მშობლები და შვილები

როგორ დავამარცხოთ ბავშვის ეგოიზმი

პატრიკ მაბილოგი, ქრისტიანი მწერალი, ბლოგერი და მასწავლებელი ხელმძღვანელობის სფეროში თავის სტატიაში გვიყვება იმის შესახებ, როგორ შეუძლიათ მშობლებს ბავშვის ეგოიზმის დამარცხება.

„იმ შემთხვევაში, თუ უკვე მშობელი ხართ, თუნდაც სულ ცოტა ხანია, გეცოდინებათ, რა საშინლად ეგოისტები შეიძლება იყვნენ ბავშვები. დიახ, ისინი ძალიან საყვარელნი, სასაცილონი და საოცარნი არიან და ჩვენც უპირობოდ გვიყვარს ისინი.

ამავდროულად, ყოველი ბავშვის გულის სიღრმეში ცოდვილი ეგოისტი ცხოვრობს, რომელიც დროდარდო ამჟღავნებს საკუთარ თავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, მშობლებმა ბავშვები ასეთ მდგომარეობაში დავტოვოთ. ღმერთმა დაგვაკისრა პასუხისმგებლობა იმისა, რომ არა მხოლოდ გვიყვარდეს ჩვენი შვილები, არამედ აღვზარდოთ, მიმართულება მივცეთ და როცა საჭიროა, გამოვასწოროთ კიდეც.“

ეგოიზმს შეუძლია ურთიერთობათა დანგრევა, კარიერის გაფუჭება და ადამიანის მთელი ცხოვრების წახდენაც კი. პატრიკ მაბილოგი ოთხ რჩევას აძლევს მშობლებს, რათა გაუმკლავდნენ ეგოიზმს მანამ, სანამ ბავშვები ჯერ კიდევ  საკმაოდ პატარები არიან.

1. შეახსენეთ მათ, ვინ არის მთავარი ოჯახში

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, „ვინ არის ოჯახში მთავარი“. ბავშვებს საკუთარ პასუხისმგებლობათა სფერო აქვთ, სადაც მათ ყველაფრის გაკონტროლება შეუძლიათ. ეს ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას პიროვნებად, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ მაღლა სხვები დგანან (მასწავლებელი, უფროსი ძმა, მამა, დედა), რომლებსაც უნდა დაემორჩილონ. ეს კი მათ ადრეულ ასაკშივე უნდა ვასწავლოთ.

2. მკაცრ რეალობასთან შეჯახების ნება მიეცით მათ

ყველა მშობელს სურს საკუთარი შვილების დაცვა მკაცრი სინამდვილისგან. ეს ნორმალური სურვილია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბავშვებს ნება უნდა მივცეთ, რომ რეალური ცხოვრების სირთულეთ გაუსწორონ თვალი. რა თქმა უნდა, ამით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა შევუქმნათ, მაგრამ მათ უნდა ხელშესახებად იგრძნონ ეს სირთულენი. გარკვეულ სირთულეთა გადალახვითა და დაცემით ბავშვები სწავლობენ შრომისმოყვარეობასა და თავმდაბლობას.

3. ასწავლეთ საკუთარ შვილებს გარკვეული რაღაცების გამომუშავება

ბევრ რამეს ბავშვები ყოველგვარი შრომის გარეშე იღებენ, მაგალითად, სახლს, საკვებს, სამოსს, მაგრამ უნდა ვასწავლოთ, რომ თუ ახალი სათამაშო, არდადეგებზე სადმე წასვლა ან ახალი კომპიუტერი უნდათ, ამისათვის დამატებითი შრომის გაწევა მოუწევთ. არ იქნება საკმარისი მხოლოდ იმის თქმა: „მინდა“.

4. მიეცით სხვების დახმარების ნება

არაფერი ანგრევს ეგოიზმს ისე კარგად, როგორც გულუხვობა. მაშინ, როცა ბავშვებს ნებას ვაძლევთ საკუთარ თავზე გამოსცადონ ის, რომ „გაცემა მეტი ნეტარებაა“, ისინი სწავლობენ სხვა ადამიანების დაფასებას, მათი პრობლემების დანახვას და ამ დროს მათი სიამაყე და ეგოიზმი უკან იხევს.

წყარო: 

About the author

ნინო ხუროშვილი

Leave a Comment