კლაივ ლუისი – ნაციონალური სინანული

122

ნაციონალური აღსარების ანუ სინანულის შესახებ იდეით, უფრო მეტად, მოსახლეობის გაბრაზებული ნაწილია გატაცებული. ეს ადამიანები ხალისით იზიარებენ მოსაზრებას, რომ ჩვენი ქვეყანა, სხვა ქვეყნებთან ერთად, პასუხს აგებს ყველა იმ უბედურებაზე, რომელიც აქამდე ხდებოდა. მართალი რომ გითხრათ, თვითონ როგორ და რაში გრძნობენ თანამოზიარეობას, არ ვიცი, რადგან, როდესაც ინგლისმა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთა გამოც დღეს ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ეს ადამიანები იმ დროს არ ან ვერ მოქმედებდნენ; როგორც ჩანს, მათ ის აწუხებთ, რაც თავად არ ჩაუდენიათ.

ეს თუ ასეა, თითქოს ეს ცუდი არაა: ადამიანები საკუთარ ჩადენილს იშვიათად ნანობენ, იქნებ, კარგიც კია, საერთოდ, რაღაცის სინანული თუ აქვს ადამიანს, მაგრამ, როგორც მე დავრწმუნდი, საქმე უფრო რთულადაა. ინგლისი ბუნების ძალა არაა, ის სახელმწიფო და ადამიანთა ერთობლიობაა. ქვეყნის ცოდვებზე როცა ვსაუბრობთ, მისი მთავრობის ცოდვებს ვგულისხმობთ. შესაბამისად, ამ ხალხს სინანულის გრძნობა მოყვასის გამო აქვს. აი, მაგალითად, რით არ არის მოყვასი, თუნდაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი! ამასთან, სინანული თავისთავად განკითხვასაც ნიშნავს. ნაციონალური სინანულის მთელი ხიბლი ისაა, რომ ეს გრძნობა საშუალებას იძლევა, საკუთარ ცოდვებს კი არ ინანიებდე, რაც მძიმე და უსიამოვნოა, არამედ სხვას ლანძღავდე ცოდვების გამო. ამათ რომ ესმოდეთ, რას სჩადიან, სიყვარულისა და მოწყალების მცნებას გაიხსენებდნენ, მაგრამ არ ესმით, რადგან, როდესაც ქვეყანაში გამოვლენილი შეცდომების შესახებ ლაპარაკობენ, საკუთარ პიროვნებას მთავრობასთან აიგივებენ და კი არ ამბობენ, „ისინი“ სცოდავენ, არამედ სრული პატრიოტული გრძნობით გაიძახიან: „ჩვენ“ ვუშვებთ შეცდომებსო. ცნობილია, რომ მომნანიემ საკუთარი შეცოდება არ უნდა მიაჩუმათოს, ამიტომ არსებული მთავრობა არა მხოლოდ შეწყალების, არამედ სამართლიანობის მიღმაც რჩება. მათზე, რაც გსურს, იმას იტყვი. შეგიძლია სინდისის ქენჯნის გარეშე ლანძღო და თანაც, გულიც კი გტკიოდეს საკუთარი გულისტკივილის გამო.

ყველასათვის სასიამოვნოა, შენს ნამდვილ სინანულს იქ გაექცე, სადაც „დიდი ვნებები საკუთარ სახელთა გარეშე მძვინვარებს“ (უილიამ ვორდსვორტი), მაგრამ, ყველაზე მეტად, ეს მაინც ამ გაბრაზებულ ადამიანებს სიამოვნებთ. ადამიანი რომ ბერდება, საკუთარი ცოდვები ახსენდება და აწუხებს, ამ დროს მზად არის, მტერსაც აპატიოს. ეს მძიმე საქმეა, რადგან ამ ადამიანებს პატრიოტიზმი ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი და მათთვის ცოდვებთან ბრძოლა, მართლაც, რთულია. დღევანდელ გაბრაზებულ ადამიანებს აღმოსაფხვრელი არაფერი აქვთ. რაც თავი ახსოვთ, ხელოვნებაში, ლიტერატურასა თუ პოლიტიკაში მუდმივად გაღიზიანებული უმცირესობის ნაწილი იყვნენ. დღეს ისინი იმისათვის უკვე მოწიფულნი არიან, რომ არ მიენდონ ისეთებს, ვისაც ბავშვობიდან ვერ ეგუებოდნენ, ვინც მათზე ნაკლებად განათლებულია და კვლავაც არ სურთ მოიწონონ ასეთი თანამემამულეების ჩვევები, იდეალები და მათი აღტაცების საგნები.

ყოველმა ქრისტიანმა იცის, რომ მტერს უნდა შეუნდოს, მაგრამ ნამდვილი „მტერი“ ის არის, ვინც გვაბოროტებს… მე სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ინგლისელმა ცოდვილს არ უნდა აპატიოს… მაგრამ მგონია, რომ დღევანდელი გაღიზიანებული ადამიანები, უწინარესად, იმას უნდა განიცდიდნენ, რომ თავად არ არიან გულმოწყალენი, ცხოვრებას უკეთურად დასცქერიან, ენაკვიმატობენ; თვითკმაყოფილებით, მცნებების დარღვევით და ნეტარებათა უგულებელყოფით გამოირჩევიან. ამ საკუთარი ცოდვების შესახებ მე მათგან ჯერ არაფერი მსმენია და სანამ არ მოვისმენ, ვიფიქრებ, რომ მათ პატრიოტიზმს, სინანულსა და მიმტევებლობას არანაირი ფასი არ აქვს. ის, ვინც დღეს მოყვასში ხედავს მედროვეს და მას არ პატიობს, ვერასოდეს დაინახავს უკვე ყოფილ დიქტატორს, რომელიც თავის დროზე ყველას ცხვირწინ მუშტს უტრიალებდა და მაშინ, ბედნიერი მომავლის მოლოდინში, მოძალადეობას ვერ ამჩნევდა.

რა ვთქვათ, ეკლესიამ არ უნდა მოუწოდოს ხალხს ნაციონალურ აღსარებისაკენ? უნდა მოუწოდოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამის გაკეთება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთათვისაც პიროვნულად ცოდვის აღიარება მართლაც არ არის ადვილი. უფალი ბრძანებს: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი“ (მათე 10:37). ქრისტიანს საკუთარ დედაზე მეტად ღმერთი როცა უყვარს, მძიმე მოსასმენია, მაგრამ ეს შეიძლება მართლაც დიდსულოვნება იყოს. ღმერთის მოყვარული ადამიანი, უწინარესად, კარგი შვილია, ამ შემთხვევაში მასში ჩვეულებრივ მიწიერი გრძნობა შეიძლება სულიერებამ დაჯაბნოს, მაგრამ თუ შვილი რაიმე თვალსაზრისით დაუშვებს, რომ მას შეუძლია საკუთარ დედას გული ატკინოს, ან თუ ფიქრობს, რომ მიწიერ გრძნობებზე მაღლა დგას, სინამდვილეში კი ამ აზრებით ბუნებრივზე დაბლა დაეცა, სამარცხვინოა. ძნელია ღვთის ნების აღსრულება მათთვის,რომელთათვისაც ეს, მართლაც, ძნელია. ფრანსუა მორიაკს „ქრისტეს ცხოვრებაში“ ერთი საშინელი სცენა აქვს აღწერილი: უფალი იმის შესახებ საუბრობს, რომ ის მოვიდა, რათა ძე მამას ჩამოაშოროს და ასული – დედას და ამ სიტყვების გამო იუდას გარდა, ყველა მოციქული საშინელ განცდებშია. „რამ შეაშინა ეს ხალხი?“ – გაიფიქრა იუდამ… იესოში სწორედ თავისთავადობა მოსწონდა იუდას. ასევე მოსწონდა ის, რომ ადამიანის სიმდაბლეს იესო ბოლომდე ჭვრეტდა“. დასასრულს, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ორგვარი სულიერი მდგომარეობა გვაძლევს საშუალებას, უყოყმანოდ მივიღოთ იესო ქრისტეს პარადოქსები. უფალო, შეგვიწყალე და დაგვიცავი ერთ-ერთი მათგანისგან!

კლაივ ლუისი

ჩატვირთვა...