ესაია წინასწარმეტყველი – წინასწარმეტყველება ქრისტეზე (ვიდეო)

0
  • 1 ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი და ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?
  • 2 ყლორტივით ამოიზარდა მის წინაშე და ფესვივით – ურწყული მიწიდან, არც გარეგნობა ჰქონია და არც სიდიადე, რომ შეგვეხედა მისთვის, არც იერი, რომ მივეზიდეთ.
  • 3 მოძულებული იყო, კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და სნეულებანაგემი. სახეს ვარიდებდით, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით;
  • 4 მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და აზიდა ჩვენი ტკივილები; ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ღმერთის მიერ იყო ნაგვემი, გატანჯული და დამცირებული.
  • 5 ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.
  • 6 ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით, თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა კი მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვა.
  • 7 შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.
  • 8 შეიპყრეს და სამსჯავროს გადასცეს და მის მოდგმაზე ვინ ილაპარაკებს? რადგან მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან. ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა.
  • 9 ბოროტმოქმედებთან მიუჩინეს საფლავი, თუმცა მდიდართან იყო სიკვდილისას; რადგან ძალადობა არ ჩაუდენია და არც მზაკვრობა ყოფილა მის ბაგეზე.
  • 10 უფალმა ისურვა მისი შემუსვრა, მისი დასნეულება; თუ გაიღებს საკუთარ თავს დანაშაულისთვის, შთამომავლობას იხილავს, გაიხანგრძლივებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება.
  • 11 იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს.
  • 12 ამიტომაც უდიდესთა შორის დავუმკვიდრებ მას წილს და ძლიერებთან გაინაწილებს ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავი და დამნაშავედ შეირაცხა. მრავალთა ცოდვა იტვირთა და ურჩთათვის შუამდგომლობდა.