კაცობრიობის შექმნის, დაცემის, გადარჩენისა და აღდგენის ისტორია

449

არსებობს მხოლოდ ერთი ისტორია, რომელიც ცხოვრების ყველაზე მთავარ კითხვებზე გვაძლევს პასუხებს და გვიჩვენებს სიცოცხლის საზრისსა და მნიშვნელობას. ეს არის ისტორია, რომელიც ყველა სხვა ისტორიის შთაგონების წყაროა. ეს არის ნამდვილი ისტორია, რომელიც ყველა ჩვენგანს განსაზღვრავს.

აი, ეს ისტორია. როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორც ყველა ამბავი, ეს ამბავიც იწყება დასაწყისით თავის ავტორთან ერთად, რომელიც ღმერთია. მან სიტყვით მოუწოდა არყოფილს ყოფად: გაჩნდა ვარსკვლავებითა და პლანეტებით სავსე გალაქტიკები. დედამიწა შეიქმნა იმისათვის, რომ სიცოცხლე აყვავებულიყო მასზე. ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა, იყო გასაოცრად კარგი და სრულყოფილი. მის ქმნილებათა გვირგვინი გახლდათ პირველი კაცი და ქალი – ადამი და ევა.

ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, თავის საყვარელ შვილებს მიანდო და მხოლოდ ერთი წესი მისცა: არ უნდა ეჭამათ ერთი ხის ნაყოფი. ისინი სიყვარულით ემორჩილებოდნენ ღმერთს, ადიდებდნენ თავიანთ ზეციერ მამას და ხარობდნენ იმ სრულყოფილი ჰარმონიით, რომელიც არსებობდა ქმნილებებს შორის, ერთმანეთთან და ასევე ღმერთთან ურთიერთობაში. თუ ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას დავაკვირდებით, აშკარად დავინახავთ, რომ ეს სრულყოფილი მშვიდობა აღარ არსებობს.

ტანჯვა, ომი, ავადმყოფობა, სირთულეები. ყველას საკუთარი პრობლემა აქვს. რა მოხდა? ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა დაცემულ ანგელოზს, სატანას, უფლის შეშურდა და განიზრახა ქმნილებათა სრულყოფილების განადგურება. მან გველის სახე მიიღო და ადამსა და ევასთან საცდურით მივიდა, რათა მათ ღვთის სიკეთეში ეჭვი შეჰპარვოდათ და უბიძგა იმ ერთი წესის დარღვევისკენ.

ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს და შეჭამეს იმ ხის ნაყოფი. დაირღვა მშვიდობა. ურჩობას ცოდვა და სიკვდილი მოჰყვა, რომელთა შედეგებიც დღესაც გვტანჯავს.

გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენც ადამისა და ევას მსგავსნი ვართ. ყველანი უფლის წინააღმდეგ ამბოხებულები ვართ. გულებს ვიმძიმებთ შიშით, დანაშაულითა და სირცხვილით. სხეული გვეღლება ათასგვარი სნეულებით, სიკვდილით.

დედამიწა ნადგურდება შტორმებით, კატასტროფებითა და ათასგვარი უბედურებით. მეტიც, ცოდვამ უფალს დაგვაშორა, რამაც გამოიწვია მუდმივი განშორება, მუდმივი მარტოობა, რომელსაც ჯოჯოხეთი ჰქვია.

ცოდვას კატასტროფული შედეგები მოჰყვა. ეს შედეგები გარდაუვალია. არ არის გამოსავალი. ისმის კითხვა: არსებობს იმედი?

სიყვარულმა, რომელმაც ღმერთს ჩვენი შექმნისკენ უბიძგა, ამავე სიყვარულმა აღუძრა სურვილი მხსნელის გამოგზავნისა, რომელიც ყველაფერს მოაწესრიგებდა. საუკუნეებმა განვლო. ღმერთმა გაუცხადა ადამიანებს მხსნელის მოსვლის შესახებ: მისი შობის, ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ. მთელი ბიბლია ამ გამომხსნელზე გველაპარაკება.

თითქმის 2000 წლის წინ იესო მოვიდა დედამიწაზე, როგორც განკაცებული ღმერთი, რათა აღესრულებინა ღვთის დაპირება. ის სასწაულებრივად იშვა ქალწულისგან. იესოც ჩვენ მსგავსად იზრდებოდა, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, მას არასდროს შეუცოდავს და ყოველთვის ემორჩილებოდა მამას.

როდესაც 30 წლის გახდა, იესომ დაიწყო მსახურება: ის დადიოდა მთელ ისრაელში და ასწავლიდა ხალხს უფლის სასუფევლის შესახებ. ახდენდა სასწაულებს. რამდენიმე წლის შემდეგ მას უსაფუძვლოდ დასდეს ბრალი და ჯვარზე მტანჯველი სიკვდილი მიუსაჯეს. იესომ საკუთარი ნებით შესწირა მსხვერპლად თავისი სიცოცხლე, რათა გადაეხადა საზღაური კაცობრიობის ცოდვებისთვის.

ის მოკვდა ჩვენ ნაცვლად, როგორც უმანკო მსხვერპლი, მოკვდა უდანაშაულო – დამნაშავეთათვის, მაგრამ საფლავმა ვერ დააკავა. სამი დღის შემდეგ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი.

იესომ ჯვარზე სიკვდილით სძლია ცოდვას, აღდგომით სძლია სიკვდილს. დღეს ქრისტე უფლის მარჯვნივ ზის, როგორც ყოველი ქმნილების მეფე და მსაჯული.

ეს არის ამბავი ხსნისა, რომლის ავტორიც ღმერთია. ის მოგვიწოდებს, რომ მოვინანიოთ და ვირწმუნოთ მისი და როცა ასე ვიქცევით, ყველაფერი იცვლება. რას გვიქადის მომავალი?

ყველას, ვისაც სწამს ქრისტესი, უფალი ჰპირდება გულების განახლებას და ცოდვათაგან გათავისუფლებას, რადგან ღმერთი მოსიყვარულე, კეთილი, მიმტევებელი, გულმოწყალე და ჭეშმარიტია.

უფალი ასევე გვპირდება, რომ ყველაფერს ახალს შექმნის. ერთ დღესაც იქნება ახალი ზეცა და ახალი მიწა, სამუდამოდ თავისუფალი ცოდვებისაგან. ყველაფერი, რაც იწვევს ტკივილსა და უბედურებას, გაქრება.

ღმერთი ასევე გვპირდება, რომ  სამუდამოდ ჩვენთან იქნება. როგორც კი ირწმუნებ უფალ იესოს, აღდგება ღმერთთან ურთიერთობა, რადგან იესომ ხიდი გადო იმ უფსკრულზე, რომელიც ცოდვამ გააჩინა კაცსა და ღმერთს შორის.

ამ მოსიყვარულე ღმერთის შეცნობა დღეიდან იწყება და სამუდამოდ გრძელდება, რადგან ღვთის ისტორია არასოდეს მთავრდება. შეგიძლია, ღვთის ისტორიაზე დააფუძნო შენი ცხოვრება და აღიარო, რომ გჭირდება ხსნა უფლისგან, ითხოვო პატიება ცოდვებისთვის, გწამდეს მხოლოდ იესო ქრისტესი, რათა გადარჩე და მიჰყვე უფლის რწმენას ამ წუთიდან. ეს ღვთის ისტორიაა, აქცევ მას შენს ისტორიად?

ჩატვირთვა...