ჯვრის სიტყვა

143

დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

და ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად, ღვთის ხატად შექმნა იგი.

და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. მან შეგვქმნა ჩვენ.

ცხადია ჩვენთვის, რაც ღმერთზე შეიძლება ვიცოდეთ, რადგან ღმერთმა გაგვიცხადა. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა, ასე რომ, ჩვენ პატიება არა გვაქვს.

რადგან შევიცანით ღმერთი და არ ვადიდეთ, როგორც ღმერთი, არც ვმადლობდით მას, არამედ ამაო გახდა ჩვენი გონიერება და დაგვიბნელდა უმეცარი გული. ჩვენს თავს ბრძენს ვუწოდებდით და გამოვსულელდით. და უხრწნელი ღვთის დიდება გავცვალეთ ხრწნადი ადამიანის ხატების მსგავსებაში.

ჩვენ ორი სიბოროტე ჩავიდინეთ: დავტოვეთ ღმერთი, ცოცხალი წყლის წყარო და ამოვკვეთეთ ჩვენთვის ჭები, დაბზარული ჭები, რომლებიც ვერ დააკავებენ წყალს. ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს.

არავინაა მართალი. არავინაა გამგები. არავინ ეძებს ღმერთს. ყველა გზას ასცდა. ერთიანად უმაქნისნი გავხდით და არ გვაქვს იმედი. უღმერთოდ ვცხოვრობთ.

ფოთოლივით ვართ ყველანი დამჭკნარნი და ჩვენი ცოდვებისგან, როგორც ქარისგან, წაღებულნი. ყველანი უწმიდურებივით შევიქენით და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური ჩვრებივითაა. რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება ღვთის წინაშე. ამიტომაც ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანის ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე.

ჩვენი სიჯიუტითა და მოუნანიებელი გულით ჩვენ თავადვე ვიხვეჭთ ღვთის რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს.

საშინელებაა ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა, მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც შეგვიყვარა, მიუხედავად იმისა, რომ მკვდრები ვიყავით დანაშაულთა გამო, გაწირა თავისი ერთადერთი ძე, რათა ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ამაშია სიყვარული…

რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ და წარმოგზავნა თავისი ძე, რათა ის გამხდარიყო შენდობის მსხვერპლი ჩვენთვის და ეგემა ღვთის რისხვა. იესო ქრისტე არის ხატება უხილავი ღვთისა, მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი სიტყვის ძალით.

ის არის წმიდა და მართალი, სიცოცხლის შემოქმედი, დიდების უფალი, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული, სიტყვა იქმნა ხორცი, ღმერთია ჩვენთან, ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი – ჩვენი ურჯულოების გამო, რადგან უფალმა მას დააკისრა ყოველი ჩვენგანის ურჯულოება. ღმერთმა წაშალა ჩვენი ვალების ხელწერილი, რომელიც თავისი დებულებებით ჩვენ წინააღმდეგ იყო. გაანადგურა იგი და ჯვარს მიამსჭვალა. ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში.

იესო ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის… დამარხულ იქნა და აღდგა მესამე დღეს, როგორ წერილებშია… მას შემდეგ, რაც ჩვენი ცოდვების განწმენდა აღასრულა, დაჯდა დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა, რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელელმა. ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.

ახლა გამოჩნდა ღვთის სიმართლე. ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი. ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით.

ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. თავად უფალმა თქვა: „რისთვის ხარჯავთ ვერცხლს? იმისათვის, რაც პური არ არის? რისთვის შრომობთ, თუ ვერ ძღებით? მე ვარ პური სიცოცხლისა… ვინც მოვა ჩემთან, არ მოშივდება, და ვინც მირწმუნებს, არ მოსწყურდება. ყველა, ვისაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ. ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.

ჩატვირთვა...