კლაივ ლუისი – როგორი უნდა იყოს ქრისტიანული საზოგადოება (ქცევის საზოგადოებრივი ნორმები)

55

როდესაც ზნეობის იმ ნაწილზე ვსაუბრობთ, რომელსაც ადამიანური ურთიერთობები ჰქვია, უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტე სრულიად ახალი ზნეობის საქადაგებლად როდი მოგვევლინა. ახალ აღთქმაში ფორმულირებული ოქროს წესი – მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ თავად მოგექცნენ – იმის გამოხატულებაა, რასაც გულის სიღრმეში ყველა ჭეშმარიტებად მიიჩნევს. ზნეობის დიდი მასწავლებლები სრულიად ახალ ნორმებს არასდროს გვთავაზობდნენ, ეს შარლატანებისა და მანიაკების თვისებაა. ვიღაცას უთქვამს: “ადამიანებს ძველის შეხსენება უფრო სჭირდებათ, ვიდრე ახლის სწავლებაო.” ასე რომ ზნეობის ყველა მასწავლებლის ჭეშმარიტი დანიშნულებაა კვლავ და კვლავ შეახსენოს ზნეობის უბრალო ძველი პრინციპები, რომლებიც მივიწყებულია. ზუსტად ისევე, როგორც ვაიძულებთ ხოლმე ბავშვს მიუბრუნდეს დავალებას, რომლის მიფუჩეჩებასაც აპირებდა.

ოქროს წესი – მოექეცი სხვებს, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ – ქრისტიანობის პოლიტიკური პროგრამა არ გახლავთ, ეს არის წესი ყველა დროში, ყველა ადამიანისთვის და ყველგან, პროგრამა კი გარკვეული ეპოქისთვის, ქვეყნისთვის და ხალხისთვის მუშავდება. მისი მოქმედების პრინციპიც სხვაგვარია, როდესაც ის გეუბნებათ, რომ მშიერი უნდა დააპუროთ, ამ დროს კულინარიის გაკვეთილს არ გიტარებთ; როდესაც მოგიწოდებთ, რომ ბიბლია უნდა იკითხოთ, თან ძველი ებრაულის, ბერძნულის თუ ინგლისურის გრამატიკას არ გასწავლით. ქრისტიანობას არასდროს ჰქონია იმის პრეტენზია, რომ გამოედევნა ან შეეცვალა ადამიანური ცოდნის რომელიმე დარგი. ის უფრო წარმმართველი, სახელმძღვანელო პრინციპია, რომელიც ცოდნის ყველა დარგს თავის ადგილს მიაკუთვნებს. ის იმ ენერგიის წყაროა, რომელიც ამ დარგებს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს, თუკი ისინი მთლიანად მიენდობიან მას.

ადამიანები ამბობენ – “ეკლესიამ უნდა გვიხელმძღვანელოს” – ეს სწორია, თუ მათ ეკლესიაზე სწორი წარმოდგენა აქვთ. ეკლესია მთელი დედამიწის ყველა ჭეშმარიტ და აქტიურ მორწმუნეს მოიცავს. მაშინ თეზისი: “ეკლესიამ უნდა გვიხელმძღვანელოს”, შემდეგ შინაარსს იძენს: ის ქრისტიანები, რომლებსაც შესაბამისი ტალანტი აქვთ ეკონომისტები და სახელმწიფო მოღვაწეები უნდა იყვნენ. ყველა მათი ქმედება სახარებაში ფორმულირებული ოქროს წესის ცხოვრებაში გატარებისკენ უნდა იყოს მიმართული. თუ ეს მართლაც ასე იქნებოდა, ჩვენ საკმაოდ სწრაფად მივაგნებდით ჩვენი სოციალური პრობლემების ქრისტიანულ გადაწყვეტას, მაგრამ უმრავლესობა ფრაზაში “ეკლესიამ უნდა გვიხელმძღვანელოს” სასულიერო წრეების მიერ მართულ პოლიტიკურ პროცესებს გულისხმობს. ეკლესიის მსახურები დადგენილნი არიან იმ ამბებზე თავდასაჭერად, რაც ჩვენ გვეხება, როგორც იმ არსებებს, რომელთაც მარად უნდა იცხოვრონ. ჩვენ კი ვითხოვთ, მათ ისეთ საქმეს მოჰკიდონ ხელი, რაც არასოდეს უსწავლიათ. პოლიტიკა და ეკონომიკა – ეს ჩვენი რიგითი მორწმუნეების საქმეა, ისევე როგორც განათლების სფერო ეხება მასწავლებლებს და ლიტერატურა მწერლებს.

ახალი აღთქმა დეტალებში ჩაღრმავების გარეშეც ნათელ წარმოდგენას გვაძლევს, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანული საზოგადოება. ახალი აღთქმა ამბობს, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ადგილი არ ექნებათ “პარაზიტებს” – “ვინც არ მუშაობს, ნუ ჭამს.” ყველამ უნდა იშრომოს და სარგებელი მოიტანოს. ასეთ საზოგადოებას არ დასჭირდებოდა სულელური ფუფუნების საგნები, მით უმეტეს რეკლამა , რომელიც ხალხს ამ საგნების შეძენისკენ მოუწოდებს. ამ საზოგადოებისთვის უცხო იქნებოდა ამპარტავნება, ყოყოჩობა და თვალთმაქცობა.

ერთი მხრივ ქრისტიანობა თანამედროვე მემარცხენეთა იდეალს შეესაბამება, მეორე მხრივ კი ის დაჟინებით მოითხოვს მორჩილებას და პატივისცემის გამოხატვას ჩვენგან დანიშნული მთავრობის მიმართ და ცოლებისგან (ვფიქრობ, ეს ძალზე არაპოპულარულია) ქმრების მისამართით. გარდა ამისა ეს საზოგადოება სიცოცხლის ხალისით სავსე უნდა იყოს. შეშფოთება და შიში იქ ნორმიდან გახრა იქნება, მისი წევრები კი ერთმანეთის მიმართ ძალზე თავაზიანები იქნებიან, რადგან თავაზიანობაც ერთ–ერთი სათნოებაა.

ასეთი საზოგადოება, რომ მართლაც არსებულიყო და იქ მოხვედრა შეგვძლებოდა, დამეთანხმებით, ყველაფერი უცნაურად მოგვეჩვენებოდა, რადგან დავინახავდით, რომ ეკონომიკური პოლიტიკა სოციალისტურს წააგავს, ოჯახური ურთიერთობები და ქცევის მანერა კი ძველმოდურად გამოიყურება. ალბათ, თითოეულ ჩვენგანს მოეწონებოდა მასში რაღაც, მაგრამ არა ყველაფერი. ასეც იქნებოდა მოსალოდნელი, თუ ჩვენ ქრისტიანულ პრიციპებზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს თანამეგობრობის გეგმას შევაგენდით. ჩვენ ხომ დიდი ხანია დავცილდით ამ გეგმას და ახლა თითოეული ჩვენგანი, მასში შეტანილ საკუთარ ცვლილებას თვით ამ გეგმის დედნად ასაღებს. ამაში ვრწმუნდებით ყოველთვის, როდესაც ჩვენთვის მოსაწონ რომელიმე ქრისტიანულ ასპექტს ვაღიარებთ და ყველაფერ დანარჩენს უარვყოფთ, ამიტომ ვერ მივიწევთ წინ. სწორედ ამიტომ ამტკიცებენ ადამიანები, რომლებიც ურთიერთსაპირისპირო იდეალებისთვის იბრძვიან, რომ ქრისტიანული პრინციპების დამკვიდრებას ცდილობენ.

ძველმა ბერძნებმა, ებრაელებმა და შუა საუკუნეების დიდმა ქრისტიანმა მოაზროვნეებმა მოგვცეს ერთი რჩევა, რომელიც დღეს სრულიად უგულვებელყოფილია დღევანდელ ეკონომიკურ სისტემაში: “არ გასცე ფული სარგებლით”, თუმცა ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური სიტემა მთლიანად ეფუძნება პროცენტიან სესხს. ზოგიერთი ასე მსჯელობს, რომ მოსეს, არისტოტელეს და სხვა ქრისტიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ სააქციო საზოგადოებაზე და ამიტომაც მიიჩნევდნენ, რომ მევახშეობა მიუღებელია, შესაბამისად მათი რჩევა ყურადსაღები არ არის.

მე ეკონომისტი არ ვარ და არ ვიცი, რა ბრალი მიუძღვის პროცენტიან სესხს საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობაში, მაგრამ უპატიოსნო იქნებოდა იმის დამალვა, სამი დიდი ცივილიზაცია ერთსულოვნად უარყოფს იმას, რასაც მთელი ჩვენი ცხოვრება ეფუძნება…

და კიდევ, ახალ აღთქმაში, სადაც საუბარია, რომ ყველამ უნდა იშრომოს, მითითებულია ამ შრომის მიზანიც: “უკეთესია იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულთათვის მისაცემად.” (ეფეს. 4 : 28) ქველმოქმედება ქრისტიანული ზნეობის განუყოფელი ნაწილია. ცხვრებისა და თხების იგავში მოცემულია ღერძი, რომლის გარშემოც ბრუნავს ყველაფერი. ახლა ამბობენ, რომ ქველმოქმედება საჭირო აღარ არის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც არ იქნება სიღარიბე. შესაძლოა, მართლაც შევქმნათ ასეთი საზოგადოება, მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ ამის გამო დღესვე უნდა შევწყვიტოთ ქველმოქმედება, ის შორდება ქრისტიანულ ზნეობას. არამგონია ვინმეს დაედგინოს, თუ რამდენი უნდა გავცეთ ღარიბთათვის, მაგრამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტი უნდა გავცეთ, ვიდრე ვინახავთ. თუ თქვენი კომფორტისთვის იმდენს ხარჯავთ, ამდენსაც სხვა ადამიანები, გამოდის საქველმოქმედო მიზნებისთვის ცოტას იძლევით. თუ გაცემული თანხა ჩვენს ბიუჯეტს არ აკლდება, გამოდის, რომ არასაკმარისად გავცემთ. როგორც ჩანს, რაღაცეებზე უარი უნდა ვთქვათ, რომ მათ შესაძენად განკუთვნილი თანხა ქველმოქმედებას მოვახმაროთ. მე ახლა ჩვეულებრივ ქველმოქმედებაზე ვლაპარაკობ, თორემ ახლობელს და ნათესავს თუ დასჭირდა, შესაძლოა ჩვენი კეთილდღეობაც კი გავწიროთ. ბევრ ჩვენგანს ფულის სიყვარული კი არა ხვალინდელი დღის შიში აბრკოლებს, ეს შიში კი ხშირად მხოლოდ ცდუნებაა. ხანდახან დიდებისმოყვარეობა გვაიძულებს სხვის დასანახად მეტი დავხარჯოთ (ფეხის ქირა, სტუმართმოყვარეობა), ვიდრე საჭიროა, იმათ კი ნაკლებს ვაძლევთ, ვისაც ნამდვილად სჭირდება.

ახლა კი შევეცდები გამოვიცნო, თუ როგორ იმოქმედა ამ სტატიამ მკითხველზე. მემარცხენეები აღშფოთდებოდნენ, რომ უფრო შორს არ წავედი, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანები ჩათვლიდნენ, რომ პირიქით შორს შევტოპე. რას ვიზამთ, ქრისტიანული საზოგადოების ჩამოყალიბების ჩვენეულ პროექტში მართლაც არის შებრკოლების ლოდი. საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანთა უმრავლესობას არ აინტერესებს რას ამბობს ქრისტიანობა, ის მასში საკუთარი პარტიული აზრების დასაყრდენს ეძებს. მოკავშირეს იქ ვეძებთ სადაც გვთავაზობენ და ისე აღვიქვამთ როგორც გვაწყობს: ან უფალს ან მსაჯულს…

ქრისტიანული საზოგადოება არ შეიქმნება, სანამ უმრავლესობა არ მოსურვებს ამას, ეს კი მაშინ მოხდება, როცა ქრისტიანები გავხდებით. მე უსასრულოდ შემიძლია ვიმეორო ოქროს წესი: “მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ”, მაგრამ ამას მანამ ვერ შევასრულებ, სანამ მოყვასს არ შევიყვარებ; მოყვასს მანამ ვერ შევიყვარებ, სანამ ღმერთის სიყვარულს არ ვისწავლი, ღმერთს კი ვერ შევიყვარებ, თუ არ დავემორჩილები. ერთი სიტყვით, ეს პრობლემა ისევ საკუთარ თავთან გვაბრუნებს, სოციალური საკითხებიდან რელიგიურ საკითხებზე გადავდივართ. ნათქვამია, შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო….

კლაივ ლუისი

ჩატვირთვა...