სამი ხის ამბავი

532

ერთხელ, მთის წვერზე სამი ხე იდგა და სამივე ოცნებობდა იმაზე, თუ რა იქნებოდა მომავალში.
პირველმა ხემ ახედა ვარსკვლავებს და თქვა: „მე მინდა, რომ საგანძური მეკავოს, დაფარული ვიყო ოქროთი და სავსე ვიყო ძვირფასი თვლებით, მე სამყაროში ყველაზე მშვენიერი საგანძურის სკივრი ვიქნები.“

მეორე ხემ თქვა: „მე მინდა, რომ ვიყო დიდებული ხომალდი, ოკეანეებს გადავატარებ მეფეებსა და დედოფლებს და დედამიწის ყველა კუთხეში ვიმოგზაურებ.“
მესამე ხემ გადმოხედა სოფელს და თქვა: „მე მინდა ვიყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხე და დავრჩე ამ მთაზე, როგორც ნიშანი; როდესაც ადამიანები ამოხედავენ ჩემს ტოტებს, ისინი დაინახავენ ზეცას და იფიქრებენ ღმერთზე.“

მრავალმა წელმა განვლო. ერთ დღესაც ხის მჭრელები მოვიდნენ მთაზე.
პირველმა ხის მჭრელმა შეხედა პირველ ხეს და თქვა: „ეს ხე ძალიან ლამაზია, ჩემთვის არაჩვეულებრივია.“ – დაარტყა ცული და მოჭრა.

„აი, ახლა კი ძვირფასი სკივრი გავხდები და მშვენიერ საგანძურს ვატარებ.“ – თქვა პირველმა ხემ.
მეორე ხის მჭრელმა შეხედა მეორე ხეს და თქვა: „ეს ძალიან ძლიერად გამოიყურება, მომწონს.“ – დაარტყა ცული და მოჭრა.

„ახლა კი დიდებული ხომალდი გავხდები.“ – თქვა მეორე ხემ.
მესამე ხის მჭრელმა შეხედა მესამე ხეს და თქვა: „განსაკუთრებული არაფერი მჭირდება, ნებისმიერი ხე გამომადგება.“ – დაარტყა ცული და მოჭრა.

„ნეტავ ახლა რად უნდა ვიქცე?“ – გაიფიქრა მესამე ხემ.

პირველი ხე დაჭრეს და მისგან ბაგა გააკეთეს ცხოველებისთვის. ერთ დროს მშვენიერი ხე ახლა სულაც არ იყო დაფარული ოქროთი, არც საგანძური იყო მასში, ის იყო სადგომში და სავსე იყო თივით.

მეორე ხე გემთმშენებლებმა წაიღეს, მაგრამ მისგან დიდებული ხომალდი არ გაუკეთებიათ, ნაცვლად ამისა, ერთ დროს ძლიერი ხე, იქცა პატარა სათევზაო ნავად.

მესამე ხე დიდ ნაწილებად დაჭრეს და არც კი იყენებდნენ, ძელები უბრალოდ დაალაგეს.

გავიდა წლები, ხეებს დაავიწყდათ საკუთარი ოცნებები, მაგრამ ერთ ცივ ღამეს, ცხოველთა სადგომში ბრწყინვალე ვარსკვლავმა შემოანათა, ქალმა ახალშობილი ბავშვი ბაგაში ჩააწვინა, რომელიც პირველი ხისგან იყო გაკეთებული. ქმარმა კი ინატრა, რომ შესძლებოდათ ბავშვის აკვანში ჩაწვენა, მაგრამ ახლა სხვაგვარად არ შეეძლოთ.

უცბად, პირველმა ხემ გააცნობიერა, რომ ახლა მასში ყველა დროის ყველაზე ძვირფასი საგანძური იმყოფებოდა.

წლების შემდეგ, კაცების ჯგუფი, მეორე ხისგან დამზადებულ სათევზაო ნავში იყო. ერთ-ერთს, ყველაზე დაღლილს, ჩაეძინა. სანამ ისინი მიცურავდნენ, დიდი შტორმი დაიწყო, ზოგიერთებს შეეშინდათ და მძინარე კაცი გააღვიძეს, ის წამოდგა, ხელები წყლისკენ გაიწოდა და თქვა: „დამშვიდდი.“ შტორმი ისევე სწრაფად შეწყდა, როგორც დაიწყო. უცებ, მეორე ხემ გააცნობიერა, რომ მას მიჰყავდა ზეცისა და მიწის მეფე.

როგორც იქნა, მესამე ხისგან დაჭრილ ძელებსაც მიაკითხეს და წაიღეს.

ის მიჰქონდათ ქუჩებში, გაბრაზებული ბრბო შესძახოდა კაცს, რომელიც ამ ხეს ზიდავდა. ისინი მთის წვერამდე მივიდნენ, კაცი ძელზე მიალურსმეს და მაღლა ასწიეს ყველას დასანახად, შემდეგ კი დატოვეს მოსაკლავად.

მაგრამ სამი დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ხე მიხვდა, რომ ახლა ის სამუდამოდ იქცა ღმერთის სიყვარულის უდიდეს სიმბოლოდ, რადგან იესო მასზე იყო ჯვარცმული.

ჩვენ ყოველთვის როდი ვიცით, რა გეგმა აქვს ღმერთს ჩვენი ცხოვრებისთვის.
მისი გზები ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც ჩვენი, მაგრამ მისი გეგმები ყოველთვის აღმატებული და იმაზე საოცარია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

ჩატვირთვა...