რიკ დეიტონი – რატომ მწამს ღმერთის? (პასუხი კითხვაზე: რწმენა თუ ეჭვი)

56

„დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“ – დაბადების 1:1

ჩემი მშობლების ოჯახი ბატონობდა ათეიზმისა და აგნოსიტიციზმის სული, რომლის შეთვისების შემდეგ, ძალიან ახალგაზრდა ასაკში ვთქვი: „მე არ მწამს ღმერთის – მე ის არასოდეს მინახავს!“ თუმცაღა, მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოვლისშემძლე ღმერთის თანდასწრება ვიგრძენი, სკეპტიციზმის ასეთი ცივი ფილოსოფია უცბად დადნა სინამდვილის მხურვალე სხივების გავლენით. მე მწამს ღმერთის, რადგან მართლაც არ შემიძლია, არ მწამდეს. არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც მწამს: 1. გონება; 2. აღდგომა; 3. ურთიერთობა.

რიკ დეიტონი

1. გონება

გონება მეუბნება, რომ ყოველ შედეგს უნდა ჰქონდეს თავისი გამომწვევი მიზეზი, აქედან გამომდინარე ორი, ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს ჭკვიანი შემოქმედი, რაც დასტურდება გარეგანი და შინაგანი, ჩემში არსებული მოწმობით.

ქმნილება – გარეგანი მოწმობა

მე არ შემიძლია, არ მწამდეს ღმერთის იმის გამო, რასაც ვხედავ. ბროლივით გამჭვირვალე, მოჩუხჩუხე ნაკადული, ფაფუკი თეთრი ღრუბელი, ხორბლის მოშრიალე ძნები, ოქროსფერი მთვარე, ვარსკვლავების ვერცხლისფრად შეფერილი წყება, ყველაფერი ერთად ხმამაღლა ღაღადებს: „ჩვენ ვართ ღვთის საოცარი ქმნილებანი.“ იხ. ფსალმუნი 18:2-5. ცნობილი მეცნიერი, სერ ისააკ ნიუტონი წერდა: „სამყარო არსებობს და ეს საოცარი ფაქტი უკვე სასწაულია; ის გვიმჟღავნებს უსასრულო ძალაუფლების არსებობას  ყოვლისმომცველ მთლიანობას, რომელზეც დგას ყველაფერი და ყველა სამყარო მასშია მოქცეული. ამაში დაფარულია დიდი საიდუმლო, ჩვენთვის ცნობილი უდაო ფაქტი, რომელიც ღმერთის ყველა დამახასიათებელ თვისებას აერთიანებს.“ თავად უფალმა თქვა: „შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე  ვარ უფალი.“

მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც. მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: ‛მართალი იცოცხლებს რწმენით.’ ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალი და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ“ (რომაელთა 1:16-20).

აზროვნების უნარი – შინაგანი მოწმობა

მე არ შემიძლია, არ მწამდეს ღმერთის აზროვნების იმ უნარის გამო, რაც ადამიანს გააჩნია. დეკარტემ კითხვის ქვეშ დააყენა ყველაფერი არსებულის რეალობა, თუმცა ვერ შეძლო უარეყო საკუთარი არსებობა და დაწერა: „მე ვფიქრობ, მაშასადამე, ვარსებობ.“ ამის საფუძველზე იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ღმერთი არსებობს, რადგან ყოველ შედეგს თავისი გამომწვევი მიზეზიც უნდა ჰქონდეს და რადგან ბრმა შემთხვევითობით ვერანაირად ვერ აიხსნება ადამიანის გონების ურთულესი ფუნქციონირება. ჰელენ კელერი ამ არგუმენტის საფუძვლიანობის კლასიკური მაგალითია, რადგან მას არც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დანახვა შეეძლო და არც ველის ტოროლას ხმის მოსმენა, თუმცა ის გულში მაინც გრძნობდა ღმერთის არსებობის რეალობას. „მოდით და ვიკამათოთ,“ ამბობს უფალი.– „ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა“ (ესაია 1:18).

2. აღდგომა

მე არ შემიძლია, არ მწამდეს ღმერთის, რადგან სამარხი ცარიელია. მხოლოდ ღმერთს ძალუძს მკვდრეთით აღდგინება. მხოლოდ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს გააჩნია უფრო მეტი უდაო მტკიცებულება, ვიდრე ქრისტეს აღდგომას.  ისინი, რომელნიც უარყოფენ აღდგომას, არ შეუძლიათ ადეკვატური ახსნა მოუძებნონ იმ ისტორიულ მოვლენებს, რომლებიც აღდგომას ახლავს.

მითი წარმოსახვის ნაყოფია, რომელიც, როგორც წესი, წარმოიშობა მრავალი წლის შემდეგ და ასობით კილომეტრის დაშორებით იმ ადგილიდან და მოვლენებიდან, რომლებსაც სავარაუდოდ ასახავს. მითებში მცირედ ან საერთოდ არ არის გადმოცემული ისტორიული მტკიცებულებები სახელებთან, თარიღებსა და ადგილებთან დაკავშირებით.

ქრისტეს აღდგომას არაფერი აქვს საერთო მითთან. მისი ჯვარცმიდან ორმოცი დღის შემდეგ, იესომ უბრძანა თავის მოციქულებს, დაბრუნებულიყვნენ იმ ქალაქში, სადაც ჯვარს აცვეს იგი და განეცხადებინათ მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ. შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა. მოციქულების ჩაქოლვის ან ჯვარცმის მაგივრად, სამი ათასმა ადამიანმა მოინანია პირველ დღეს, რის შემდეგაც მორწმუნენი ყოველდღიურად ემატებოდნენ ეკლესიას, სანამ მამაკაცთა რიცხვმა, ქალებისა და ბავშვების გარდა, დაახლოებით ხუთი ათასს არ მიაღწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მორწმუნეების საერთო რიცხვი დაახლოებით 10 000-დან 20 000-მდე უნდა ყოფილიყო. იერუსალიმიდან სახარების უწყება მთელ რომის იმპერიაში გავრცელდა და ყველა ფენის წარმომადგენელ ადამიანს მისწვდა მიუხედავად რომაელთა და იუდეველთა მხრიდან სასტიკი დევნისა. რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ასეთ ფენომენალურ ზრდას, თუკი ქრისტეს აღდგომა ფაქტი არ არის?

მოციქულთა ქადაგების თემა იყო ის, რომ ღმერთმა იესო აღადგინა მკვდრეთით და გამოაცხადა იგი უფლად და ქრისტედ, „კაცნო, ისარელიანნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი, დამტკიცებული ღვთისაგან თქვენთვის ძალით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მისი ხელით თქვენს შორის, როგორც თვითონვე იცით, იგი, ღვთის განჩინებული ზრახვით და წინასწარცნობით გადაცემული, ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, შეხსნა რა სიკვდილის ბორკილები, ვინაიდან სიკვდილი მას ვერ დააკავებდა” (საქმე. 2:22-24).

აღდგომამ დაამტკიცა იესოს განცხადება იმის შესახებ, რომ  ის ღვთის ძე იყო და მოციქულები ქადაგებდნენ მასზე, როგორც სახარების დამაგვირგვინებელ ფაქტზე. ადამიანებმა, რომლებმაც პირველად მოისმინეს ამის შესახებ, ჰქონდათ ყველანაირი შესაძლებლობა, შეემოწმებინათ არსებული მტკიცებულებანი. ისინი ისმენდნენ, როგორ ქადაგებდა იესო ტაძარში, უყურებდნენ, როგორ ახდენდა სასწაულებს, იგრძნეს, როგორ იძრა მიწა იმ აუტანელი ტანჯვის დანახვისას, რაც ადამიანებმა მიაყენეს საკუთარ შემოქმედს, იხილეს შუადღისას ჩამოწოლილი შუაღამის სიბნელე, როცა მზემ უარი თქვა, გაენათებინა მიწაზე დატრიალებული საშინელება, მრავალმა მათგანმა აღმდგარი იესოც კი ნახა, რადგან ერთხელ იგი ერთდროულად ხუთასამდე ადამიანს გამოეცხადა. „შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა“ (1 კორ.15:6). მოციქულებმა ქრისტეს არა მხოლოდ იხილეს აღდგომის შემდეგ, არამედ მოისმინეს მისი სწავლება და საკუთარი ხელითაც შეეხნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ის არც თვითმარქვია და არც მოჩვენება არ იყო.

იესოს მტრებმა ჯვარს აცვეს იგი უსაფუძვლო ბრალდებათა გამო, მაგრამ ვერ შეძლეს მიეჩქმალათ მისი მკვდრეთით აღდგომის ფაქტი.

მოციქულთა ქადაგებაში პატარა ტყუილიც რომ ყოფილიყო, იუდეველები მაშინვე შენიშნავდნენ. იესოს აღდგომა გამანადგურებელი მოძღვრება იყო რელიგიური ლიდერებისათვის და იგი იერუსალიმის ფარგლებს ვერც გასცდებოდა, მათ რომ ჰქონოდათ ამ ამბის გავრცელების შეჩერების ძალა. ისინი იერუსალიმის მცხოვრებთ შეკრებდნენ იესოს სამარხთან, წარუდგენდნენ მის სხეულს და ამით ცნობისმოყვარეთა თვალწინ გააქარწყლებდნენ აღდგომის შესახებ ამბავს – რომ შესძლებოდათ! თუმცა მათ ვერც ფაქტის უარყოფა შეძლეს და ვერც მისი აღიარება, ამიტომ დაიწყეს მათი დევნა, ვისაც აღდგომის სწამდა. .

სავლე ტარსუსელი ერთ-ერთი იყო მათგან,  ვინც ყველაზე დიდი თავგამოდებით დევნიდა პირველ ქრისტიანებს. წმინდა წერილი ამბობს, რომ ის „სიკვდილის მუქარით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ.“ თუმცა სავლემ საკუთარი თვალით იხილა და მოისმინა აღმდგარი იესო ქრისტეს შესახებ, მოექცა და გახდა მოშურნე მახარებელი – მოციქული პავლე. ის იმდენად მტკიცედ დარწმუნდა იმაში, რომ იესო ქრისტეს აღდგომა ფაქტია, რომ უმალ საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა, ვიდრე უარყოფდა ამას.

ათასობით ქრისტიანი სასტიკ წამებასა და სიკვდილს ამჯობინებდა საკუთარი რწმენის უარყოფას. ყველა მოციქული, ერთის გარდა, ძალადობრივი სიკვდილით მოკვდა რწმენის გამო, მაგრამ არც ერთს არ უარუყვია ქრისტე. მხოლოდ მოწამეობით არ მტკიცდება რწმენის ჭეშმარიტება, თუმცა ეს მოწმობს, რომ მოწამეს სწამდა თავისი რწმენის ჭეშმარიტება. მოციქული იოანე მოწამეობრივი სიკვდილით არ მომკვდარა ქრისტესთვის, მაგრამ ის გადასახლებული იქნა ხრიოკ კუნძულ პატმოსზე, განწირული მარტოობისა და გაჭირვებისთვის. ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სწამდა აღდგომის, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტების, იყვნენ ისინი, ვისაც საუკეთესო შესაძლებლობა ჰქონდა ეს ფაქტი და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებანი მოეძია და შეემოწმებინა. თუ იესო არ აღმდგარა მკვდრეთით და არ გამოუგზავნია თავისი მოციქულებისთვის სულიწმინდა, მაშ, რა ახსნას მოუძებნით მის მიმდევართა ასეთ უცაბედ გარდაქმნას გაბედულ მოწმეებად? არ დაგავიწყდეთ, რომ, როცა ტაძრის მცველები მივიდნენ გეთსიმანიის ბაღში იესოს შესაპყრობად, მოწაფეები მხდალი კურდღლებივით გაიქცნენ.

იესოს ცხოვრების თვითმხილველებს ისე მტკიცედ სწამდათ იმის, რაზეც ქადაგებდნენ, რომ მათ მოწამეობრივად, მაგრამ სიხარულით,  იცხოვრეს და დაიხოცნენ ქრისტესთვის.

საფრანგეთის რევოლუციის დროს, სკეპტიკოსმა, სახელად ლეპომ,  გადაწყვიტა, შეექმნა ქრისტიანობაზე უკეთესი რელიგია და რჩევისთვის მიმართა განდგომილ ეპისკოპოსს – ტალეირანს, რომელმაც ასეთი პასუხი გასცა: „თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ჯვარცმით და აღდგეთ მესამე დღეს.“

3. ურთიერთობა

მე არ შემიძლია, არ მწამდეს ღმერთის ჩემი საკუთარი გამოცდილების გამო. ვიცი, რომ პატიების სიხარული, მშვიდობა ჩემში და ღვთის სიყვარულის ძალა ჩემს გულში სულიწმინდის მიერ იქნა გადმოღვრილი, რადგან მე ხელახლა ვიშვი ზეციდან. ვიცი, რას ნიშნავს ლოცვაზე მიღებული პასუხით გამოწვეული სიხარული და ღვთის სული მიმოწმებს, რომ მე ღმერთის შვილი ვარ. ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ ღმერთი არ არსებობს, რადგან ის ის დადის ჩემთან ერთად, მარიგებს და მეუბნება, რომ მას ვეკუთვნი. არის რაღაც, რასაც მხოლოდ მაშინ გაიგებს ადამიანი, როცა გამოსცდის. „განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება მას, ვინც მასზეა მინდობილი“(ფს. 33:9). მე განვიცადე და ვიცი, რომ ღმერთი კარგია! მე მაქვს პირადი ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან.

ქმნილება, გონება, ისტორია და ჩემი პირადი გამოცდილება უტყუარი საბუთია იმისა, რომ ღმერთი რეალურია. ჩემი ურწმუნოება არა გონებრივი, არამედ ზნეობრივი პრობლემა იყო. „განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები“ (იოან.3:19). როდესაც გადავწყვიტე, გვერდზე გადამედო ურწმუნოების მოჩვენებითი ინტელექტუალიზმი და ჩემი ცხოვრება ღმერთის ნებისთვის დამემორჩილებინა, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე სიხარული, მშვიდობა, მიზანი, ძალაუფლება და სიცოცხლისა და სიკვდილის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მივხვდი, რა საოცარია ცხოვრება, როცა სამყაროს მეფის გვერდით მიაბიჯებ! იმდენი რამ მოწმობს ღმერთის არსებობაზე, რომ უგუნური ვიქნებოდი, რომ არ მწამდეს. „თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“ (ფს. 13:1). წმინდა წერილის ასეთ მკაცრ განცხადებას საფუძვლად ალბათ ის უდევს, რომ ყოველ ადამიანში ჩადებულია შინაგანი ცოდნა ღმერთის არსებობის შესახებ. უგუნური უარყოფს იმას, რაც იცის, რომ ჭეშმარიტებაა. ერთხელ წავიკითხე ნიკიტა ხრუშჩოვის განცხადება: „მე ათეისტი ვარ! მე ათეისტი ვარ! ღმერთმა იცის, რომ მე ათეისტი ვარ!!!“


ათეიზმიდან ყოვლისშემძლემდე

(რიკ დეიტონის დამოწმება)

დაახლოებით ათი თუ თერთმეტი წლის ვიყავი, საკუთარი თავი ათეისტად რომ გამოვაცხადე შემდეგი სიტყვებით: „მე არ მწამს ღმერთის – მე არასოდეს მინახავს ის!“ ძალზე ადვილი იქნებოდა ჩემთვის, გული გამექვავებინა ღმერთისა და ბიბლიის მიმართ, რადგან მსურდა „ნამდვილი მამაკაცი“ ვყოფილიყავი. ჩემი არასწორი წარმოდგენა მამაკაცთა მოდგმაზე სავარაუდოდ ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ ჩემი ოჯახის წევრ მამაკაცთა უმეტესობა ურწმუნო იყო და სკეპტიკურად ეკიდებოდა საღვთო წერილს.

ახლა, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ, ვხვდები, რომ მოტივი, რის გამოც საკუთარი თავი ათესიტად გამოვაცხადე, ემოციებზე იყო დაფუძნებული და არა გონებრივ ცოდნაზე. პრობლემა არც მაშინ და არც ახლა არ მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა არასაკმარისი მოწმობა დაგვიტოვა თავისი თავისა და თავისი სიტყვაზე შესახებ. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მე ვიცოდი, ცოდვილი ვიყავი, თუმცა მონანიება არ მსურდა. მე რომ მეღიარებინა, რომ ღმერთი და მისი სიტყვა რეალურია, ჩემი ცოდვის პირისპირ მომიწევდა წარდგომა და იძულებული ვიქნებოდი შემეცვალა ჩემი ცხოვრება. ამის ნაცვლად კი,  უარვყოფდი მის არსებობას. იესომ სწორედ ასეთი მდგომარეობა აღწერა, როცა თქვა: „…ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები“ (იოან.3:19).

მე უსაზღვროდ ვემადლიერები ღმერთს, რომ გამომიყვანა ურწმუნოების ამ დახლართული ქსელიდან. ამისათვის მან გამოიყენა დედაჩემი (რომელიც მგზავნიდა საკვირაო სკოლაში, საზაფხულო ბიბლიურ სკოლასა და მერე კი ქრისტიანული ბანაკში). ღმერთმა ასევე გამოიყენა მოსიყვარულე, მაგრამ მკაცრი მასწავლებლები და ძლიერი და ერთგული მქადაგებელი, რათა ქრისტესთან მივსულიყავი. მათი და ასევე ჩემს პირველ მგზნებარე ლოცვაზე მიღებული პასუხის მეშვეობით, სულიწმიდამ მსჯავრი დამდო ცოდვაში და მიმიყვანა ქრისტეს სიყვარულსა და მიტევებამდე. 1956 წლის იანვარში მამაჩემმა დაკარგა მარცხენა მკლავი ტრაქტორის მართვისას მომხდარი უბედური შემთხვევის დროს. ის ქალაქიდან შორს მუშაობდა და საავადმყოფოში მიყვანამდე იმდენი სისხლის დაკარგა, რომ ექიმებს ეგონათ, რომ უკვე გარდაცვლილ ადამიანს უკეთებდნენ ოპერაციას!

ჩემი ოჯახის წევრები მიმალავდნენ, რომ ექიმების აზრით, მამაჩემი დილამდეც ვერ იცოცხლებდა. მათ მხოლოდ ის მითხრეს, რომ მამას რაღაც შეემთხვა და მკლავი მოიტეხა. ეს დამარწმუნებლად ნამდვილად არ ჟღერდა. მოგვიანებით, იმ საღამოს ყური მოვკარი ჩემი ნათესავების ჩურჩულს და თავზარი დამეცა, როცა გავიგე მამაჩემის ნამდვილი მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მე უარვყოფდი ღმერთის არსებობას, გულის სიღრმეში ვიცოდი, ის არსებობდა, ამიტომაც გულწრფელად ვთხოვე ღმერთს, გადაერჩინა მამაჩემი და აშკარად ვიგრძენი, რომ ღმერთი არსებობდა და მისმენდა. მამაჩემის სწრაფმა გამოჯანმრთელებამ გააოცა ექიმები. ერთ-ერთმა მათგანმა მოგვიანებით დედაჩემს უთხრა, რომ გახვრეტილ გროშსაც არ ჩამოვიდოდა ნაძლევზე, რომ მამაჩემი გადარჩებოდა. ღმერთი პასუხობს ლოცვას! მან ცხადად მიჩვენა თავისი თავი და მიმიყვანა თავისთან. 1956 წლის 22 აპრილს ეკლესიაში გავედი წინ და ჩემი ცხოვრება ჩავაბარე იესოს. „მე მწამს, რომ იესო არის ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე,“ ვაღიარე და მოგვიანებით ტალმაჯ პეისმა მომნათლა ქრისტეში ჩემი ცოდვების მიტევებისთვის.

ღმერთი, რომელსაც თაყვანს ვცემ, არა მხოლოდ სამყაროს საოცარი და ძალაუფლების მქონე შემოქმედია, არამედ მიმტევებელი და თანამგრძნობი მამაა, რომელმაც შეისმინა სასოწარკვეთილების ჟამს აღვლენილი ჩემი ვედრება მიუხედავად იმისა, რომ მე უარვყოფდი მის არსებობას.

რამდენიმე წლის წინ, ზიარებისას ასეთი წერილი დავუწერე იესოს:

„ძვირფასო იესო,

მე იმის გამო გაფასებ, რომ მიპოვე მე, მარტოსული, დაბნეული, იმედგაცრუებული, გულნატკენი, ცოდვილი ბავშვი, მიხსენი შენი ძვირფასი სისხლით და მომეცი ცხოვრების მიზანი. ყველაფერი, რასაც წარმოვადგენ, რაც გამიკეთებია და რასაც გავაკეთებ, შენი წყალობითაა! მე შენ მიყვარხარ! რიკი.“

Rick Deighton, Ready To Give an Answer

ჩატვირთვა...