იგავები

კარგია, რომ ეს მოხდა

ისტორია მოგვითხრობს ერთ მეფეზე, რომელსაც ერთი ძალიან კარგი მეგობარი ჰყავდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, ცუდი თუ კარგი, იგი გადაჭრით ამბობდა:

– კარგია, რომ ეს მოხდა!

ერთ დღეს მეფე და მისი მეგობარი სანადიროდ წავიდნენ. მეფის მეგობარმა თოფები დატენა და როდესაც მეფემ გაისროლა, იარაღი გასკდა და მეფეს ცერა თითი მოაგლიჯა…

მეფის მეგობარმა, მომხდარის გაცნობიერების შემდეგ, ჩვეულებისამებრ თქვა: „კარგია, რომ ეს მოხდა!“

გამწარებული მეფე კიდევ უფრო განარისხა მეგობრის სიტყვებმა და გაბრაზებულმა თავის მცველებს უბრძანა, რომ დაეჭირათ იგი და ციხეში ჩაესვათ.

რამდენიმე თვის შემდეგ მეფე თავისი სამეფოს ერთ უკაცრიელ კუნძულზე ნადირობდა. მოულოდნელად იგი კაციჭამიებმა შეიპყრეს და თავიანთ სოფელში წაიყვანეს შესაჭმელად.  მისი ჭამის დრო რომ მოვიდა, კაციჭამიებმა შეამჩნიეს, რომ მეფეს ცალ ხელზე მხოლოდ ოთხი თითი ჰქონდა. მეფის ბედად კუნძულის ცრუმორწმუნე კაციჭამიებს ტრადიცია ჰქონდათ, რომ მხოლოდ მთელ და ჯანსაღ ადამიანების ჭამდნენ. მათ მეფე არ შეჭამეს და გაუშვეს.

უკან დაბრუნებულმა მეფემ თავისი მეგობარი ციხიდან გამოაშვებინა, სასახლეში მიიპატიჟა და პატიება სთხოვა.

– მაპატიე, მართალი იყავი ჩემო კარგო მეგობარო! ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი უგუნურების გამო ამდენი ხანი მოგიწია ციხეში ჯდომა.

– არა, საბოდიშო არაფერია, – მიუგო მეფეს მეგობარმა. ძალიან კარგია, რომ ეს მოხდა, რადგან მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი, აუცილებლად შენთან ერთად ვიქნებოდი.

წყარო: 4motivi.com

About the author

მაკო ჭიაბრიშვილი

Leave a Comment