კლაივ ლუისი – მიტევება, ანუ როგორ უნდა გვიყვარდეს მტერი

1 424

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ უბიწოება ყველაზე ნაკლებ პოპულარული სათნოებაა ქრისტიანობაში.

ახლა მიმაჩნია, რომ ვცდებოდი და მასზე ნაკლებად პოპულარული სათნოებაც არსებობს. ის შემდეგ ქრისტიანულ ფორმულაშია გამოხატული: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. არაპოპულარული კი ის იმიტომაა, რომ ქრისტიანული ზნეობა „მოყვასის“ ცნებაში მტერსაც გულისხმობს. ამგვარად მივუახლოვდით საშინლად მძიმე მოვალეობას – მივუტევოთ ჩვენს მტრებს.

ნებისმიერი ადამიანი დაგეთანხმებათ, რომ მიმტევებლობა საუკეთესო თვისებაა, სანამ თავად არ დადგება იმ ალტერნატივის წინაშე – მიუტევოს, თუ არა. ალბათ, გახსოვთ, როგორ აღმოვჩნდით ამგვარ სიტუაციაში, როცა ომი დაიწყო. ეს დილემა დიდ ვნებათაღელვას იწვევს, არა იმიტომ, რომ ადამიანებს მიტევება არ შეუძლიათ, ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ ამაზე ფიქრსაც კი. თქვენი უმრავლესობა, ალბთ, მზადაა მკითხოს: „რა თვალით შეხედავდით გესტაპოს პოლონელი ან ებრაელი რომ ყოფილიყავით?!“

მეც მინდა ვიცოდე ეს, ზუსტად ისევე, როგორც მინდა ვიცოდე, რა უნდა ვქნა, თუკი არჩევანის წინაშე დავდგები: მოწამეობრივი სიკვდილი ვარჩიო, თუ რწმენას განვუდგე? ქრისტიანობა ხომ პირდაპირ მეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა უარვყო რწმენა. იმის თქმას არ ვცდილობ, თუ რის გაკეთება შემიძლია (ალბათ, საკმაოდ ცოტას თუ შევძლებ), იმის ჩვენებას ვცდილობ, თუ რა არის ქრისტიანობა, ის კი ჩემი მოგონილი არ გახლავთ. ქრისტიანობის წიაღში ვაწყდებით სიტყვებს: „მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. აქ მცირეოდენი მინიშნებაც კი არ არის, რომ არსებობს რაღაც სხვა გზა მიტევების მისაღებად. როგორ მოვიქცეთ?

რის გაკეთებასაც უნდა შევეცადოთ, ყველაფერი რთული იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ორ რამეს მაინც შევძლებთ და სწორედ ისინი გაგვიადვილება ამოცანას. ადამიანი, როცა მათემატიკის სწავლას შეუდგება, დიფერენციალური გამოთვლით კი არა, შეკრება-გამოკლებით იწყებს. ზუსტად ასევე, თუ ნამდვილად გვინდა, რომ მივუტევოთ (ყველაფერი კი სწორედ სურვილზეა დამოკიდებული), ჯერ იოლი რამით უნდა დავიწყოთ, სანამ გესტაპოს მივადგებით. მაგალითად, მივუტევოთ ახლობელ ადამიანებს, ის რაც თქვეს ან გააკეთეს, შემდეგ კი გავიგოთ, რას ნიშნავს: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. როგორ მიყვარს საკუთარი თავი?

აი, ახლა, როცა ამას ვწერ, მივხვდი, რომ საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებულ სინაზესა და სიყვარულს არ განვიცდი. ხშირად საკუთარ თავთან ყოფნაც კი არ მსიამოვნებს. როგორც ჩანს, გიყვარდეს მოყვასი, არ გულისხმობს იმას, რომ განსაკუთრებულ სინაზეს უნდა ვგრძნობდეთ მის მიმართ, თუმცა ასეც უნდა იყოს, რაც უნდა ვცადოთ, ვერ ვაიძულებთ საკუთარ თავს სინაზეს განვიცდიდეთ ვინმეს მიმართ. კარგი თვალით ვუყურებ საკუთარ თავს? სასიამოვნო ადამიანად მიმაჩნია საკუთარი თავი? ვშიშობ, რომ ხანდახან – კი (უეჭველია, რომ ჩემი ცხოვრების არცთუ ისე საუკეთესო წუთებში), მაგრამ ამის გამო როდი მიყვარს საკუთარი თავი. საკუთარი თავი იმიტომ არ მიყვარს, რომ მას სასიამოვნო ადამიანად მივიჩნევ, პირიქით, სწორედ სიყვარული მაიძულებს, რომ ასეთად აღვიქვა იგი. აქედან გამომდინარე, მტრებიც შეიძლება გვიყვარდეს, როცა ისინი არცთუ ისე სასიამოვნო ადამიანებად მიგვაჩნია. რა კარგია! ბევრს ჰგონია, რომ როცა მტრებს მივუტევებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი არცთუ ისე ცუდი ადამიანები არიან, მაშინ, როცა ისინი მართლაც „ცუდები“ არიან და ეს ცხადზე უცხადესია.

გარკვეულ მომენტებში სასიამოვნო კი არა, პირდაპირ საზიზღარი მგონია ჩემი თავი და ძრწოლა მიპყრობს, როცა ჩემს ზოგიერთ საქციელს ვიხსენებ. მაშასადამე, დასაშვებია, რომ ჩემი მტრების ზოგიერთი ქცევაც მაძრწუნებდეს. გავიხსენებ გამოთქმას: „უნდა გვძულდეს ბოროტება და არა მისი ჩამდენი“, ანდა „გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი“. დიდხანს მიმაჩნდა ამგვარი გამიჯვნა თითიდან გამოწოვილად და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება გძულდეს ის, რასაც ადამიანი აკეთებს და არ გძულდეს თავად ის ადამიანი? მოგვიანებით მივხვდი, რომ დიდი ხანია, სწორედ ასეთი დამოკიდებულება მაქვს ერთ კაცთან – საკუთარ თავთან. რაც უნდა მძულებოდა საკუთარი სიმხდალე, სიცრუე და სიძუნწე, საკუთარი თავი მაინც მიყვარდა და ეს სრულებითაც არ იყო ძნელი.
საკუთარი თავი, რომ მიყვარდა, სწორედ ამიტომ ვერ ვიტანდი ჩემს ცუდ თვისებებს. აქედან გამომდინარე, ქრისტიანობა სულაც არ მოგვიწოდებს იმისკენ, რომ ღალატი და სისასტიკე არ უნდა გვძულდეს. რასაკვირველია, უნდა გვძულდეს, მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც საკუთარი მანკიერებანი, ანუ სინანულს უნდა განვიცდიდეთ იმის გამო, რომ ის ასე მოიქცა და გვქონდეს იმის იმედი, რომ ის (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია) რამენაირად, ოდესმე განიკურნება და კვლავ ადამიანად იქცევა.

საკუთარი თავი შეიძლება ამგვარად შევამოწმოთ: დავუშვათ, გაზეთში წაიკითხეთ საშინელი სისასტიკის ამბავი და მეორე დღეს გაიგეთ, რომ ის არ შეესაბამება სინამდვილეს. საინტერესოა, თუ იტყვით: „მადლობა ღმერთს, ისინი ისეთი არამზადები არ ყოფილან, როგორებიც მეგონა“. იმედგაცრუებული თუ დარჩებით, რადგან გსიამოვნებთ იმაზე ფიქრი, რომ ეს ადამიანები ასეთი საზიზღარნი არიან. მეორე გზას თუ ადგახართ, ის აუცილებლად გაგაბამთ ეშმაკის მახეში, რადგან მისი მისიაა შავი კიდევ უფრო შავად მოგაჩვენოთ.

საკმარისია ამ გრძნობას გასაქანი მისცეთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ნაცრისფერი, ხოლო მოგვიანებით, თეთრიც შავად მოგეჩვენებათ. საბოლოოდ ღმერთს, მეგობრებს და საკუთარ თავსაც შავ ფერში აღიქვამთ და დაუოკებელი სიძულვილი შთანთქავს ამგვარ სულს…
ნიშნავს თუ არა „გიყვარდეს მოყვასი“, რომ არ დავსაჯოთ იგი?! პასუხია არა, რადგან საკუთარი თავის სიყვარული არ გულისხმობს, რომ თავი ავარიდოთ დამსახურებულ სასჯელს. მკვლელობა თუ ჩაიდინეთ, უნდა ჩაბარდეთ მართლმსაჯულებას და პასუხი აგოთ ჩადენილზე. მხოლოდ ამგვარი ქცევაა ქრისტიანული თვალსაზრისით გამართლებული. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ქრისტიანი მოსამართლე არ ცდება, როდესაც დამნაშავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. სწორია ქრისტიანი ჯარისკაციც, როდესაც ბრძოლის ველზე მტერს კლავს. ასე მიმაჩნია, მას შემდეგ, რაც ქრისტიანი გავხდი, ჯერ კიდევ ომამდე.

„არ კლა“ − ხშირად არასწორად განიმარტება. ბერძნულ ენაში ზმნა „კვლის“ გამოსახატად ორი სიტყვა გამოიყენება, ერთი მათგანი ნიშნავს უბრალოდ მოკვლას, ხოლო მეორე მკვლელობის ჩადენას. სამ სახარებაში (მათე, მარკოზი, ლუკა), სადაც ამ მცნებაზეა საუბარი, სწორედ მეორე ტერმინია გამოყენებული, რომელიც გულისხმობს: „არ ჩაიდინო მკვლელობა“. ასეთი სახესხვაობა ძველებრაულშიც არსებობს. „მოკვლა“ ყოველთვის იგივე არ არის, რაც მკვლელობის ჩადენა, ისევე როგორც სქესობრივი აქტი არ არის ყოველთვის სიძვა. იოანე ნათლისმცემელს მეომრებმა როცა ჰკითხეს, როგორ მოქცეულიყვნენ, მას არ უთქვამს, რომ ჯარისთვის თავი დაენებებინათ; არც ქრისტეს მოუთხოვია მსგავსი რამ, როცა რომაელ ასისთავს შეხვდა.

სიკეთის დასაცავად ამხედრებული, კბილებამდე შეიარაღებული რაინდი ქრისტიანული ლიტერატურის საყვარელი სახე-სიმბოლოა. ომი საზარელი რამ არის და მე გულწრფელად ვცემ პატივს ჭეშმარიტ მშვიდობისმყოფელს, თუმცა მგონია, რომ იგი ცდება. ნახევრად მშვიდობისმყოფელებისა კი არაფერი მესმის. ისინი ცდილობენ ჩააგონონ ხალხს, რომ თუ ომში წასვლა მოგიწია უნდა იბრძოლო, მაგრამ თან უნდა გრცხვენოდეს და არ მალავდე, რომ ამას იძულებით აკეთებ. ეს სირცხვილი ახალგაზრდა ქრისტიანებს სიმხნევის და დიდსულოვნების უფლებას ართმევს, რაც ყოველთვის თან ახლავს ვაჟკაცობას.

ხშირად ვფიქრობ, რა იქნებოდა, როცა პირველ მსოფლიო ომში ვიყავი, მე და ახალგაზრდა გერმანელს ერთმანეთი რომ დაგვეხოცა და სიკვდილის შემდეგ ერთმანეთს საიქიოში შევხვედროდით. არ შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი განაწყენებული ან აფორიაქებული იქნებოდა. ჩემი აზრით, ჩვენ მხოლოდ გაგვეცინებოდა ამაზე.

ალბათ, მავანი იკითხავს: „თუ ადამიანს იმის უფლება ეძლევა, რომ მტრის საქციელი განსაჯოს, დასაჯოს და მოკლას კიდეც, მაშინ, რით განსხვავდება ეს ქრისტიანული თვალსაზრისი სხვა საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისისგან? განსხვავება არის და საკმაოდ დიდიც. ჩვენ, ქრისტიანებს, მიგვაჩნია, რომ ადამიანი მარადიული არსებაა და მნიშვნელობა მხოლოდ იმ ნაჭდევებს ენიჭება, რომელიც სულს აჩნდება, რადგან საბოლოოდ ისინი აქცევენ ადამიანს ზეციურ ან ჯოჯოხეთურ არსებად. ჩვენ უნდა დავსაჯოთ სხვა, თუ ეს აუცილებელია, მაგრამ არ უნდა ვტკბებოდეთ სიძულვილით და დასჯისას სიამოვნებას არ უნდა განვიცდიდეთ. ერთი სიტყვით, უნდა გავანადგუროთ ჩვენს არსებაში ღრმად გამჯდარი მტრული განწყობა და შურისძიებისკენ სწრაფვა. მე იმას არ ვამბობ, რომ ადამიანები ახლავე შეძლებენ ამის გაკეთებას, ასე არ ხდება, მაგრამ ყოველდღე, როცა ისინი გაიფაჩუნებენ ჩვენს სულში, დღითი დღე, წლიდან წლამდე, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვამარცხებდეთ მათ, თუმცა ჩვენ იმდენად ვტკბებით სიძულვილით, რომ უფრო გვიადვილდება თავი დავანებოთ სიგარეტსა და ალკოჰოლს, ვიდრე ის მივატოვოთ…

ეს მძიმე შრომაა, მაგრამ არა უნაყოფო. მაშინაც კი, როდესაც ომში მტერს ვესვრით ან ვსჯით, ისე უნდა ვუყურებდეთ მას, როგორც საკუთარ თავს, უნდა გვსურდეს, რომ ის არ იყოს ცუდი და გვჯეროდეს, რომ უკეთესი გახდება. აი, რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც მტრის სიყვარულზე საუბრობს: ჩვენ მათთვის სიკეთე უნდა გვსურდეს, ისე, რომ განსაკუთრებულ სინაზეს არ განვიცდიდეთ მათ მიმართ და არ ვეუბნებოდეთ, რომ კარგი ადამიანები არიან.

დიახ, ჩვენ ღმერთმა გვითხრა, რომ ისეთი ადამიანებიც უნდა გვიყვარდეს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, განა ყველა ჩვენგანშია ის, რაც სიყვარულის და აღტაცების ღირსია? არა, საკუთარი თავი მხოლოდ იმიტომ გვიყვარს, რომ ეს ჩვენ ვართ. ღმერთმა კი გვიბრძანა, რომ სწორედ იმ მიზეზით უნდა გვიყვარდეს სხვებიც, რის გამოც საკუთარი თავი გვიყვარს. ღმერთმა ჩვენში საკუთარი თავისადმი სიყვარული ჩანერგა და ამით გვიჩვენა, თუ როგორ მოქმედებს იგი.

უნდა ვისარგებლოთ ამ გამოცდილებით და მექანიზმი სხვა ადამიანებზე გადავიტანოთ. შესაძლოა, გაგვიადვილდეს ამის გაკეთება, თუ გავიხსენებთ, რომ ღმერთს ზუსტად ასევე ვუყვარვართ: არა იმ საუკეთესო თვისებებისთვის, რომლებიც გაგვაჩნია, ჩვენი აზრით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ. ეს ჩვენი ერთადერთი ღირსებაა…

კლაივ ლუისი

ჩატვირთვა...