კოტე ძებისაშვილი – “წყალობის ტახტი”

129

ერთი რამ მინდა გითხრათ. რამდენიმე დღეა ამაზე ვფიქრობ: როგორია მორწმუნის ნამდვილი სახე? მე არ ვგულისხმობ იმას, რომ მორწმუნე ადამიანი წმინდა უნდა იყოს. ეს თავისთავად. ბიბლიიდან ერთ რამეს მივხვდი: 1) ყველა მორწმუნეს სჭირდება თავისი პავლე – ანუ პიროვნება, რომელიც მის სულიერ ზრდაზე იზრუნებს; ადამიანი, რომელიც მიუთითებს მას სწორ მიმართულებაზე; 2) ყველა მორწმუნეს ასევე ესაჭიროება ბარნაბა –  ჩვენი მეგობარი, თანატოლი, რომელთან ერთადაც ვიდგებით ლოცვაში, გავიზრდებით უფალში. რკინა რკინას ლესავს. ბარნაბა ნუგეშისცემის ძეს ნიშნავს; 3) ყველა მორწმუნეს სჭირდება ტიმოთე – მოწაფე. ყველა მორწმუნე ისეთი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს, რომ სხვას სურვილი გაუჩნდეს, დაემოწაფოს მას.

ახლა წავიკითხოთ ადგილი ბიბლიიდან. ლევიტელთა 23:40:

„და აიღეთ თქვენთვის პირველ დღეს ნაყოფი მშვენიერი ხისა, რტოები პალმისა და შტო ბრტყელფოთოლა ხისა და ძეწნისა, და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე.“

ამ მუხლში უფალი ხეების ორ კატეგორიაზე საუბრობს: ერთია მშვენიერი ხე და რტოები პალმისა, მეორე კი – ბრტყელფოთოლა ხე და ძეწანი. მაინტერესებდა, რას ნიშნავდა ბრტყელფოთოლა ხე. ის ტირიფია. ძეწანიც და ტირიფიც გლოვის სიმბოლოებია. უფალი ამბობდა: როცა ჩემს თანდასწრებაში  მოხვალთ, ერთ ხელში სიხარულის სიმბოლოები – მშვენიერი ხისა და პალმის რტოები უნდა გეჭიროთო. ანუ უფლის თანდასწრებაში უნდა ხარობდეს მისი ერი. მაგრამ მეორე ხელში გლოვის სიმბოლოები უნდა სჭეროდათ. როცა ამ მუხლს ვკითხულობდი, მეორე ადგილი გამახსენდა ბიბილიდან: დაე, სუსტმა თქვას, ძლიერი ვარ. დაე, უქონელმა თქვას, რომ მდიდარი ვარ. ამას უფლის სიტყვა ლაპარაკობს. ღმერთი გვეუბნება, რომ,  როდესაც უფლის თანდასწრებაში შევდივართ, ყველაფერი უნდა მივიტანოთ მის წინაშე – ორივე სიმბოლო და შვიდი დღის განმავლობაში ვიდღესასწაულოთ სიხარულიც და ნაღველიც. შვიდი სრულყოფილების სიმბოლოა. ნაღველის მიუხედავად სიხარული უნდა ვისწავლოთ უფალში. ეს შესაძლებელია. დავით მეფის ცხოვრებაში 30 წლის განმავლობაში 13 ტრაგედია დატრიალდა: შვილები დაეღუპა, ცოლები გაუუპატიურეს. დავითი ამბობს: იდღესასწაულეთ უფლის დღე ისე, როგორც მას შეეფერება. მოდის ჩვენს ცხოვრებაში ტკივილები, ნუ დავხუჭავთ  ამაზე თვალებს. არაფერი ცუდი არაა იმაში, როცა ვაღიარებთ, რომ განსაცდელში ვართ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალია ჩვენი განმათავისუფლებელი. უფალი ამბობს, რომ ხედავს ჩვენს სიხარულსაც და ტკივილსაც, მაგრამ უნდა, რომ 7 დღის განმავლობაში ვიდღესასწაულოთ მის თანდასწრებაში. ყველაზე მეტად ღმერთის სიტყვა ღმერთის წყალობაზე საუბრობს. „უკუნისამდეა წყალობა მისი“ – ამბობს სიტყვა. დავითი იყო ის პიროვნება, რომელმაც აღთქმის კიდობანს სახელი შეუცვალა და წყალობის ტახტი დაარქვა (ნეშტთა წიგნი). დავითი აცნობიერებდა, რომ მიუხედავად  ჩადენილი ცოდვებისა, მას წყალობა ელოდა უფლისგან. უფლის წყალობა – აი, რა იყო მთავარი დავითის ცხოვრებაში. უფალმა მას ისიც ასწავლა, რომ თავადაც მწყალობელი ყოფილიყო. ერთი იგავი გავიხსენოთ, როცა ნათან წინასწარმეტყველი მივიდა დავითთან და უამბო ერთი კაცის შესახებ, რომელსაც ერთი პატარა ცხვარი ჰყავდა და მის გარდა არაფერი ებადა. ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც დავითმა ურია ხეთელს ცოლი მოსტაცა, თავად ურია ბრძოლაში მოაკვლევინა და ბავშვიც ეყოლა მისი ცოლისაგან. დავითი ისე იქცევა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. სწორედ ამ დროს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი და უამბო ეს იგავი. იმ ქალაქში ცხოვრობდა მდიდარი კაციც, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ როცა მას სტუმარი ეწვია, იმ ღარიბს წაართვა ის ცხვარი, დაკლა და ასე გაუმასპინძლდა. დავითმა რომ მოისმინა ეს ისტორია, აღშფოთდა, რადგან გულკეთილი ადამიანი იყო იგი. წამოხტა ფეხზე და თქვა: სიკვდილის ღირსია ის კაცი და ოთხმაგად უნდა ზღოსო მან. ნათანმა კი მიუგო: “შენ ხარ ის ადამიანი, მეფე დავით.” დავითი სულსწრაფი იყო თავის განაჩენში. იგავის მიზანი სამართალი არ ყოფილა. მისი მიზანი წყალობა იყო. დავითს რომ ეთქვა: მე ვარ ის ადამიანი და წყალობა იქონიოს ღმერთმა ჩემზეო, მას შეიწყალებდა უფალი. მაგრამ წყალობის ნაცვლად დავითმა სიმართლე წარმოთქვა. ასეც მოხდა მის ცხოვრებაში: როგორც თქვა ოთხმაგად ზღოსო იმ კაცმა, ოთხმაგად ზღო დავითმა – მას ოთხი შვილი გარდაეცვალა. ხშირად სწრაფნი ვართ სხვა ადამიანების მიმართ სამართლიანი შეფასებების თვალსაზრისით. მაგრამ თუკი ღმერთთან სიახლოვე გსურთ, მწყალობელნი უნდა იყოთ მასავით.

დავით მეფე მიხვდა ყველაფერს და თავის შვილს, სოლომონს უთხრა, წყალობის ტახტი დაერქმია აღთქმის კიდობნისათვის. რა იდო აღთქმის კიდობანში? 1) მანანა – ზეციური საჭმელი. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ 24 საათის შემდეგ ფუჭდებოდა. მაგრამ, როცა ის აღთქმის კიდობანში ჩადეს, აღარ გაფუჭებულა. ეს იმის სიმბოლოა, რომ იმ მორწმუნეს, ვინც ახლოს ცხოვრობს წყალობის ტახტთან და თავისი ცხოვრებით მწყალობელია,  არ მოაკლდება ზეციური საკვები, რომელიც სულ მუდამ ახალი იქნება. ღმერთი ყოველთვის ახალ საკვებს მოგვცემს ზეციდან და სხვასაც დავანაყრებთ. 2) აარონის კვერთხი – ჯოხი, რომელსაც სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ჰქონდა. მაგრამ, როგორც კი წყალობის ტახტში ჩადეს, არა მხოლოდ აყვავდა, ნაყოფიც გამოიღო. თუკი წყალობის ტახტთან იქნები, რაც არ უნდა უნაყოფო იყო ცხოვრებაში, აყვავდები და ნაყოფებს გამოიღებ. 3) აღთქმის ფიქალები – როცა მოსემ 10 მცნება ჩამოიტანა მთიდან, 3000 კაცი ამოწყდა, რადგან მცნების წინააღმდეგ წავიდნენ და დამნაშავენი გახდნენ ღმერთის წინაშე. მაგრამ წყალობის ტახტში 10 მცნება სიცოცხლის და რჯულის მომცემი გახდა. თუ მწყალობელი არ იქნები, ღმერთის რჯული შენ მიმართ მუდამ ხისტი იქნება. მაგრამ თუ წყალობის ტახტთან იქნები ახლოს, მისი რჯული სულიერად მოგალბობს.

მათე 5:1:12:

„დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: ‘ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყველანაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემ გამო, იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.’“

ცხრა ნეტარებაში ვხედავთ, რომ იესომ შუაში მოაქცია წყალობა: „ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.“   წყალობის ტახტზე ორ ქერუბიმს შორის ღმერთის დიდება და მადლი მოდიოდა და იმ ადგილს წყალობის ტახტი ეწოდა, მთაზე ქადაგების დროსაც იესომ თქვა, რომ ვისაც კურთხევების დამკვიდრება სურს, იგი მწყალობელი უნდა იყოსო.

მიქა 6:8:

„ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სიმართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.“

ამ მუხლშიც წყალობის სიყვარული სიმართლის ქმნასა და უფლის წინაშე მოწიწებით სიარულს შორისაა მოთავსებული.

ღმერთი გვეუბნება, რომ მისი წყალობა უკუნისამდეა. თუ ვინმეს სურს, რომ უფლის მსგავსი იყოს, მწყალობელი უნდა გახდეს.

ყველას გვაქვს ცხოვრებაში კარგი და ცუდი დღეები. ხშირად, როცა ადამიანს განსაცდელში მყოფს ვხედავთ, ჩვენი გონება გვკარნახობს, რომ ის ასეთია, მაგრამ ეს არაა სიმართლე. როცა ადამიანი რაიმე განსაცდელს  გადის, იმას არ ნიშნავს, რომ ის ასეთია. უბრალოდ სირთულეები აქვს მას ცხოვრებაში. ჩვენ ვჩქარობთ დასკვნების გამოტანას. ეს არასწორია. ნუ ვიქნებით სწრაფნი დასკვნებში, როცა ვინმეს შეცდომაზე „წავასწრებთ“,  ვიყოთ მწყალობელნი. ღმერთისაა სამართალი და მისია სასამართლო. მოსამართლე უფალია. ჩვენ მწყალობელნი უნდა ვიყოთ. გულმა სირბილე არ უნდა დაკარგოს. იყოს ჩვენთვის მაგალითი ნათანის იგავი: ფრთხილები ვიყოთ სასამართლოში და სწრაფნი წყალობაში. ღმერთის თანდასწრების ადგილს წყალობის ტახტი ჰქვია. ადამიანია ადამიანი, ამიტომ შეცდომებს უშვებს იგი. ვიყოთ მწყალობელნი.

კოტე ძებისაშვილი – თბილისის სახარების რწმენის ეკლესიის ღვთისმსახური

09.08.2009

 

ჩატვირთვა...