რუსტამ მაილოვი: გადავწყვიტე თამამად მოვქცეულიყავი და გავყოლოდი ჭეშმარიტებას – ისას

136

10 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავედით, რადგანაც იქ ცხოვრობდნენ ჩვენი ნათესავები.

აზერბაიჯანულ ოჯახში ვიზრდებოდი. დედა რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მშობლები გაეყარნენ ერთმანეთს, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მამას ვნახულობდი იშვიათად.

ჩემი ოჯახი განსაკუთრებით არაფრით გამოირჩეოდა ფინანსურად იმ ოჯახებისგან, რომლებსაც უჭირდათ. როდესაც საქართველოში გადმოვედით დავიწყე რუსულ სკოლაში სიარული. ნათესავები გვეხმარებოდნენ როგორც შეეძლოთ და აი, ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა დეიდაჩემი გულშა. მახსოვს ის მზიანი ამინდი, როდესაც მან მომკიდა ხელი და წამიყვანა მეჩეთში. იქ ტარდებოდა ისლამური ცოდნის გაკვეთილები საბაზო დონეზე. პატარა ვიყავი და ყველაფერს სწრაფად ვითვისებდი. გამიჩნდა ისლამის შესწავლის ინტერესი და დავიწყე ამ სემინარებზე რეგულარულად დასწრება. შემდეგ დედას შესთავაზეს ჩავერიცხე მედრესში (რელ. სასწავლებელი), რადგანაც ნიჭიერი ბავშვი ვიყავი. მე-7 კლასიდან მომიწია სკოლის მიტოვება და მარნეულში წასვლა.

მარნეულში გაიხსნა პირველი მედრესი. მახსოვს ირანიდან ჩამოდიოდნენ და გვასწავლიდნენ. ჩვენ ვიყავით დაახლოებით 25 კაცამდე სხვადასხვა რაიონებიდან და რამოდენიმე სტუდენტი იყო აზერბაიჯანიდანაც. ჩვენ მონდომებით ვსწავლობდით არაბულ და სპარსულ ენებს, აგრეთვე ყურანს, შარიატს, ისლამის ისტორიასა და კანონებს. ჩვენ გვამზადებდნენ მისიონერებად, რათა გაგვევრცელებინა ისლამი საქართველოში.

მედრესის დამთავრების შემდეგ შემომთავაზეს ირანში იმამ ჰომეინის სახელობის ისლამური მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა. მაშინ 14 წლის ვიყავი და დავთანხმდი უფრო ღრმად შემესწავლა ყველაფერი ალაჰისა და მისი კანონების შესახებ.

მე გავემგზავრე თეირანში. ჩემთან ერთად აგრეთვე იყვნენ სხვა ბავშვები ჩემი ქალაქიდან. უნივერსიტეტში ჩაბარებისას ყველამ აირჩია სწავლის მიმართულება. ზოგიერთმა აირჩია სწავლებები ყურანის შესახებ, ზოგიერთმა – ისლამის ისტორია, მე კი რატომღაც ავირჩიე ფილოსოფია. ალბათ ფილოსოფია მომეწონა სწორედ გარშემო სამყაროს აზრისა და მნიშვნელობის შესწავლის და არა უბრალოდ „ბრმად რწმენის“ გამო.

მე ვსწავლობდი და შევიმეცნებდი ბევრს და შიგნით ყოველთვის მქონდა შეგრძნება იმისა, რომ რაც უფრო ღრმად შეიცნობ, მით უფრო შორს არის ჭეშმარიტება დამალული და მისი მიღწევა შეუძლებელია. ხანდახან მომდიოდა ისეთი აზრები, რომლებიც არ უნდა მომსვლოდა. ამ კითხვებს ჩემს მასწავლებლებს ვუსვამდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს არ შეეძლო ან არ სურდა პასუხის გაცემა. ასე თუ ისე, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე მაშხადში. მაშხადი არის უზარმაზარი მეჩეთი, სადაც არის წმინდა რზას საფლავი. მეუბნებოდნენ, რომ თუკი ჩაიფიქრებ ამ მეჩეთში 3 სურვილს, აუცილებლად ახდება. მეც ასე მოვიქეცი. პირველი სურვილი იყო ის, რომ ცხოვრებაში არასოდეს მომეპოვებინა საარსებო ფინანსები რელიგიის მეშვეობით, რადგან ვიცოდი, რომ ბევრი ასე იქცეოდა. მეორე სურვილი იყო, რომ ალაჰს ეპასუხა ყველა ჩემს კითხვაზე და მესამე – რომ ღირსეულად განმევლო ცხოვრება.

როდესაც საქართველოში ჩამოვედი, გავიაზრე, რომ ვიყავი მისიონერი და უნდა გამევრცელებინა ისლამი მთელ ქალაქში. 21 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე საბავშვო მედრესში მუშაობა. ვასწავლიდი ყურანს, ისტორიას და იმ ყველაფერს, რასაც ოდესღაც ბავშვობაში თავად ვსწავლობდი. შემდეგ დავიწყე მოშორებული დასახლებების სკოლებში სიარულიც. მოკლე ხანში უკვე ყველა მიცნობდა, როგორც მასწავლებელსა და წინამძღვარს. მაგრამ შემდეგ მე დავინტერესდი მესამე სექტორში, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციაში, მოღვაწეობით. იქ გავიცანი პირები, რომლებსაც ეკავათ სახელმწიფო თანამდებობები. მე ვისწავლე ფონდში პროექტების წერა და აგრეთვე სხვა მცნებები, ისეთები, როგორიცაა ადამიანთა უფლებები, გენდერი, ტოლერანტობა და სხვა. ძირითადად ვმუშაობთ ახალგაზრდობასთან. პირველად გავხდი „სკაუტების“ კოორდინატორი ჩემს რაიონში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნის მანძილზე გავიცანი ბევრი ახალგაზრდა, აგრეთვე ჩემი ცოლი ვირჯინია. მახსოვს ის დღე, როდესაც ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი და მითხრა, რომ ვიღაც ჩინელები არიგებენ საათებს უფასოდ. მე დამაინტერესა არა თავად ამ ფაქტმა, არამედ იმან, თუ რა აზრი დევს ამაში. ასეთი სახით მოვხვდი ეკლესიაში, რომელიც ჩემთვის აღმოჩნდა საკმაოდ უცნაური. მრავალჯერ ვიყავი ნამყოფი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ვათვალიერებდი ისას (იესო ქრისტეს ისლამში აღიქვამენ, როგორც ერთ-ერთ წინასწარმეტყველს და არაბულად ეძახიან ისას) სურათებს და ვუყურებდი როგორ ლოცულობდნენ. მაგრამ იმ დღეს, როდესაც „უცნაურ“ ეკლესიაში მოვხვდი, გამიკვირდა. იქ ჯვარი არ იყო უზარმაზარი. ეს იყო პატარა სახარების რწმენის ეკლესია, რომელსაც ერქვა ბეთ-ხაზდა (იოან.სახ.5:2). პირველი რაც ვიფიქრე იყო ის, რომ მე შევძლებდი ამ ადამიანების დარწმუნებას იმაში, რომ ისლამი არის ჭეშმარიტება, რადგან ადრე თბილისში მქონდა მცდელობა გადამერწმუნებინა მართლმადიდებელი მღვდლები, მაგრამ უშედეგოდ. და აი, დავიწყე ყველაფრის ყურადღებით დათვალიერება და საქმის არსში ჩაწვდომა.

მე მეგობართან ერთად ვიყავი მისული და პირველად მოვისმინე ქადაგება. მახსოვს, როგორი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ქადაგების შემდეგ მივედი მწყემსთან და ვთხოვე ელოცა ჩემთვის. მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ „ლოცვა“, მე მაინტერესებდა, როგორ ლოცულობდნენ ისინი. მაშინ პირველად მოვიწვიე ისა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ როდესაც თვალები გავახილე, უბრალოდ გავიღიმე, დავლიე ფინჯანი ყავა და წავედი.

მახსოვს, რომ ვუწოდე მათ მკრეხელები, წავედი და აღარ დავბრუნებულვარ, თუმცა იშვიათად მაინც მივდიოდი ხოლმე, რათა საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი, რომ ისინი ცდებოდნენ და არასწორი სწავლება ჰქონდათ. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებში აქტიურად დავიწყე მუშაობა, ასევე ვითარდებოდა ჩემი რელიგიური მოღვაწეობა. მე მაგზავნიდნენ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში, რამოდენიმე კვირა იქ ვრჩებოდი და ვემსახურებოდი ხალხს. ვკრებდი ყველას ლოცვისთვის, ვქადაგებდი ისლამს, ვასწავლიდი ახალგაზრდებს შარიათს.

რამოდენიმე ხანში მე სრულიად ჩავეფალი არასამთავრობოს საქმიანობაში, იმდენადაც კი, რომ უკვე ვეღარ ვახერხებდი ბავშვების განსწავლას მედრესში და ვერც სხვა მსახურებებს ვუმკლავდებოდი. გავიდა დიდი დრო, ჩემს ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები, გავხდი ისეთივე ცივი და პრაქტიკოსი ადამიანი, როგორიც ჩემი ხელმძღვანელები იყვნენ. ჩემთვის მთავარი იყო ვყოფილიყავი მზად იმისათვის, რომ როგორც კი გამოჩნდებოდა შესაძლებლობა, დამეკავებინა მნიშვნელოვანი პოსტი და გავმხდარიყავი ცნობილი ადამიანი. დავბრმავდი რა ჩემი ოცნებებით, ქვეყნად ყველაფერი დამავიწყდა, ღვთის შიშიც კი. მაგრამ უფალმა არ დამტოვა იმ რთულ დღეებში. მე მომიწია ღალატის, სიცრუის და იმედგაცრუების გადატანა. ჩემთვის რთული და ბნელი დღეები დადგა. მე ვიწყენდი და მარტოდმარტო დავეხეტებოდი ხოლმე ქუჩებში, გამოცარიელებული და მთელს მსოფლიოზე დაბოღმილი. არ ვიცი როგორ და როდის მომივიდა აზრი წავსულიყავი იმ „უცნაურ“ ეკლესიაში, მაგრამ იმ დღეს სასწრაფოდ გავეშურე იქ. როდესაც ეკლესიაში შევედი დავინახე ახალგაზრდობა და ჩემთვის ნაცნობი მწყემსი. ყველაფრით გაბოროტებულმა გადავწყვიტე მომეწყო კამათი და დამემტკიცებინა ჩემი აღმატებულობა ყველა გზააბნეულზე. მაგრამ ჩემდა გასაკვირად მწყემსი არ ჩქარობდა ჩემთან კამათს და ჩემს გადარწმუნებას, მან დამისვა კითხვა: წამიკითხვას თუ არა ოდესმე ბიბლია?

მე გამოვართვი მწყემსს ბიბლია და დავიწყე მისი კითხვა, რათა მეპოვა შეცდომები და ურთიერთსაწინააღმდეგო ადგილები. ბიბლიას მალულად ვკითხულობდი, რადგან ჩემთვის, როგორც ისლამის მცოდნისათვის, ეს წიგნი ხელებში, ნიშნავდა ისლამური პრინციპებისადმი სრულ დაუმორჩილებლობას. მაშინ დედასთან ერთად ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდი და ბიბლიას საბნის ქვეშ ვკითხულობდი, რომ დედას არ შეემჩნია. მე ვინიშნავდი რაღაც კითხვებს, სიტყვებს ბიბლიიდან და მივიჩქაროდი მწყემსთან, რომ მენახა, თუ როგორ მოიქცევა, როდესაც ეტყვიან, რომ ყველაფერი, რისიც სჯერა, სიცრუეა. მაგრამ მე ვღებულობდი საკმაოდ ლოგიკურ პასუხებს და ვაგრძელებდი კითხვას.

საღამო იყო, როდესაც ბიბლიას ვკითხულობდი და უეცრად ვიგრძენი და მივხვდი, რომ სიტყვები, რომლებსაც ვკითხულობდი, ამოდიოდა წიგნიდან და შედიოდა პირდაპირ ჩემს გულში. დავიწყე ბღავილი, როგორ პატარა ბავშვმა და არ შემეძლო გაჩერება. რადგანაც ვერ გავაცნობიერე ამის მიზეზი, უცებ ვიგრძენი შვება. მე ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ცოცხალი წიგნი, რომელიც უარყოფილია მსოფლიოს მიერ, მეცნიერებებისა და მრავალი ლიდერების მიერ.

მე დავეცი მუხლებზე და ვთხოვდი ალაჰს დახმარებას, რომ ამ წიგნს არ შევეყვანე ცდომილებაში, მაგრამ ცნობისმოყვარეობა და ის გრძნობა, რომელიც კითხვისას განვიცადე, არ მასვენებდა. დავიწყე ეკლესიაში სიარული, მაგრამ ისე, რომ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, მოწაფეებს და ახლობლებს არ გაეგოთ. დამეწყო პიროვნების გაორება, კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ამავ დროს ვგრძნობდი თავს მოღალატედ.

ჩემი ცხოვრების რომელიღაც მომენტში გადავწყვიტე თამამად მოვქცეულიყავი და გავყოლოდი ჭეშმარიტებას – ისას. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იმდენაც თამამი და მამაცური იყო, რომ თავადაც კი მეშინოდა მისი. უფრო სწორად, მეშინოდა არა თავად ამ გადაწყვეტილების, არამედ შედეგების, რომლებიც არ დააყოვნებდნენ. წინათ, როდესაც მე დაცინვით ვლოცულობდი მეგობართან ერთად და ვეპატიჟებოდი ისას ჩემს ცხოვრებაში, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ მან იგივე გადაიტანა ამ წლების განმავლობაში, რაც მე. ის მიცავდა და მაძლევდა ძალას, გამეგრძელებინა ცხოვრება. მაშინ მედრესში ქალებს ვასწავლიდი და მახსოვს, როგორ დავუწყე მათ ბიბლიიდან საუბარი, მაგრამ ისე, რომ ყველას ეგონა ეს ყურანიდან იყო. მე კარგად ვიაზრებდი იმას, რომ ღიად რომ მესაუბარა ისაზე, გამაგდებდნენ მედრესიდან და მცემდნენ კიდეც. რამოდენიმე ხნის შემდეგ ჩემი შიში გამართლდა და მე მთხოვეს აღარ მივსულიყავი მედრესში, ხოლო კიდევ ცოტა მოგვიანებით ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი რევოლუცია დაიწყო.

ეკლესიაში სიარულისას დავინახე ჩემთვის ნაცნობი ადამიანი, ვირჯინია. ეს ადამიანი ჩემთვის უბრალოების, პატიოსნებისა და სამართლიანობის სიმბოლო იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე მეტად მას ვენდე, ჩვენ დიდ ხანს ვსაუბრობდით ხოლმე სხვადასხვა თემებზე. გარკვეული დროის შემდეგ ვერც კი შევამჩნიე, ისე შემიყვარდა ის გოგო. მეშინოდა საკუთარ თავსაც კი გამოვტყდომოდი ამაში. მეშინოდა ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების რეაქციის. ჩემი გადაწყვეტილება მყვარებოდა ვირჯინია ისე არ მაშინებდა, როგორც გადაწყვეტილება, გავყოლოდი ისას.

ეს იყო სრული მარცხი, როდესაც ჩემმა ახლობლებმა გაიგეს, რომ დავიწყე ეკლესიაში სიარული. დედამ გაიგო, რომ მე ვირჯინია შემიყვარდა და ეს იყო უდიდესი სკანდალი, არა მხოლოდ სახლის ან ქუჩის, არამედ პირდაპირი გაგებით მთელი ქალაქის მაშტაბით. მე წავედი სახლიდან და თავიდან მწყემსთან ვცხოვრობდი და იქ ვიძინებდი, შემდეგ იქ, სადაც ვმუშაობდი, მერე კი მორწმუნე ძმები დამეხმარნენ. მახსოვს, რომ მაშინ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მტკიცედ გავყევი ისას და ზაფხულში, ქალაქიდან შორიახლოს, იქ, სადაც მდინარე მტკვარი მიედინებოდა, მე და რამოდენიმე და მოვინათლეთ. მე შევიძინე ახალი ოჯახი.

გავიდა ნახევარი წელი, რაც ჩემი და ვირჯინიას მიმართ მოდიოდა მუქარები, მაგრამ მალე ჩვენ ვიქორწინეთ. ჩვენი ქორწინების ამბავმა გამოიწვია უკმაყოფილებისა და მუქარების დამატებითი ტალღა. გავიდა თითქმის 3 წელი, რაც რევოლუცია მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ჭეშმარიტება შევიცანი. ვირჯინია იყო ეკლესიის ახალგაზრდების ლიდერი და მე დავიწყე მისი დახმარება ამ მსახურებაში. მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ მან მიპოვა და მაძლევს შესაძლებლობას, დავეხმარო ახალგაზრდებს საქართველოში, ვუჩვენო მათ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე… რადგანაც ისა არის სიცოცხლე, გზა და ჭეშმარიტება! ვერავინ მივა ღმერთთან, თუ არა მისით! ამინ!

რუსტამ მაილოვი

ჩატვირთვა...