აღსრულდა! (ვიდეო)

„ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.” (რომ. 5:19).

შევეხეთ და შევჭამეთ აკრძალული, რომელსაც ჰქონდა გემო განდგომის, მარტოობისა და ტკივილის, ყველაზე მეტად კი გემო სიკვდილის. უფალს გავუშვით მისივე გამოძერწილი ხელი და ეშმაკისკენ გავიწოდეთ. ისიც შეგვეხო თავისი სიბინძურით და ცოდვა დაგვამჩნია, ჩვენს ნაწილად აქცია…

და აი, ძე ღვთისა კაცად მოსული, თავის შექმნილ მიწაზე გართხმული ტირის და ამბობს: „მამაო, ამარიდე ეს სასმისი.“ ჩასძინებიათ მოწაფეებს, ვერ შეძლეს – ეფხიზლათ, ჩვეულებრივი ღამეა მათთვის, ქრისტეს თვალებს კი მხოლოდ ცრემლები ამძიმებს ახლა; ვერ შეძლო ძილი მან, ვისაც ქარიშხლის დროს ნავზე ეძინა; სიმშვიდეს უკარგავს გოლგოთის სურათი, მომავალი ტანჯვა, ღვთის სასმისის შესმის სიმძიმე. გარს შემოერტყა ბრბო, აღარსად ჩანს პალმის რტოები. ურტყამენ! ეკლის გვირგვინს ადგამენ თავზე, მეფე კი კვლავ დუმს. სამყაროს ცოდვა უმძიმებს მხრებს. სტკივა, მაგრამ სიყვარული აკავებს ჯვარზე, ზეცას შესძახის: „მიუტევე, მამავ!“ ვინ დაგვიხსნიდა სიბნელისაგან, ვინ დაბრუნდებოდა ედემში ყველაფრის შესაცვლელად, ვინ შეძლებდა – უკუექცია სიბნელე და ეზეიმა ბოროტზე გამარჯვება.

აი, მსხვერპლი ჩვენთვის შეწირული, სისხლი, ჩვენთვის დაღვრილი; აი, სინათლე – დამძლეველი ბნელეთისა. ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახდა ცოდვად ჩვენ გამო; მისმა მსხვერპლმა დაფარა ჩვენი სირცხვილი; მისმა სისხლმა წაშალა ჩვენი ცოდვები; სამუდამოდ ჩამოგვაშორა დანაშაული. აღსრულდა! იესო ცოცხალია, სიკვდილი – დამარცხებული! სიბნელეში მყოფთ სინათლე გამოუცხადდათ! აღსრულდა – მისმა გულმა დაიტია მთელი სამყარო, მისი სისხლი საკმარისია ყველასთვის! აღსრულდა – იმძლავრა ლომმა იუდას ტომიდან და მისი მეშვეობით ხსნა მოგვეცა! აღსრულდა – ჯვარმა მოგვიტანა შერიგება მამასთან!..

„ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.“ (1 კორ. 15:22).

ტექსტის ავტორი: თეონა მენაბდიშვილი.

ჩატვირთვა...