გირჩის ბიბლიური თავისუფლება ანუ რელიგიურმა ორგანიზაციებმა პირველი-მეორეზე გავითვალოოოთ

0

პარადოქსების ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, თითოეული ჩვენგანისთვის არაახალია. ყური ისე მიეჩვია სიტყვათა უცნაურ თანწყობას, რომ აღარაფერი გვიკვირს. სამართლინი სასამართლოს გარანტი რომ იტყვის, „დედა ნათესავი არააო”, მერე ალბათ აღარც „მცურავი ხე”, „მოძალადე კომბლე” და „რელიგიური გირჩი” გაგიკვირდება.

ამ დალოცვილ ქვეყანაში ისე აირია მონასტერი, რომ ძაღლი პატრონს და ციანიდი ადრესატს ვეღარ ცნობს. პარლამენტი ერთ დიდ სამკერვალო ფაბრიკად რომ გადაიქცევა, სადაც უკვე მერამდენედ მიმდინარეობს დაკემსილი, დაკერებული კონსტიტუციის გადაკეთება და ახალი მთავრობის ტანზე მორგება, ალბათ გირჩის ახალგამომცხვარი „რელიგია” ერთადერთი „იმედი” რჩება მათთვის, ვისაც რომელიმე ციხის საგუშაგოზე ერთი წლით უსასყიდლოდ დგომა არ სურს.

მოკლედ, ქვეყანაში საყოველთაო მხიარულებაა და რატომღაც ამ დროს რელიგიურმა ორგანიზაციებმა პირველი-მეორეზე უნდა გავითვალოთ, დაახლოებით ისე, ქმარზე გაბრაზებული დედა უდანაშაულო ბავშვებს რომ სჯის ხოლმე…

ხანდახან მგონია, რომ მართლაც ტოლერანტულ ქვეყანაში ვცხოვრობ… თავის კარგად წარმოჩენა და საგარეო იმიჯის მორგება ნამდვილად არავისგან რომ არ გვესწავლება, ისეთი ვიცით. ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, „ვეფხისტყაოსნით”, კოსმოსში მონავარდე „ჩაკრულოთი”, ღვინითა და სტუმართმოყვარეობით და როგორც კი რომელიმე ოფიციალური პერსონა ქვეყნის „კარს გაიხურავს”, სახეს ვკარგავთ. მერე „დედა ნათესავი არ არის”, ხეები დაცურავენ, კონსტიტუცია „გვიჭერს”, ინგა გრიგოლია `„ქადაგებს” და რელიგიური ორგანიზაციები პირველი-მეორეზე ვითვლით…

p.s. ყოველ დღე, სამსახურამდე მიწისქვეშა გადასასვლელის გავლა მიწევს, იქ ნესტია და ბნელა. იქ მხვდებიან ერთიდაიგივე ადამიანები, მოვაჭრეები, რომელთაც სხვა სამყარო არ გააჩნიათ, რომელთა ცაც ბეტონია, მბჟუტავი ელ.ნათურა – მზე და ჰაერი – ნესტი. არ მიკვირს, კუთხეში მჯდარი მომღერალი კაცი რატომ მღერის ყოველდღე: „ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს…” ქვეეყანაში კი საყოველთაო მხიარულებაა…

  • 50
    Shares