შემდეგი სიტყვებით: “უფალო, იყოს შენი ნება! იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც სიტყვის და რწმენის თავისუფლებას დაიცავს, იქნება სამართლიანი, შენს ნებას აღასრულებს, ღმერთო! იყოს მშვიდობა, უფალო!”

შესაძლოა ვინმეს კითხვა გაუჩნდეს: განა ჩემს სურვილზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედიო? დიახ, სწორედაც, რომ შენს ნდომაზე, ღმერთის შვილების თხოვნაზეა დამოკიდებული. წერილი გველაპარაკება, რომ, რასაც ლოცვაში ვითხოვთ, ის მოგვეცემა.

რისთვის დაგვაყენა ღმერთმა საქართველოში? მე ასე მჯერა, რომ ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სინათლე ქვეყანაზე. ეკლესიის ლოცვებით ღმერთის დიდება მოდის დედამიწაზე.  ქრისტიანობის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ იყო ქალაქები, სადაც იხურებოდა ღამის კლუბები და საროსკიპოები. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ იმ ქალაქებში გამოღვიძება იყო იმ პერიოდში. ხალხი ეკლესიაში მიდიოდა და ლოცულობდა. აღარავის უნდოდა ლოთობა და ღრეობა. ეფესოში ბიზნესი ჩაუვარდათ იმ ადამიანებს, ვინც კერპებს ჭედავდა თუ ძერწავდა. ისინი პავლეს შეეწინააღმდეგნენ. ხალხი აღარ სცემდა თაყვანს მკვდარ ქანდაკებებს.

ღმერთი პასუხობს ეკლესიის ლოცვებს. ვიდგეთ მედგრად უფლის წინაშე და არ დავანებოთ ჩვენი ქვეყანა ეშმაკს!

„ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.“ (მათე 7:7)

ოლეგ ხუბაშვილი – საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი

17.04.2009

ჩატვირთვა...