ბიბლია, რომელმაც ტყვია შეაჩერა – სასწაულებრივად გადარჩენილი ჯარისკაცის ისტორია

216

ას წელიწადზე მეტი ხნის წინ 17 წლის ლეონარდ ნაითი ომში წავიდა და იგი ბიბლიამ გადაარჩინა, როდესაც ნასროლი ტყვია მასში გაიჭედა. მის გვერდით უფალი იყო სანგარში, როდესაც ბიბლიამ მისთვის გამიზნული ტყვია შეაჩერა.


ლეონარდი მხოლოდ 17 წლის იყო, როდესაც სამხედროში გაიწვიეს და მისმა დეიდამ, მინი იატესმა, მას “სიცოცხლის გადამრჩენი” პატარა წიგნი მისცა.

დეიდამ წიგნს წააწერა:ლეონარდს, სიყვარულით დეიდა მინისგან. ივლისი 1915.” და შემდეგ ბიბლიამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა.


ახლაც, ასზე მეტი წლის შემდეგ, ბიბლიას ეტყობა ის ნატყვიარი.

ამბობენ, რომ ლეონარდი წიგნს სამხედრო ფორმის გულის ჯიბით ატარებდა, როდესაც გერმანელის ნასროლი ტყვია მოხვდა.

ტყვიამ გაარღვია წიგნის წინა ყდა, მაგრამ ბიბლიის სისქემ შეაჩერა.

გასაოცარია, მაგრამ ტყვია 50 გვერდზე შეჩერდა (ანუ წიგნის დასასრულამდე 50 გვერდი იყო დარჩენილი)  და ლეონარდი ნაკაწრის გარეშე გადარჩა.

უცნობია, რა დაემართა ახალგაზრდა ჯარისკაცს მას შემდეგ, რაც ბიბლიამ სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ იგი დარწმუნდა, რომ ომს გადაურჩა.

მისმა შთამომავლებმა იციან, რომ იგი 1898 წელს დაიბადა და ვაიჩბოლდში, ვორჩესტერშირში გაიზარდა.

იგი კონფლიქტის შემდეგ გაუჩინარდა და იმდროინდელი საბრძოლო სერვისების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. მაგრამ მისი ბიბლია დეიდამისის ოჯახის ხუთ თაობას გადაეცემოდა და ახლა 60 წლის პაულა რაიანის და მისი ქალიშვილის, მედდების სახლის კოორდინატორის, 30 წლის  კლერის ხელშია ბრისტოლში. ის პირველი მსოფლიო ომის საინტერესო ისტორიების შესახებ მიმართვას გამოეხმაურა.

მან თქვა: „ეს ისტორია და წიგნი ბებიაჩემს გადაეცა, შემდეგ კი მე და ასე გრძელდება. მე წარმოვიდგინე, რომ წიგნი ლეონარდის გულს ფარავდა. ტყვია საკმაოდ ღრმად შესულა, წიგნის დასასრულამდე თითქმის 50 გვერდია დარჩენილი, ბიბლია კი საკმაოდ მყარი მასალის აღმოჩნდა.”

სარწმუნოა, რომ ლეონარდმა დაახლოებით 70-80 წლამდე იცოცხლა, მაგრამ პოსტტრავმული სტრესული აშლილობისგან იტანჯებოდა ომში ნანახი საშინელებების გამო.

კლერმა დაამატა: „იგი ომის შემდეგ გაუჩინარდა, ამიტომ არავინ იცის, რა დაემართა. ერთხელ ბებიაჩემმა ბიბლია სამეფო ომის მუზეუმს აჩვენა, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია.”

კლერი მას შემდეგ გამოგვეხმაურა, რაც ონლაინ მიმართვა შეამჩნია, რომელიც განკუთვნილი იყო იმ საჩუქრების ყუთების მოსაძებნად, რომელიც პრინცესა მერიმ გადასცა ჯარისკაცებს პირველი მსოფლიო ომის დროს.

მან ინტერნეტში ნახა ერთ-ერთი ვიდეო ტყვიისგან გახვრეტილ კონსერვზე და გონებაში ლეონარდის ბიბლია ამოუტივტივდა.

კლერის დედამ, პაულამ, სცადა, ოჯახის ისტორიას ჩასძიებოდა, რომ ლეონარდის შესახებ მეტი გაეგო, რა შეემთხვა მას ომამდე და ომის შემდეგ, მაგრამ უშედეგოდ.

მან თქვა: „ვცადე სამხედრო ჩანაწერების მოძიება, მაგრამ ეს ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა. შევძელი და მისი სახელის კვალს მივყევი ლუდის ბარამდე სახელად, “Robin Hood Inn” რაშვუდში, 1901 წლის აღწერიდან, მაგრამ მხოლოდ ეს იყო. საქმე თარიღებსა და სახელებში არაა, არამედ მოგონებებსა და ისტორიებში, ადამიანების ცხოვრებაში და იმაში, თუ როგორ არიან ისინი დაკავშირებულნი ჩვენთან.”

 

წყარო

თარგმანი: ხატია ბარბაქაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

ჩატვირთვა...