ფეხსაცმლის მწმენდავი, რომელიც ხუცესი აღმოჩნდა

820

ეს ამბავი „სიცოცხლის სიტყვის ეკლესიის” ხუცესმა, არტურ სიმონიანმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა. ამ საოცარ ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. 

„მაშინ, როდესაც ჩვენი ქალიშვილი ანა უფალთან წავიდა ზეცაში, ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მე და ლუსინე, ჩემი მეუღლე, უფლისგან ნუგეშის სიტყვას ვსაჭიროებდით. გერმანიაში დაკრძალვის შემდეგ ჩვენ აღარ დავბრუნდით სომხეთში, არამედ შეერთებულ შტატებში წავედით. ჩვენი ნათესავების უმრავლესობა იქ ცხოვრობს და გვინდოდა, მათთან გარკვეულ ხანს დავრჩენილიყავით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებდით და ველოდით სიტყვას ღმერთისგან. მეუღლემ მითხრა, რომ ქვეყანაში ქრისტიანული კონფერენცია ტარდებოდა და ჩვენც დიდი მანძილი გავიარეთ მასზე დასასწრებად. იმ დღეების განმავლობაში ადამიანები წინასწარმეტყველურ სიტყვას ამბობდნენ, ქადაგებდნენ, მაგრამ ჩვენ ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ჩვენს გულებში არაფერი ხდებოდა, არაფერი იცვლებოდა.

და აი, ღამით სიზმარი მესიზმრა, რომლითაც გავიგე, რომ ლას-ვეგასში უნდა წავსულიყავი. ვიცოდი, რომ ლას-ვეგასი ცოდვის სამყარო იყო, მაგრამ ვიფიქრე, რომ ალბათ, ქალაქის იმ ნაწილში უნდა წავსულიყავი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ, სადაც ბევრი კარგი ეკლესიაა. თუმცა მეორე დღით გამოცხადება მივიღე, რომ არა, მე სწორედ ცოდვის ქალაქში უნდა წავსულიყავი და სწორედ იქ უფალი იმოქმედებდა. ჩემი სიზმარი ლუსინეს მოვუყევი და მანაც სულში მიიღო მოწმობა ამის შესახებ.

მე „შევუთანხმდი“ ღმერთს, რომ გავჩერდებოდი ყველაზე იაფფასიან სასტუმროში. საინტერესოა, რომ იქ იყო სასტუმროები, რომლებიც სხვა ქალაქის სასტუმროებზე ბევრად ძვირი არ ღირდა და შემეძლო, საკუთარი თავისთვის მიმეცა იმის უფლება, რომ ამომერჩია მათგან რომელიმე, მაგრამ „შეთანხმება“ უნდა დამეცვა, შესაბამისად, ნომერიც ყველაზე იაფფასიან სასტუმროში დავჯავშნე.

ჩვენ ჩავედით ლას-ვეგასში, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რატომ მომიყვანა ღმერთმა აქ. ლას-ვეგასში ხომ სამორინეები ყოველი სასტუმროს პირველ სართულზე იყო განთავსებული, ერთი სიტყვით, ეს იყო ნამდვილი ცოდვის სამყარო! ჩემი მეუღლე ნომერში დარჩა, მე კი ჩამოვედი და დავიწყე სეირნობა, ვცდილობდი გამეგო, რისი თქმა უნდოდა ამ ყველაფრით ღმერთს.

უეცრად შავკანიანი მამაკაცი შევამჩნიე, რომელიც ფეხსაცმელებს წმენდდა. გულში ვიგრძენი, რომ აქ უნდა გავჩერებულიყავი. დიდხანს ვიდექი, ვიდრე ბოლოს ეს ადამიანი არ მობრუნდა და არ შემამჩნია. ვიგრძენი, რომ მას ჩემი ფეხსაცმელი უნდა გაეწმინდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის ძალიან უხერხული და უცხო იყო ეს ფაქტი და გავიფიქრე, რომ ეს უბრალოდ ჩემი აზრი იყო, მაგრამ გულში თანდათან ღვივდებოდა ეს სურვილი და უფრო და უფრო ძლიერი ხდებოდა.

ცხელოდა და საზაფხულო ღია ფლოსტები მეცვა, ამიტომ ნომერში ავედი, ჩავიცვი ფეხსაცმელი და უკან დავბრუნდი. მივედი ამ ადამიანთან და დავჯექი მის წინ, ფეხსაცმლის გასაწმენდად. მან მითხრა: „დაე, უფალმა გაკურთხოს, ძმაო!“, თუმცა მას არ შეეძლო სცოდნოდა, რომ მორწმუნე ვიყავი და მით უმეტეს, ეკლესიის ხუცესი. ვკითხე, სწამდა თუ არა  ღმერთის. მან მიპასუხა: „დიახ, მწამს, მე ხუცესი ვარ.“ გაოცებულმა ვკითხე, თუ რას აკეთებდა იქ. მან მიპასუხა, რომ ეს ადგილი საშუალებას აძლევდა მას, ექადაგა მრავალი ადამიანისთვის. მან მთხოვა, მივბრუნებულიყავი და ირგვლივ მიმომეხედა, რათა დამენახა, თუ რამდენი ადამიანია ცხოვრებისგან განადგურებული და გატეხილი; რომ ვიღაც უნდა შეეხოს მათ გულებს, ნუგეში სცეს და წამოაყენოს.

მან ასევე მითხრა, რომ როდესაც მე ვიდექი და მას ვაკვირდებოდი, მან იცოდა, რომ ღმერთმა წარმგზავნა მასთან და მას ჩემთვის სიტყვა აქვს უფლისგან. ის წმენდდა ჩემს ფეხსაცმელს, მე კი გაოგნებული ვუყურებდი მას სახეში. ვკითხე, თუ რა ჰქონდა ჩემთვის სათქმელი. მან მიპასუხა, რომ ვიდრე მე ნომერში ავედი ფეხსაცმლის გამოსაცვლელად, მან ღმერთისგან სიტყვა მიიღო, რომელიც მე უნდა გადმომცეს. და განაგრძო: „იცი, ცხოვრება წააგავს აყვავებულ ბაღს, შენ კი მასში მებაღე ხარ. მაგრამ არსებობს უზენაესი მებაღე და ეს ღმერთია, რომელიც შენ გიყვარს და რომელსაც პატივს მიაგებ; ის კი ხანდახან მოდის შენთან სტუმრად. ამ ბაღში იზრდება მშვენიერი ყვავილი, რომელიც შენ ძალიან გიყვარს. ათასობით ყვავილია, რომელთა ჩუქებაც შეგიძლია, მაგრამ არა მისი, რომელიც შენ გიყვარს. და აი, ერთხელ, მთავარი მებაღე, ღმერთი, მოდის შენს ბაღში. შენ ეპატიჟები მას, ეუბნები: ‘აიღე ნებისმიერი ყვავილი, რომელსაც მოისურვებ’, და ის მიდის და პოულობს იმ ყვავილს, რომელსაც შენ ინახავ, იღებს მას და მიაქვს ზეცაში. ამის შემდეგ შენ ეძებ მას და რომ ვეღარ პოულობ შენს ყვავილს, იწყებ ტირილს, რადგან არ გესმის, რომ სწორედ ეს ყვავილი არის ახლა უსაფრთხოდ, მარადისობაში, ხოლო სხვა ყვავილები არ არიან დაცულები. ხოლო ის, ყველაზე საყვარელი ყვავილი, უკვე ღმერთის ხელებშია.“

ამ მომენტზე მან დაასრულა ფეხსაცმელების წმენდა და თქვა: „ძმაო, სწორედ ეს ჩადო ღმერთმა ჩემს გულში, რომ შენთვის გადმომეცა.“ ის არც კი დაინტერესებულა, თუ ვინ ვიყავი მე, რადგანაც მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ღმერთისგან მიიღო ჩემთვის უკვე ნათქვამი სიტყვები. მე კი ვიჯექი და ცრემლები მცვიოდა თვალებიდან, რადგან ღრმად ვაცნობიერებდი მის სიტყვებს. მე ჩავეხუტე მას და ვუთხარი: „ძმაო, იცი, ღმერთისთვის ცნობილია შენი მისამართი!“ ის გულშეძრული იყო. მან მითხრა: „ბევრ ადამიანს ვეხმარები, მაგრამ პირველად მესმის მსგავსი სიტყვები“. მე ვუპასუხე: „ღმერთმა სომხეთიდან ჩამომიყვანა შენთან. დღეს ბევრი ეკლესიაა, ბევრი მქადაგებელი, წინასწარმეტყველი, ხუცესი, მაგრამ ღმერთმა სწორედ შენი მისამართი იცის, სად ცხოვრობ და მსახურობ. შენ გაქვს გული, რომელიც მზადაა, ხალხს მოემსახუროს და ღმერთის ხმა მოისმინოს.“ ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ორივე ვტიროდით. შემდეგ მე ნომერში დავბრუნდი და ყველაფერი მოვუყევი ჩემს მეუღლეს. მე გავიგე, თუ რატომ ჩამომიყვანა ღმერთმა აქ.

წინასწარმეტყველმა, რომელიც ლას-ვეგასში ცხოვრობდა და ფეხსაცმელებს წმენდდა, იპოვა თავისი ადგილი და ემსახურებოდა ადამიანებს. მე ვფიქრობ, მოვიდა დრო თითოეული ჩვენგანისთვის, ვიმსახუროთ არა მხოლოდ ეკლესიებში, არამედ ასევე ვიპოვოთ ჩვენი ადგილი, საიდანაც დავეხმარებით ადამიანებს. დღეს ხომ ადამიანთა ცხოვრება ტკივილებითაა სავსე და ისინი საჭიროებენ იმას, რომ ვიღაცამ მართლაც მიიღოს სიტყვა ზეციდან და გაუზიაროს მათ. კაცობრიობა ელოდება ღვთის შვილების გამოცხადებას.

მინდა, კიდევ ერთხელ გითხრა: „გმადლობ, ძმაო. ყველაზე რთულ დროს ჩემ გვერდით აღმოჩნდი და დამეხმარე. ღმერთმა გაკურთხოს, არასოდეს დაგივიწყებ, დიადია შენი ჯილდო ზეცაში!“

ავტორი: არტურ სიმონიანი

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...