არის თუ არა ცოდვა ახალდაქორწინებულების ცხოვრება მშობლებთან ერთად

337

კითხვა:არის თუ არა ცოდვა, თუკი ახლად დაქორწინებულები აგრძელებენ ერთ-ერთის მშობლებთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას? 

ეს შეკითხვა ერთმა ნაცნობმა დამისვა, რომლის ქალიშვილიც გათხოვების შემდეგ ისევ მშობლების სახლში ცხოვრობდა დედასთან ერთად. ეს მოსახერხებელია როგორც დედისთვის, რომელიც ქვრივია, ისე ახალშეუღლებულებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ სახლი ტევადია და ამრიგად მათ შეუძლიათ ეკონომიის გაკეთება და ერთმანეთის დახმარება. შეკითხვა გაჩნდა მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა რელიგიურმა ლიდერმა დედას დაბადების 2:24 მუხლზე დაყრდნობით უთხრა, რომ თუ ახლად დაქორწინებულები რჩებიან მშობლების სახლში, ეს ცოდვაა და რომ ისინი ვალდებულნი არიან გამოეყონ მშობლებს.

ადრე ერთი ახალგაზრდა ქალბატონისგან იმავე რეგიონიდან მოვისმინე, რომ მათ ლიდერმა ასწავლა, რომ არ შეიძლებოდა თავიანთი პატარა ბავშვის (რომელიც იმ დროისთვის 2 წელზე ნაკლები ასაკის იყო) ურწმუნო მშობლებთან დატოვება, ასე რომ, ისინი ძალიან იშვიათად რთავდნენ ნებას მშობლებს, მოენახულებინათ შვილიშვილი, ისიც მხოლოდ ორი საათით და მხოლოდ მათი თანდასწრებით. მათი მშობლები, საკმაოდ განათლებული ხალხი, ძალიან ნაწყენები იყვნენ თავის ვაჟზე და რძალზე ამ საქციელის გამო.

ამ სიტუაციამ მაიძულა დამეწერა ეს სტატია. ვიღაცას შეიძლება არც კი მიექცია ყურადღება ადამიანების ამ მღელვარებაზე, მაგრამ, როდესაც მე ამ ხალხთან ცოტა კიდევ ვისაუბრე, გავაცნობიერე ასეთი სწავლებების საშიშროება. მსგავსი სწავლებები არა მხოლოდ არაბიბლიურია, არამედ ამქვეყნიური, და ჰგავს სექტის დასაწყისს, ანუ ადამიანების განცალკევებას, ღმერთს კი ამისათვის არ მოვუწოდებივართ. ღმერთს სურს, რომ ჩვენ გამოვეყოთ ყველაფერ იმას, რაც ცოდვაა ქვეყნიერებაზე, მაგრამ არა ადამიანებს. ღმერთს უნდა, რომ ჩვენ ადამიანთა შორის დავრჩეთ და ვიყოთ მათთვის სინათლე. მამასთან წასვლამდე იესო ლოცულობდა თავისი მოწაფეებისთვის:

“მე მივეცი მათ შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა. არ გთხოვ, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისგან. წუთისოფლისგან არ არიან ისინი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისგან. გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება. როგორც შენ მომავლინე წუთისოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთისოფელში. ჩემს თავს განვწმენდ მათთვის, რათა ისინიც გაწმენდილნი იყვნენ ჭეშმარიტებით. მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს.” (იოან. 17:14-20).

აზროვნება, რომელზეც მე დასაწყისში დავწერე, ღვთისგან არაა, არამედ ბოროტისგან. ასეთ აზროვნებას განცალკევებისა და უთანხმოებებისკენ მივყავართ, ღმერთმა კი ამისთვის არ მოგვიწოდა. ასეთმა აზროვნებამ აავსო ქვეყანა ობოლთა და მოხუცებულთა თავშესაფრებით. ოდესღაც ბებიები და ბაბუები ზრუნავდნენ შვილიშვილებზე, შემდგომ კი შვილები და შვილიშვილები ზრუნავდნენ მოხუცებულებზე. ჩვენ საბავშვო ბაღებით ვიწყებდით, ახლა კი, კარგ შემთხვევაში, ობოლთა და მოხუცებულთა თავშესაფრებით ვამთავრებთ, უფრო ხშირად კი სოციალური ობლებით და მიტოვებული მოხუცებით, რომლებიც დატოვეს შიმშილსა და სიცივეში მათ ნახევრად დანგრეულ სოფლის სახლებსა თუ ქალაქის ქუჩებში და სასიკვდილოდ გაიმეტეს ისინი.

მაგრამ მოდით, ვნახოთ, რას ამბობს ღვთის სიტყვა ამ თემაზე. უნდა თუ არა ღმერთს, რომ შვილების მშობლებისგან გამოყოფა იყოს რადიკალური, როგორც ზოგიერთი ასწავლის? მე მინდა ცოტა ხნით გავჩერდე დაბადების 2:24 მუხლის ტექსტზე, შემდეგ კი რამდენიმე შემთხვევაზე ბიბლიიდან, როდესაც პატრიარქები და რელიგიური ლიდერები ცხოვრობდნენ მშობლებთან ან სიდედრ-სიმამრთან ერთად და იცოდნენ, როგორ ეცხოვრათ ერთად სწორად და ყოფილიყვნენ მაგალითი თავიანთი შთამომავლობისთვის და ჩვენთვის. .

ჩვენ კარგად ვიცით, რომ დაბადების 2:24 მუხლში იგულისხმება, რომ საქორწინო აღთქმის დადების შემდეგ ახლად დაქორწინებულები ქმნიან ახალ გუნდს და ისინი აღარ არიან მშობლების ძალაუფლების ქვეშ.

“ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად.” (დაბ. 2:24).

ქორწინებით ახალშეუღლებულები ქმნიან ახალ გუნდს, რომლის თავიც არის ქმარი და არა რომელიმეს მშობლები. სამწუხაროდ, ბევრი ოჯახი არსებობს, რომლებიც მშობლებისგან ცალკე ცხოვრობენ, თუმცა მშობლები მაინც აკონტროლებენ მათ ურთიერთობებსა და ოჯახს. მაგრამ არსებობენ ისეთი ახალშეუღლებულებიც, რომლებიც მშობლებთან ერთად აგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა თავად იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც მათ ოჯახს ეხება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები უგულებელყოფენ სახლის წესებს! პირიქით, ერთად ცხოვრებისას ახალშეუღლებულებმა უნდა დაიცვან სახლის წესები, რათა ყველამ ჰარმონიაში იცხოვროს.

მოსეს მაგალითი, რომელიც ცოლთან ერთად 40 წელი ცხოვრობდა სიმამრის სახლში.

როდესაც მოსე გარბოდა ეგვიპტიდან, მან იპოვა თავშესაფარი მიდიანელი მღვდლის, რეღუელის სახლში, რომელმაც მას თავისი შვიდი ქალიშვილიდან ერთ-ერთი მიათხოვა. მოსემ გადაწყვიტა, რეღუელის სახლში დარჩენილიყო:

“და გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. კაცმა კი თავისი ასული, ციფორა, მიათხოვა ცოლად.” (გამოსვლა 2:21).

მოსე თავის სიმამრთან ცხოვრების პერიოდში მასთან მუშაობდა.

“და მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს, ფარას. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღმერთის მთას, ხორებს.” (გამოსვლა 3:1).

როდესაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, თითოეულმა უნდა იცოდეს და ასრულებდეს საკუთარ მოვალეობებს და ეს სწორიცაა. ეს არ ნიშნავს, რომ სახლის უფროსები შენი ოჯახის საქმეებში ერევიან და ამყარებენ თავიანთ წესრიგს. გადაწყვეტილებები, რომლებსაც საკუთარ ოჯახთან მიმართებით იღებ, სულ სხვა რამაა.

მას შემდეგ, რაც ღმერთი გამოეცხადა მოსეს და უთხრა მას, წასულიყო ეგვიპტეში და გამოეყვანა ისრაელი ხალხი მონობიდან, მოსემ პატივისცემით სთხოვა სიმამრს ეგვიპტეში გამგზავრების ნებართვა:

წამოვიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან და უთხრა მას: “წავალ და დავუბრუნდები ჩემს ძმებს, რომლებიც ეგვიპტეში არიან, რათა ვნახო, ცოცხლები არიან თუ არა.” და უთხრა ითრომ მოსეს: “მშვიდობით იარე.” (გამოსვლა 4:18).

ჩვენ ვხედავთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ლამაზ ურთიერთობებს. განა მოსე იმას ფიქრობდა, რომ ითრო გადაწყვეტდა, წასულიყო თუ არა ის ეგვიპტეში, მაგრამ ეს კარგი საშუალება იყო სიმამრისადმი პატივისცემის გამოსახატად, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ვინმეს უნდა აეღო თავის თავზე მოსეს ვალდებულებები.

ამ მამაკაცებს შორის ორმხრივი პატივისცემა კარგად ჩანს ასევე იმ სიტუაციაში, როდესაც ითროს უკან მიჰყავს მასთან მისი ცოლი, რომელიც მოსემ სახლში გაამგზავრა იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო, რაც მხრებზე დააწვა (გამოსვლა 4:20).

მას შემდეგ, რაც მოსემ სახლში გაუშვა ციფორა ბავშვებთან ერთად, მისმა სიმამრმა, როდესაც გაიგო, რომ ღმერთმა გამოიყვანა ისრაელის ერი ეგვიპტიდან, წამოიყვანა ციფორა და ბავშვები და მივიდა მოსესთან. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ითრო მოსეს ოჯახის მთლიანობის შენარჩუნებას.

“ყველაფერი შეიტყო ითრომ, მიდიანელმა მღვდელმა, მოსეს სიმამრმა, რაც ღმერთმა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს გაუკეთა, როგორ გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან. და წამოიყვანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, მოსეს ცოლი ციფორა, მისი უკან გაგზავნის შემდეგ. და მისი ორი ძე, რომელთაგან ერთის სახელი იყო გერშომი, რადგან თქვა – ‘ხიზანი ვიყავი უცხო ქვეყანაში.’ მეორეს სახელად ელიეზერი ერქვა, რადგან თქვა: ‘მამაჩემის ღმერთი შემეწია და დამიხსნა ფარაონის მახვილისგან.’ მივიდნენ ითრო, მოსეს სიმამრი და მისი ცოლი თავისი ძეებითურთ მოსესთან უდაბნოში, სადაც იყო დაბანაკებული, ღვთის მთასთან” (გამოსვლა 18:1-5).

მოსემ პატივისცემით მიიღო თავისი სიმამრი ითრო:

“შეატყობინა მოსეს: ‘მე, შენი სიმამრი, ითრო, მოვდივარ შენთან და მომყავს შენი ცოლი, თავის ორ ძესთან ერთად.’ და გავიდა მოსე თავის სიმამრთან შესახვედრად, თაყვანი სცა და ეამბორა; მოიკითხეს ერთმანეთი და შევიდნენ კარავში. უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რა უყო უფალმა ფარაონსა და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, ყველა გასაჭირი, რაც გზაში შეხვდათ და თუ როგორ მფარველობდა მათ უფალი. გაიხარა ითრომ ყველა იმ სიკეთის გამო, რაც უყო უფალმა ისრაელს, ეგვიპტელთაგან მათი გამოხსნისას.” (გამოსვლა 18:6-9).

შემდეგ, თუკი ჩავიკითხავთ ამ თავს, ჩვენ ვხედავთ, როგორ დელიკატურად ურჩევს მოსეს მისი სიმამრი, ისე გადაანაწილოს თავისი ვალდებულებები, რომ მას ოჯახისთვისაც ჰქონდეს დრო. მოსემ მიიღო სიმამრის რჩევა და შედეგად ციფორა და ბავშვები დარჩნენ მასთან, ხოლო სიმამრი დაბრუნდა თავის ქვეყანაში.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ ორმხრივ პატივისცემაზე დამყარებულ ლამაზ ურთიერთობებს მოსესა და მის სიმამრს შორის, რომლის სახლშიც ის მრავალი წელი ცხოვრობდა, უფრო კონკრეტულად კი 40 წელი, ვიდრე ღმერთმა არ მოუხმო მას განსაკუთრებული მსახურებისთვის.

ბიბლიაში არსებობს სხვა მაგალითებიც, როდესაც ახალშეუღლებულები აგრძელებდნენ მშობლებთან ერთად ცხოვრებას.

ისაკისა და რებეკას მაგალითი 

“შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.” (დაბადება 24:67).

იმ დროისათვის სარა უკვე უფალთან იყო, ხოლი აბრაამი ცოცხალი გახლდათ. 25-ე თავიდან ჩვენ ვიგებთ, რომ აბრაამმა ცოლად კეტურა შეირთო, რომელმაც მას შვილებიც გაუჩინა. აბრაამმა ისინი შემდგომ გაუშვა და ისააკს დაუტოვა ყველაფერი, რაც ჰქონდა.

ესთერის მაგალითი

ესთერმა იცოდა, როგორ უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი და ამავე დროს დაეჯერებინა თავისი ბიძაშვილისთვის, რომელიც მას ბავშვობიდანვე ზრდიდა.

პეტრე მოციქულის მაგალითი 

სახარებებიდან ჩვენ ვიგებთ, რომ პეტრეს სიდედრი ცხოვრობდა პეტრეს სახლში (მათე 8:14, მარკ.1:30, ლუკა 4:38).

მარკოზის სახარების თანახმად, თავად პეტრე მშობლების სახლში ცხოვრობდა, რადგან დაწერილია, რომ ის შევიდა პეტრესა და ანდრიას სახლში.

“სინაგოგიდან რომ გამოვიდა, სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იოანესა და იაკობთან ერთად. სიმონის სიდედრი ციებ-ცხელებით შეპყრობილი იწვა; მაშინვე უთხრეს იესოს მასზე. მივიდა, ხელი მოჰკიდა და ფეხზე წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.” (მარკ.1:29-31).

მე ისღა დამრჩენია, დავასრულო ეს სტატია ბრძენი სოლომონის სიტყვებით, რომლებიც, როგორც მე ვფიქრობ, ეხება სწორედ ამგვარ სიტუაციებს:

“ვიხილე ეს ყოველივე ჩემი ამაოების დღეებში: მართალი, რომელიც თავის სიმართლეში იღუპება და ბოროტი – დღეგრძელი თავის ბოროტებაში. ნუ იქნები გარდამეტებულად მართალი და ზედმეტად ნუ დაბრძენდები; ნუ დაიღუპავ თავს!” (ეკლ. 7:15-16).

წყარო

ავტორი: ანასტასია ფილატი

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

ჩატვირთვა...