კლაივ ლუისი – რისთვის არის საჭირო თეოლოგია?

159

მე ხშირად მაფრთხილებდნენ, რომ არ მელაპარაკა თქვენთან იმ თემაზე, რაზეც ამ წიგნში ვაპირებ საუბარს.

მეუბნებოდნენ, რომ “ჩვეულებრივ მკითხველს თეოლოგია არ სჭირდება, მიეცით მას უბრალო, პრაქტიკული რელიგია”. მე უარვყავი ეს რჩევები. არ მიმაჩნია, რომ ჩვეულებრივი მკითხველი ამდენად სულელია.

სიტყვა “თეოლოგია” ნიშნავს “მეცნიერებას ღმერთზე”; მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანს, ვისაც სამყაროს შემოქმედზე ცოტა მაინც უფიქრია, ენდომება, შეძლებისდაგვარად, ნათელი და ზუსტი წარმოდგენა მიიღოს მასზე. თქვენ ზრდასრული ადამიანები ხართ, მაშ რატო, უნდა მოგექცეთ ბავშვებივით?

ნაწილობრივ მესმის, თუ რატომ უნდოდა ზოგიერთს, რომ თეოლოგიისათვის გვედი ამევლო. მახსოვს ერთ-ერთი ჩემი საუბრის დროს ხანშიშესული ოფიცერი, რომელსაც ჩანდა, რომ ბევრი რამ ენახა ცხოვრებაში, ადგა და თქვა: “მე ეს ლაქლაქი არ მჭირდება, მაგრამ მოგახსენებთ რომ მეც რელიგიური ადამიანი ვარ. ვიცი, რომ ღმერთი არსებობს. ერთხელ ღამით, უდაბნოში, მე ვიგრძენი მისი სიახლოვე. ეს უდიდესი საიდუმლოა. სწორედ ამიტომაც არა მწამს თქვენი გამოწკიპული ფორმულებისა და დოგმების. ყველას, ვისაც რეალურად განუცდია ღმერთთან შეხება, ისინი საცოდავად, მშრალად და ყალბათ მოეჩვენება”.

გარკვეული თვალსაზრისით ვეთანხმები ამ ადამიანს. სავსებით შესაძლებელია, რომ მან მართლაც იგრძნო ღმერთის სიახლოვე იმ უდაბნოში და როცა პირადი გამოცდილებიდან ქრისტიანული მოძღვრებისკენ შემობრუნდა, როგორც ჩანს, იგრძნო, რომ რაღაც რეალურიდან და ხელშესახებიდან განყენებულზე და არცთუ ისე მნიშვნელოვანზე გადავიდა. ალბათ, მსგავსი განცდა დაეუფლებოდა ადამიანს, რომელიც ოდესღაც ატლანტის ოკეანის ნაპირზე იდგა, ახლა კი მას რუკაზე დაჰყურებს. განა შეიძლება ოკეანის ტალღების გაფერადებულ ქაღალდთან შედარება? მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რუკა მართლაც გაფერადებული ქაღალდის ნაგლეჯია, მაგრამ თქვენ ორი რამ უნდა გააცნობიეროთ. პირველ რიგში, ის შედგენილია ასეულობით მკვლევარის აღმოჩენების საფუძველზე, რომლებიც ნამდვილ ოკეანეში დაცურავდნენ, ანუ ისეთივე მდიდარი და რეალური გამოცდილება ჰქონდათ, როგორც იმ ადამიანს, ოკეანის ნაპირზე რომ იდგა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთ გამონაკლისს. ის ადამიანი ოკეანეს მხოლოდ ერთი, მისთვის მისაწვდომი რაკურსით უცქერდა. რუკაზე კი ყველა მკვლევრის გამოცდილებაა თავმოყრილი. მეორეც, თუ სადმე გამგზავრებას აპირებთ, რუკა თქვენთვის აუცილებელია. სანამ ნაპირზე დასეირნობთ, თქვენს წინ გადაშლილი ხედის ჭვრეტა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე რუკის თვალიერება, მაგრამ ამერიკაში გამგზავრება თუ გსურთ, ის შეუდარებლად მეტ სარგებლობას მოგიტანთ, ვიდრე თქვენი გასეირნებები.

თეოლოგიაც რუკას წააგავს. უბრალოდ ფიქრი ქრისტიანულ მოძღვრებაზე, გნებავთ მისი შესწავლა, თუ თქვენ აქ აპირებთ შეჩერებას, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო, როგორც ის, რაც ოფიცერმა უდაბნოში ყოფნისას განიცადა. მოძღვრება ღმერთი არ არის, ის რუკას უფრო წააგავს. ის ასეულობით ადამიანის განცდილის საფუძველზეა შედგენილი, რომელებმაც რეალურად იგრძნეს ღმერთთან შეხება. მათთან შედარებით ნებისმიერი განცდა, რომელიც მე ან თქვენ გადავიტანეთ, ძალზე პრიმიტიული და ბუნდოვნია და კიდევ, თუ წინსვლა განგიზრახავთ, რუკა აუცილებლად გჭირდებათ. ის, რამაც ასე განაცვიფრა ოფიცერი უდაბნოში, მთელი რეალობის მიუხედავად, თავად მისთვის კი უსარგებლოა.

ამ განცდას არსად არ მივყავართ, ის მხოლოდ ემოციურ შეძრწუნებაზე დაიყვანება და არანაირ თანაშემოქმედებას არ მოითხოვს. ეს იგივეა, ნაპირზე მდგომი ოკეანის ტალღებს უჭვრეტდე. თქვენ ვერ მოხვდებით ნიუფაუნდლეთში, თუ თქვენი კონტაქტი ატლანტის ოკეანესთან ამით ამოიწურა. თქვენ ვერ მოიპოვებთ საუკუნო ცხოვრებას, მხოლოდ იმის გამო, რომ ყვავილებსა და მუსიკაში ღმერთის სიახლოვეს გრძნობთ. თუმცა ვერსად ვერ მოხვდებით იმ შემთხვევაშიც, თუ რუკას შეისწავლით, მაგრამ გაშლილ ზღვაში გასვლა შეგეშინდებათ. რუკის გარეშე გამგზავრების შემთხვევაშიც კი, თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობთ.

კლაივ ლუისი
ჩატვირთვა...