კლაივ ლუისი – ზნეობა და ფსიქოანალიზი

159

მითქვამს, რომ ვერასოდეს შევქმნით ქრისტიანულ საზოგადოებას, სანამ ჩვენი უმეტესობა არ გაქრისტიანდება. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საზოგადოებრივი საკითხი შორეული მომავლის წარმოსახული ვადისთვის გადავდოთ. ეს ნიშნავს, რომ ორი საქმე ერთად უნდა დავიწყოთ: პირველი, გამოვნახოთ საშუალება, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში დანერგავს პრინციპს – “მოექეც სხვას ისე, როგორც გინდა, რომ ის შენ მოგექცეს”. მეორე, ვეცადოთ, თავად გავხდეთ ის ადამიანები, ვინც ამ პრინციპით იცხოვრებს, თუკი მივხვდით, როგორ უნდა ამის მიღწევა. ახლა მინდა განვიხილოთ ქრისტიანული იდეა კარგი კაცისა, ანუ ადამიანური მანქანის ქრისტიანული სპეციფიკა.

სანამ დეტალებზე გადავიდოდე, მინდა ორ შედარებით ზოგად საკითხზე შევჩერდე. ჯერ ერთი, რამდენადაც ქრისტიანული ზნეობა აცხადებს, რომ მოწოდებულია ადამიანური მანქანის წესრიგში მოსაყვანად, თქვენ ალბათ დაგაინტერესებთ, რა კავშირშია იგი ფსიქოანალიზთან, რომელიც თავის მიზნად ამავეს აცხადებს.

აქ მოგვიწევს, ორი რამ ძალიან კარგად გავმიჯნოთ. ერთი მხრივ, ფსიქოანალიზის სამედიცინო ხასიათი და ტექნიკა, მეორე მხრივ, ზოგადი ფილოსოფიური შეხედულება სამყაროზე, რომელსაც ფსიქოანალიზის საფუძველზე ქმნიან ფროიდი და სხვები. ფროიდის ფილოსოფია უშუალოდ უპირისპირდება ქრისტიანობას, ასევე უპირისპირდება სხვა დიდ ფსიქოლოგს – იუნგს. უნდა ითქვას, რომ, როცა ფროიდი საუბრობს ნევროზების მკურნალობაზე, იგი მსჯელობს როგორც თავისი საგნის სპეციალისტი, მაგრამ როცა ზოგად ფილოსოფიაზე გადადის, იგი მსჯელობს, როგორც დილეტანტი. ამიტომ, გონივრული იქნებოდა მისთვის პატივი მიგვეგო პირველ სფეროში და არა – მეორეში. მე სწორედ ასე ვიქცევი. ამას ვაკეთებ ღრმა თავდაჯერებით, რადგან დავრწმუნდი, რომ როგორც კი თავის საგანს სცილდება და რაღაც ისეთზე მსჯელობს, რისიც მე უფრო გამეგება (მაგალითად, ენათმეცნიერება), იგი დიდ უმეცრებას ამჟღავნებს. თავისთავად ფსიქოანალიზი იმ ფილოსოფიური მინაერთების გარეშე, რაც ფროიდმა და სხვებმა მიაკერეს, სულაც არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას; მისი მეთოდიკა მრავალ პუნქტში ეხმიანება ქრისტიანულ ზნეობას. ცუდი არ იქნებოდა, ყველა სასულიერო პირი შეძლებისდაგვარად გასცნობოდა მას.

როცა ადამიანი ზნეობრივ არჩევანს აკეთებს, მის წინაშე ორი რამაა. პირველი – თავად არჩევანის აქტი, მეორე – სხვადასხვა გრძნობა, იმპულსი და ა.შ., რაც დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე და რაც თითქოს არჩევანის ნედლ მასალას წარმოადგენს. ასეთი ნედლი მასალის ორი სახე არსებობს. პირველს ვუწოდებთ ნორმალურს. მას საფუძვლად უდევს ყველა ადამიანისათვის დამახასიათებელი ტიპური გრძნობები. მეორე რიგი მოიცავს საკმაოდ არაბუნებრივ გრძნობებს, რაც გამოწვეულია არაცნობიერის დონეზე გადახრებით. რეალურად სახიფათოს შიში პირველი რიგის მაგალითია, ხოლოდ კატებისა თუ ობობების შიში – მეორე რიგისა. მამაკაცის ლტოლვა ქალისადმი პირველი რიგისაა, მამაკაცისა მამაკაცისადმი – მეორე რიგისა. ფსიქოანალიზი ცდილობს ადამიანს უკუღმართი გრძნობები დააძლევინოს, არჩევანის მომენტში უკეთესი ნედლი მასალა მიაწოდოს. მორალს კი საქმე აქვს თავად არჩევანის აქტებთან.

განვიხილოთ მაგალითზე. წარმოიდგინეთ ომში მიმავალი სამი მამაკაცი. ერთს საფრთხის ჩვეულებრივი შიში აქვს, ისეთი, ყველა მოკვდავი რომ განიცდის. იგი თრგუნავს ამ შიშს ზნეობრივი ძალისხმევით და გულადდება. დანარჩენ ორს არაცნობიერი გადახრების გამო გაზვიადებული შიში სჭირს, რომლის გადალახვა არანაირი ზნეობრივი ძალისხმევით არ შეუძლიათ. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მოდის მათთან ფსიქოანალიტიკოსი და ორივე მათგანს კურნავს, ე.ი. იმავე მდგომარეობაში აყენებს, რომელშიც პირველი იმყოფება. აქ მთავრდება ფსიქოანალიტიკური პრობლემა და იწყება ზნეობრივი. ახლა უკვე განკურნებულთ შეუძლიათ სრულიად განსხვავებული გზები აირჩიონ. ერთს შეუძლია თქვას: მადლობა ღმერთს, ელეთ-მელეთი აღარ მემართება. ახლა შემიძლია ვაკეთო ის, რასაც ყოველთვის ვესწრაფვოდი – ვიბრძოლო თავისუფლებისთვის. მაგრამ, მეორეს შეუძლია თქვას: ძალიან კარგი. მიხარია, რომ მშვიდად ვგრძნობ თავს, მაგრამ ამის გამო სულაც არ ვაპირებ სხვის მაგივრად შევუშვირო ტყვიას მკერდი. ის, რომ ნაკლებ მეშინია, მომეხმარება, უფრო გავუფრთხილდე თავს და მოხერხებულად დავმალო ეს სხვისი თვალისაგან. ასეთი განსხვავება წმინდა ზნეობრივი საკითხია და მას ფსიქოანალიზი ვერაფერს მოუხერხებს. რაც არ უნდა გააუმჯებესოთ ადამიანის ნედლი მასალა, თქვენ მაინც აწყდებით რაღაც სხვას – ადამიანის ნამდვილ თავისუფალ არჩევანს: დააყენოს თავისი ინტერესები პირველ ადგილზე თუ უკანასკნელზე. და ეს თავისუფალი არჩევანი ერთადერთი რამაა, რაც ზნეობას განაპირობებს.

ცუდი ფსიქოლოგიური მასალა ცოდვა კი არა, ავადმყოფობაა. აქ საჭიროა არა მონანიება, არამედ – მკურნალობა. და ეს, სხვათაშორის, ძალზედ მნიშვნელოვანია. ადამიანები განსჯიან გარეგანი საქციელის მიხედვით. ღმერთი განსჯის მორალური არჩევანის მიხედვით. სრულიად შესაძლებელია, რომ ღმერთის თვალში გაცილებით მამაცია ის კაცი, რომელსაც პათოლოგიურად ეშინია კატების, მაგრამ კატას მაინც უპატრონებს, ვიდრე ჯანმრთელი მამაკაცი, რომელიც საბრძოლო მამაცობისთვის მედლითაა დაჯილდოებული. ბავშვობიდან გაუკუღმართებულად აღზრდილი და სისასტიკეს მიჩვეული ადამიანი ცოტა სიკეთეს რომ გამოიჩენს, რის გამოც ამფსონებმა შეიძლება მასხრადაც აიგდონ, იქნებ ღმერთის თვალში უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ჩვენ, მეგობრისთვის რომ ვწირავთ სიცოცხლეს.

ამას სხვა მხრიდანაც შეიძლება შევხედოთ. ზოგი ჩვენგანი შეიძლება ძალიანაც კარგი კაცია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის კარგ ჩამომავლობას, კარგ აღზრდას, შეიძლება მის მიერ გაღებული სიკეთე არც ისე დიდი აღმოჩნდეს იმათ სიკეთესთან, ვისაც ჩვენ არამზადებს ვუწოდებთ. განა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, როგორ მოვიქცეოდით, ფსიქოლოგიური კომპლექსებით რომ ვიყოთ შეპყრობილი, ცუდად აღზრდილი და ძალაუფლებაც ისეთი ჩაგვეგდო ხელში, მაგალითად, ჰიმლერს რომ გააჩნდა. აი, რატომ შეაგონებენ ქრისტიანებს, არ განიკითხოთო. ჩვენ მხოლოდ ადამიანის არჩევანის შედეგს ვხედავთ ნედლი მასალისაგან. მაგრამ, ღმერთი ადამიანს განიკითხავს არა ნედლი მასალის მიხედვით, არამედ, თუ როგორ გამოიყენა იგი. ადამიანის ფსიქიკური წყობა დამოკიდებულია მის სხეულზე. სხეულის სიკვდილის შემდეგ გაშიშვლებული წარმოდგება ყველა მისი სურვილი, ნამდვილი შინაგანი არსება, ის, რაც კარგსა და ავს განარჩევდა. ყველა ის კეთილი მოქმედება, რომელიც ჩვენი საკუთარი დამსახურება გვეგონა, აღმოჩნდება, რომ შედეგი ყოფილა თურმე საჭმლის კარგი მონელებისა. ამიტომ ისინი არ ჩაგვეთვლება. ასევე, ბევრს ცოდვად არ ჩაეთვლება მის მიერ ჩადენილი უმსგავსობანი, რაც გამოწვეული იყო სხვადასხვა კომპლექსითა და ავადმყოფობით. აი, მაშინ ყოველ ადამიანს დავინახავთ ისეთს, როგორიც ის არის სინამდვილეში. ჩვენ გველის სიურპრიზები.

ამას მივყავართ მეორე პუნქტთან. ადამიანებს ხშირად ქრისტიანული მორალი ესმით როგორც გარკვეული გარიგება ღმერთსა და ადამიანს შორის, რომელშიც ღმერთი ამბობს: თუ შენ მრავალ წესს შეასრულებ, მე შენ დაგაჯილდოებ, თუ არა – დაგსჯი. არა მგონია, ეს საუკეთესო გაგება იყოს. უფრო მგონია, რომ ყოველთვის, როცა არჩევანს აკეთებთ, თქვენ ცვლით თქვენს არჩევანის მკეთებელ არსებას, რომელიც ცოტა უფრო სხვა ხდება, ვიდრე მანამდე იყო. და თუ თქვენს აურაცხელარჩევნიან ცხოვრებას მთლიანობაში განიხილავთ, ნახავთ, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე საკუთარ არსებას ნელ-ნელა ზეციურ ან ჯოჯოხეთურ არსებად აქცევდით, ე.ი. ან იმ არსებად, რომელიც ჰარმონიაშია ღმერთთან, სხვებთან და საკუთარ თავთან, ან იმ არსებად, რომელიც ებრძვის ღმერთს, სძულს იგი და იმავე მიმართებაშია თავის მსგავს ქმნილებებთან და საკუთარ თავთან. თუ პირველ კატეგორიას ეკუთვნით, მაშინ ეკუთვნით ზეცას, ანუ თქვენია სიხარული და მშვიდობა, ცოდნა და ძალა. მეორე კატეგორია ნიშნავს სიცოფეს, ძრწოლას, მრისხანებას, უძლურებას, მარადიულ მარტოობას. ყოველი ჩვენგანი ყოველ წუთს წინ მიიწევს ერთ-ერთი ამ მდგომარეობისაკენ.

ეს ხსნის ქრისტიან ავტორთა იმ თავისებურებას, რაც მუდამ საგონებელში მაგდებდა: ერთ მომენტში ისინი ძალიან მკაცრნი არიან, მეორეში – თავისუფალნი და შემწყნარებელნი. ისინი ცოდვილ ფიქრზე ისე ლაპარაკობენ, როგორც უსაშველოდ სერიოზულ საგანზე, მაგრამ შემდეგ საშინელ მკვლელებზე და მოღალატეებზე რომ მიდგება საქმე, ამბობენ, საკმარისია მოინანიონ, რომ ყველაფერი მიეტევებათო. მერე მე მივხვდი, რომ ისინ მართლები არიან. ის, რაზეც ისინი გამუდმებით ფიქრობენ, არის ჭდე, რომელიც რჩება ჩვენი თვითობის ძირეულ ნაწილზე; ამ ცხოვრებაში მას ვერავინ ხედავს, მაგრამ მის გამო ჩვენ ყველას გველის ან მარადიული ვნება ან სიხარული. ზოგ ადამიანს ისეთი სოციალური მდგომარეობა აქვს, რომ მის მრისხანებას შეუძლია ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს, მეორის მდგომარეობა კი ისეთია, რომ, რაც არ უნდა განრისხდეს, მხოლოდ სიცილს დააყრიან. მაგრამ ორივე მათგანის სულზე ერთი ზომის ჭდე აღიბეჭდება. ორივემ ისეთი რამ დამართა თავს, რომ თუ არ მოინანია, შემდეგში კიდევ უფრო გაუჭირდება ცდუნების ძლევა და მორიგი მრისხანება კიდევ უფრო სასტიკი იქნება. თუ თითოეული მათგანი მთელი სულითა და გულით მიმართავს ღმერთს, შეძლებს გაამთელოს ის ბზარი, რომელიც თავის „მე“-ს გაუჩინა. თუ ამას არ იზამენ, ორივე მათგანი, საბოლოო ჯამში, განწირულია. გარედან როგორი ჩანს საქციელის შედეგი – დიდი თუ მცირე – ამას მნიშვნელობა არა აქვს. და კიდევ ერთი, ბოლო პუნქტი – სწორ მიმართულებას არა მარტო მშვიდობისაკენ, არამედ ცოდნისკენაც მივყავართ. რაც უფრო კარგი ხდება ადამიანი, მით უფრო კარგად ესმის და ცხადად ხედავს იმ ბოროტებას, რომელიც ჯერ კიდევ ბოგინობს მასში. რაც უფრო ბოროტდება, მით უფრო ნაკლებად ამჩნევს თავის სიავეს. ზომიერად ბოროტმა კაცმა იცის, რომ ძალიან კარგი კაცი არ არის. მთლად ხელიდან წასული კი ფიქრობს, რომ ისაა, რაცაა. ეს რომ ასეა, ამას გვეუბნება საღი აზრი. რა არის ძილი, მაშინ იცი, როცა გღვიძავს და არა მაშინ, როცა გძინავს. ანგარიშში შეცდომებს მაშინ ამჩნევ, როცა ნათლად აზროვნებ. ცუდად რომ აზროვნებ, შეცდომას ვერ ამჩნევ. თრობის ბუნებას წვდები ფხიზელი და არა მთვრალი. კარგმა ადამიანებმა იციან, რა არის კარგი და რა – ცუდი, ცუდებმა არც ერთი იციან, არც მეორე.

კლაივ ლუისი

ჩატვირთვა...