სტეფანოს კნისოვიტისი: მსურს მთელი სიცოცხლის მანძილზე ვუგალობდე უფალს

71

გამარჯობათ, მე ვარ სტეფანოს კნისოვიტისი სალონიკიდან.

16 წლიდან, გარდატეხის ასაკიდან, ვეძებდი რაღაცას, რაც ჩემს სულს შეავსებდა, როგორც ბუნებრივად ყველა არასრულწლოვანი ეძებს ხოლმე.

ჩემი ცხოვრება საკმაოდ ინტენსიურ რიტმში მიდიოდა, რამაც გამოიწვია ის რომ ნელ-ნელა მცდარ გზაზე დავდექი. ურთიერთობა მქონდა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მთელი ცხოვრება იპარავდნენ, იღებდნენ ნარკოტიკს, აწყობდნენ არეულობას და მეც ასეთ ცხოვრებას მივეჩვიე.

მალევე დავიწყე ნარკოტიკების მიღება, რამაც უფრო ჩამითრია, უკვე აღარ შემეძლო ასეთ ცხოვრებას გავქცეოდი, რადგან ნორმალურ საზოგადოებასთან ურთიერთობას საერთოდ ჩამოვშორდი. თუმცა ამ პერიოდში საკუთარი თავი უფრო კარგად გავიცანი, მალევე მივხვდი რომ სიმღერის ნიჭი მქონდა ღმერთისგან, ამით ვისარგებლე და ღამის კლუბებში დავიწყე სიმღერა, სამწუხაროდ ამან უფრო გადამაგდო ღამის ცხოვრებაში და ნარკოტიკებში, დავკარგე საკუთარი თავის კონტროლი, მაგრამ გარშემომყოფებზე მაინც დიდ გავლენას ვახდენდი, ძალიან ამბიციური და ამაყი ადამიანი ვიყავი. არ მაინტერესებდა არავინ და არავის დახმარებას არ ვსაჭიროებდი, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება არაფრად ღირდა, სიმშვიდეს ვერსად ვეღარ ვპოულობდი, ამიტომ გადავწყვიტე დახმარება მეთხოვა მათთვის ვინც ჩემი აზრით ღმერთს იცნობდა.

ერთერთ ასეთ დაწესებულებაში მივედი სადაც ქრისტიანული პრინციპებით ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ეხმარებიან. ჩავერთე მათ პროგრამაში და მათი საშუალებით ღმერთმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამომიყვანა იმ ჭაობიდან რომელშიც წლების განმავლობაში ვიძირებოდი და ვცხოვრობდი.

მე გაუბედურებულმა და დაკარგულმა ადამიანმა, ვისწავლე ღმერთთან ურთიერთობა, მე შევხვდი იესო ქრისტეს და როდესაც ვამბობ შევხვდი იესო ქრისტეს, ეს ნიშნავს იმას, რომ შევიძინე პირადი კონტაქტი ღმერთთან, რაც სავსებით შესაძლებელია ყველა ადამიანისთვის მისი მადლის მეშვეობით. მე მივაგენი ღმერთს, რომელიც დაკარგული მყავდა როდესაც არასწორად ვცხოვრობდი.

მე იქ გადავწყვიტე მომენანიებინა ჩემი შეცდომები და ცოდვები, არასწორი ცხოვრება. თითქოს თავიდან დავიბადე და ღმერთმა შეცვალა ჩემი ცხოვრება და მისწრაფებები, რომლებიც იყო ნარკოტიკი, სასმელი, თამაში. ყველაფრის მიუხედავად ღმერთი მოვიდა, გამანთავისუფლა და მომცა ნამდვილად თავისუფალი ცხოვრება იესო ქრისტესთან ერთად. ეხლა ადვილად ვყვები ამას მაგრამ მე ათი წლის განმავლობაში მესაუბრებოდნენ რწმენაზე და ღმერთზე. ძალიან ძნელი იყო ჩემი, ნარკოტიკების და იმ ადამიანებისგან დახსნა ვინც ამ ყველაფერში ჩამითრია, მაგრამ ღმერთი ყოვლისშემძლეა, ნებისმიერი თქვენთაგანი თუ გულით სთხოვს უფალს, ღმერთი შეცვლის თქვენს ცხოვრებასაც.

ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, ღმერთის დახმარებით შევიცვალე. ის სიმღერები, რომელსაც ვმღეროდი ღამის კლუბებში შეიცვალა და გახდა ქრისტიანული თემატიკის. ჩემს სიმღერებში მადლობას ვუხდი და ავამაღლებ უფალ იესო ქრისტეს სახელს, რომელმაც მიხსნა ცოდვის მონობისგან.

მსურს მთელი სიცოცხლის მანძილზე ვუგალობდე უფალს და ვაღმერთებდე მუდამ. მინდა, რომ ამ ნიჭის მეშვეობით მოვემსახურო ღმერთს და მივუთითო მის სიძლიერეზე, ვაჩვენო თუ ვინ არის სინამდვილეში ის, ვინც გამათავისუფლა მე და ასევე ყოველი თქვენგანი.

მინდა ახალგაზრდებს მოგმართოთ, თუ თქვენც გადიხართ იმას, რასაც მე გავდიოდი გარდატეხის ასაკში, გეტყვით, ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომებს, ეს გზა არ მიგიყვანთ სიმშვიდემდე. გაახილეთ გულის თვალები და დაინახავთ ქრისტეს. ის არის წმინდა, მარადიული და იგი იძლევა სიმშვიდეს გულებში და ცხოვრებაში. მის გარეშე ცხოვრება ყალბია, როგორც ჩემი ცხოვრება იყო სიყალბით სავსე და ეს ეშმაკის ტყუილი და ფანდია. ღმერთი ცვლის ადამიანის გულებს, მას სურს რომ ყოველი ადამიანი დაბრუნდეს მასთან, იგი ეძებს ვინ დაუძახებს და უერთგულებს მას. მას უყვარხარ და გელოდება, ნუ უარყოფ მის ხმას.

ჩატვირთვა...