რა არის ქრისტიანული აპოლოგეტიკა?

187

ინგლისური სიტყვა apology წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან „ἀπολογία“, რაც „დაცვას“ ნიშნავს. ქრისტიანული აპოლოგეტიკა არის ქრისტიანული რწმენის დაცვის მეცნიერება. უამრავი სკეპტიკოსი, რომელთაც ეჭვი ეპარებათ ღმერთის არსებობაში, ცდილობს, გაილაშქროს ბიბლიური ღმერთის რწმენის წინააღმდეგ. არსებობს უამრავი კრიტიკოსი, რომელნიც ილაშქრებენ ბიბლიის ღვთივშთაგონებულობის და შინაარსის წინააღმდეგ. არის უამრავი ცრუ მასწავლებელი, რომელიც ხელს უწყობს ცრუ მოძღვრების გავრცელებას და უარყოფს ქრისტიანული რწმენის მთავარ ჭეშმარიტებათ. ქრისტიანული აპოლოგეტიკის მიზანია, გაილაშქროს ამ მოძრაობების წინააღმდეგ  და ხელი შეუწყოს ქრისტიანული ჭეშმარიტების გავრცელებას.

ქრისტიანული აპოლოგეტიკის საკვანძო მუხლი არის 1 პეტრეს 3:15: „არამედ უფალი ქრისტე წმინდა ჰყავით თქვენს გულში და მარად ჟამს მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინც გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას…“ არ არსებობს თავის გასამართლებელი მიზეზი იმისა, რომ ქრისტიანს საერთოდ არ შეეძლოს თავისი რწმენის დაცვა. ყველა ქრისტიანს უნდა შეეძლოს ქრისტესადმი თავისი რწმენის დასაბუთებული ახსნა. ეს სულაც არ საჭიროებს იმას, რომ ყველა მათგანი ექსპერტი იყოს აპოლოგეტიკაში. თუმცა, ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რა სწამს, რატომ სწამს, როგორ გაუზიაროს ეს სხვებს და როგორ დაიცვას თავისი რწმენა სიცრუისა და შემოტევებისაგან.

თუ ჩვენ გავიმარჯვებთ დებატებში, მაგრამ ჩვენი პიროვნება ქრისტეს უფრო მეტად დაშორდება ჩვენივე დამოკიდებულების გამო, ამით აპოლოგეტიკას მთავარ დანიშნულებას დავუკარგავთ. ქრისტიანული აპოლოგეტიკის მეორე ნაწილი, რაც ხშირად იგნორირებულია, არის ისევ 1 პეტრეს 3:15: „თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას…“ აპოლოგეტიკით ქრისტიანული რწმენის დაცვას არასდროს არ უნდა ახლდეს უხეშობა, ბრაზი ან შეურაცხყოფა. როდესაც ჩვენ ვიყენებთ ქრისტიანულ აპოლოგეტიკას, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ვიყოთ საკმარისად ძლიერნი, რათა დავიცვათ ჩვენი რწმენა და ვიყოთ ქრისტეს მსგავსნი ამის გაკეთებისას.

არსებობს ქრისტიანული აპოლოგეტიკის ორი ძირითადი მეთოდი. პირველი ცნობილია, როგორც კლასიკური აპოლოგეტიკა და მოიცავს ქრისტიანული უწყების ჭეშმარიტების დამამტკიცებელი საბუთების და მტკიცებულებების გაზიარებას. მეორე, რომელსაც, როგორც წესი, “უსაფუძვლო მტკიცებების” აპოლოგეტიკას უწოდებენ, გულისხმობს ქრისტიანობის საწინააღმდეგო პოზიციების უკან მდგომი უსაფუძვლო მტკიცებების (განუსჯელად მიღებული იდეების, ვარაუდების) კრიტიკას. ამ ორი ქრისტიანული მეთოდის მომხრეებს ხშირად აქვთ ერთმანეთში დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მეთოდია უფრო ეფექტური. როგორც ჩანს, ორივე მეთოდის გამოყენება ეფექტურია და დამოკიდებულია პიროვნებასა და სიტუაციაზე.

ქრისტიანული აპოლოგეტიკა უბრალოდ წარმოადგენს ქრისტიანული რწმენის და ჭეშმარიტების დასაბუთებულ დაცვას მათგან, ვინც მას არ ეთანხმება. ქრისტიანული აპოლოგეტიკა ქრისტიანული ცხოვრების აუცილებელი ასპექტია. ყველა ჩვენგანს მიეცა დავალება, რომ ვიყოთ მზად და აღჭურვილნი სახარების გასავრცელებლად და ჩვენი რწმენის დასაცავად (მათე 28:18-29; 1 პეტრე 3:15).

ეს არის ქრისტიანული აპოლოგეტიკის არსი.

წყარო: http://www.gotquestions.org

თარგმნა: დაჩი პაპაშვილმა

ჩატვირთვა...