კლაივ ლუისი – სამპიროვანი ღმერთი

142

წინა წერილში განვიხილეთ, თუ რა განსხვავებაა შექმნასა და შობას შორის. ადამიანი ბავშვს შობს, ქანდაკებას კი ქმნის. ღმერთი ქრისტეს შობს, ადამიანს კი ქმნის. ის, რაც მამა ღმერთისგან იშობა თავადაც ღმერთია და იმავე ბუნების მქონე არსებაა. ნაწილობრივ ეს ისეთი ურთიერთობაა, როგორც ადამიანებს (მამასა და ძეს) შორის, თუმცა მსგავსება სრული არ არის.

ჩვენ დროში ბევრ ამბობს: „მწამს რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ არ მჯერა, რომ ის პიროვნებაა.“ ისინი გრძნობენ, რომ ის საიდუმლო „რაღაც“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პიროვნება. ამ აზრს ქრისტიანებიც იზიარებენ, მაგრამ მათ გარდა არავინ ამბობს, რას შეიძლება ჰგავდეს პიროვნების მიღმა მყოფი არსება. დანარჩენები მიიჩნევენ, რომ რადგან ღმერთი პიროვნების ფარგლებში არ თავსდება, ის უპიროვნოა. თქვენ თუ ღმერთში ზეპიროვნებას ხედავთ, საწყისს, რომელიც პიროვნებაზე მაღლა დგას, მაშინ ქრისტიანული მოძღვრების ძირითად დებულებას იზიარებთ, რადგან მსოფლიოში არსებულ მოძღვრებათა შორის, სწორედ ის განმარტავს ღმერთს ამგვარად.

ზოგიერთის აზრით, ერთი ან რამდენიმე სიცოცხლის შემდგომ ადამანთა სულებს ღმერთი იწოვს, მაგრამ თუ ამ შეხედულების უფრო უკეთ განმარტებას სთხოვთ, აღმოჩნდება, რომ ეს პროცესი ერთი ნივთიერების მიერ მეორე ნივთიერების შთანთქმას წააგავს. ადამიანთა სულებს ისინი იმ წვეთებად მიიჩნევენ, რომლებიც ოკეანეს უერთდებიან და როცა წვეთი ოკეანეს უერთდება, მისი არსებობა მთავრდება; თუ ჩვენც ეს გველის, ე.ი. აღარც ჩვენ ვიქნებით. მხოლოდ ქრისტიანობაში შეიძლება იპოვოთ სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანთა სულები ახალ სიცოცხლეს იღებენ უფალში, თანაც ისინი ამავდროულად, საკუთარ თავს არ კარგავენ, უფრო მეტიც, სწორედ მაშინ მოიპოვებენ საკუთარ თავს ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით.

მე გაგაფრთხილეთ, რომ თეოლოგია პრაქტიკული მეცნიერებაა. ჩვენი სიცოცხლის მიზანი კი ის არის რომ უფლის სიცოცხლეში შევიდეთ. ამ სიცოცხლის შესახებ არასწორი წარმოდგენანი ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში.

თქვენ იცით, რომ სივრცეში სამი მიმართულებით შეგიძლიათ მოძრაობა: მარცხნივ ან მარჯვნივ, უკან ან წინ,ზემოთ ან ქვემოთ. ნებისმიერი მიმართულება ერთ-ერთია ამ სამიდან ან მათ კომბინაციას წარმოადგენს. ჩვენ ამას სამ განზომილებას ვუწოდებთ. მარტო ერთი განზომილებით თუ ვისარგებლებთ, ჩვენ მხოლოდ სწორი ხაზის გავლებას შევძლებთ. ორი განზომილებით სარგებლობისას უკვე ფიგურა შეგიძლიათ დახაზოთ, მაგალითად, კვადრატი, რომელიც ოთხი სწორი ხაზისგან შედგება. ჩვენს განკარგულებაში თუ სამი განზომილებაა, მაშინ შეგვიძლია სივრცითი ფიგურა ავაგოთ, მაგალითად, კუბი, რომელიც კამათელს ან შაქრის ნატეხს წააგავს და რომელიც კუბი 6 კვადრატისგან შედგება.

ხვდებით, რა ხდება? სამყარო, რომელიც მხოლოდ ერთი განზომილებაა, სწორ ხაზს წააგავს, ორ განზომილებაშიც სწორ ხაზებს ვხედავთ, მაგრამ სამ განზომილებაში უკვე ფიგურებს ვქმნით. სამგანზომილებიან სივრცეში ბრტყელი ფიგურებია, მაგრამ მოცულობას ქმნიან, ერთი სიტყვით, უფრო რთულ დონეზე გადასვლისას თქვენ ნახავთ იმ მარტივ ელემენტებს, რომლებიც წინაა დონეებზეც გქონდათ, მაგრამ მათი დახმარებით ისეთ ფიგურებს ქმნით, როგორსაც ვერც კი მოიფიქრებდით მხოლოდ საწყის დონეზე რომ დარჩენილიყავით.

ქრისტიანული მოძღვრება ღმერთის შესახებ სწორედ ამ პრინციპით იგება. ადამიანური დონე შედარებით მარტივი და ცარიელი დონეა, მასზე მხოლოდ ერთი პიროვნება – ერთი არსებაა. ორი პიროვნება უკვე ორი არსებაა – ორგანზომილებიანის შემთხვევაში. ღვთაებრივ დონეზე თქვენ ჯერ ისევ პიროვნებათა სამყაროში ხართ, მაგრამ ეს პიროვნებანი იქ სრულიად სხვაგვარად, სრულიად სხვა ხერხებით უკავშირდებიან ერთმანეთს. ჩვენ, ვისაც იქ არასდროს გვიცხოვრია, ვერ წარმოგვიდგენია, რანაირად ხდება ეს.

ღვთაებრივ განზომილებაში თქვენ სამპიროვან არსებას აწყდებით, რომელიც ამავდროულად ერთ მთლიან არსებად რჩება. ექვსი კვადრატისგან აგებული კუბიც ხომ ერთი მთლიანი ფიგურაა. ამ არსების მთლიანი შემეცნება ჩვენ, რასაკვირველია არ შეგვძლია, ისევე, როგორც ორგანზომილებიან სივრცეში კუბის წარმოდგენასაც ვერ შევძლებდით, თუმცა ერთგვარი ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც შეიძლება შევიქმნათ.
მის საფუძველზე ჩვენ პირველად, თუმცა, არცთუ ისე ნათლად, ვიწყებთ ზეპიროვნების შემეცნებას, ეს ისეთი რამააა, რასაც ჩვენით ვერასდროს მოვიფიქრებდით და მიუხედავად ამისა, როცა მის შესახებ შევიტყვეთ, ვიგრძენით, რომ თავადაც უნდა მოგვსვლოდა აზრად, რადგან იგი უნაკლოდ შეესატყვისება იმას, რაც უკვე ვიცით.

თქვენ იკითხავთ, თუკი ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არსება, რომელიც თავის თავში სამ პიროვნებას მოიცავს, მაშინ რაღა აზრი აქვს მასზე ლაპარაკს?! თითქოს ასე ჩანს, მაგრამ ამას მაინც აქვს აზრი, რადგან ჩვენ უნდა შევიდეთ ამ სამპიროვანი არსების სიცოცხლეში და ეს ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს, თუ გნებავთ დღესაც…
ჩვეულებრივი, რიგითი ქრისტიანი მუხლს იყრის სალოცავად, ის ცდილობს კავშირი დაამყაროს ღმერთთან, მაგრამ თუ ეს ადამიანი ქრისტიანია, მან იცის, რომ ძალა, რომელმაც სალოცავად დააყენა, თავად არს ღმერთი, ღმერთი მასშია. მან ასევე იცის, რომ ღმერთის შემეცნება ქრისტეს მეშვეობით შეიძლება, ადამიანისა, რომელიც ღმერთი იყო. სწორედ ქრისტე უდგას გვერდით ლოცვის დროს და თავადაც ლოცულობს მისთვის. ღმერთი ისაა, ვის წინაშეც ლოცულობს, ღმერთია მისი მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობს. ამავე დროს, ღმერთი მის სულშიცაა, რომელიც ლოცვის სურვილს აღუძრავს, ღმერთია ის გზა, რომლისკენაც ეს ძალა უბიძგებს და სამპიროვანი არსების ეს სამჯერადი მოქმედება ჩვეულებრივ, პატარა საძინებელ ოთახში ხდება, სადაც ჩვეულებრივი ადამიანი ლოცულობს. ეს ადამიანი განმსჭვალულია სიცოცხლის უმაღლესი ფორმით, იმ ფორმით, რომელსაც მე „ძოე“ ვუწოდე. ღმერთის ძალითაა ის შერწყმული ღმერთთან და ამავე დროს თავმდაბლობასაც ინარჩუნებს.

ასე ეყრებოდა საფუძველი თეოლოგიას, შემდეგ მოვიდა ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ღმერთი იყო. ეს ადამიანი გიჟს არ ჰგავდა და მას დაუჯერეს. შემდეგ ის კვლავ მოგვევლინა სიკვდილის შემდეგ. მისი მოწაფეების პატარა ჯგუფი როცა გაერთიანდა, ისინი მიხვდნენ, რომ ღმერთი რაღაც უცნაური და გამოუთქმელი გამოვლინებით თავად მათში იყო. ის მართავდა მათ და ისეთი საქმეების ჩადენის ძალას ანიჭებდა, რასაც ადრე ვერ წარმოიდგენდნენ. კარგად რომ გაიაზრეს ეს ყველაფერი, სამპიროვანი ღმერთის არსებობის ქრისტიანულ იდეამდე მივიდნენ.

ეს ცნება ადამიანთა მოგონილი არ გახლავთ, ადამიანები მხოლოდ პრიმიტიულ რელიგიებს იგონებენ. თეოლოგია გარკვეული თვალსაზრისითაც (და არა სრულად) ექსპერემენტული მეცნიერებაა. თქვენ თუ გეოლოგი ხართ და ქანებს სწავლობთ, მაშინ, ექსპედიციებში უნდა იაროთ, რადგან ქანები თავად არ მოვლენ თქვენთან, თუმცა არც გაგექცევიან, როცა თქვენ თვითონ მიადგებით, აქ ინიციატივა თქვენს ხელშია. მთის ქანები ვერც ხელს შეგიშლიან და ვერც დაგეხმარებიან, მაგრამ, დავუშვათ, ზოოლოგი ხართ და გინდათ ფირზე აღბეჭდოთ გარეული ცხოველები ბუნებრივ გარემოში. ამ შემთხვევაში გეოლოგისგან განსხვავებული მდგომარება გექნებათ, ცხოველები თვითონ არ მოვლენ თქვენთან, მაგრამ შეუძლიათ გაგექცნენ და აუცილებლად გაგექცევიან, თუ შეგნიშნეს – აი, მათი ინიაციატივის პირველი ნიშნები.

კიდევ ერთი დონით ავიწიოთ და დავუშვათ, ადამიანის ახლოს გაცნობა გინდათ, თუ მან ამის ნება არ დაგრთოთ, არაფერი გამოგივათ. თქვენ უნდა შეძლოთ მისი ნდობის მოპოვება, ამ შემთხვევაში ინიციატივა თანაბრად ნაწილდება.
ღმერთის შემეცნებას რაც შეეხება, აქ ინიციატივა მისგან მოდის. ის თუ თავად არ გამოგიცხადებთ თავს, თქვენ ვერაფერს გააწყობთ. ასეც ხდება: ზოგიერთს ის უფრო მეტად უცხადებს თავს, არა იმიტომ რომ ის ვინმეს ანიჭებს უპირატესობას, უბრალოდ, ის ვერ გამოეცხადება ადამიანს, ვისი გონება და ხასიათიც შესატყვის მდგომარეობაში არ არის. დამტვერილი სარკე მზის სხივს ისე ვერ აირეკლავს, როგორც სუფთა.

შესაძლოა სხვანაირადაც ავსხნათ, მაგალითად, სხვადასხვა მეცნიერებაში ჩვენ ხელსაწყოებს ვიყენებთ (ტელესკოპი, მიკროსკოპი…), ღვთის შემეცნების ინსტრუმენტი კი ადამიანის არსებაა, თუ ადამიანი თავს სუფთად არ შეინახავს, მისი არსება ღმერთს ისევე ბუნდოვნად აირეკლავს, როგორც მთვარე გამოჩნდება ჭუჭყიან ტელესკოპში. აი, რატომ აქვს ველურ ხალხს ბარბაროსული რელიგიები, ისინი ღმერთს ჭუჭყიანი ლინზებით უჭვრეტენ.
ღმერთი თავისი ჭეშმარიტი სახით მხოლოდ ნამდვილ ადამიანებს ეცხადება, კარგ ადამიანებს კი არა, არამედ მათ ვანც ერთ ოჯახად გაერთიანდა და სხვებსაც ეხმარებიან ღვთის შემეცნებაში. კაცობრიობა ხომ ღმერთმა ერთ მთლიან ორკესტრად ან ერთი მთლიანი ორგანიზმის ორგანოებად ჩაიფიქრა.

ამგვარად, ღვთის შემეცნების ერთადერთი ინსტრუმენტი – ქრისტიანული ძმობაა, ღმერთთან შეხვედრის მომლოდინე ქრისტიანთა ერთობა. აი, რატომ არის, რომ ტყუილად კარგავენ დროს ის ადამიანები, რომლებიც დროდადრო ჩნდებან ჰორიზონტზე და ქრისტიანული მოძღვრების ნაცვლად ახალ-ახალ რელიგიებს გვთავაზობენ. ეს იმის მსგავსია, ძველი საველე დურბინდით ასტრონომს ჭკუა დაარიგო. ის შეიძლება გონიერიც იყოს, უფრო გონიერიც, ვიდრე რომელიმე პროფესიონალი, მაგრამ საველე დურბინდი შესაფერისი ინსტრუმენტი არ არის. ერთი-ორი წლის შემდეგ მას დაივიწყებენ, ჭეშმარიტი მეცნიერება კი თავისი გზით წავა. ქრისტიანობა რომ ჩვენი მოგონილი იყოს, ალბათ, მის გამარტივებასაც შევძლებდით, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვერ გავეჯიბრებით იმ ადამიანებს, რომლებიც მსუბუქ და მარტივ რელიგიებს თხზავენ, ან რანაირად მოვახერხებთ? ჩვენ ხომ ფაქტებს ვეყრდნობით. მისი გამარტივების უფლებას კი ის მისცემს თავს, ვინც ფაქტებს არ სცნობს და არც აინტერესებს ისინი…

კლაივ ლუისი

ჩატვირთვა...