უფლის აღთქმა მარადიულია (ვიდეო)

128

1 ნეშტთა 16 თავი:

8. „მადლობა შესწირეთ უფალს, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისი.

9. უმღერეთ და უგალობეთ მას, ილაპარაკეთ მის ყოველ სასწაულზე.

10. დაიკვეხეთ მისი წმიდა სახელით, დაე, იხარონ უფლის მაძიებელთა გულებმა.

11. ეძიეთ უფალი და ძალა მისი, მუდმივად ეძიებდეთ მის სახეს.

12. გახსოვდეთ მისი ჩადენილი სასწაულები, მისი საოცრებანი და მისი ბაგის სამართალი.

13. ო, თესლო ისრაელისავ, უფლის მსახურნო! ო, ძენო იაკობისა, უფლის რჩეულნო!

14. ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელს დედამიწაზეა სამართალი მისი,

15. გახსოვდეთ: მარადიულია აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ათასი თაობისთვის ბრძანა!

16. აღთქმა, რომელიც აბრაჰამს დაუდო, და ფიცი თვისი – ისაკს.

17. დაუდგინა იგი იაკობს კანონად, ხოლო ისრაელს – საუკუნო აღთქმად,

18. უთხრა: შენთვის მომიცია ქანაანის ქვეყანა, როგორც წილი შენი მემკვიდრეობისა!

19. როცა ცოტანი იყვნენ ისინი, ძალიან მცირერიცხოვანნი და ხიზნობდნენ მასში.

20. ხეტიალობდნენ ისინი ერთი ერიდან მეორეში და ერთი სამეფოდან – მეორეში.

21. არავის მისცა მათი დაჩაგვრის უფლება; და ასე გააფრთხილა მეფენი:

22. ჩემს ცხებულებს არ შეეხოთ და ცუდი არაფერი გაუკეთოთ ჩემს წინასწარმეტყველთ!

23. მთელი დედამიწა უგალობდეს უფალს, მისი ხსნის სიკეთე გამოაცხადეთ ყოველ დღე.

24. ერთა შორის გააცხადეთ მისი დიდება, ყველა ხალხში – მისი სასწაულები.

25. რადგან დიადია უფალი და დიდად საქებარი; ყველა ღმერთზე შიშისმომგვრელია იგი,

26. რადგან სხვა ხალხთა ღმერთები – კერპებია; უფალმა კი ცანი დააფუძნა.

27. პატივი და დიდებაა მის წინაშე; ძალა და სიხარულია მის სამყოფელში.

28. მიაგეთ უფალს, ხალხთა ტომებო, მიაგეთ უფალს დიდება და ძალა.

29. მიაგეთ უფალს დიდება მისი სახელის გამო; შესაწირი მიართვით და მიეახლეთ მას; თაყვანი ეცით უფალს სიწმიდეში.

30. თრთოდე მის წინაშე, მთელო დედამიწავ, აჰა, მტკიცედაა დაფუძნებული სამყარო და არ შეირყევა!

31. გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ; დაე, ერებს შორის გამოაცხადონ – უფალი მეფობს!

32. დაე, გრგვინავდეს ზღვა და მთელი სავსება მისი; ამაღლდნენ ველები და ყოველივე, რაც მათზეა.

33. მაშინ სიხარულით ამღერდებიან ხეები ტყეში, უფლის წინაშე. რადგან მოდის იგი დედამიწის განსასჯელად.

34. უმადლოდეთ უფალს, რადგან კეთილია იგი; რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

 

ჩატვირთვა...