რას ნიშნავს ფსევდოეპიგრაფიკა?

138

ფსევდოეპიგრაფიკული წიგნები ისეთი წიგნებია, რომლებიც ცდილობენ, მიემსგავსონ წმინდა წერილს, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი დაწერილნი არიან ცრუ სახელების გამოყენებით. თავად ტერმინი ​წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან „​pseudo“, რაც ნიშნავს „ცრუ“-ს და „epigraphein“, ​ რაც ნიშნავს „ჩაწერას“, ამგვარად, „დაწერო რაიმე სიცრუე.“

ფსევდოეპიგრაფიკული წიგნები დაიწერა დაახლოებით ჩვ. წ. აღ.-ით 200-დან 300 წლამდე. ისინი ყალბი ნაშრომებია, დაწერილი უცნობი ავტორების მიერ, რომელნიც  ცდილობდნენ მკითხველის მოპოვებას ცნობილი ბიბლიური პერსონაჟების სახელთა გამოყენებით. ცხადია, წიგნი, სახელად „აბრაამის აღთქმა“ უფრო მეტ მკითხველს მიიზიდავდა, ვიდრე „უცნობი ავტორის გაყალბებული სახარება.“  შესაძლოა, ფსევდოეპიგრაფიკა ისტორიის და ანტიკური რელიგიის სტუდენტებისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ისინი არ არიან ღვთის მიერ შთაგონებულნი და, შესაბამისად, არ წარმოადგენენ წმინდა წერილის კანონის ნაწილს.

მიზეზები, რის გამოც უარყოფენ ფსევდოეპიგრაფიკას, არის შემდეგი:

1. ისინი დაწერილია ცრუ სახელების გამოყენებით. რაიმე სახის სიცრუე წიგნში, ბუნებრივია, უარყოფს მის პრეტენზიასაც ჭეშმარიტებაზე.

2. ისინი შეიცავენ ქრონოლოგიურ შეუთავსებლობას და ისტორიულ ცდომილებათ.  მაგალითად, „ბარუქის აპოკალიფსში“ იერუსალიმის დაცემა ხდება „იუდას მეფის, იეჰოიაკინის მეფობის 25-ე წელს.“ პრობლემა ის გახლავთ, რომ იეჰოიაკინი იყო 18 წლის, როდესაც იგი გამეფდა და იმეფა მხოლოდ 3 თვე (4 მეფეთა 24:8).

3. ისინი შეიცავენ აშკარა ერეტიკულ სწავლებებს. მაგალითად, ფსევდოეპიგრაფიკულ „იოანეს საქმეებში“ იესო წარმოდგენილია, როგორც სული, რომელიც არ ტოვებდა ნაკვალევს სიარულისას, რომელსაც ვერ შეეხებოდი და რომელიც სინამდვილეში არ მომკვდარა  ჯვარზე.

პავლე მოციქულს მოუხდა, დაპირისპირებოდა მის დღეებში დაწერილ ფსევდოეპიგრაფიკას. თესალონიკეს ეკლესიისადმი მიმართვისას იგი მათ მოუწოდებს „ვითომდა მის მიერ გაგზავნილი წერილის“ (2 თესალონიკელთა 2:2) შესახებ სიფრთხილის გამოჩენისკენ. აშკარაა, ვიღაცამ სცადა მორწმუნეთა შეცდენა გაყალბებული წერილით, რომელიც პავლეს  წერილების იმიტირებას ცდილობდა. პავლე იძულებული იყო, მიეღო ზომები: „​მოკითხვა პავლესაგან, ჩემი საკუთარი ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია. მე ასე ვწერ.“ (2 თესალონიკელთა 3:17; 1 კორინთელთა 16:21; გალატელთა 6:11 და კოლასელთა 4:18).

უამრავი წიგნია აგრეთვე, რომლებიც ხვდება ​ფსევდოეპიგრაფიკული ​წიგნების კატეგორიაში, ესენია: „ეზეკიელის აღთქმა“, „ესაიას ხილვა“, „ენოქის წიგნი“, „ენოქის საიდუმლოებანი“, „ნოეს  წიგნი“, „ბარუქის აპოკალიფსი“ (ბარუქი იყო იერემიას მწიგნობარი, იერემიას 36:4-ის მიხედვით), „ბარუქის დანარჩენი სიტყვები“, „სოლომონის ფსალმუნები“, „სოლომონის ოდები“, „თორმეტი პატრიარქის აღთქმა“, „ადამის აღთქმა“, „აბრაამის აღთქმა“, „იობის აღთქმა“, „ეზრას აპოკალიფსი“, „იოსების ლოცვა“, „წინასწარმეტყველი ელია“, „ზაქარია წინასწარმეტყველი“, „ზაქარია − იოანეს მამა“, „პავლეს მარშრუტი“, „პავლეს საქმეები“, „პავლეს აპოკალიფსი“, „პეტრეს  მარშრუტი“, „თომას მარშრუტი“, „თომას სახარება“, „იაკობის ისტორია“, „პეტრეს აპოკალიფსი“ და „ბარნაბას ეპისტოლენი.“

წყარო

თარგმანი: დაჩი პაპაშვილი

რედაქტირება:ანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...