სიზმრის ჩანაწერი, რომელიც 17 წლის ბიჭის სასკოლო კარადაში იპოვეს მისი სიკვდილის შემდეგ

162

(სიზმრის ჩანაწერი, რომელიც 17 წლის ბიჭის სასკოლო კარადაში იპოვეს მას შემდეგ, რაც იგი ავარიის შედეგად დაიღუპა საკუთარი მოტოციკლის მართვისას). 

ნახევრად მძინარე უეცრად ოთახში აღვმოჩნდი. იქ არაფერი არ იყო განსაკუთრებული, გარდა ერთი კედლისა, რომელიც მთლიანად სტელაჟით იყო დაფარული, ეს სტელაჟი კი სავსე იყო პატარა, წარწერებიანი ყუთებით. ისინი ბიბლიოთეკის დიდ კატალოგებს წააგავდა, სადაც ყველა წიგნი ანბანური წყობით, ავტორისა და შინაარსის მიხედვითაა დახარისხებული, თუმცა ამ ოთახში, თაროებზე მოთავსებულ პატარა ყუთებზე წარწერები ძალიან მრავალფეროვანი იყო.

კედელთან მიახლოებისას ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა ყუთმა, წარწერით „გოგონები, რომლებიც მომწონდა.“ ავიღე ყუთი და დავინახე, რომ მასში ბევრი ბარათი იდო. სწრაფად გადავავლე თვალი მათ. განცვიფრებული ვიყავი იმით, რომ მყისიერად მახსენდებოდა თითოეულ ბარათზე დაწერილი სახელები. მე სწრაფად დავდე ყუთი თავის ადგილზე და მივხვდი, სადაც ვიმყოფებოდი. ეს უსიცოცხლო ოთახი იყო მთელი ჩემი ცხოვრების კატალოგი. აქ იყო აღწერილი ყველა ჩემი საქციელი, დიდი თუ პატარა, თანაც, ისეთი დეტალებით, რომლებიც ჩემი მეხსიერებიდან უკვე წაშილილიყო. რაც უფრო ბევრ ყუთს ვხსნიდი და ვკითხულობდი მასში მოთავსებულ ბარათებს, მით უფრო მეტად იზრდებოდა ჩემში შიშნარევი გაოცებისა და ცნობისმოყვარეობის გრძნობა. ზოგიერთი ბარათი სიხარულს მანიჭებდა და სასიამოვნო მოგონებებს აღძრავდა ჩემში, თუმცა ზოგიერთი ისეთ სირცხვილსა და სინანულს იწვევდა, რომ უკან მივიხედე კიდეც, რომ დავრწმუნებულიყავი, ვინმე ხომ არ მიყურებდა.

ყუთი წარწერით − „მეგობრები“ იდგა სხვა ყუთის გვერდით, რომელსაც ეწერა „მეგობრები, რომლებსაც ვუღალატე.“

ყუთების სახელწოდებანი სრულიად სხვადასხვა იყო − სრულიად ჩვეულებრივიც და სრულიად უცნაურიც: „წიგნები, რომლებიც წავიკითხე“, „ჩემ მიერ ნათქვამი სიცრუე,“ „ნუგეში, რომელიც ადამიანებს ვეცი,“ „ხუმრობები, რომლებზეც ვიცინოდი.“ ზოგიერთი სასაცილოც კი იყო თავისი პირდაპირობის მიხედვით, მაგალითად: „რისხვის დროს ჩადენილი საქციელი,“ „მშობლების მიმართ ბუზღუნი.“

ყუთების არსებული ბარათების გამო ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ზოგიერთ მათგანში გაცილებით მეტი ბარათი იდო, ვიდრე ველოდი, სხვებში ნაკლები, ვიდრე ვიმედოვნებდი. გაოცებული ვიყავი ჩემი ცხოვრების უკუღმართობით. როგორ მოვასწარი ჯერ კიდევ ესოდენ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ამდენი ბარათის შევსება? არადა, თითოეულ მათგანში დაწერილი სრული სიმართლე იყო. ყოველი ბარათი იყო დაწერილი ჩემი ხელწერით და დადასტურებული ჩემივე ხელმოწერით.

დავიწყე ერთი ყუთის ამოღება, რომელსაც ერქვა: „სიმღერები, რომლებსაც ვუსმენდი“ და მივხვდი, თუ რაოდენ ღრმად იყო შესული კედელში ამ ყუთის ბარათების უსასრულო სია. ბარათები მჭიდროდ იყო ერთმანეთზე მიდებული, მაგრამ ყუთის სამ მეტრზე გამოწევის შემდეგაც კი ვერ დავინახე მათი ბოლო. უკან ჩავდე ყუთი და ძალიან შემრცხვა. შემრცხვა არა იმდენად მოსმენილი სიმღერების შინაარსის გამო, რამდენადაც იმ უზარმაზარი დროის გამო, რომელიც მათ მოსმენაზე დავხარჯე.

როდესაც მივუახლოვდი ყუთს − „ვნებიანი ფიქრები,“ მთელს სხეულში სიცივემ დამიარა. ყუთი მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრზე გამოვწიე, რომ არ დამენახა მისი სიგრძე და ამოვიღე ერთი ბარათი. კანკალმა ამიტანა მასში აღწერილი დეტალების გამო. საშინლად ამაზრზენი იყო ეს. ცხოველურმა რისხვამ შემიპყრო. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: „არავინ არასოდეს არ უნდა ნახოს ეს ბარათები! არავინ არ უნდა შემოვიდეს ამ ოთახში! მე უნდა გავანადგურო ეს ყველაფერი!“ გაშმაგებულმა ამოვგლიჯე მთლიანი ყუთი, მის ზომას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ყუთები იატაკზე ძლიერად დავანარცხე, ვერ შევძელი ერთი ბარათის ამოგლეჯაც კი. მაშინ მე ამოვწიე ერთ-ერთი ბარათი და აღმოვაჩინე, რომ ყველა მათგანი იყო დამზადებული რაღაც ფოლადისმაგვარი მტკიცე მასალისგან. შეუძლებელი იყო მათი დაგლეჯაც ან დაწვა.

გაოცებულმა და ძალაგამოცლილა ყუთი თავის ადგილას დავაბრუნე. შუბლით კედელს მივეყრდენი და ღრმად, საცოდავად ამოვიხვნეშე. მაშინ დავინახე ის წარწერა − „ადამიანები, რომელთაც გავუზიარე სახარება.“ სახელური სხვა სახელურებზე უფრო ნათელი ჩანდა, თითქმის სულ ახალი. როდესაც ყუთი გამოვწიე, ის ძალიან პატარა, სულ რაღაც შვიდი სანტიმეტრის სიგრძის აღმოჩნდა. იქ მოთავსებულ ბარათებს ხელის თითებზე გადავითვლიდი.

ტირილი წამსკდა. მუხლებზე დავეცი. ვტიროდი სირცხვილისგან, რომელსაც მთელი ჩემი არსება მოეცვა. ყუთების გრძელი რიგები მიტრიალებდა ცრემლიან თვალებში. არავინ არ უნდა ნახოს ეს ოთახი, უნდა დავკეტო და საიმედოდ შევინახო გასაღები.

სწორედ მაშინ, როდესაც ცრემლების მოწმენდას ვცდილობდი, მე დავინახე ის. ოღონდ ის არა, ოღონდ აქ არა. ნებისმიერი პიროვნება იყოს, ოღონდ იესო არა! უმწეოდ ვუყურებდი, როგორ იღებდა ყუთებს იესო და კითხულობდა ბარათებს. გაუსაძლისი იყო მისი რეაქციის ყურება, თუმცა ხანდახან მაინც ვუყურებდი თვალს მის სახეს. უფრო ღრმა სევდასა და მწუხარებას ვხედავდი მის გამომეტყველებაში, ვიდრე თავად ჩემს გულში. თითქოს, ინტუიციურად იესო ყველაზე საშინელ ყუთებთან მიდიოდა. რად უნდა ამ ყველაფრის წაკითხვა? ბოლოს, ის შემოტრიალდა და შემომხედა. მის თვალებში თანაგრძნობა დავინახე, თუმცა ამან არ გამაბრაზა. თავი ჩავქინდრე, სახეზე ხელები მივიფარე და ისევ ავტირდი. ის მომიახლოვდა და ჩამეხუტა. იმდენი რამის თქმა შეეძლო იესოს, მაგრამ არაფერი უთქვამს. ის მხოლოდ ტიროდა ჩემთან ერთად. შემდეგ ადგა და დაბრუნდა ყუთებთან.

ოთახის ერთი ბოლოდან მოყოლებული მან დაიწყო ყუთებში არსებული ბარათების ხელმოწერა. „არა!“ – ვიყვირე მე და მასთან მივირბინე. იესოს ბარათები გამოვართვი და მხოლოდ „არას“ თქმა თუ შემეძლო. მისი სახელი არ უნდა ყოფილიყო ბარათებზე, მაგრამ ის მაინც იყო, ნათელი, კაშკაშა წითელი ფერით დაწერილი. სისხლით დაწერილი იესოს სახელი ჩემი სახელის ზემოთ იყო მოთავსებული. მან ნაზად გამომართვა ბარათი, სევდიანად გამიღიმა და განაგრძო ხელის მოწერა. ვფიქრობ, ვერასოდეს გავიგებ, როგორ შეძლო ასე სწრაფად ყველა ბარათის ხელმოწერა, მაგრამ უცებ გავიგონე, როგორ დადო უკანასკნელი ყუთი თავის ადგილას და მომიახლოვდა. მხარზე ხელი დამადო და მითხრა: „აღსრულდა.“ მე წამოვდექი და უფალმა გამომიყვანა ოთახიდან. კარებს არანაირი საკეტი არ ედო.

რჩებოდა კიდევ ბარათები, რომლებიც მე უნდა დამეწერა…

„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16)

თარგმნა: თამუნა ბაღდავაძემ

ჩატვირთვა...