კლაივ ლუისი – ღმერთის შემეცნების შესახებ

119

დავუშვათ, გინდათ შეიცნოთ ადამიანი. თუ მას ეს არ სურს, თქვენ ამას ვერასოდეს მოახერხებთ. თქვენ უნდა მოიპოვოთ მისი ნდობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატივა ორივე მხარეს თანაბრად ეკუთვნის; სამეგობროდ ორივე მხარეა საჭირო.

რაც შეეხება ღმერთის შემეცნებას, ინიციატივა მისი მხრიდან მოდის. თუ თავად არ გეჩვენათ, თქვენ ვერ იპოვით. და მართლაც, ის ზოგიერთ ადამიანს მეტად უმჟღავნებს თავს; არა იმიტომ, რომ ფავორიტები ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია იხილოს იმ ადამიანმა, რომლის გონება და ხასიათი გაუკუღმართებულია. მზის შუქიც ხომ ასეა; თუმც არ ჰყავს ფავორიტები, მაგრამ სუფთა სარკეში უკეთესად აირეკლება, ვიდრე დამტვერილში.

ეს შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას. თუ სხვა მეცნიერებებში შენგან განსხვავებული იარაღებით (მიკროსკოპი იქნება თუ ტელესკოპი) სარგებლობ, ღმერთის დასანახად მხოლოდ საკუთარი თავი გჭირდება. თუ ადამიანის “მე” არ იქნა სუფთა და კრიალა, მასში ასახული ღმერთის ხატიც ისეთი ბუნდოვანი იქნება, როგორც, ვთქვათ, მთვარე ჭუჭყიან ტელესკოპში. ამიტომაც საშინელ ხალხებს საშინელი რელიგიები აქვთ: ისინი ღმერთს ჭუჭყიანი ლინზებით ჭვრეტენ.

ღმერთს შეუძლია თავისი ნამდვილი სახე მხოლოდ ნამდვილ ადამიანებს აჩვენოს. ეს არ ნიშნავს უბრალოდ ინდივიდუალურად კარგ ადამიანებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ სხეულად არიან გაერთიანებულნი, უყვართ ერთმანეთი, შეეწევიან ერთმანეთს, ერთმანეთს ღმერთს განაჭვრეტინებენ. ღმერთს მხედველობაში ასეთი ადამიანები ჰყავდა – მსგავსი ორკესტრში გაერთიანებული მუსიკოსებისა ან ერთი სხეულის ნაწილებისა.

მაშასადამე, ერთადერთი ადეკვატური იარაღი ღმერთის შესამეცნებლად არის მის მოლოდინში მყოფი მთელი ქრისტიანული მრევლი. ქრისტიანული ძმობა, ასე რომ ვთქვათ, არის მეცნიერების ტექნიკური აღჭურვილობა – ლაბორატორიული მოწყობილობა. ამიტომაც მავანნი და მავანნი, წარამარა რომ გამოჩნდებიან ხოლმე საკუთარი მარტივი რელიგიებით, ნამდვილად წყალს ნაყავენ. ისინი იმ კაცს ჰგვანან, ძველი საველე ჭოგრიტით რომ შეიარაღებულა და ჭეშმარიტ ასტრონომებს ჭკუას ასწავლის. ის შეიძლება ნიჭიერიც იყოს, ნიჭიერებით შეიძლება პროფესიონალ ასტრონომსაც სჯობდეს, მაგრამ მას შანსი არა აქვს. ორიოდე წლის შემდეგ მას ყველა დაივიწყებს, ხოლო ჭეშმარიტი მეცნიერება თავისი გზით გააგრძელებს სვლას.

ქრისტიანობა ჩვენი მოგონილი რომ იყოს, თქმა არ უნდა, უფრო მარტივს მოვიგონებდით. მაგრამ ეს ასე არ არის. სიმარტივეში ვერ შევეჯიბრებით იმ ადამიანებს, რომლებიც რელიგიებს იგონებენ. აბა როგორ მოვახერხებდით? ჩვენ ხომ საქმე გვაქვს ფაქტთან. გაიოლება ყველას შეუძლია, ვისაც ფაქტები არ ანაღვლებს.

კლაივ ლუისი

წყარო: http://tserilebi.blogspot.com

ჩატვირთვა...