კლაივ ლუისი – ქრისტიანული ზნეობა

163

ქრისტიანული ქცევა – ზნეობის სამი წესი

ერთ მოსწავლეს ჰკითხეს, როგორ წარმოედგინა მას ღმერთი და მან უპასუხა, რომ, რამდენადაც მას ესმის, ღმერთი ის პიროვნებაა, რომელიც  განუწყვეტლივ დაძრწის, რათა ისეთი ადამიანი გამოიჭიროს, რომელიც არხეინად ატარებს დროს და, როცა გამოიჭერს, მაშინვე აწყვეტინებს…

ვშიშობ, რომ სწორედ ამგვარად ესმის ბევრს სიტყვა „ზნეობა“, თითქოს ეს არის ის, რაც ხელს გვიშლის სიამოვნების მიღებაში. სინამდვილეში კი ზნეობრივი კოდექსი ის ინსტრუქციაა, რომელიც ადამიანური მანქანის სწორ ფუნქციონირებას განაპირობებს. ზნეობის ყველა ნორმა იქითკენაა მიმართული, რომ გამორიცხოს ნებისმიერი ხარვეზი − მსხვრევა, გადატვირთვა, არეულობა მანქანის მუშაობაში. აი, რატომ ჩანს, ერთი შეხედვით, რომ ზნეობა განუწყვეტლივ ერევა ჩვენს ცხოვრებაში და ხელს უშლის ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილებების გამომჟღავნებას.

ავტომობილის მართვას როცა სწავლობთ ინსტრუქტორი განუწყვეტლივ გისწორებთ: „არა, არასდროს გააკეთო ეს!“ ის ამას გეუბნებათ იმიტომ, რომ თქვენ სურვილი გიჩნდებათ იმოქმედოთ ისე, როგორც მოხერხებული და ბუნებრივი გგონიათ, სინამდვილეში კი თქვენს ქმედებამ შესაძლოა მანქანა დააზიანოს.

ზოგიერთს, ზნეობრივ ნორმებსა და მათ მორჩილებას, იდეალებსა და  „ზნეობრივ იდეალიზმზე“ საუბარი ურჩევნია. ზნეობრივი სრულყოფილება, რასაკვირველია, იდეალია, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მისი მიღწევა არ შეგვიძლია. ამ გაგებით, ყველაფერი, რაც სრულქმნილია, ჩვენთვის იდეალს წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია გავხდეთ სრულყოფილი ჩოგბურთელი ან მძღოლი, ისევე, როგორც არ შეგვიძლია გავავლოთ სრულყოფილად სწორი ხაზი. მეორე მხრივ, თუ ზნეობრივ სრულყოფილებას „იდეალს“ ვუწოდებთ, შესაძლოა ადამიანს მცდარი წარმოდგენა შვუქმნათ. ვინმე თუ ამბობს, რომ, რომელიმე ქალი, ბაღი ან გემო მისი იდეალია, რა თქმა უნდა, მას არ მიაჩნია, რომ სხვა ადამიანებსაც იგივე იდეალი უნდა ჰქონდეთ. ამგვარ საკითხებში დასაშვებია, რომ სხვადასხვა იდეალი და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გემოვნება გვქონდეს, თუმცა ის, რომ იდეალისტი ვუწოდოთ ადამიანს, რომელიც ზნეობრივი ნორმების დაცვას ცდილობს, გარკვეული საშიშროების წინაშე გვაყენებს. ამან შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ მისი სწრაფვა ზნეობრივი სრულყოფილებისკენ, მისი გემოვნების საკითხია და ჩვენ არ ვართ ვალდებულნი გავიზიაროთ ის. ეს აზრი კატასტროფამდე მიგვიყვანს.

სრულყოფილი ქცევა შეიძლება ისეთივე მიუღწეველი იყოს, როგორც სიჩქარეების სრულყოფილი გადართვა, მაგრამ ეს თავად ადამიანური მანქანის ბუნების მიერ დაწესებული აუცილებელი იდეალია ყველა ადამიანისთვის, ზუტად ისევე, როგორც სიჩქარეების სრულყოფილი გადართვა გვევლინება იდეალად ყველა მძღოლისთვის, თავად ავტომობილის ბუნებიდან გამომდინარე. უფრო სახიფათო იქნებოდა მაღალი იდეალების ადამიანად მიგვეჩნია თავი იმის გამო, რომ ვცდილობთ არასდროს ვიცრუოთ (იმის მაგივრად, რომ იშვიათად ვიცრუოთ), ან არასდროს ვიმრუშოთ (იმის ნაცვლად, რომ ნაკლებად ვიმრუშოთ), ან არასდროს გავბრაზდეთ (იმის მაგივრად, რომ გაბრაზებას მოვერიდოთ). ასეთ შემთხვევაში, ჩვენ პედანტად  გადაქცევა გვემუქრება, რომელიც მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული პერსონაა და იდეალიზმის გამო ქებას იმსახურებს.

მაშინ, თქვენც ასეთივე შექებას იმსახურებთ, როდესაც ანგარიშობთ და ცდილობთ სწორად დაიანგარიშოთ. ხანდახან ალბათ, შეცდომებიც მოგდით ხოლმე, თუმცა რა  განსაკუთრებული დამსახურებაა ანგარიშის დროს ყურადღების გამოჩენა, განა სისულელე არ იქნებოდა, პირიქით რომ მოქცეულიყავით?! ზუსტად ისევე, როგორც ანგარიშის დროს დაშვებული  შეცდომაა  დაბრკოლება, ყოველი ზნეობრივი  დანაშაულიც უსიამოვნების მომტანია თქვენთვის. ჩვენ როცა იდეალების ნაცვლად, წესებსა და მორჩილებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამის შეხსენებას ვცდილობთ საკუთარი თავისთვის.

ადამიანური მანქანა მწყობრიდან ორი მიზეზის გამო გამოდის: პირველი, როცა ადამიანები შორდებიან ერთმანეთს და პირიქით, როდესაც  ეჯახებიან ერთმანეთს სიცრუითა და უხეშობით. მეორე, როდესაც ადამიანის სულში რაღაც ტყდება, ანუ მისი ნაწილები, ატრიბუტები (ნიჭიერება, სურვილები და სხვ.) ერთმანეთში ვერ თავსდება, ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ამ აზრს უფრო იოლად ჩავწვდებით, თუ  ადამიანებს გარკვეული კურსით მცურავ ხომალდებად წარმოვიდგენთ. ცურვა წარმატებით დასრულდება, თუ ხომალდები არ შეეჯახებიან და არ გადაუღობავენ გზას ერთმანეთს და ამასთანევე, თუ თითოეული ცურვისათვის გამოსადეგია, ანუ მათი ძრავები სრულ წესრიგშია. ორივე პირობის დაცვა აუცილებელია. ხომალდები თუ ერთმანეთს შეეჯახებიან, მწყობრიდან გამოვლენ, მეორე მხრივ, თუ საჭე წესრიგში არ აქვთ, შეჯახებას თავიდან ვერ აიცილებენ; ანდა წარმოვიდგინოთ, რომ კაცობრიობა ორკესტრია, რომელიც რაღაც მელოდიას ასრულებს. კონცერტი რომ გაიმართოს, ორი პირობის დაცვაა საჭირო: ყველა ინსტრუმენტი აწყობილი უნდა იყოს და შესრულებისას შესაფერის მომენტში უნდა შეუერთდეს დანარჩენ ინსტრუმენტებს, რათა საერთო ჰარმონია არ დაარღვიოს.

ერთი რამ გამოგვრჩა, არ გვიკითხავს, საით მიემართება ჩვენი ფლოტი და, რომელი მელოდიის დაკვრა სურს ჩვენს ორკესტრს. შესაძლოა ინსტრუმენტები კარგად იყოს აწყობილი და თავის დროზე დაიწყოს დაკვრა, მაგრამ ორკესტრი თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებს, თუ მას საცეკვაო მელოდია შეუკვეთეს, ის კი სამგლოვიარო მარშს დაუკრავს. ცურვა რაც არ უნდა იღბლიანად წარიმართოს, მოგზაურობას წარმატებულს ვერ დავარქმევთ, თუ ხომალდები კალკუტას მიადგებიან, როცა დანიშნულების ადგილი ნიუ-იორკი გახლდათ.

ამრიგად, ზნეობრივი ნორმების დაცვა სამ პირობას ითვალისწინებს: 1) პატიოსან თამაშს და ადამიანთა შორის ჰარმონიულ დამოკიდებულებას; 2) ადამიანთა შინაგან წესრიგს და 3) ადამიანური ცხოვრების საერთო მიზანს, იმას თუ, რისთვისაა შექმნილი ადამიანი, რა კურსით უნდა იცუროს ფლოტმა და რა მელოდია აირჩია ორკესტრის დირიჟორმა.

კლაივ ლუისი

ჩატვირთვა...