ნაწილი I. თავი 1-ლი – სწავლება ღვთის სიტყვის შესახებ

67

ღვთის სიტყვის განსხვავებული ფორმები

დასაბუთება და განმარტება წმინდა წერილის მეშვეობით

 

რას ნიშნავს გამოთქმა „ღვთის სიტყვა“? ბიბლიაში ამ სიტყვებს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს.

ა.   „ღვთის სიტყვა“, როგორც პიროვნება: იესო ქრისტე

ხანდახან ბიბლიაში ღვთის ძე მოხსენიებულია, როგორც „ღვთის სიტყვა“. იოანე ხედავს აღმდგარ იესო ქრისტეს ზეცაში და ამბობს: „ეწოდება სახელად: ‘ღვთის სიტყვა’“ (გამოცხადება 19:13). ასევე იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი“ (იოანე 1:1).

ცხადია, რომ აქ იოანე ლაპარაკობს ღვთის ძეზე, რადგან იოანეს სახარების 1:14-ში ნათქვამია: „სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა“.

მხოლოდ აქ (ასევე 1 იოანე 1:1) ღვთის ძე მოხსენიებულია, როგორც „სიტყვაზე“, ან „ღვთის სიტყვა“. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სამების ყველა პირიდან ძე ღმერთი, თავისი პიროვნებით და თავისი სიტყვით, გვეუბნება ღმერთის არსის შესახებ და გვამცნობს მის ნებას.

ბ. „ღვთის სიტყვა“, როგორც ღმერთის საუბარი

1. ღმერთის ბრძანებანი.

ხანდახან ღმერთის სიტყვები იღებს ძალაუფლების მქონე ბრძანებათა ფორმას, რომელთა მეშვეობითაც ხდება რაღაცის აღსრულება ან შექმნა. “და თქვა ღმერთმა: ‘იყოს ნათელი!’ და იქმნა ნათელი“ (დაბადება 1:3). ღმერთმა თავისი სიტყვის ძალაუფლებით შექმნა ცხოველთა სამყაროც კი. „და თქვა ღმერთმა: ‘წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი მათი გვარისამებრ – პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი გვარისამებრ’ და იქმნა ასე“ (დაბადება 1:24). სწორედ ამიტომ მეფსალმუნე ამბობს: „უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებულო“ (ფსალმუნი 32:6).

ამ ძალაუფლების მქონე, ღვთის ცხოველმყოფელ სიტყვებს ხშირად ეწოდებათ ღმერთის ბრძანებანი. ღმერთის ბრძანება ღმერთის სიტყვაა, რისი მეშვეობითაც რაღაცა ხდება. ღმერთის ეს ბრძანებანი ეხება არა მარტო თავდაპირველი შესაქმის მოვლენებს, არამედ ყოველივე არსებულის განგრძობად არსებობას, რადგან ვიცით, რომ ქრისტე დაჯდა მამის მარჯვენით, „რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალის სიტყვით“ (ებრაელთა 1:3).

2. ღვთის სიტყვა, როგორც პირადი მიმართვა.

ხანდახან ღმერთი უშუალოდ მიმართავს ადამიანებს. მსგავს მოვლენას შეგვიძლია ვუწოდოთ ღმერთის სიტყვის პირადი მიმართვა. მსგავსი მაგალითები ბევრია წმინდა წერილში. თავდაპირველად ღმერთმა უთხრა ადამს: „და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: ‘ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები’“ (დაბადება 2:16-17). იმის შემდეგ, რაც ადამმა და ევამ შესცოდეს, ღმერთმა კვლავ პირდაპირ მიმართა მათ წყევლის სიტყვებით (დაბადება 3:16-19). დედამიწაზე ერისადმი ნათქვამი ღმერთის პირდაპირი მიმართვა გახლავთ ათი მცნების მიცემა.

„და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა: ‘მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემ გარდა’“ (გამოსვლა 20:1-3).

ახალ აღთქმაში იესოს ნათლობისას, მამა ღმერთის ხმა გაისმა ზეციდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მათე 3:17). ამ და სხვა შემთხვევებში, როცა ღმერთი პირადად მიმართავდა ამა თუ იმ კონკრეტულ ადამიანებს, მსმენელისთვის გასაგები ხდებოდა, რომ ეს თავად ღმერთის სიტყვები იყო: მათ ესმოდათ ღმერთის ხმა და შესაბამისად, ესმოდათ ღვთის სიტყვა, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტური ღვთიური ძალაუფლება და რომელიც სრული ნდობის ღირსი იყო. ამ სიტყვის მიმართ ურწმუნოება და დაუმორჩილებლობა ნიშნავდა ღვთის ურჩობას და ურწმუნოებას, ანუ ცოდვას.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა წერილში ჩაწერილი ღმერთის პირადი მიმართვის სიტყვები ყოველთვის ღმერთის სიტყვებია, ისინი ასევე გახლავთ „ადამიანური“ სიტყვებიც იმ გაგებით, რომ წარმოითქმებოდა ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე, რომელიც უშუალოდ აღიქმებოდა. ის ფაქტი, რომ ეს სიტყვები წარმოითქვა ადამიანურ ენაზე, არანაირად არ ზღუდავს მის ღვთაებრიობას ან ავტორიტეტს: ეს მაინც ღმერთის სიტყვებია, თავად ღმერთის მიერ წარმოთქმული.

ზოგიერთი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ვინაიდან ადამიანური ენა გარკვეულწილად „არასრულყოფილია“, ამიტომ ღმერთის სიტყვა ჩვენდამი, წარმოთქმული ადამიანთა ენაზე, შეზღუდულია თავის ავტორიტეტსა და ჭეშმარიტებაში, თუმცა ეს და სხვა ნაწყვეტები, სადაც ღმერთი პირადად მიმართავს ადამიანებს სიტყვით, საპირისპიროს ამტკიცებს. ამ სიტყვათაგან თუნდაც რომელიმეში დაეჭვება ან დაუმორჩილებლობა ნიშნავს ურჩობას თავად ღვთის მიმართ.

3. ღვთის სიტყვა, როგორც  ლაპარაკი ადამიანის ბაგეთა მეშვეობით.

წმინდა წერილში ღმერთი ხშირად ირჩევს წინასწარმეტყველებს, რომელთა მეშვეობითაც ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანური სიტყვებია, წარმოთქმული ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე ჩვეულებრივ ადამიანთა მიერ, ამ სიტყვების ავტორიტეტი და ჭეშმარიტება არაფრით მცირდება; ეს სიტყვები სრულად ღვთის სიტყვებია.

ღმერთი მოსეს ეუბნება: „შენნაირ წინასწარმეტყველს აღვუდგენ მათ ძმათა წიაღიდან, შენ მსგავსს, და ჩავუდებ ჩემს სიტყვას ბაგეებში, და ის ეტყვის მათ ყველაფერს, რასაც ვუბრძანებ. ხოლო ის, ვინც არ გაიგონებს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ჩემი სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მე თვითონ მოვკითხავ მას, მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გათავხედდება და ჩემი სახელით იმას ილაპარაკებს, რისი თქმაც მე მისთვის არ მიბრძანებია, და რომელიც ილაპარაკებს სხვა ღმერთების სახელით, უნდა მოიკლას ის წინასწარმეტყველი“ (მეორე რჯული 18:18-20).

თითქმის იგივე უთხრა ღმერთმა იერემიასაც: „აჰა, მე ჩაგიდევი ჩემი სიტყვები ბაგეში“ (იერემია 1:9). ღმერთი ეუბნება იერემიას: „ყოველივეს, რასაც გიბრძანებ, ილაპარაკებ“ (იერემია 1:7; იხ. აგრეთვე გამოსვლ. 4:12; რიცხვ. 22:38; 1 მეფ. 15:3,18,23; 3 მეფ. 20:36; 2 ნეშტ. 20:20; 25:15,16; ეს. 30:12-14; იერ. 6:10-12; 36:29-31 და სხვა).

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი მეშვეობით ღმერთი ლაპარაკობდა, მაგრამ არ ჰქონდა არანაირი უწყება ღმერთისგან, მკაცრად სჯიდნენ. (ეზეკ. 13:1-7; რჯლ. 18:20-22).

ასეთ შემთხვევაში ადამიანის მიერ წარმოთქმული ღმერთის სიტყვა ითვლებოდა ისეთივე ჭეშმარიტად და ავტორიტეტულად, როგორიც არის ღმერთის პირადი მიმართვა.

4. ღვთის სიტყვა წერილობითი ფორმით (ბიბლია).

გარდა ღვთის მბრძანებლური სიტყვებისა, პირადი მიმართვისა და ადამიანის პირით წარმოთქმული ღმერთის სიტყვებისა, წმინდა წერილში ჩვენ ასევე ვხედავთ ბევრ შემთხვევას, როცა ღვთის სიტყვა იძენდა წერილობით ფორმას. პირველი ასეთი შემთხვევა არის ქვის ორი ფიქალი, რომლებზეც ათი მცნება იყო ამოტვიფრული: „და მისცა მან მოსეს, რაჟამს დაასრულა ლაპარაკი მასთან სინაის მთაზე, ორი დაფა მოწმობისა, ქვის დაფები, დაწერილი ღვთის თითით“ (გამოსვლა 31:18). „და ეს დაფები ღვთის ნაკეთები იყო, და წარწერაც ღვთის ამოკვეთილი იყო“ (32:16; 34:1, 28).
დანარჩენს მოსე წერდა: „და დაწერა მოსემ ეს რჯული, და მისცა იგი მღვდლებს, ლევის ძეთ, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, და ისრაელის ყველა უხუცესს. და უბრძანა მოსემ მათ ასე: ‘მეშვიდე წელს, მიტევების წელიწადს, კარვობის დღესასწაულზე, როცა მთელი ისრაელი მოვა უფლის, შენი ღმერთის, წინაშე გამოსაცხადებლად იმ ადგილზე, რომელსაც უფალი ამოირჩევს, წაიკითხეთ ეს რჯული მთელი ისრაელის წინაშე მათ გასაგონად. შეკრიბე ხალხი: კაცები, ქალები და ბავშვები, და ხიზნები, რომელნიც შენს კარიბჭეებში არიან, რომ გაიგონონ და ისწავლონ, და ეშინოდეთ უფლისა, შენი ღმერთისა, და შესასრულებლად დაიცვან ამ რჯულის ყოველი სიტყვა. და მათმა შვილებმა, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, დღენიადაგ, სანამ ცოცხლები იქნებით მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე’“ (მეორე რჯული 31:9-13).

მოსეს მიერ დაწერილი წიგნი შემდეგ აღთქმის კიდობანთან მოათავსეს: „და როცა დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში, უბრძანა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, ასე: ‘აიღეთ ეს რჯულის წიგნი და დადეთ იგი უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობნის გვერდით და იყოს იქ მოწმედ შენ წინააღმდეგ’“ (2 რჯული 31:24-26).

ამ წიგნში ცოტა მოგვიანებით სხვა სიტყვებიც დაემატა: „და ჩაწერა იესომ ეს სიტყვები ღვთის რჯულის წიგნში, და აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა“ (იესო ნავეს ძე 24:26). ღმერთმა უბრძანა ესაიას: „ახლა მოდი, დაუწერე ეს დაფაზე, და წიგნში ამოკვეთე და დარჩება უკანასკნელ დღემდე, უკუნითი უკუნისამდე“ (ესაია 30:8). იერემიას კი უბრძანა ღმერთმა: „წიგნში ჩაიწერე ყველა ეს სიტყვა, რაც გითხარი“ (იერ. 30:2; იხ. იერ. 36:2-4, 27-31; 51:60).

ახალ აღთქმაში იესო დაჰპირდა თავის მოწაფეებს, რომ სულიწმიდა გაახსენებდა მათ იმ სიტყვებს, რომელთაც ეუბნებოდა იგი. „ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“ (იოან. 14:26; შდრ. იოან. 6:12,13).

პავლე ამბობს, რომ სიტყვებს, რომელბსაც სწერს კორინთოს ეკლესიას, “ღვთს მცნებებია“ (1 კორ. 14:37; შდრ. 2 პეტ. 3:2).

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვები ითვლებოდა თავად ღვთის სიტყვებად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადამიანებმა ჩაწერეს ადამიანის ენაზე. და მაინც, ეს სიტყვები მიიჩნევა აბსოლუტურ ავტორიტეტად და ჭეშმარიტებად: მათ მიმართ ურჩობა და ურწმუნოება სერიოზული ცოდვაა, რომელიც იწვევს ღვთის სამსჯავროს (1 კორ. 14:37; იერ. 36:29-31).

ღვთის სიტყვათა ჩაწერა დიდ უპირატესობას იძლევა. პირველ რიგში იმიტომ, რომ უზრუნველყოფს ღვთის სიტყვის უფრო ზუსტად გადაცემას შემდგომ თაობათათვის. ადამიანური მეხსიერება და ზეპირსიტყვიერების ტრადიცია გაცილებით არასაიმედო საშუალებებია (შდრ. რჯლ. 31:12,13).

მეორე, ჩაწერილ სიტყვათა მუდმივი შესწავლა გვაძლევს საშუალებას, რომ წაკითხული საგულდაგულოდ გამოვიკვლიოთ და განვიხილოთ, რის შედეგადაც შეგვიძლია უკეთ გავიგოთ და უფრო კარგად დავემორჩილოთ მათ.

მესამე, ჩაწერილი ღვთის სიტყვები გაცილებით უფრო მეტი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. მათი შესწავლა ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც ზეპირად ისწავლეს ან ესწრებოდნენ ამ სიტყვების ზეპირად წარმოთქმას.

ამრიგად, ღვთის სიტყვების ჩაწერით მიიღწევა საიმედოობა, მუდმივობა და ხელმისაწვდომობა. ამასთან, არ ჩნდება ეჭვი მის ავტორიტეტსა და ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით.

.  ჩვენი კვლევის ძირითადი აქცენტი

ღვთის სიტყვის ყველა ფორმიდან გამომდინარე, ჩვენი კვლევის ძირითადი აქცენტი ღვთის სიტყვის წერილობით ფორმაზე ანუ ბიბლიაზეა. ეს ის ფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია შესწავლისთვის, საერთო განხილვისთვის, მუდმივი კვლევისთვის და რომელიც გამოიყენება დისკუსიის საფუძვლად.

ბიბლია ღვთის სიტყვაზე ლაპარაკობს, როგორც პიროვნებაზე, ანუ იესო ქრისტეზე, რომელიც ხორციელად არ იმყოფება ჩვენთან დედამიწაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია მივბაძოთ მას და გავყვეთ მის სწავლებას მის ცხოვრებაზე უშუალო დაკვირვებით.

ღვთის სიტყვის ეს ფორმები არ გამოდგება ღვთისმეტყველების შესწავლის პირველად საფუძვლად. ჩვენ არ გვესმის ღვთის ბრძანებანი და ამიტომ არ შეგვიძლია მათი უშუალოდ შესწავლა; შეგვიძლია მხოლოდ მათ მოქმედებათა შედეგებზე დაკვირვება.

პირადი მიმართვის სიტყვები წმინდა წერილშიც არ გვხვდება ხშირად. გარდა ამისა, თუ ჩვენ ვისმენთ ღმერთის პირადი მიმართვის სიტყვას ჩვენდამი ჩვენს დროში, ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ სწორად გავიგეთ ისინი, სწორად დავიმახსოვრეთ და სწორად გადმოვეცით.

ყოველთვის დარწმუნებით ვერ ვეტყვით სხვა ადამიანებს, რომ ეს იყო ღვთის სიტყვები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მართლაც ასე იყო. ზეპირად წარმოთქმული ღვთის სიტყვა შეწყდა მას შემდეგ, რაც დასრულდა ახალი აღთქმის კანონი. ამრიგად, ღვთის სიტყვის სხვა ფორმები ვერ იქნება საფუძველი ღვთისმეტყველების შესწავლისათვის.

ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის სიტყვას. ეს ის სიტყვაა, რომლის შესწავლასაც გვიბრძანებს უფალი. „ნეტარია“ კაცი, რომელიც „დღედაღამ“ ფიქრობს „ღმერთის რჯულზე“ (ფსალ. 1:1-2).

იესო ნავეს ძისადმი მიმართული ღვთის სიტყვები ჩვენც გვეხება: „ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეებს; მასზე ფიქრობდე დღედაღამ, რათა დაიცვა აღსასრულებლად ყველაფერი, რაც იქ წერია, რადგან მაშინ წარგემართება შენ გზები და მოგემართება ხელი“ (იესო 1:8).

ღვთის სიტყვა წერილობით ფორმაში „ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“ (2 ტიმ. 3:16).

ღვთის სიტყვის ზემოხსენებული ფორმების გარდა, ღმერთი ადამიანებს მიმართავს „საერთო გამოცხადების“ სხვადასხვა ფორმით, ანუ გამოცხადებებით, რომელიც ეძლევა არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, არამედ ყველას. საერთო გამოცხადება მოიცავს გამოცხადებას ღვთისაგან, რომელიც ვლინდება როგორც ქმნილებაში (იხ. ფსალ. 18:1-6;  საქმე 14:17), ასევე კეთილისა და ბოროტის გარჩევის შინაგანი გრძნობის მეშვეობით, რაც თითოეული ადამიანის გულისათვის არის დამახასიათებელი (რომ. 2:15). ამ გამოცხადებას აქვს არასიტყვიერი ფორმა და მე მას არ ვიხსენიებ ღვთის სიტყვის ზემოთ ჩამოთვლილ ფორმებს შორის. (საერთო გამოცხადების შესახებ იხ. თავი მე-6).

ჩატვირთვა...