დარვინიზმის კატასტროფული შედეგები

280
ევოლუციური მსოფლმხედველობით გამოწვეული სოციალური შედეგების ისტორიული შეფასება 

სანამ ამ საკამათო თემაზე საუბარს დავიწყებდეთ, მოგიყვანთ თვალსაჩინო მაგალითს იმისას, რომ ხშირად სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად უყურებენ ერთსა და იმავე მოვლენასა თუ საგანს.

„გზატკეცილის პირას მდგარმა პოლიციის ოფიცერმა, რომელიც აკვირდებოდა, თუ რომელი მძღოლი გადააჭარბებდა სიჩქარეს, დაინახა 35 კმ/სთ სიჩქარით მომავალი ავტომანქანა. ოფიცერმა გაიფიქრა: „ეს მძღოლი ისეთივე საშიშროებას უქმნის სხვებს, როგორსაც ისინი, რომლებიც სიჩქარეს აჭარბებენ!“ სირენა ჩართო და მძღოლი გააჩერა.

მანქანას რომ მიუახლოვდა, ხუთი ხანდაზმული ქალბატონი დაინახა: ორი წინ იჯდა, სამი – უკან. მგზავრებს თვალები გადმოცვენას ჰქონდათ და მოჩვენებებივით გაფითრებულიყვნენ. აშკარად დაბნეულმა მძღოლმა იკითხა: „ოფიცერო, არ მესმის, ზუსტად დადგენილი სიჩქარით ვმოძრაობდი. რაშია საქმე?“

„მადამ,“ – მიუგო ოფიცერმა, – „თქვენ სიჩქარისთვის არ გადაგიჭარბებიათ, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ დაწესებულ ზღვარს ქვემოთ მანქანის მართვა შეიძლება ისეთივე სახიფათო აღმოჩნდეს, როგორიც სიჩქარის გადაჭარბება.“

„სიჩქარის ზღვარს ქვემოთ? არა, სერ, სწორედ მითითებული სიჩქარით ვმოძრაობდი… 35 კილომეტრი საათში!“ – ამაყად განაცხადა ხანდაზმულმა ლედიმ. ოფიცერმა სიცილი გაჭირვებით შეიკავა და განუმარტა, რომ ‘35’ გზატკეცილის ნომერია და არა სიჩქარის მაჩვენებელი. ოდნავ ნირწამხდარმა ქალბატონმა ოფიცერს გაუღიმა და მადლობა მოახსენა მითითებისთვის.

„სანამ წახვალთ, მემ, მინდა გკითხოთ, მანქანაში ყველა კარგად გრძნობს თავს? ეს ქალბატონები საშინლად აღელვებულები ჩანან და აქამდე სიტყვა არ დაუძრავთ,“ – თქვა ოფიცერმა. „ო, ისინი კარგად იქნებიან სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ, ოფიცერო, საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ ეს-ესაა შემოვუხვიეთ 192 ნომერი გზატკეცილიდან.“

რაკი ცხადია, რომ სხვადასხვა ადამიანებმა ერთი და იგივე საგანი (როგორც ზემოხსენებული საგზაო ნიშანი) შეიძლება განსხვავებულად აღიქვან, უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მსოფლმხედველობა ფაქტების გაგებისა და აღქმის პროცესში. თქვენი მსოფლმხედველობა თქვენი ძირითადი სისტემაა, რომლის მეშვეობითაც აღიქვამთ გარემომცველ სამყაროს.

მსოფლმხედველობათა კონფლიქტი

დარვინიზმით გაჯერებული პიროვნებისთვის მაკროევოლუცია მხოლოდ სისტემა, თეორია ან ჰიპოთეზა კი არ არის, არამედ ყველა არსებული ფაქტის საფუძველი და უდავო ჭეშმარიტება, რომელსაც უნდა დაემორჩილოს და რომლის წინაშეც ქედი უნდა მოიხაროს ყველა სხვა სისტემამ, თეორიამ თუ ჰიპოთეზამ. ასეთი ადამიანი კრეაციონისტებს უგუნურებად ან სულელებად მიიჩნევს და დაცინვით უყურებს „შესაქმის მეცნიერების“ იდეას, რადგან იგი არ შეესაბამება მის მიერ აღქმული ჭეშმარიტების სტანდარტებს.

მეორე მხრივ, კრეაციონისტი, რომელსაც უყვარს ღმერთი და აღიარებს ბიბლიურ გამოცხადებას შესაქმესთან დაკავშირებით, უარყოფს დარვინიზმს, როგორც ცრუ შეხედულებათა სისტემას და ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ სამყაროს შექმნას მიიჩნევს ფუძემდებლურ ჭეშმარიტებად, რომლის წინაშეც ყველა სისტემამ, თეორიამ თუ ჰიპოთეზამ ქედი უნდა მოიდრიკოს. მას სწამს: „ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არ აქვთ. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული“ (რომ.1:20-21).

ცხადია, რომ ეს ორი მსოფლხედვა ერთმანეთის საპირისპიროა და ორივე ჭეშმარიტი ვერ იქნება. მათი შეთანხმების ყოველი მცდელობა ამაოა.

მიზანი: წინამდებარე სტატიის მიზანია, ისტორიული წყაროების დახმარებით გვიჩვენოს, როგორ სწრაფად იქცა ევოლუციის ბიოლოგიური თეორია გამანადგურებელი შედეგების მქონე სოციალურ დარვინიზმად. ევოლუციური თეორიის მიერ გამოწვეულმა წყალდიდობამ მილიონობით ადამიანს ტანჯვა, სიკვდილი და ნგრევა მოუტანა.

ტერმინების განსაზღვრება

მეცნიერება: უნდა აღინიშნოს, რომ განსაზღვრება სიტყვისა „მეცნიერება“ შეიცვალა 1859 წელს დარვინის „სახეობათა წარმოშობის“ გამოქვეყნების შემდეგ. განსაზღვრების გადანაცვლება მოხდა „პრაქტიკული მეცნიერებიდან“ (რომელიც ცდისეულ მოწმობას ემყარება) „წარმოშობის მეცნიერებაზე,“ რომლის საფუძველიც ევოლუციური ფილოსოფიაა. ფაქტობრივად, „წარმოშობის მეცნიერება“ ფილოსოფიაა და არა მეცნიერება. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პრაქტიკული მეცნიერების თავდაპირველ განსაზღვრებას და განვიხილოთ იგი, როგორც ცდისეულ მოწმობაზე დამყარებული გამოკვლევის სფერო. ჭეშმარიტი მეცნიერება დაკვირვებადი, განმეორებადი და მტკიცებადი უნდა იყოს. შეუძლებელია დააკვირდე, გაიმეორო ან დაამტკიცო ის, რაც შორეულ წარსულში მოხდა; მაშასადამე, წარსულის შესახებ თეორიები ფილოსოფიის ან თეოლოგიის სფეროს (ჩვეულებრივ ორივეს) მიეკუთვნება.

თეისტური ევოლუცია: ეს თეორია ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა მატერია და შემდეგ დაიწყო ევოლუციის პროცესი, რათა ყველაფერი დანარჩენი თანდათანობით შეექმნა მილიარდობით წლის განმავლობაში. ორი მიზეზის გამო ეს თეორია არის ცდა ორი შეურიგებელი ცნების შერიგებისა:

1) თეისტური და ევოლუციური რწმენა ორი, დიამეტრულად განსხვავებული მსოფლმხედველობაა. ას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩარლზ ჰ. სპერჯენმა სწორად გააანალიზა არსებული სიტუაცია და განაცხადა: „თუ ვილაპარაკებთ ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე, ევოლუციური თეორია სრულ წინააღმდეგობაშია მასთან. თუ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა, მაშ, ევოლუცია ტყუილი ყოფილა. ამის შესახებ პირდაპირ უნდა განვაცხადოთ: ახლა გამოთქმების შერჩევის დრო არ არის.“

2) წამყვანი ევოლუციონისტების მრავალი განცხადება ნათელს ხდის, რომ ღმერთის მიერ წამოწყებული ან მის მიერ წარმართული პროცესი არ არის ის, რაც ტერმინ „ევოლუციაში“ იგულისხმება. ცნობილი ევოლუციონისტი ჯორჯ გეილორდ სიმპსონი წერდა, რომ მისი ღრმა რწმენით, ადამიანი ბუნებრივი პროცესის შედეგია, რომლის მიღმაც არანაირი გეგმა და მიზანი არ დგას.

მაკროევოლუცია: როდესაც ევოლუციის თეორიაზე ვსაუბრობ, მე მხედველობაში მაქვს მაკროევოლუცია „მოლეკულებიდან ადამიანამდე,“ როგორც ეს პოპულარიზებულია ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობაში“ (1859). სხვებმა განავითარეს ევოლუციის ძირითადი კონცეპტი საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ჩარლზ დარვინმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს თეორია, რომელმაც მანამდე არნახული პოპულარობა მოიპოვა. ამგვარად, ევოლუციური თეორიის სინონიმად გამოვიყენებ ტერმინს „დარვინიზმი“ მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ევოლუციონისტებმა დარვინის ზოგიერთი შეხედულება საერთოდ უარყვეს.

მიკროევოლუცია: „მიკროევოლუცია განისაზღვრება, როგორც დნმ-ში მომხდარი შემთხვევითი მუტაციებით გამოწვეული მცირე ცვლილებები. როგორც მაკროევოლუციის, ასევე მიკროევოლუციის მექანიზმები დაფუძნებულია შემთხვევით გენეტიკურ მუტაციებზე ბუნებრივ შერჩევასთან ერთად. საპირისპირო განცხადებების მიუხედავად, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ გენეტიკური ინფორმაცია იზრდება მუტაციების შედეგად (დოქტორი ბობ კომპტონი).10

რაკი მუტაციები და მცირე ცვლილებები დაკვირვებადი, განმეორებადი და მტკიცებადია, მიკროევოლუცია მეცნიერებაა, თუმცა უზარმაზარი რწმენაა საჭირო იმისათვის, რომ დაიჯერო, რომ ეს უმნიშვნელო, გარკვეულ საზღვრებში მოქცეული ცვლილებები, მაკროევოლუციის დამადასტურებელი საბუთია. მიკროევოლუცია ფაქტია, მაკროევოლუცია კი რწმენა.

თავგამოდებული ევოლუციონისტები ვერ აცნობიერებენ თუ არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნიათ იმის დასამტკიცებლად, რომ არც მუტაციებსა და არც ბუნებრივი შერჩევის გზას არ ძალუძთ ახალი ინფორმაციის დამატება გენეტიკურ კოდში, ხოლო გენეტიკურ კოდში დამატებული ახალი ინფორმაციის გარეშე მაკროევოლუცია შეუძლებელია, რადგან აღმასვლითი პროგრესის იდეა ევოლუციური თეორიისათვის ძირითადი და არსებითია. საქმე ისაა, რომ მიკროევოლუცია არ წარმოქმნის ახალ ინფორმაციას დნმ-ში, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მაკროევოლუციას. (საკითხის უკეთ გასაგებად, გირჩევთ წაიკითხოთ დოქტორ ვერნერ გიტის წიგნი დასაწყისში იყო ინფორმაცია).

გენეტიკური სახესხვაობანი: გენეტიკური სახესხვაობანი სექსუალური რეპროდუქციის შედეგია, რომლის დროსაც არსებული გენების მრავალი სხვადასხვა კომბინაციაა მოსალოდნელი. ყველანაირი სახესხვაობა და მრავალფეროვნება ერთი გარკვეული სახეობის ფარგლებში შესაძლებელია, რადგან ღმერთმა თითოეული სახეობა შექმნა მრავალფეროვნების მდიდარი პოტენციალის მქონე გენომით. ძაღლისებრთა ოჯახი, მაგალითად, ყველანაირ ნაირსახეობას მოიცავს ჩიხუახუადან სენტ ბერნარდამდე, მგლიდან დინგომდე. შესაძლებელია ყველა ჯიშის ძაღლის შეჯვარება, მაგრამ შეუძლებელია ძაღლისა და კატის ჯიშების შეჯვარება კატის ან ძაღლის მისაღებად! გენეტიკური სახესხვაობანი გარკვეულ ფარგლებშია მოქცეული, რაც ევოლუციონისტების მიერაც იქნა აღიარებული მას შემდეგ, რაც გენეტიკაში მენდელის გამოკვლევათა შესახებ გახდა ცნობილი. ამის გამო ევოლუციონისტებმა ყურადღება გენეტიკურ მუტაციებს მიაპყრეს და ისინი მიიჩნიეს დნმ-ში კოდირებული ინფორმაციის ახალ წყაროდ.

არც მიკროევოლუცია და არც გენეტიკური სახესხვაობანი არ იძლევა ევოლუციის მტკიცებულებას

ღმერთმა თქვა, რომ მის ქმნილებათაგან ყოველი თავისი გვარისამებრ უნდა გამრავლებულიყო, რაც მეცნიერულადაც დამტკიცებულია, რამეთუ ასეთი გამრავლება მუდმივად ხდება. დარვინის ცნობილი მაგალითი სკვინჩას  ნისკარტის ზომის ცვლილებებთან დაკავშირებით, მხოლოდ გენეტიკური სახესხვაობაა და არა ევოლუციის დამადასტურებელი საბუთი. ფაქტობრივად, მას არაფერი აქვს საერთო დარვინის უმთავრეს იდეასთან, რადგან სკვინჩები ისევ სკვინჩებად რჩებიან. ვერც დარვინმა და ვერც ვერავინ შეძლო ჩვენება იმისა, თუ როგორ იქცევა დინოზავრი სკვინჩად ან სხვა რომელიმე ქმნილებად მიუხედავად ცრუ ტრაბახისა, თითქოსდა „ევოლუცია ფაქტია.“

როცა ევოლუციონისტები ევოლუციას განსაზღვრავენ, როგორც „დროთა განმავლობაში მომხდარ ცვლილებას,“ ამით მიგვითითებენ რომელიმე სახეობის საზღვრებში არსებულ მცირე ცვლილებებზე და ამ ცვლილებებს ევოლუციის მტკიცებულებად მიიჩნევენ. ისინი აცხადებენ, რომ ამ მცირე ცვლილებების საფუძველზე გამოაქვთ დასკვნა მაკროევოლუციის უტყუარობის შესახებ. ეს სიცრუეა. ფაქტობრივად, ეს მცირეოდენი ცვლილებები გამოწვეულია ან მუტაციებით, ან გენეტიკური სახესხვაობანით. მუტაცია სხვა არაფერია, თუ არა დნმ-ის გადაწერის დროს მომხდარი უმცირესი შეცდომები. გენეტიკური სახესხვაობანი არის შემოქმედის მიერ თითოეული სახეობის გენეტიკურ ნაკრებში ჩადებული მრავალფეროვნების შედეგი. ჩემი აზრით, ტერმინს „მიკროევოლუცია“ შეცდომაში შევყავართ, რადგან მასში დარვინისეული ევოლუცია იგულისხმება, თუმცაღა, სინამდვილეში, ის არ ქმნის საფუძველს აღმასვლითი პროგრესული ცვლილებებისათვის. აღმასვლითი პროგრესული ცვლილებები მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ ახალი ინფორმაცია დაემატება გენეტიკურ ფონდს.

მახსენდება ჯული ენდრიუსის სიმღერა „მუსიკის ჰანგებიდან“:  „არაფრიდან არაფერი იქმნება და არც არასოდეს შექმნილა.“ გარკვეული მიზეზების გამო, ევოლუციური ფილოსოფიის მხურვალე მიმდევრებს რატომღაც უჭირთ ამ ფაქტის აღიარება.

ევოლუციონისტები და მათი მხარდამჭერი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები შესაქმესა და ევოლუციას შორის ბრძოლის ველს ხშირად რელიგიასა და მეცნიერებას შორის კონფლიქტად წარმოგვიდგენენ. რასაკვირველია, შესაქმისადმი რწმენას ისინი რელიგიას უწოდებენ, ხოლო ევოლუციისადმი რწმენას – მეცნიერებას. ეს ცრუ განცხადებაა. ბრძოლა კრეაციონიზმსა და ევოლუციონიზმს შორის ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო მსოფლმხედველობის (ფილოსოფიას) უთანხმოებაა და თანაც, ორივე შეხედულება რელიგიურია. როდესაც კრეაციონისტები ააშკარავებენ ევოლუციური თეორიის ხარვეზებს, ეს მრავალი ჰუმანისტის გაღიზიანებას იწვევს, რადგან ეს არის მათ რელიგიაზე თავდასხმის განხორციელება.

ამ საკითხს რომ უფრო მეტი ნათელი მოვფინოთ, მინდა მოგიყვანოთ ჰუმანისტის, ჯონ დანფის, სტატია სათაურით „ახალი საუკუნის რელიგია,“ რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ „ჰუმანისტის“ 1983 წლის იანვარი-თებერვლის ნომერში. 26-ე გვერდზე ის წერდა, რომ კაცობრიობის მომავლისთვის ბრძოლა საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში უნდა დაიწყოს იმ მასწავლებელთა მიერ, რომლებიც საკუთარ რელიგიად ჰუმანიზმს ქადაგებენ. მათ ნათლად უნდა ესმოდეთ, რომ მათზეა დამოკიდებული ამ „ახალი“ რწმენისათვის მოწაფეების აღზრდა. ამ რწმენის მიხედვით თითოეულ ადამიანში ღვთაებაა ჩადებული (განა ეს სატანის მიერ ევას ცდუნებას არ გახსენებთ: „იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“? დაბ.3:5). ჰუმანიზმის „ახალი“ რწმენა სრულიადაც არ გახლავთ ახალი, ის ისეთივე ძველია, როგორიც ედემის ბაღი. ჯონ დანფი დაჟინებით მოუწოდებდა ჰუმანიზმის რწმენის აღმსარებელ მასწავლებლებს, უარეყოთ საკუთარი ეგო და ყველაზე მოშურნე მქადაგებლებივით თავდადებულნი ყოფილიყვნენ. ამგვარად, საყოველთაოდ გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ რელიგიის სწავლება არ დაიშვება საჯარო სკოლებში, ცუდად დაფარული ტყუილია. ფაქტი ისაა, რომ ამქვეყნიური ჰუმანიზმი ჩვენი ამერიკული საჯარო სკოლების რელიგიაა.

ევოლუციისადმი რწმენა ნათლადაა გამოხატული „ჰუმანისტურ მანიფესტში,“ როგორც ერთ-ერთი ძირითადი დოგმა მატერიალისტურ ჰუმანიზმად წოდებულ რელიგიაში. ჰუმანიზმი თვით აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ იქნა ოფიციალურ რელიგიად აღიარებული და გამოცხადებული.

ფაქტია, რომ მრავალ ადამიანს მთელი შეგნებით სწამს ევოლუციის და მთელი ძალით იბრძვის საკუთარი რწმენის დასაცავად. (ათასობით დებატი გამართულა ევოლუციონისტებსა და კრეაციონისტებს შორის). არასოდეს გიფიქრიათ, რომ ევოლუციონისტისათვის არათანამიმდევრული იქნებოდა რაიმეს ჭეშმარიტებად აღიარება? თუკი ჩვენ ყოველგვარ გეგმასა და მიზანს მოკლებული ბრმა შემთხვევითობის ნაყოფი ვართ, მაშინ ადამიანის ტვინიც ასევე ბრმა შემთხვევითობის ნაყოფია და არ შეიძლება იმის დაჯერება, რომ მას ძალუძს რაციონალური აზრების წარმოშობა. ცხადია, რომ ევოლუციონისტი არ ენდობა კრეაციონისტების აზროვნებას, თუმცა, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ისინი საკუთარ აზროვნებასაც არ უნდა ენდობოდნენ, რადგან მათ უნდა აღიარონ, რომ მათი აზროვნებაც ბრმა შემთხვევითობაზეა დაფუძნებული, რომელშიც არანაირი ბრძნული ჩანაფიქრი და მიზანი არ არის ჩადებული. გარდა ამისა, რაკი ასეთი ევოლუციონისტები ჩვეულებისამებრ ამტკიცებენ, რომ ყველაფერი ფარდობითია და აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, მაშ, რატომ ამტკიცებს ბევრი მათგანი, რომ ევოლუციის თეორია არა მხოლოდ თეორიაა, არამედ აბსოლუტური ფაქტი? ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ისინი თანამედროვე ფარდობითობის შესახებ შეხედულებას იცავენ, არის ის, რომ ევოლუციონიზმი მათ რელიგიად იქცა.

ისტორიული შედეგები

ზემოთ მოყვანილი განმარტებების შემდგომ, მოდი, გადავხედოთ იმ ისტორიულ შედეგებს, რაც ევოლუციისადმი რწმენას მოჰყვა. ფაქტია, რომ ეს ორი, ერთმანეთის საპირისპირო მსოფლმხედველობა სამეცნიერო საკითხებსაც მოიცავს, ასევე ფაქტია ისიც, რომ მათში აუცილებლად იგულისხმება მორალური საკითხები, ვინაიდან თითოეული მათგანი საფუძველს უყრის გარკვეულ შეხედულებას, რომელსაც შესაბამისი მორალი და ფასეულობანი გააჩნია. მე გულწრფელად ვაღიარებ, რომ მრავალი ადამიანი, რომელთაც ევოლუციის სჯერათ, ძალიან სასიამოვნო პიროვნებები და შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან, თუმცა ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათ ბევრი მორალური და სოციალური შეხედულება ბიბლიური ქრისტიანობისგან მიიღეს მემკვიდრეობად. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ისინი საკუთარ ფილოსოფიას ეწინააღმდეგებიან. თუკი ყველაფერი არაფრიდან წარმოიშვა ბრმა შემთხვევითობის წყალობით, მაშ, არც მორალური გადაწყვეტილებებისა და ქცევის რეალური საფუძველი იარსებებდა.

გადავხედოთ იმ კატასტროფულ შედეგებს, რომლებიც გამოწვეულ იქნა ევოლუციური თეორიის სიცრუის მომხრეთა მიერ, რომლებიც ამ მსოფლმხედველობის მორალურ დადგენილებებს იცავდნენ.

I.  უსულგულო კაპიტალიზმი

მიუხედავად იმისა, რომ დაცემის შემდეგ ადამიანთა მოდგმისათვის  ყოველთვის დამახასიათებელი იყო გაუმაძღრობისა და სხვათა ჩაგვრის სინდრომი, მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა და განვითარდა უსულგულო კაპიტალიზმის ფორმა, რომელიც პირდაპირ სოციალური დარვინიზმიდან იღებს სათავეს. ბიოლოგიური დოგმა „ყველაზე ძლიერთა გადარჩენის“ შესახებ, რომელიც ბუნებრივი შერჩევის მექანიზმს წარმოადგენს, სწრაფად აიტაცეს ხარბმა კაპიტალისტებმა, რათა ძირფესვიანად გაენადგურებინათ „უვარგისი“ და „უფრო სუსტი“ კონკურენტი კომპანიები. ამავე შეხედულებით იქნა გამართლებული არასრულწლოვანთა შრომის გამოყენება და მათ საწარმოებში არსებული აუტანელი სამუშაო პირობები.

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, ინგლისში მანამდე არსებულმა შეუზღუდავმა კაპიტალისტურმა მეთოდებმა მოამზადა ნიადაგი ევოლუციური თეორიის ფართო გავრცელებისათვის თუ ერასმუს დარვინის, ჩარლზ დარვინისა და კიდევ სხვებისგან წამოსულმა ევოლუციური თეორიის იდეის გავრცელებამ შეუქმნა ნაყოფიერი ნიადაგი ეგოიზმით გაჯერებული კაპიტალიზმის დანერგვას. თუმცაღა ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ სასტიკმა კაპიტალისტებმა სწორედ ევოლუციური თეორიის პრინციპი გამოიყენეს იმისათვის, რომ მორალური და სოციალური თვალსაზრისით გაემართლებინათ ე.წ. ჯუნგლების კანონი – „უფრო ძლიერების გადარჩენა“ (ცნობილი ასევე ეშვისა და კლანჭის კანონის სახელით), რომლითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ.

ამერიკელმა კაპიტალისტებმა, მათ შორის ენდრიუ კარნეგმა, შეითვისეს დარვინიზმის იდეა და ამით ამართლებდნენ ბიზნესიდან უფრო მცირე საწარმოების მქონე კონკურენტების გაძევებასა და მუშების ექსპლუატაციას მკაცრ, სახიფათო და არაჯანსაღ სამუშაო პირობებში. ევოლუციური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე მათი სოციალური პოლიტიკა „ძლიერების გადარჩენის“ იდეაში მდგომარეობდა. ყველა დროის ორი ყველაზე ცნობილი რომანი ნათლად ასახავს ჩაგრული მუშათა კლასის გაჭირვებულ და საცოდავ მდგომარეობას და ასევე გულქვა კაპიტალისტების სიხარბეს. ესენია ჩარლზ დიკენსის საშობაო ზღაპარი, რომელიც ინგლისში დაიწერა და ჩარლზ მ. შელდონის მის კვალდაკვალ, რომელიც ამერიკაში დაიწერა. ორივე მათგანის მიზანი იყო, გამოემჟღავნებინა კაპიტალიზმის უსამართლობანი, რასაც ადგილი ჰქონდა ინდუსტრიული რევოლუციის დროს. მიუხედავად ზოგიერთი კაპიტალისტის მიერ გაწეული ქველმოქმედებისა, მაინც ფაქტად რჩება, რომ მრავალმა მათგანმა საკუთარი ფინანსური იმპერია უუფლებო მუშებისა და მათ მიერვე განადგურებული სუსტი კონკურენტების  სისხლით, ოფლითა და ცრემლებით ააგო.

სხვა მრავალი ძალაუფლების მქონე პიროვნებების მსგავსად, რომელთა შორის იყვნენ მარქსი, ლენინი, სტალინი და ჰიტლერი, ენდრიუ კარნეგიც ერთ დროს ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა, თუმცა ქრისტიანული საწყისები მიატოვა მაშინ, როცა ცნობილ სოციალისტ დარვინისტს, ჰერბერტ სპენსერს, დაუახლოვდა და ევოლუციური თეორია გახდა მისი ფილოსოფია. თავის ავტობიოგრაფიაში ის წერდა: „საბედნიეროდ, მე შემთხვევით წავაწყდი დარვინისა და სპენსერის შრომებს… მახსოვს, როგორ გამინათდა გონება და მაშინვე ცხადი გახდა ყველაფერი. მე არა მხოლოდ გავთავისუფლდი ღვთისმეტყველებისა და ზებუნებრივისადმი რწმენისაგან, არამედ აღმოვაჩინე ევოლუციის ჭეშმარიტება. ‘ყველაფერი კარგად არის, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის’ ჩემს დევიზად, ჩემი ნამდვილი ნუგეშის წყაროდ იქცა. ადამიანი არ შექმნილა საკუთარი დეგრადაციის ინსტინქტით, არამედ დაბალი ფორმებიდან მაღალ ფორმებს მიაღწია. არც არსებობს სხვა უფრო სარწმუნო დასასრული სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე“ (1920, გვ.327).11

როკფელერის ოჯახი ბიბლიის ადრეულ წიგნებს მითებად თვლიდა და ევოლუციას აღიარებდა საკუთარ ფილოსოფიად. ისინი „ჯუნგლების კანონის“ მიხედვით ცხოვრობდნენ ბიზნესის სამყაროში! სადღაა ქრისტესმიერი მოძღვრების ადგილი სუსტთა, უმწეოთა და „ეშვისა და კლანჭის“ კანონის მიერ გათელილთა მიმართ თანაგრძნობის შესახებ? ჯონ დ. როკფელერი, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა სიხარბისა და ძალაუფლების მოხვეჭის ძლიერმა სურვილმა შეიპყრო. 33 წლის იყო, როცა თავისი პირველი მილიონი მოიპოვა; 43 წლის ასაკში მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდ ბიზნესს აკონტროლებდა, ხოლო 53 წლის ასაკში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და ერთადერთი მილიარდერი გახლდათ. თუმცაღა სიმდიდრისა და ძალაუფლების მოხვეჭის სურვილით შეპყრობილს, ისევე როგორც სკრუჯს, თითზე ჩამოსათვლელი (თუ საერთოდ არც ერთი) მეგობარი ჰყავდა და პენსილვანიის ნავთობის ველებზე მომუშავეებს ისე შეაძულა თავი, რომ მისი ფიტული ჩამოახრჩვეს. უზომო მუშაობისგან მან საკუთარი თავიც კი სიკვდილის პირამდე მიიყვანა. ერთ უძილო ღამეს უცბად გააცნობიერა, რომ როცა მოკვდებოდა, თავისი უზარმაზარი სიმდიდრიდან ერთ გროშსაც ვერ წაიღებდა, ამიტომაც გადაწყვიტა, ეს სიმდიდრე სხვებისთვის გაენაწილებინა. იგი ქრისტესკენ მოექცა, რამაც მთლიანად შეცვალა მისი აზროვნება და ხარბი მომხვეჭელიდან უხვ მწყალობლად იქცა, რითაც მან მილიონობით ადამიანს მოუტანა კურთხევა და სამაგიეროდ აღდგენილი ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე მიიღო (98 წელი იცოცხლა). ძალიან სამწუხაროა, რომ მისი ოჯახის წევრებიდან ყველა არ მიჰყვა მის მაგალითს. (იხ. თავი 23, „გაკვეთილი ჯონ დ-სათვის“  ს. ი. მაკმილენის წიგნიდან არც ერთი ამ ავადმყოფობათაგან).

კაპიტალიზმის სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო მე-18 საუკუნის ბოლოს, როგორც თავისუფალი მეწარმეობის, კერძო საკუთრების მფლობელობის, პატიოსნების, ზნეობის, ბეჯითი შრომისა და ამ შრომის საზღაურის ბიბლიური პრინციპების დამახინჯებული სახე. მცნებებს „არ მოიპარო“ და „არ ისურვო შენი მოყვასის… ხარი… სახედარი… და ა. შ.“  მხოლოდ კერძო საკუთრების მფლობელობის კონტექსტში შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა.

თავისუფალი მეწარმეობა და კერძო საკუთრების მფლობელობა თავისი არსით კეთილია, თუმცა შეიძლება გადაიზარდოს საკუთარ თავზე ორიენტირებულ სიხარბეში. ასეთი სიხარბე გამართლებულ იქნა დარვინიზმის დევიზით: „ძლიერების გადარჩენა.“12

ეგოიზმის საპირისპიროდ იესო ადამიანებს ასწავლიდა სხვებისადმი სიყვარულსა და გულუხვობას. მან თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმ. 20:35). პავლე ეფესელებს სწერდა: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად“ (ეფეს. 4:28) ესაა თანაგრძნობის გამომხატველი თავისუფალი მეწარმეობის პრინციპი. ესაა სიყვარულით მოტივირებული ბიბლიური გზა.

 II. სასტიკი ნაციზმი

ადოლფ ჰიტლერის შეშლილი ფილოსოფიის ჩამოყალიბების ისტორია საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რადგან მან ნიცშესა და დარვინის  ათეისტური ფილოსოფია უძველეს ოკულტურ არიანულ მრწამსთან აღრია და ათეიზმისა და სატანიზმის სასიკვდილო ნარევი ახალ მოძღვრებად აქცია. მგზნებარე გამოსვლებისა და სასტიკი პოლიტიკის მეშვეობით ჰიტლერმა მილიონობით გერმანელს მოახვია თავს საკუთარი ფილოსოფია და კიდევ სხვა მილიონობით ადამიანი აიძულა, თვალი დაეხუჭა გარშემო მიმდინარე მხეცურ ქმედებებზე, რადგან მათ იცოდნენ, რომ ჰიტლერის ან მისი საგულდაგულოდ დაგეშილი ნაცისტური გესტაპოსთვის წინააღმდეგობის გაწევა დაპატიმრებას, წამებას და სიკვდილს ნიშნავდა.

დარვინიზმის იდეამ მისცა ჰიტლერს ფსიქოლოგიური და სოციალური თვითგამართლების საშუალება, რათა ადამიანებს ცხოველებივით მოჰქცეოდა, რადგან ევოლუციური თეორიის მიხედვით ადამიანი მხოლოდ მაღალგანვითარებული ცხოველი და დროისა და შემთხვევითობის ნაყოფია. ევოლუციონიზმი რასისტული იდეოლოგიით გაჟღენთილი თეორიაა, რაც ადვილად შეიძლება დოკუმენტურად დადასტურდეს ჩარლზ დარვინის ცნობილი წიგნის სრული სათაურის მეშვეობით: „ბუნებრივი შერჩევის გზით სახეობათა წარმოშობის შესახებ; ან სასურველი რასების შენარჩუნება სიცოცხლისათვის ბრძოლაში.“ ჰიტლერი ებრაელებს ადამიანთა საზოგადოების ნარჩენებად და გერმანიაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევდა. ის ფიქრობდა, რომ გერმანელები წმინდა არიანული რასის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც  “uber mensch” უნდა გამხდარიყვნენ (ზეადამიანი). ამ დარვინისტულმა შეხედულებამ მისცა მას თავის გამართლების საფუძველი, რათა ვითომდა კაცობრიობის სასარგებლოდ გაენადგურებინა ებრაელები. ამავე მიზეზით იქნა გამართლებული ებრაელებსა და ადამიანთა საზოგადოების სხვა ე.წ. არასრულფასოვან წევრებზე, მაგალითად, ბოშებსა და პოლონელებზე, არაადამიანური სამედიცინო ექსპერიმენტების ჩატარება. ევოლუციური სისტემისათვის დამახასიათებელი ასეთი შეხედულების გამო, დარვინიზმი რასიზმისა და შეუწყნარებლობის იდეის ხელის შემწყობადაა მიჩნეული. ევოლუციური შეხედულებისგან განსხვავებით, ბიბლიური თვალსაზრისი გვასწავლის, რომ ღმერთმა „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი“ (საქმ. 17:26). ღმერთს უყვარს ყველა ეროვნება და სურს, ჩვენც ასევე გვიყვარდეს ისინი.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევოლუციონიზმის გამანადგურებელი შეხედულება აქტიურად მოქმედებს ჩვენს დასავლურ საზოგადოებაში, რადგან დარვინიზმმა შეასრულა მთავარი როლი საქმეში „როუ უეიდის წინააღმდეგ“ 1937 წელს, როცა უზენაესი სასამართლოს მიერ დაკანონებულ იქნა აბორტი. მათ მიიჩნიეს, რომ დაუბადებელი ბავშვის განვითარება ევოლუციური პროცესის რეკაპიტულაციას წარმოადგენს და რომ ის განვითარების ბოლო საფეხურამდე „სიცოცხლისუნარიან“ ადამიანად არ ითვლება. 47,000,000 უდანაშაულო ჩვილის სისხლითაა შეღებილი ჩვენი ქვეყნის ისტორია ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების გამო.

თუ ჩემ მსგავსად ოდესმე ყოფილხართ გერმანიაში დაჰაუსა და ბუჰენვალდის შემზარავი სიკვდილის ბანაკებში, ან ლატვიაში, სალიპსილსის ახლოს და თუ გინახავთ ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია შეშასავით დასაწვავად მიწყობილი ან საზარლად პირდაფჩენილ საერთო სამარხში ჩასაყრელად გამზადებული შიმშილისა და ავადმყოფობისგან მიხრწნილი ადამიანების უსულო სხეულები, მაშინ საკუთარ გულში გიგრძნიათ სატანური ბოროტება და მისი გამყინავი სიცივის მარწუხები. გევედრებით, თვალს ნუ დახუჭავთ ევოლუციური ფილოსოფიის ბოროტებაზე, რომელიც ამ სიმხეცეთა უკან დგას და უარს ნუ იტყვით, აღიაროთ მკაცრი სინამდვილე, რომ საზოგადოებაში მიღებული სოციალური დარვინიზმი  გახდა მიზეზი  ტანჯვისა და სიკვდილისა.

III.  ულმობელი კომუნიზმი

კარლ მარქსი ისე იყო გატაცებული ევოლუციის იდეით, რომ სურდა თავისი წიგნი კაპიტალი ჩარლზ დარვინისათვის მიეძღვნა, თუმცა ამ უკანასკნელმა იმდენი სიბრძნე მაინც გამოიჩინა, რომ უარი ეთქვა ასეთ საეჭვო პატივზე.

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც კომუნიზმის ფილოსოფია იქნა გაბატონებული, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა ბიოლოგიური დარვინიზმის სწავლება. სოციალურ დარვინიზმსა და ულმობელ კომუნიზმს საერთო საფუძველი გააჩნიათ – ევოლუციის ფილოსოფია!

ჰიტლერის, გერინგის, ჰიმლერის, ჰესისა და მათი საზარელი გესტაპოს მიერ ჩადენილი დანაშაულებანი არაფერია ულმობელი კომუნიზმის მიმდევართა – ლენინის, სტალინის, ტროცკის, მაო ძედუნის, პოლ პოტისა და ჩაუშესკუს ქმედებებთან შედარებით. ბიოლოგიური და სოციალური დარვინიზმის დროშით ხელში ისინი აწყობდნენ „პროგრესის“ იდეით შენიღბულ მასობრივ მკვლელობებს.

ლევ ტროცკი, რომელიც გახლდათ რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული კომუნისტური ძალების პროპაგანდისტი და სამხედრო ხელმძღვანელი, უღმერთოთა საზოგადოების ლიდერად იქცა დარვინიზმისა და მარქსიზმისადმი უპირობო, ბრმა რწმენის წყალობით. ის წერდა, რომ დარვინის სახეობათა წარმოშობისა და ავტობიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ მთლიანად შეიპყრო დეტერმინისტული ევოლუციის იდეამ. სავარაუდოდ, ლენინის შემდეგ ტროცკი გახდებოდა მომდევნო დიქტატორი, რომ არა სტალინი, რომელიც უფრო მეტად „შემგუებელი“ აღმოჩნდა და გადარჩა ტროცკის მკვლელობის წყალობით.

ლევ ტროცკი იოსებ სტალინის განკარგულებით 1940 წელს მოკლეს მეხიკოში, სადაც ის თავს აფარებდა. სტალინი იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ათეიზმისკენ იქნა მოქცეული დარვინის შრომების წყალობით და გასაკვირი არაა, რომ მან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ჯალათის წოდება დაიმსახურა. ტროცკიცა და ლენინიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ ევოლუციურ თეორიაზე დაფუძნებული ვარაუდის საფუძველზე, რომ „თუ ჩვენ მხოლოდ მაღალგანვითარებული ცხოველები ვართ, მაშ, ჩვენ უპატრონო კატაზე მეტი ღირებულება არ გაგვაჩნია და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩვენი განადგურება, როგორც მავნე ელემენტებისა. თუ მჯერა, რომ არ არსებობს შემოქმედი, რომელმაც შემქმნა მე, მაშ, მე მას არ ვეკუთვნი და არც პასუხისმგებელი ვარ მის წინაშე. მაშასადამე, არ არსებობს სიკეთისა და ბოროტების გარჩევის აბსოლუტური სტანდარტი; არაფერია ცუდი ერთი ან თუნდაც ათასობით ადამიანის მკვლელობაში, თუ ეს, ჩემი შეხედულებით, დიდ მიზანს ემსახურება.“

ჯეფრი დამერი –ჰომოსექსუალი, სადისტი, მკვლელი, კაციჭამია – ციხეში ყოფნისას მოექცა ქრისტესკენ, რის შემდეგაც მან აღიარა, რომ ევოლუციონიზმი იყო მისი ცხოვრებისეული მსოფლმხედველობის საფუძველი, რამაც მთლიანად ჩაახშო მისი სინდისი და უბიძგა საზარელ სიმხეცეთა ჩადენისკენ.

დასკვნა:

რა აქვთ საერთო ინდუსტრიული რევოლუციის ქარხნებში შექმნილ აუტანელ სამუშაო პირობებს, ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებს, რუსეთის გულაგებს და ჩინეთისა და ვიეტნამის იძულებითი შრომის ბანაკებს? ევოლუციური ფილოსოფიაა მათი აზროვნებისა და მსოფლმხედველობის საფუძველი! დარვინიზმის ფართო გავრცელების შედეგად გამოწვეული კატასტროფული სოციალური შედეგები წარმოუდგენლად საშინელი აღმოჩნდა. თუ ულმობელი სოციალური მეთოდების მიერ გამოწვეული სისხლისღვრა ასე განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ზედაპირზე დევს, შეიძლება იმის მტკიცება, რომ ისტორიული ფაქტები მიუთითებს მათ საფუძველში არსებულ ევოლუციურ ფილოსოფიას.

მაშასადამე, იმისათვის, რომ მივაღწიოთ დადებით სოციალურ ცვლილებებს 21-ე საუკუნის ბრძოლით ძალაგამოცლილ საზოგადოებაში, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  1. „მოვძებნოთ ჩვენი გზა, გამოვიძიოთ და მოვბრუნდეთ უფლისაკენ. ავწიოთ ჩვენი გულები და ხელები ღმერთისკენ ზეცაში…“ (გოდ.3:40-41). თუ ჩვენ ყოვლისშემძლე ღმერთის თაყვანისცემას არ დავუბრუნდებით და იესოს არ ვაღიარებთ მშვიდობის მეფედ, არანაირი სასიკეთო ცვლილება არ მოხდება!
  2. ილოცეთ, რათა ევოლუციის თეორიით დაბრმავებულთ თვალები აუხილოს ღმერთმა მათ, ვინც ჭეშმარიტებას მხოლოდ მატერიალიზმში ეძებს. მათ საკუთარივე მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ჩამოუყალიბდათ შეხედულება იმის შესახებ, რომ ზებუნებრივი ძალის მეშვეობით შეუძლებელი იყო სამყაროს შექმნა წარსულში და ასევე შეუძლებელია ამავე ძალის ჩარევით სასიკეთო ცვლილებების გამოწვევა აწმყოში. მათ არ გააჩნიათ მომავლის იმედის რეალური საფუძველი. ორი მსოფლიო ომის შემდგომ, ჩვენი საკუთარი უტოპიის შექმნასთან დაკავშირებული ევოლუციური ილუზიები მთლიანად ჩაიფუშა სასოწარკვეთილებისა და ანარქიის ნიჰილისტურ ფილოსოფიასთან შეჯახებისას. ისინი, რომლებიც აანალიზებენ ამერიკის სკოლებში მომხდარი სროლების მიზეზებს, სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ სკოლის სასწავლო პროგრამიდან ამ ევოლუციური თეორიის სწავლების ამოღებაზე, რადგან მისი საფუძველი ადამიანის სიცოცხლის მიმართ უპატივცემულობაა.

განა ირონიული და ტრაგიკული არ არის, რომ ფსიქოლოგიის გაკვეთილიდან, სადაც საკუთარი თავისადმი პატივისცემას ასწავლიან, სტუდენტი პირდაპირ „მეცნიერების“ (ბიოლოგიის) გაკვეთილზე შედის, სადაც ასწავლიან, რომ ის ყოველგვარ გეგმასა და მიზანს მოკლებული ბრმა შემთხვევითობის შედეგია და რომ მისი წინაპრები ტალახიდან ამოძვრნენ? მას შემდეგ, რაც ბავშვებს ევოლუციის თეორიის მეშვეობით ასწავლიან, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ცხოველები არიან, მაშ, რატომ გვიკვირს, როცა ისინი მართლაც ცხოველებივით იქცევიან?

ჩვენ უნდა ზურგი ვაქციოთ და მკაცრად ვამხილოთ დარვინიზმის სიცრუენი და სიყალბენი. ეს სიცრუენი და სიყალბენი კარგადაა მხილებული შემდეგ წიგნებში:

ევოლუციის ხატები – ჯონათან უელსი;

შესაქმის საიდუმლოთა ამოხსნა – დენის პეტერსენი;13 

ტყუილი – კენ ჰემი;

დარვინიზმის დამარცხება გონებათა გახსნის მეშვეობით – ფილიპ ჯონსონი;

ევოლუციური თეორიის გაბათილება და ევოლუციური თეორიის

გაბათილება 2 – ჯონათან სარფატი;

ბიბლიური წარღვნა – ჯონ ს. უიტკომბი და ჰენრი მ. მორისი;

ევოლუციური თეორიის მარცხი – სკოტ მ. ჰიუსი;

რატომ სჯერათ ადამიანებს ევოლუციისა, ყველაფრის მიუხედავად? – კარლ ე. ბო;

მოსამზადებელი კურსი სიცოცხლის წარმოშობის შესახებ – მაიკ რიდლი და დოქტ. ბობ კომპტონი;

საწყისები – კავშირი მეცნიერებასა და წმინდა წერილს შორის – არიელ ა. როსი;

ადამიანთა გონებაში – იან ტეილორი.

თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჟურნალში „დაბადების წიგნის პასუხები,“ რომელიც ყოველ ექვს თვეში ერთხელ იბეჭდება კრეაციონისტული გამოკვლევების ინსტიტუტის ყოველთვიურ ჟურნალში „Acts & Facts“ და ასევე ყირიმის მეცნიერებისა და აპოლოგეტიკის ქრისტიანული ცენტრის (სერგეი გოლოვინის მსახურება) სხვა მრავალრიცხოვან რუსულენოვან გამოცემებში.

მაკროევოლუციის ყველაზე საუკეთესო განსაზღვრება, რაც კი ოდესმე მომისმენია, ეკუთვნის ფრენკ პერეტის: „ერთ მშვენიერ დღეს ტალახის გროვას ოთხი თათი გამოუვიდა და შემდეგ ადამიანის სახეც გაუჩნდა.“  ხოლო ევოლუციის მეცნიერული ღირებულების საუკეთესო შეფასება კი დოქტორ ლუი ბუნურის (საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი) მიხედვით ასეთია: „ევოლუცია – ეს მოზრდილთათვის განკუთვნილი ზღაპარია, რომელსაც მეცნიერების წინსვლაში არანაირი წვლილი არ შეუტანია.“  მარკ ტვენი არც  ქრისტიანი მოაზროვნე იყო და არც მეცნიერი, თუმცა შესანიშნავად ეხერხებოდა ადამიანებზე (მათ შორის მეცნიერებზეც) დაკვირვება. ერთხელ მან გონაბამახვილურად შენიშნა, რომ მეცნიერება კვლევის ის სფეროა, სადაც მწირ ფაქტებზე ვარაუდთა უზარმაზარი ციხე-სიმაგრის აგება შეიძლება. ეს შენიშვნა არა მხოლოდ იუმორის შემცველია, არამედ ზუსტად გამოხატავს მაკროევოლუციის ჭეშმარიტ არსს. ევოლუციონიზმი სპეკულაცია და ადამიანური რელიგიაა. ეს „ეგრეთ წოდებული მოძღვრებაა“ (1ტიმ. 6:20). ევოლუციონიზმი არ არის ნამდვილი მეცნიერება!

ჩვენ ასევე ხელი უნდა შევუწყოთ ადამიანური ღირსებისა და ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის შესახებ შეხედულების გავრცელებას. ამისათვის კი აუცილებელია იმ ფაქტის აღიარება, რომ ევოლუციური თეორიის მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით ადამიანურ ღირსებასა ან ადამიანის სიცოცხლის სიწმინდესა და ხელშეუხებლობაზე აზრის გავრცელება შეუძლებელია, რადგან ორივე შეხედულებას საფუძვლად უდევს მტკიცე მოსაზრება, რომლის თანახმადაც ადამიანი შექმნილია ღმერთის ხატად. ეს კი ნათლად ესმოდათ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისა და უფლებათა ბილის”  შემდგენელთ, რაც კარგადაა გადმოცემული შემდეგი ფრაზების მეშვეობით: „ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად“ და „შემოქმედის მიერაა დაჯილდოებული.“ აი, ეს ფრაზები კონტექსტში: „ჩვენ ვეყრდნობით იმ აშკარა და უდავო ჭეშმარიტებას, რომ ყველა ადამიანი თანასწორადაა შექმნილი და დაჯილდოებული შემოქმედის მიერ გარკვეული ხელშეუხებელი უფლებებით, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“ – დამოუკიდებლობის დეკლარაცია, 1776).

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შეიძლება გადავდგათ იმისათვის, რომ 21-ე საუკუნეში სასიკეთო ცვლილებები გამოვიწვიოთ, აუცილებელია ღმერთს საკადრისი პატივი მივაგოთ, როგორც ჩვენს შემოქმედს, მხსნელს და განსაცდელთა ჟამს ჩვენს დამხმარეს.

„მაღლა აღაპყრეთ თვალები და ნახეთ: ვინ შექმნა ესენი? ის, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ჯარი, ყველას თავისი სახელით მოუხმობს, მის დიდ ძალას და ძლევამოსილებას არავინ დააკლდება. რატომ ამბობ, იაკობ, და ლაპარაკობ, ისრაელ: „დაფარულია ჩემი გზა უფლისაგან და ჩემი სამართალი უსხლტება ჩემს ღმერთს?“ განა არ იცი და არ გსმენია? მარადიული ღმერთი, უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება. აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს. და დაიღლებიან ყმაწვილნი და დაიქანცებიან, ჭაბუკნი კი წაბორძიკებით წაბორძიკდებიან, ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან” (ესაია 40:26-31).

„მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს. სამადლობლით წარვდგეთ მის წინაშე, და სიმღერით შევღაღადოთ მას. რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე – ყველა ღვთაებაზე აღმატებული; რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა, და მთების მწვერვალებიც მისია. მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა. მოდით, თაყვანი ვცეთ და მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე! რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ერი მისი სამწყსოსი და ცხვარი მისი სამწყემსი“ (ფსალ.94:1-7).

„რადგან მან გააძღო სული მწყურვალი, და სული მშიერი აავსო სიკეთით!“  (ფსალ.106:9).

იმედისა და მოწოდების დასკვნითი სიტყვა:

იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის, იმედის მარადიული სახარება (კეთილი უწყება) მტკიცედ დგას იმ ჭეშმარიტების საფუძველზე, რომ ჩვენი მხსნელი თავდაპირველად ჩვენი შემოქმედი იყო!

გამოცხადების წიგნი (14:6-8) გვეუბნება: „ვიხილე სხვა ანგელოზი”, რომელიც ზეცას შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, მიწის მკვიდრთათვის – ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად, ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მათ, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს.“

იმისათვის, რომ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით ვცეთ თაყვანი, თითოეული ჩვენგანი ზეციერ მამასთან უნდა დაბრუნდეს მონანიებით, როგორც ძე შეცდომილი დაუბრუნდა მამას (ლუკა 15:11-32). „ღმერთო, შენთვის შეგვქმენი ჩვენ და ჩვენი გულები ვერ პოვებენ მოსვენებას მანამ, სანამ შენში არ დამშვიდდებიან“ – ნეტარი ავგუსტინე. „თითოეული ადამიანის გულში ღმერთის ფორმის სიცარიელეა, რომლის შევსებაც მხოლოდ იესო ქრისტეს ძალუძს“ – ბლეზ პასკალი.

რიკ დეიტონი.

ჩატვირთვა...