გადავწყვიტე, ბოლომდე ვუერთგულო…

114

მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც მიძღვნილია იმისათვის, რომ ბოლომდე უერთგულოს..

მე მაქვს სიწმინდის ძალა. უკანდასახევი გზა არ არსებობს.

მე გადავაბიჯე ზღურბლს. უარვყავი ცხოვრების სიამე და კომფორტი.

მე გამოვედი უიმედობის ზონიდან, გადაწყვეტილება მიღებული მაქვს: მე იესო ქრისტეს მოწაფე ვარ.

უკან არ მოვიხედავ. არ მოვბრუნდები, სიჩქარეს არ შევანელებ, არ დავძაბუნდები.

ჩემი წარსული გამოსყიდულია, აწმყო − გააზრებული, ჩემი მომავალი უსაფრთხოებაშია.

მე სამუდამოდ დავუსვი წერტილი იაფფასიან ცხოვრებას, უსუსურ გეგმებს, უფერულ ოცნებებს. გადაგვარებულ მისწრაფებებს, ამპარტავნულ და საწყენ საუბრებს. ძუნწ შეწირვებსა და უმარშრუტო მიზნებს.

მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც მიძღვნილია იმისათვის, რომ ბოლომდე უერთგულოს.

მე აღარ ველტვი განდიდებას. მე აღარ მაღელვებს თანამდებობებისკენ სწრაფვა. მე აღარ მესაჭიროება წარმოჩენა.

აღარ მსურს პოპულარობა. ჩემთვის აუცილებელი არაა, ვეძებო პირველობა.
ჩემთვის აუცილებელი აღარაა, ვიყურო ზემოდან. მე არ ვარ დამოკიდებული ადამიანთა აღიარებასა და პატივისცემაზე. არ ველოდები შექებას ადამიანებისგან და არ ვეძებ ჯილდოს.

მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც მიძღვნილია იმისათვის, რომ ბოლომდე უერთგულოს..

ახლა მე ვცხოვრობ ღმერთის თანდასწრებაში, ვდგავარ რწმენით, ვცხოვრობ მოთმინებით, ლოცვით და ვიღვწი ძალით შემოსილი, მე ვისწრაფვი წინ. ჩემი ჭვრეტა მყარია, ჩემი მიზანი ზეცაა. ჩემი ბილიკი ვიწროა. ჩემი გზა ეკლიანია. არც ისე ბევრი თანამგზავრი მყავს, მაგრამ ჩემი გამცილებელი საიმედოა, ხოლო მისია – ნათელი.

მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც მიძღვნილია იმისათვის, რომ ბოლომდე უერთგულოს..

შეუძლებელია ჩემი მოსყიდვა, შეჩერება ან შეცდენა, იძულება − წავიდე კომპრომისზე. შეუძლებელია ჩემი იძულება, დავუბრუნდე წარსულს ან ვეზიარო სიყალბეს.

ვერავინ შეძლებს ჩემს შეჩერებას, წარბსაც არ შევხრი, თუნდაც თავის შეწირვა გახდეს საჭირო. არ შევეჭვდები, თუკი მეწვევა უბედურება; სათათბიროდ არ დავჯდები მტერთან; თავბრუ არ დამეხვევა დიდებისგან, არ დავტკბები საკუთარ პოპულარულობაზე ფიქრით და არ დავიწყებ ნელთბილობის ლაბირინთში ხეტიალს. არ დავნებდები, არ დავიღლები და არ დავსუსტდები, სანამ არ დავამთავრებ ქადაგებას, არ დავამთავრებ ლოცვას, სანამ არ გადავიხდი ფასს, არ მოვიმკი მთელ მოსავალს, სანამ ბოლოს ქრისტესთან ერთად დავდგები.

მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც მიძღვნილია იმისათვის, რომ ბოლომდე უერთგულოს..

მე იესო ქრისტეს მოწაფე ვარ. მის მოსვლამდე უნდა გავაგრძელო წინ სვლა. მე უნდა გავცე, სანამ მაქვს… ვიქადაგო, სანამ ყველა არ შეიცნობს მას და ვიმოღვაწეო, სანამ უფალი თვითონ არ შემაჩერებს… და როდესაც მოვა იგი თავისიანების წასაყვანად, მისთვის ძნელი არ იქნება ჩემი ცნობა, რადგან მე ჩემი ცხოვრება მივუძღვენი მას, რომ ვყოფილიყავი ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც სურს, რომ ბოლომდე უერთგულოს ღმერთს.

ჩატვირთვა...