ლოცვა

0

„ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს.“

ჩემო ზეციერო მამა, შენი შემწეობა მჭირდება. მომეცი ძალა ცდუნების წინაშე მდგომს და გამიძეხი სინათლისა და ხსნისაკენ.

შენ გეკუთვნის ჩემი სული. შენთან ყოფნა მსურს. გზა გამინათე ამ ბნელ წუთისოფელში.

შენი სიყვარული მჭირდება, ო, უფალო, რადგან ტანჯვით სავსე დღეებმა გარემომიცვა. უფალო, შენ მზად ხარ, რომ მომიტევო შენი მადლით და გამოიჩინო ჩემდამი სიკეთე და სულგრძელობა.

მომანიჭე ძალა ამ დღეების გადასატანად, რათა ვილაპარაკო შენს მადლსა და შენდამი რწმენაზე.

შენს ფერხთითაა ჩემი სული, ღმერთო. გამამაგრე, რათა არ დავმარცხდე. მომეცი სიბრძნე შენს ერთგულ მსახურს, რათა ვიქცეოდე გონივრულად.

გმადლობ, მამაო, რადგან დაამტკიცე შენი სიყვარული, რომელიც ყველასა და ყველაფერს აღემატება ამქვეყნად.

გმადლობ, რადგან მომეცი ცოდნა და სიბრძნე, რათა დამენახა, რომ შენ ხარ ჩემი მაცხოვარი, რომელმაც მიხსენი ჩემი ცოდვებისაგან და გამიმზადე ადგილი ცათა შინა.

გმადლობ, რომ თვალები ამიხილე, რათა დამენახა, როგორ მჭირდები.

მადლობას გიხდი ჩემი დებისა და ძმებისათვის, რომლებთან ერთადაც დავდივარ შენს სინათლეში.

ო, უფალო იესო, მინდა მადლობა შემოგწირო ყველა კეთილი შესაძლებლობისა და იმ უპირატესობისთვის, რომ განმეცადა შენ მიერ შექმნილი სამყაროსა და სიცოცხლის სიმშვენიერე.

გმადლობ შენი სიყვარულისათვის. გმადლობ, რომ მეც მომეცი სიყვარულის უნარი.

მადლობას გწირავ იმისათვის, რომ მიმიძღვი ხასხასა მოლისკენ, რომ მასვენებ წყნარ წყლებზე. გმადლობ, რადგან მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.

უფალო, შენ წინაშე ვღვრი ჩემს სულს ყოველდღე. მოვდივარ მოწიწებით შენს სინათლეში.

უფალო, შემცვალე. მომეცი ძალა, რომ დაგიახლოვდე, რათა ყოველდღე ვგრძნობდე შენს თანდასწრებას.

ღმერთო, დღედაღამ ვლოცულობ შენ წინაშე, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას, რადგან მსურს გემსახურო მთელი გულით.

უფალო, წარმართე ჩემი გზა ყოველდღიურად. მომეცი ძალა − ვაკეთო, რაც გინდა.

დაე, ნუ დაეძინება ჩემს სულს, არამედ ეძიებდეს უფლის ნებას მარადჟამს.

გმადლობ, ღმერთო, რამეთუ ყოველთვის ჩვენ შორის ხარ. გმადლობ, რადგან მიპოვე დაკარგული.

უფალო, შემოქმედო ცისა და ქვეყნისა, სინათლევ, მოსულო ქვეყნად.

შენ ქმნი ყოველ ახალ დღეს და გვიცხადებ შენი ჭეშმარიტების შესახებ. გვაუწყებ შენს მცნებებს, რათა დავიცვათ ისინი.

ყოველდღე ახლებურად შევიცნობ შენს ჭეშმარიტებას, შენს მცნებებს.

ყოველ ღამით ვდგები და ვლოცულობ, გთხოვ ძალას, რათა დილით ავდგე და გემსახურო.

ბევრი დაბრკოლებაა აღმართული ჩემ წინაშე, რომელთა გადალახვაც საჭიროა. წამიძეხი წინ და შემეწიე.

უფალო, ბევრ ადამიანს ვხვდები, რომლებიც შენ არ გიცნობენ. სწორედ ამიტომ გევედრები, რომ შემაძლებინო, უშიშრად ვუქადაგო შენი სიტყვა მათ.

შენი ხელი წამიძღვეს ყოველ განსაცდელში და შენი სიყვარული მფარავდეს.

იესო ქრისტეს სახელით ვლოცულობ, ამინ!

მონტაჟი: მათე თხელიძე

გახმოვანება: ლაშა კაკაშვილი, გუჯა ჩაჩანიძე

ხმის რეჟისორი: ბაჩუკი დოდაშვილი

  • 91
    Shares