დანიელის სამოცდაათი შვიდეული (აღსრულებული წინასწარმეტყველებების კვალდაკვალ)

583

1)  დანიელი – ღვთის კაცი.

2) დანიელი და გაბრიელი, წლის სამოცდაათი შვიდეული.

3) სამოცდამეათე შაბუიმი (დან. 9:24-27).

  • სამი პერიოდი 490 წლის განმავლობაში.
  • იერუსალიმის აღდგენის ბრძანება და მესიის გამოჩენა.
  • შვიდი კვირეული და სამოცდაორი შვიდეული.
  • 483 წლის შემდეგ (წლის 69 შვიდეული).
  • მათემატიკური გამოთვლები.
  • მცირე ისტორიული მიმოხილვა.

4) უკანასკნელი კვირეული და ორიათასწლიანი ნახტომი.

    • მომავალი მეფე

5) ორი დღე

    • მესამე დღე
    • მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით, ებრაულად: „იეშუა ჰა მაშიახ“

 

დანიელი 9:24-27

„შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშაული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა. ოღონდ იცოდე და შეიგნე: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან ცხებულამდე, წინამძღვრამდე, იქნება შვიდი შვიდეული და სამოცდაორ შვიდეულში აღდგება და აშენდება თავისი მოედნითა და თხრილით, ოღონდ ძნელბადობის ჟამს. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და არაფერი ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი წინამძღვრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნით მოვა, ბოლომდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია. იგი მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო ნახევარ შვიდეულში გააუქმებს მსხვერპლსა და ძღვენს, სიბილწეთა ტაძრის ფრთაზე იქნება გატიალების სიბილზე, ვიდრე აღსასრულამდე, და წინასწარგანსაზღვრული ეწევა გამტიალებელს.“

შესავალი

ღმერთის მიერ აბრაამისთვის მიცემული აღთქმანი ისრაელს ეკუთვნოდა და შესაბამისად,  ეკლესიასაც. მიუხედავად ამისა, უამრავი აღთქმა არსებობს, რომლებიც ეკუთვნის მხოლოდ ისრაელს და არა ეკლესიას. მაგალითად, აღთქმული მიწის დაპირება, რომელიც მხოლოდ ისრაელისთვისაა და უამრავი მისი მსგავსი, რომელთა ჩამოთვლა აქ აუცილებელი არ არის.

ღვთის სიტყვიდან ვგებულობთ, რომ ღმერთს ისრაელისა და იერუსალიმისთვის განსაკუთრებული დრო აქვს განსაზღვრული და ეს დრო შეადგენს 7 წელიწადს (დან. 9:27).წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე საკითხს, რომლებიც დაგვეხმარება პასუხი გავცეთ ზოგიერთ ისეთ კითხვას, როგორებიცაა:

  • როგორია ისრაელის მომავალი?
  • რას უნდა ელოდეს ჭეშმარიტი ეკლესია ღვთისაგან?
  • რა დაემართება ამ ქვეყნიერებას, რომელშიც ვცხოვრობთ?

 

1. დანიელი ღვთის კაცი

მიუხედავად ისრაელის არაერთგზის ორგულობისა, ჩვენს წინაშე იშლება მისი ვრცელი ისტორია. ღმერთი თავისი მოწყალების გამო, ყოველთვის გამოაჩენდა ხოლმე ისეთ ადამიანებს, რომლებიც ისრაელს თავისი ღვთისკენ შემობრუნებისკენ უბიძგებდნენ. ასეთები იყვნენ მოსე, მსაჯულნი, წინასწარმეტყველნი და სხვანი. ეჭვგარეშეა, მათ შორის მოიაზრება წინასწარმეტყველი დანიელიც.

მას შემდეგ, რაც ღმერთმა ამაოდ მისცა მონანიების უამრავი შესაძლებლობა ისრაელს, იგი ტყვედ იქნა წაყვანილი ბაბილონში. ქრისტეს შობამდე 606 წელს, ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაიპყრო იერუსალიმი და ტყვედ წაასხა ისრაელიანები თავის სამეფოში სამსახურისათვის (დან. 1:3-4). მათ შორის იყო ახალგაზრდა დანიელიც. ეს ტყვეები განისწავლნენ მთელი ბაბილონური სიბრძნით, რათა შესძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა.

დანიელმა გამოავლინა თავისი სამაგალითო ხასიათი, სიბრძნე და წინასწარმეტყველური ნიჭი, რითიც ღმერთის მიერ იყო დაჯილდოვებული თავისი ერთგულების გამო. ამ ყველაფრის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ დანიელი უბრალო ტყვეს წარმოადგენდა, იგი დანიშნული იქნა ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე ბაბილონის სამეფო კარზე (დან. 2:48).

თავისი ერთგულების გამო, დანიელი საკუთარ წოდებას დიდად აღემატებოდა. ამ უცხო მიწაზე იგი მუხლმოყრილი ლოცულობდა ისრაელის ღმერთის წინაშე, მაშინაც კი, როდესაც შურიანი მთავრების მცდელობით აკრძალული იყო სხვა ნებისმიერი ღმერთის სახელის მოხმობა, გარდა თავად ბაბილონის მეფისა (დან.6:10-13). ეს კი ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა მას, მაგრამ ღმერთმა შეძლო მისი დახსნა.

იგი გამუდმებით აღავლენდა მადლიერების ლოცვას და შუამდგომლობდა თავისი დატყვევებული ხალხისთვის. დანიელი არა მხოლოდ დაუღალავად ლოცულობდა და ევედებოდა უფალს, არამედ იგი,  უამრავი „თანამედროვე მსახურისაგან“ განსხვავებით, აცნობიერებდა, რომ ღმერთს დადგენილი ჰქონდა დროები და ვადები, ვინაიდან სწამდა წინასწარმეტყველებისა. მის წიგნში ვკითხულობთ:

პირველ წელს, დარიოს ქსერქსეს ძისა, მოდგმით მიდიელისა, რომელიც ქალდეველთა სამეფოზე გამეფდა, მისი მეფობის პირველ წელს, მე, დანიელმა, წიგნებით გავიგე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი შეუსრულდებოდა იერუსალიმის ნანგრევებს“ (დან. 9:1-2). 

ქრისტეს შობამდე 538 წელს, ლოცულობდა დანიელი და შუამდგომლობდა დამპყრობელთაგან თავისი ხალხის განთავისუფლებისათვის. დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები 70 წლის ვადის გასვლამდე სულ რაღაც 2 წელი რჩებოდა (იხ. იერ. 25:11). ამ ლოცვის დროს ღვთისგან წარმოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი წარდგა დანიელის წინაშე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი უწყება მოჰქონდა დანიელისათვის (დან. 9:20-23).

გაბრიელი დაელაპარაკა დანიელს და უთხრა, რომ წარმოგზავნილი იყო ღვთისაგან, რათა მიეცა მისთვის იმ წინასწარმეტყველებათა სიბრძნე და გაგება, რომლებიც უნდა აღსრულებულიყო მომავალში (დან. 9:22). პირველი მიზეზი, რის გამოც გაუმხილა გაბრიელმა დანიელს ეს წინასწარმეტყველება, იყო ის, რომ დანიელი „სასურველი კაცი“ იყო (დან. 9:23, 1კორ. 2:9). აშკარაა, რომ დანიელის ასეთი „სასურველობა“ იმითიც იყო გამოწვეული, რომ მას მთელი არსებით უყვარდა ისრაელი, რაზეც მისი განუწყვეტელი ლოცვა-ვედრებაც მეტყველებდა. ეს კი ნამდვილად კარგი მაგალითია ჩვენთვის.

2. დანიელი და გაბრიელიწლის სამოცდაათი შვიდეული

ის, რაც დანიელმა იმ დროს განიცადა, ძალიან ცოტას თუ ექნება განცდილი ამ ცხოვრებაში. ჩვენ კი იმითიც კურთხეულნი ვართ, რომ შეგვიძლია წავიკითხოთ ეს წინასწარმეტყველება და უფრო მეტიც,  გავიგოთ იგი, ვინაიდან ჩვენს ეპოქაში ბევრი რამ უკვე აღსრულებულია და ეს წინასწარმეტყველება გვესმის ისე, როგორც თვით დანიელსაც არ შეეძლო წარმოედგინა.

მაშინ, როდესაც უკვე დგებოდა დანიშნული დრო ისრაელის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად, ღმერთმა დანიელს მთავარანგელოზის მეშვეობით გამოუგზავნა შთამბეჭდავი გამოცხადება. ამ წინასწარმეტყველურ გამოცხადებას ვუწოდებთ „სამოცდაათი შვიდეულის“ გამოცხადებას (იხ. დან. 9:24-27), რაც დიდად გვეხმარება ჩავწვდეთ ღმერთის მზრუნველობას ისრაელისა და იერუსალიმისადმი.

პირველ რიგში, ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რას ეუბნება გაბრიელი დანიელს, ხოლო შემდეგ მივყვეთ და ნაწილ-ნაწილ შევისწავლოთ ის.

დან. 9:24 – „შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშაული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.“

გაბრიელი ცალ-ცალკე გამოყოფს წინასწარმეტყველებას, ვინაიდან განსაზღვრულია ცალკე დრო ისრაელისათვის („შენი ერი“) და ცალკე – წმიდა ქალაქისათვის („იერუსალიმს“).

ყოველთვის მივაქციოთ ყურადღება, რას ეხება წინასწარმეტყველება – ისრაელს, თუ იერუსალიმს.

ამ დროის მონაკვეთში, რომელსაც შევისწავლით, მთელი რიგი მოვლენები უნდა მომხდარიყო ისრაელის ცხოვრებაში. ჩამოვთვალოთ 6 მათგანი:

1) „რათა აღიკვეთოს დანაშაული“ – ეს დანაშაულის აღკვეთა, არ უნდა გავიგოთ, როგორც ზოგადად ღვთისადმი ადამიანის დაუმორჩილებლობის დასრულება, არამედ ეს არის ისრაელის ღვთისადმი მასიური ურჩობისა და ჯანყის დასრულება. უნდა გავიგოთ, რომ გაბრიელი არ გულისხმობს მთელს მსოფლიოს, არამედ ისრაელსა და იერუსალიმს.

2) „ბოლო მოეღოს ცოდვებს“ – ისევ და ისევ იგულისხმება ისრაელი და იერუსალიმი. ცოდვა (ბერძ. ანომია), რაც ნიშნავს რჯულის ან ღვთის ნების უგულებელყოფას. ეს იგივეა, რაც უკეთურება, იცოდე რა არის კარგი და მაინც აკეთებდე ცუდს (1 იოან. 3:4; იაკობ. 4:17). განსხვავება წინამდებარე „დანაშაულსა“ და „ცოდვას“ შორის  ისაა, რომ პირველი უფრო კავშირშია დაწერილ კანონთან, ხოლო მეორე კი მოიაზრებს ღვთის ნების უგულებელყოფას, ღმერთის ნების ზურგშექცევას, საკუთარი ნებით სიარულსა და ღვთის სურვილის არად ჩაგდებას. სამოცდაათი შვიდეულის კონტექსტში დასრულდება დანაშაული და წერტილი დაესმება ცოდვას ისრაელში (რომ. 11:26-27).

3) „შენდობილ იქნება უკეთურება“ – უკეთურება უსამართლობაა. ეს არის არასწორი მდგომარეობა ღმერთთან მიმართებით, მისი სიწმინდისა და სიმართლის შეუცვლელი ნორმების უგულებელყოფის მეშვეობით.

ქრისტემ თავისი სიცოცხლე ყველა ადამიანისათვის გასწირა, როგორც წარმართთათვის, ისე – იუდეველთათვის. უკეთურება დამარცხებული იქნა ქრისტეს სისხლით, ანუ ქრისტეს სამართლიანობით აღიკვეთა უსამართლობა. ეს ყველაფერი სისრულეში მოვა, როცა იესოს დაღვრილი სისხლი თავის შედეგს გამოიღებს როგორც თითოეულ ადამიანზე, ასევე მთლიანად ისრაელზე – ღმერთის ერზე. მაშინ აღსრულდება წერილი, რომელსაც ვკითხულობთ ზაქ. 12:10-13; 13:1; რომ.11:25-27 და სხვა მუხლებში.

4) „დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა“ – აქ ხსენებული საუკუნო სამართლიანობა  მარადიული სამართლიანობაა. ნუთუ არსებობს მსგავსი რამ ახლანდელ წუთისოფელში? რა თქმა უნდა, არა! გაბრიელის მიერ წარმოთქმული უწყებიდან ვგებულობთ, რომ სამოცდაათი შვიდეულის დასასრულს დამყარდება საუკუნო სამართლიანობა ისრაელსა და იერუსალიმში, ხოლო გამოცხადების მე-19-20 თავებში ვხედავთ, რომ იგი დამყარდება მთელს დედამიწაზე, რაც არის გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა (გამოცხ.1:1) და იმეფებს იგი ათასი წელი (გამოცხ. 20:4; იერ. 23:5-6; ეს. 11:9; აბაკ. 2:14 და ა.შ).

5) „რათა დაიბეჭდოს ხედვა და წინასწარმეტყველება“ – შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად უკვე დაბეჭდილია ეს წინასწარმეტყველური სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში უდაოდ იგულისხმება წინასწარმეტყველების საბოლოო, სრულყოფილი აღსრულება. ხოლო რა წინასწარმეტყველებაზეა საუბარი, ვგებულობთ იოანეს გამოცხადების წიგნიდან (1:1) – „ის, რაც უნდა მოხდეს მალე.“

წინასწარმეტყველებისა და ხედვის „დაბეჭდვა“ ასევე მიანიშნებს მის დალუქვას, დახურვას, რადგან ის ყველაფერი, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო შესრულებული და დასრულებული იქნება, ხოლო იმედი და წინასწარმეტყველება დაკარგავენ თავიანთ ფუნქციას. შეიძლება ითქვას, დაიხურება წინასწარმეტყველების წიგნები, დაილუქება და გვერდზე გადაიდება.

6) „ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა“ – ეს ფრაზა ოდნავ ბუნდოვანია, ვინაიდან „კადეშ კადეშიმ,“ როგორც წერია ებრაულ დედანში, ქართულად ითარგმნება, როგორც „წმიდათა-წმიდა.“ ეს იგივე სიტყვაა, რაც გამოიყენებოდა მოსეს კარვის და ასევე ტაძრის შუაგულის აღსანიშნავად, თუმცაღა, კონტექსტიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ საუბარი შეეხება იერუსალიმის ტაძრის წმიდათა წმიდაის, რომელიც იქნება დაფუძნებული ათასწლოვანი მეფობის დროს, როგორც ნიშანი იაჰვეს თანდასწრების დაბრუნებისა და მის ხალხს შორის დამკვიდრებისა. ამას კომენტატორი მაკ-არტურიც ეთანხმება და წერს: „აქ იგულისხმება იმ ტაძრის შუაგული, რომელიც იქნება იერუსალიმში ქრისტეს ათასწლოვანი მეფობის დროს.“

3. სამოცდამეათე შაბუიმი (კვირეული) – დან. 9:24-27

მაშ ასე, რას უნდა ნიშნავდეს სამოცდაათი კვირეული? პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ტერმინ „კვირეულს.“ ებრაული სიტყვა „შაბუიმი,“ რომელიც მრავლობითი ფორმაა სიტყვისა „შაბუა“ (შვიდეული), შეიძლება ითარგმნოს, როგორც „შვიდეულებისაგან შემდგარი ჯგუფი.“

დღეს, როდესაც ვამბობთ სიტყვას „კვირა,“ ვგულისხმობთ შვიდ ერთეულ დღეს, მაგრამ ებრაულ ენაში ამ სიტყვით („შაბუა“) გულისხმობდნენ, როგორც შვიდ დღეს, ასევე შვიდ თვეს, ანდა შვიდ წელიწადს.

კონტექსტიდან გამომდინარე, როგორც განაცხადა მთავარანგელოზმა გაბრიელმა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს სამოცდაათი შვიდეული შეეხება არა დღეებს, ან თვეებს, არამედ სამოცდაათ შვიდწლედს, ანუ თუ ყოველი „დღე“ იქნებოდა ერთი წელიწადი, ჯამში მივიღებდით 490 წელს.

კომენტატორი სკოფილდი წერს: „აქ აღწერილი შვიდეული, სწორი იქნება თუ გაგებული იქნება, როგორც „შვიდწლედი.“ ამ „კვირების“ განმავლობაში ისრაელის ეროვნული სასჯელი უნდა დასრულებულ იქნას და იგი უნდა აღდგენილ იქნას, როგორც მარადიულ სამართლიანობაში დამკვიდრებული ღვთის ერი.“

მაშ ასე, მარტივი არითმეტიკული გამოთვლით – 70X7=490 წელს.

ასე მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 490 წელი იქნება საჭირო, რათა აღსრულდეს ზემოთ ჩამოთვლილი 6 პუნქტი.

 

ა) 490 წლის სამი პერიოდი

ასევე დავინახავთ, რომ ეს 490 წელიწადი იყოფა სამ განსაკუთრებულ პერიოდად. ესენია:

1. შვიდი შვიდეული 49 წელი.

2. სამოცდაორი შვიდეული 434 წელი.

3. ერთი შვიდეული 7 წელი.

 

1. შვიდეულის პერიოდში (49 წელი) იერუსალიმი აღდგენილი იქნება „ძნელბედობის ჟამს.“ ეს პერიოდი უკვე აღსრულდა ისე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო. ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას ვხედავთ ეზრასა და ნეემიას წიგნებში.

2. 62 შვიდეული (434 წელი) მესია მოვიდა თავისიანებთან (მუხლი 25-ე).

3. მომავალი 1 შვიდეული (7 წელი) – იგივე უკანასკნელი შვიდეული, რომელიც ჯერ კიდევ არ აღსრულებულა.

მაშ ასე, ისმის კითხვა: „როდის დაიწყო 490 წლის ათვლა?“ ამ კითხვას მივყავართ შემდეგ მუხლამდე:

დანიელი 9:25

ოღონდ იცოდე და შეიგნე: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან ცხებულამდე, წინამძღვრამდე, იქნება შვიდი შვიდეული და სამოცდაორ შვიდეულში აღდგება და აშენდება თავისი მოედნითა და თხრილით, ოღონდ ძნელბადობის ჟამს.“

მთავარანგელოზი გაბრიელი მოუწოდებს დანიელს, რომ შეიგნოს და იცოდეს, რომ არის პერიოდი, რომელიც შედგება შვიდი შვიდეულისა და სამოცდაორი შვიდეულისაგან, რომელიც იმ დროიდან დაიწყება, როდესაც გამოვა „იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანება.“

იმ დროს, როდესაც დანიელი უსმენდა გაბრიელს, ღვთის ერი ჯერ კიდევ ბაბილონის ტყვეობაში იმყოფებოდა, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მხოლოდ 2 წელი აკლდა იმ 70 წლის დასრულებას, რომელიც ნაწინასწარმეტყველები იყო იერემიას მიერ ისრაელის ბაბილონში ტყვეობის შესახებ, ამიტომ, დანიელს კარგად ესმოდა, რაზე საუბრობდა გაბრიელი.

დანიელისა და გაბრიელის საუბრიდან ორ წელიწადში მოვიდა სპარსეთის მეფე კიროსი, რომელმაც აღასრულა ესაიას წინასწარმეტყველება (ეს. 45:1-7), დაიპყრო  ბაბილონი და ასე დაამხო ქალდეველთა იმპერია. ეს მოხდა 536 წ. ქრ. შობამდე. მაშინ კიროსმა, სპარსეთის მეფემ, გამოსცა ბრძანება, რათა აღდგენილიყო იერუსალიმის ტაძარი (იხ. ეზრა 1: 1-3; 2 ნეშტ. 36:20-23). თუმცაღა, ეს არ ყოფილა იერუსალიმის აღდგენის ბრძანება (მუხლი 25-ე). ერთია ტაძრის აღდგენის ბრძანება და სხვაა იერუსალიმის, როგორც ქალაქის აშენება, რომელიც პირველ რიგში იწყებოდა მისი კედლების აღდგენით, რის შესახებ ბრძანებაც გარკვეული წლების შემდეგ სპარსეთის მეფე არტაქსერქსემ გამოსცა, სახელდობრ, 445 წელს ქრ. შობამდე.

ნეემიას მეოცე თავის პირველი მუხლის მიხედვით, ეს ბრძანება გამოცემულ იქნა მისი მეფობის მე-20 წელს.

ნეემია 2:1-6

და ერთხელ, ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეფობის მეოცე წელს, მოართვეს მას ღვინო. და ავიღე ეს ღვინო და დავუსხი მეფეს; და თითქოს არ ვიყავი მწუხარე მის წინაშე, მაგრამ მკითხა მეფემ: რატომა გაქვს სახე სევდიანი, ავად ხომ არ ხარ? ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა სევდა გულისა?“ და ძალზე შევშინდი. და ვუთხარი მეფეს: „იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სახე სევდიანი, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების საფლავები მეგულება, დანგრეულია და კარიბჭენი მისი ცეცხლშია დაბუგული?“ და მითხრა მეფემ: „რას ითხოვდა ვილოცე ცათა ღვთის მიმართ: და ვუთხარი მეფეს: „თუ მეფე ინებებს და, თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენს წინაშე, მაშინ გამიშვი იუდაში, ჩემი მამების საფლავთა ქალაქში, და ხელახლა გავაშენებ მას.“ და მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალიც ეჯდა გვერდით: „რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?“ და მოეწონა მეფეს ჩემი გაგზავნა და გამიშვა, და მე დავუთქვი დრო.“

არტაქსერქსეს მეფობის მეოცე წლის ნისანის თვე, როგორც  და დაადგინეს გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიაში (გაერთიანებული სამეფო),  არის 445 წლის მარტის თვე. მაშ ასე, უკვე ვიცით 490 წლის საწყისი წერტილი.

„…ცხებულამდე…“ (მუხლი 25-ე), როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქ მთავრდება 7 და 62 შვიდეული.

ვიდრე დეტალურად განვიხილავდეთ ამ საიდუმლოებით მოცულ პერიოდს, მოდით ვნახოთ, თუ რას ნიშნავს ტერმინი „ცხებულამდე, მთავრამდე.“

უდავოა, რომ ეს ცხებული იყო იესო ქრისტე და ზუსტად მაშინ, როდესაც ეს პერიოდი შესრულდა, იესო გამოეცხადა ისრაელს, როგორც მესია, ვისაც ელოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი უარყოფილ იქნა.

ამის გამო იესო წუხდა ისრაელიანებზე, რასაც ვკითხულობთ ლუკას 19:41-44-ში. რას შეეხებოდა ეს წუხილი? ამას ვკითხულობთ 42-ე მუხლში: „ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის, მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან.“  ზუსტად ეს დღე იყო ქრისტეს სახალხოდ გამოცხადების თარიღი. ეს იყო ნისანის თვის 10 რიცხვი (32 წ. 4 აპრილი). ეს ის კვირა იყო, რომელსაც წმიდა კვირასაც უწოდებენ და ამ დღეს სრულდებოდა აბსოლუტური სიზუსტით დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები 7(49წ)+62(434წ)=69(483წ).

 

შვიდი კვირეული და სამოცდაორი კვირეული

დანიელი 9:25

ოღონდ იცოდე და შეიგნე: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან ცხებულამდე, წინამძღვრამდე, იქნება შვიდი შვიდეული და სამოცდაორ შვიდეულში აღდგება და აშენდება თავისი მოედნითა და თხრილით, ოღონდ ძნელბედობის ჟამს.“

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ 70 შვიდეული ანუ 490 წელიწადი დადგენილია მხოლოდ და მხოლოდ ისრაელისთვის, ღმერთის ერისათვის (დან.9:24) და იგი დაიწყო სპარსეთის მეფის არტაქსერქსეს ბრძანების გამოსვლიდან, რომელიც იყო 445 წლის (ქ.შ-მდე) ნისანის თვის (1 თვის) 10 რიცხვში.

აქედან გამომდინარე, გაბრიელი ამბობდა, რომ უნდა გასულიყო 7 შვიდეული წელი და 62 შვიდეული წელი, მესიის გამოცხადებამდე ანუ მის ტრიუმფალურ შესვლამდე იერუსალიმში და მის გოდებამდე ღვთის ქალაქზე (ლუკ.19:28-44).

ისმის კითხვა: რატომ გამოყოფს დანიელი 7 შვიდეულს 62 შვიდეულისაგან?

როგორც ვნახეთ, 7 შვიდეული შეადგენდა 49 წელიწადს. ამ წლებში აღდგენილ იქნა იერუსალიმის კედლები და ეს პერიოდი ნამდვილად წარმოადგენდა ძნელბედობის ჟამს. ამ წელს მალაქიას წიგნით სრულდება ძველი აღთქმის პერიოდი და იწყება აღთქმათაშორისი 62 შვიდეულისაგან შემდგარი (434 წლიანი) დუმილი.

62 X 7= 434 წელს.

მაშ ასე, ვხედავთ, რომ გაბრიელი გამოყოფდა ორ მოვლენას: იერუსალიმის აღდგენას და იესო ნაზარეველის მესიად გამოცხადებას.

ასე რომ, ჩვენს წინაშეა 7 შვიდეულისა და 62 შვიდეულის ჯამი, რომელიც შეადგენს: (7 X 7) + (62 X 7) = 483. ეს ის ნაწინასწარმეტყველები წლებია, რომლებიც უკვე აღსრულდა ისრაელსა და იერუსალიმზე. 69 შვიდეული, ასე ვთქვათ, სამოცდაათს გამოკლებული ერთი შვიდეული.

თუ წავიკითხავთ ნეემიას წიგნს, დავინახავთ, თუ როგორ შენდებოდა იერუსალიმი და რა ძნელბედობის ჟამი იყო ისრაელისთვის ეს პერიოდი. საოცარია, როგორ მართავს ღმერთი ერების ისტორიას და ის, თუ როგორ აკონტროლებს იგი ყოველივეს.

ამგვარად, დავიმახსოვროთ, რომ 490 წლიდან, რომელიც ნაწინასწარმეტყველები იყო ისრაელსა და იერუსალიმზე, ჯერჯერობით მხოლოდ შესრულებულია 483 წელი (დან. 9:25).

483 წლის შემდეგ (69 შვიდეული წელიწადი)

დანიელი 9:26

„…სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და არაფერი ექნება…“

მაშ ასე, იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოსვლიდან, ზუსტად 62 შვიდეული წლის შემდეგ, გაბრიელი დანიელს რაღაც საიდუმლოებით მოცულს ეუბნება. ეს საიდუმლო იყო დანიელისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს უკვე ცხადია და უფრო მეტიც, ჩვენი გადარჩენის მთავარი მიზეზია. მოიკვეთება მესია (სხვა თარგმანის მიხედვით  – სიცოცხლეს წაართმევენ), რაც არც მეტი, არც ნაკლები, აღსრულდა ქრისტეს ცხოვრებაში, რომელიც მოკვდა ჯვარზე თითოეული ჩვენგანისთვის გოლგოთის მთაზე. ეს მოვლენა კი ღმერთს უკვე დანახული ჰქონდა ჯერ კიდევ დედამიწის შექმნამდე (1 პეტრ 1:19-20).

მცირე მათემატიკური გამოთვლები

გამოცხადებაში, რომელიც დანიელს მიეცა, საუბარია მთვარის და არა მზის წლებზე, რომლის კალენდარიც ახლა გვაქვს.

იმისათვის, რომ გამოვითვალოთ, როგორ აღსრულდა დანიელის ხილვა ისტორიაში, ჩავატაროთ მარტივი გამოთვლა. 445 (ქ.შ-მდე) წლის 14 აპრილიდან (როდესაც გამოიცა იერუსალიმის აღდგენის ბრძანება) იქამდე, როდესაც ქრისტე გამოეცხადა წუთისოფელს, ანუ 32 წლის 6 აპრილამდე (ნისანის თვე 10) ვხედავთ, რომ გავიდა 173 880 დღე.

(როდესაც ვითვლით წლებს ძველსა და ახალ წელთაღრიცხვას შორის, უნდა გვახსოვდეს, რომ ძველ წელთაღრიცხვასა და ახალ წელთაღრიცხვას შორის 0 წელი არ არსებობდა. ძველი წ. აღ-ის 1-ლი წლის შემდეგ პირდაპირ მოდის ახ. წ. აღ-ის 1-ლი წელი.)

მათ კი, ვისაც გსურთ გამოითვალოთ 69 შვიდეული წელი, შეგიძლია მიჰყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ: ქრისტეს შობამდე 445 წლის 14 მარტიდან (იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოსვლის თარიღი) ქრ. შობიდან 14 მარტამდე გავიდა 476 წელიწადი. თითოეულ წელიწადს თუ გადავამრავლებთ 365 დღეზე, ჯამში მივიღებთ 173.740 დღეს. შემდეგ დავამატოთ 24 დღე, რომელიც არის 14 მარტსა და 6 აპრილს („ბზობის კვირა“ –  ქრისტეს დიდებით შესვლის თარიღი იერუსალიმში). ახლა კი დავამატოთ მთელი ამ პერიოდის ნაკიანი წლებისთვის თითო დღე – 116 დღე (გამოთვლილია გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიაში); მთლიანად შეადგენს:

173,740 (476წX365დღ) დღეს.

+          24 (14 აპრილიდან 6 მაისამდე)

+        116 (ნაკიანი წლების დამატებითი დღეები)

173,880 დღე ჯამში.

ახლა კი, თუ დავიანგარიშებთ დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველებ 69 შვიდეულ წელიწადს (ბიბლიური წლები შედგებოდა 360 დღისაგან) მივიღებთ შემდეგ რიცხვს:

69 (ნაწინასწარმეტყველები შვიდეული)

X  7   (7 წელი)

483 ბიბლიური წელიწადი.

X360 ბიბლიური წელიწადის დღეები.

173,880 დღე – დღეების ზუსტად ის რაოდენობა, რაც გავიდა იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოსვლიდან ქრისტეს ზეიმით შესვლამდე იერუსალიმში.

ეს წინასწარმეტყველება სრული სიზუსტით აღსრულდა!

როგორც ზემოთ დავასკვენით, ეს 483 წელიწადი არის ის 69 შვიდეული, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო დანიელის მიერ და რაც სიტყვასიტყვით აღსრულდა.

რა შეიძლება ვთქვათ უკანასკნელ შვიდეულზე? უდავოა, რომ იგი ჯერ კიდევ ელოდება თავის აღსრულებას.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ ჩამოთვლილი 6 პუნქტი (იხ 24 მუხლი) ჯერ კიდევ არ აღსრულებულა ისრაელსა და იერუსალიმზე.

შეგვიძლია უკანასკნელი შვიდეული წელიწადი, რომელიც ჯერ კიდევ უცდის თავის აღსრულებას ისრაელის მიმართ, ღვთის წყალობის გამოვლინებად მივიჩნიოთ. ამგვარად, შეიძლება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მივიჩნიოთ ე.წ. „ჩანაცვლების თეოლოგია,“ რაც გულისხმობს ისრაელის ეკლესიით ჩანაცვლებასა და ისრაელის სამუდამოდ მიტოვებას ღმერთის მიერ.

მცირე ისტორიული მიმოხილვა

ვიდრე ისტორიულ მოვლენებს შევეხებოდეთ, მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ 26-ე მუხლს:

„ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი წინამძღვრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნით მოვა, ბოლომდე იქნება ომი.“

თავისი დავალების მიხედვით, გაბრიელი დანიელს გადასცემს იმ მოვლენის შესახებ უწყებას, რომელიც იერუსალიმში უნდა მომხდარიყო დაახლოებით 600 წლის შემდეგ. დანიელისგან განსხვავებით, ჩვენ ამას უკვე ნათლად ვხედავთ ისტორიიდან, საიდანაც ვიგებთ: ქრ. შობიდან 68 წელს იმპერატორი ნერონი უკვე მკვდარი იყო, ხოლო რომის ახალი იმპერატორი გახლდათ ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე, რომელიც იყო წინამორბედი, აწ გარდაცვლილი, კეისრის გენერალი.

მისმა შვილმა, რომელსაც ასევე ტიტუსი ერქვა, ქრ. შობიდან 70 წელს დაანგრია ქალაქი იერუსალიმი და ტაძარი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თვითონ მან კი არა, არამედ მისმა ხალხმა, ანუ მისმა ლაშქარმა. მათ ისე დაშალეს იერუსალიმის ტაძარი, რომ ქვა ქვაზე არ დატოვეს (ისე, როგორც იწინასწარმეტყველა უფალმა ლუკ. 21:5-6), ვინაიდან იმედოვნებდნენ, რომ მის საძირკველში დიდძალი ოქრო იქნებოდა ჩატანებული. ასე აღსრულდა უფლის წინასწარმეტყველება ზეთისხილის მთაზე, რომელიც წარმოთქვა ჯვარცმამდე (იხ. ლუკ.21:20-24).

ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი თავის წიგნში „იუდეველთა ომი“ (წიგნი მე-5, თავი მე-11, ნაკვეთი მე-2) აღწერს იერუსალიმის გარშემო არსებულ მთებს, რომლებიც მოფენილი იყო ჯვრებით იქამდე, სადამდეც თვალი მისწვდებოდა. ასე სიტყვასიტყვით აღსრულდა ქრისტეს მიმართ სატანისაგან სიძულვილით აღძრული იუდეველთა შეძახილი: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგისი სისხლი.“

შენიშვნა: მიგვაჩნია, რომ ქრისტეს სიკვდილი და დაახლოებით, 40 წლის შემდეგ იერუსალიმის დანგრევა არ მოიაზრება 70 შვიდეულში. ამას ეთანხმება მთავარანგელოზი გაბრიელიც: „და სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ…“ (მუხ.26) და როგორც დავინახავთ, ჯერ კიდევ დარჩენილია შვიდი წელიწადი (ერთი შვიდეული), რათა დასრულდეს 70 შვიდეული.

სკოფილდი წერს:

„ქრისტეს ჯვარცმის თარიღი არ არის აღნიშნული დანიელის წიგნში, არამედ წერია რომ აღსრულდება სამოცდაორი შვიდეულის „შემდეგ.“ ქრისტეს ჯვარცმა არის პირველი მოვლენა, რაც აღნიშნულია 26-ე მუხლში. მეორე მოვლენა კი არის ტაძრის და იერუსალიმის დანგრევა, რომელიც აღსრულდა ქრ.შ დან 70 წელ

 

4. უკანასკნელი შვიდეული და 2000 წლიანი შუალედი

სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და არაფერი ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი წინამძღვრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნით მოვა, ბოლომდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია“ (დან. 9:26).

როგორც ვნახეთ ფრაზა – „ბოლომდე იქნება ომი,“ არ ეხება მხოლოდ 70 წლის მოვლენებს, არამედ საუბრობს დაუსრულებელი ომებით ტანჯვაზე, როგორც აღსრულდა კიდეც. დღესაც, ისრაელი და მისი შემოგარენი თავისი სამხედრო აქტიურობის წყალობით, გამუდმებით მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია (ზაქ.12:2).

ამდენად, წერილიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ გარკვეული პერიოდი უნდა გასულიყო იერუსალიმის ტაძრის დანგრევიდან (ქრ. შობიდან 70წ.) უკანასკნელი შვიდეულის დადგომამდე. როგორც ვხედავთ, უკვე 2000 წელი გავიდა.

შევაჯამოთ: იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ, გადმოვიდა სულიწმიდა 120 მოწაფეზე, რომლებიც ლოცულობდნენ ზედათვალში, იერუსალიმში, ქრისტიანულმა ეკლესიამ დაიწყო ფუნქციონირება.

სულთმოფენიდან ორმოცდათოთხმეტი დღით ადრე, როდესაც იესო იერუსალიმში თავისი ტრიუმფალური შესვლისას ტიროდა იერუსალიმზე და ამბობდა: „აჰა, თქვენი სახლი გრჩებათ ოხრად. და გეტყვით, რომ ვეღარ მიხილავთ, ვიდრე არ იტყვით: კურთხეულია უფლის სახელით მომავალი“ (ლუკ.13:35).

ეს „სახლი“ იყო იერუსალიმი. ღმერთმა განაცხადა, რომ მიატოვებდა მას. იმ დროიდან დღემდე ორიათასი წელი გავიდა. ღმერთის მიერ ეკლესიისთვის მინიჭებული ფუნქცია კი ის იყო, რომ სახარება გაევრცელებინა ყველა ერში დედამიწის კიდეებამდე. იმ დროს ეკლესიის პერიოდი, რომელიც შედგებოდა იუდეველი მორწმუნეებისაგან (საქმე. მე-2 თავი).

მცირე დროში ისრაელი, როგორც სახელმწიფო, გაქრა. ებრაელები გაიფანტნენ სხვა ერებში. მოხდა ის, რაზეც მოსე აფრთხილებდა ებრაელებს (რჯლ.28:63-65). უამრავმა ადამიანმა კი დაიჯერა, რომ ღმერთმა სამუდამოდ დაასრულა თავისი ურთიერთობა ისრაელთან, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. დღეს ვხედავთ, რომ ისრაელი თავის მიწაზე იმყოფება ხელახლა. დიდება ღმერთს ამისათვის!

არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც იესომ თქვა: „ვეღარ მიხილავთ ვიდრე არ აღსრულდება ჟამი.“

რა დროზე მიანიშნებდა იესო ამ სიტყვებით? უდავოა, რომ საუბარია იმ ჟამზე, იმ შვიდწლიან პერიოდზე, როდესაც ღმერთმა უნდა დაასრულოს თავისი შრომა ისრაელზე. ახლა სწორედ ამ პერიოდს მიმოვიხილავთ.

 „იგი მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო ნახევარ შვიდეულში გააუქმებს მსხვერპლსა და ძღვენს, სიბილწეთა ტაძრის ფრთაზე იქნება გატიალების სიბილწე, ვიდრე აღსასრულამდე, და წინასწარგანსაზღვრული ეწევა გამტიალებელს“ (დანიელი 9:27).

როგორც ვნახეთ, სამოცდაათი შვიდეული ანუ 490 წელიწადი იყო განსაზღვრული ისრაელისა და იერუსალიმისთვის. აქედან, 69 შვიდეული იგივე 483 წელიწადი ერთი დღის სიზუსტით აღსრულდა. ამას კი მივყავართ დასკვნამდე, რომ კიდევ რჩება ერთი შვიდეული (7 წელიწადი) ამ წინასწარმეტყველების დასრულებამდე.

სკოფილდი თავის კომენტარებში წერს: „სამოცდამეათე შვიდეულის ხანგრძლივობა არც მეტი არც ნაკლები 7 წელიწადს შეადგენს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ წინამდებარე 69 შვიდეული პირდაპირი მნიშვნელობით აღსრულდა და ერთი დღეც არ გადაცდენილა.“

ეკლესიის ისტორიის თითქმის 2000 წლის შემდეგ, ღმერთი დაუბრუნდება ისრაელს, როგორც დაწერილია: „რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას მიაქცევს ისრაელისგან. ეს არის ჩემი აღთქმა მათდამი, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს“ (რომ.11:25-27) .

იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, რომელსაც ის წმინდანები შეადგენენ, რომელნიც „ღმერთმა სცნო,“ ემზადება იმისათვის, რათა ატაცებული იქნეს ამ დედამიწიდან (1თეს. 4:13-18). ამ მოვლენით დასრულდება ეკლესიის მოღვაწეობის პერიოდი და დაიწყება ისრაელისა და იერუსალიმის პერიოდი, რომელიც შეჩერებული იყო 2000 წლის განმავლობაში. იგი თავიდან განახლდება და 7 წელიწადს გასტანს, როგორც წინასწარ უთხრა მთავარანგელოზმა გაბრიელმა დანიელს:

დანიელი 9:27

იგი მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში…“

რობერტ ანდერსონი თავის წიგნში – „მომავალი წინამძღოლი,“ ასე განმარტავს: „უდავოა, რომ ის მოვლენები, რომლებიც აღწერილია, მიეკუთვნება განსაზღვრულ მომავალ პერიოდს…  ასე სწამდა პირველ ეკლესიას… ეპისკოპოსი იპოლიტო, მესამე საუკუნის დასაწყისში წერდა წერდა დანიელის 9:27-ის შესახებ: „ერთ შვიდეულში მოიაზრება უკანასკნელი შვიდეული, რომელიც უნდა იყოს მთელი მსოფლიოს აღსასრული. ამ შვიდეულში წინასწარმეტყველი ენოქი და ელია შეუდგებიან მოღვაწეობას, ვინაიდან იქადაგებენ 1260 დღის მანძილზე ძაძებით შემოსილნი (გულისხმობდა ორი მოწმის ქადაგებას).

მაშ ასე, ახლა განვიხილოთ დეტალურად, თუ რა მოხდება ამ საბოლოო კვირეულში, რომელიც ბოლო ნაწილია დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები 70 შვიდეულისა.

1. „მომავალი წინამძღვარი“ (მუხლი 27)

„იგი მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო ნახევარ შვიდეულში გააუქმებს მსხვერპლსა და ძღვენს…“

თუ დავუკვირდებით კონტექსტს, „მომავალი წინამძღვარი“ ასევე სხვა რამეებსაც მოიმოქმედებს. ამ შემთხვევაში, მშვიდობის აღთქმას დადებს. ეს „წინამძღვარიც“ რომაული წარმოშობის უნდა იყოს.

სკოფილდი წერს: „ის ვინც მშვიდობის აღთქმას დადებს ბევრთან 27-ე მუხლის მიხედვით, არის „მომავალი წინამძღლოლი“ (26-ე მუხლი), ვისმა ხალხმაც (რომაელებმა) დაანგრიეს ტაძარი ქრ. შობიდან 70 წელს. ეს იგივე პერსონაჟია, რომელიც წინაწარმეტყველებაში გამოხატულია, როგორც „პატარა რქა.“

ეს წინამძღოლი ასევე უნდა მიეკუთვნებოდეს რომის იმპერიის სამეფო შთამომავლობას, რომელიც მიბაძავს ქრისტეს და ანტიქრისტედ წარმოგვიდგება (გამოცხ. მე-13 თავი). იგი, ისევე როგორც ტიტუსი, დაიწყებს მსოფლიოს მმართველობას მოკლე ხნის პერიოდში, როგორც მეშვიდე მეფე (იხ. გამოცხ.17:10). მათ კი საერთო სამეფო რანგი და წარმომავლობა ექნებათ.

ევროპული ქვეყნების თანამედროვე გაერთიანებით რომის იმპერია ხელახლა იჩენს თავს (იხ. დან. 2:40-44ა; 7:7-8). ბიბლიიდან ვიცით, რომ ანტიქრისტე უნდა მოვიდეს ევროპული მონარქიის შტოდან და მის ძარღვებში ყველა ევროპული მონარქის სისხლი უნდა ჩქეფდეს.

კიდევ ის ვიცით მის შესახებ, რომ თუმცა წარმართი იქნება, მის ძარღვებში ნაწილობრივ დავითის მეფური სისხლიც იჩქეფებს. რატომ? იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში მას ვერანაირად ვერ მიიღებდნენ იუდეველები საკუთარ მესიად, ვინაიდან იგი თავს ისრაელის მესიად გაასაღებს. ამის მეშვეობით კი იგი გააფორმებს მშვიდობის ყალბ ხელშეკრულებას ისრაელსა და მისადმი მტრულად განწყობილ გარშემო ერებს შორის.

ამ ყოველივეს პირველი შედეგი იქნება, რომ ისრაელი კვლავ განაახლებს თავის რელიგიურ ღვთისმსახურებას ახლადაშენებულ ტაძარში (გამოცხ. 11:1-2).

სკოფილდი წერს: „იგი გააფორმებს შეთანხმებას იუდეველებთან, რათა აღადგინოს ტაძრის სამსხვერპლო ერთი შვიდეულის განმავლობაში, მაგრამ ამ შვიდეულის შუაში გააუქმებს ამ დაპირებას და ამით აღასრულებს დანიელის 12:11 და 2თეს. 2:3-4 მუხლებში დაწერილ წინასწარმეტყველებას.“

დასაწყისში ანტიქრისტე მიღებული იქნება ისრაელის მიერ, როგორც ერის მხსნელი, მესია, ვისაც ათასწლეულების მანძილზე ელოდნენ.

ეს ახალი „ტიტუსი,“ მომავალი მთავარი,“ ამჯერად არ მოვა იერუსალიმის დასანგრევად, როგორც წინა შემთხვევაში, მაგრამ აცდენს იერუსალიმს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ დაპირებებით, რომლებსაც სინამდვილეში არ შეასრულებს.

ეს „მშვიდობის აღთქმა,“ რომელიც წესით 7 წელი უნდა გაგრძელებულიყო, შეწყდება ამ წლების შუაწელზე და გამოიცემა ბრძანება, რომ იუდეველებმა შეწყვიტონ თავიანთი მსხვერპლშეწირვის რიტუალები.

სკოფილდი ამის შესახებ წერს:

„27-ე მუხლი შეეხება იმ შვიდწლეულის უკანასკნელ სამ წელიწადნახევარს, რომელიც წარმოადგენს სამოცდამეათე შვიდეულს და რომელიც აღწერილია როგორც „დიდი ჭირი“ იესო ქრისტეს მიერ (მათ.24:15-28), როგორც „ძნელბედობის ჟამი“ დანიელის მიერ (დან.12:1) და როგორც „გამოცდის დღე“ იოანე მოციქულის მიერ (გამოცხ. 3:10).

ტაძრის აშენება დაიწყება უკანასკნელი შვიდწლეულის განმავლობაში, ანუ იგი არ წარმოადგენს ამ შვიდეულის დაწყების ნიშანს. ამ პერიოდის დაწყების ნიშანი იქნება მშვიდობის ყალბი ხელშეკრულება, რომელსაც გააფორმებს ანტიქრისტე ისრაელსა და მის გარშემომყოფ მტრებს შორის.

ამის შემდეგ იწყება „გატიალების სიბილწენი,“ პირველი მათგანი იქნება ახალი ტაძრის წმიდათაწმიდაის წაბილწვა, მასში „მხეცი ანტიქრისტე“ დაჯდება და საკუთარ თავს გამოაცხადებს ღმერთად (იხ. გამოცხ. მე-13-17 თავები).

მხეცი ანტიქრისტე ერთხელ უკვე მკვდარი და შემდეგ „გაცოცხლებული“ (გამოცხ.13:3), ჩამოიხსნის თავის ნიღაბს, თავის რეალურ მხეცურ სახეს აჩვენებს ისრაელსა და მთელს მსოფლიოს. იგი დაჯდება ახალი ტაძრის წმიდათაწმიდაიში (იხ. დან. 12:11; მათ. 24:15; 2თეს. 2:3ბ-4) მისი პირველსახის ანტიოქე ეპიფანე IV-ის მსგავსად, რომელმაც ჩვ.წ. აღ-მდე 168 წელს შეწირა დედალი ღორი წმიდათაწმიდაიში.

ამის შემდეგ დაიწყება ის, რასაც ბიბლია უწოდებს „გასაჭირის ჟამს იაკობისთვის“ (იერემ. 30:7; აბაკ. 3:16), მაგრამ, როგორც იგივე წერილი ამბობს, ამ ჭირის შემდეგ განთავისუფლდება ჭეშმარიტი ისრაელი, აღსრულდება მოციქულ პავლეს მიერ ნათქვამი სიტყვები: „…მანამდე ახლავს ნაწილობრივ სიბრმავე ისრაელს, ვიდრე მთელი წარმართობა არ მივა ღმერთთან. ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც სწერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს იაკობს“ (რომ. 11:25ბ-26).

„ხოლო ნახევარ შვიდეულში გააუქმებს მსხვერპლსა და ძღვენს. სიბილწეთა ტაძრის ფრთაზე იქნება გატიალების სიბილწე, ვიდრე აღსასრულამდე, და წინასწარგანსაზღვრული ეწევა გამტიალებელს“  (დან. 9:27ბ).

ეს „ნახევარი შვიდეული“ იქნება სამი წელი და ნახევარი (გამოცხ.13:5) (შვიდწლეულის მეორე ნახევარი), რათა გამოვლინდეს მისი ბოროტება, მაგრამ საბოლოოდ განადგურდება თვით უფალ იესო ქრისტეს მიერ მისი დიდებით მოსვლისას და ჩაგდებული იქნება ცეცხლისა და გოგირდის ტბაში (გამოცხ. 19:20). ამით დასრულდება ისრაელის ტანჯვა და დაიწყება ქრისტეს ათასწლოვანი მეფობის პერიოდი. სამწუხაროდ, დღეს მრავალს შეცდომით სჯერა, რომ ჩვენ უკვე ვართ ამ პერიოდში და ვმეფობთ ქრისტესთან ერთად.

5. „ორი დღე

2პეტრ. 3:8: „ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან საყვარელნო, რომ უფლისთვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე.

აბრაამიდან იესო ქრისტემდე განვლო 2000-მა წელიწადმა. საინტერესოა, რომ ასევე ადამიდან აბრაამამდეც 2000 წელს ვითვლით და თუ ქრისტედან ჩვენს ეპოქამდე დავიანგარიშებთ ასევე 2000 წელს მივიღებთ… საერთო ჯამში ეს შეადგენს 6000 წელს. როგორც ზემოთ ვნახეთ, ღმერთისთვის ორიათასი წელი არის, როგორც ერთი დღე (2პეტრ. 3:8), ამგვარად, გვაქვს დასრულებული ექვსი ღვთიური დღე. ახლა კი ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა (დაბ.2:3), ეს მეშვიდე დღე ასევე მილენიუმის პირველსახეა.

ძალზე აშკარაა, რომ ღმერთს წინასწარ აქვს დანახული დროთა მსვლელობის წესრიგი და ყველაფერი დეტალურად აღსრულდება ისე, როგორც ღმერთს აქვს დადგენილი წუთისოფლის დასაბამიდან.  „…წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები“ (საქმე. 17:26).

ღმერთმა დაადგინა დრო, ორი ათასი წელი ისრაელის მიტოვების ვადად, მისი დაუმორჩილებლობისა და მესიის უარყოფის გამო. მოდით განვიხილოთ უფრო დეტალურად:

ოსია 6:1-2: „წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განვგკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას. ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე.“

ეს ორი დღე წარმოადგენს ორიათას წელიწადს – სასჯელს ისრაელისთვის იმ 40-ჯერ შეუსრულებელი შეწყალების წელიწადისთვის, რომელიც ჰქონდა დაწესებული ღმერთს ისრაელისთვის ყოველ 50-ე წელიწადს (ლევ. 16:1-34; 25:9-10). მთელი თავისი ისტორიის მანძილზე არ არსებობს არც ერთი ჩანაწერი, რომ ერთხელ მაინც შეესრულებინოს ისრაელს ეს შაბათის წელიწადი ისრაელის მიწისათვის, ანდა, რომ დაეტოვებინათ ერთხელ ყოველ მეშვიდე წელს ღვთისადმი მორჩილების ნიშნად.

მაშ ასე, ყოველი შეწყალების წელიწადი წარმოადგენს 50 წელიწადს. 40 გაცდენილი წელი კი 2000 წელს!

40 X 50= 2.000 წელს

თუ დავიანგარიშებთ მთვარის (იგივე ბიბლიური) წლების მიხედვით, ერთი წელიწადი შეადგენს 360 დღეს. გადმოვითვლით რა ქრ.შობიდან 32 წლიდან, როდესაც ისრაელი „ოხრად დარჩათ.“ 2012 წლისათვის გასულია 2008 წელიწადი.

შეგვიძლია ასე დავიანგარიშოთ იგი:

2012-32= 1980 წელი; 1974 X 365,25= 723,195 (დღე)/723,195: 360= 2.008 წელი.

დაახლოებით 2000 წლის განმავლობაში ისრაელის მიწა ებრაელების გარეშე დარჩა. ვალი გადახდილ იქნა. ამის ნიშანი კი ისაა, რომ ისრაელმა დაიბრუნა თავისი მიწა და ეს მოხდა ერთ დღეში 1948 წლის 14 მაისს ისე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო.

„ვის მოუსმენია ასეთი რამ? ვის უნახავს ამის მსგავსი? შეუძლია დედამიწას მშობიარობით წვალება და შობა ერთ დღეს? შობილა კი ერი ერთბაშად? რადგან იწვალა და შვა კიდევაც სიონმა თავისი ძენი“ (ესაია 66:8).

ბიბლია გვასწავლის, რომ ისრაელი სამუდამოდ არ გაქრებოდა, მაგრამ გაუჩინარდებოდა როგორც ერი გარკვეული დროის მანძილზე, შემდეგ კი დაბრუნდებოდა თავის მიწაზე და აღადგენდა თავის სახელმწიფოებრიობას (იოელ. 4:20, ზაქ. 14:11 და ა.შ). ახლა მას საკმაოდ შეცვლილი აქვს თავისი სახე ისე, როგორც ეზეკიელი უწოდებს „გამხმარ ძვლებს“ (ეზეკ.37:1-3), მაგრამ მათში ერთ დღეს „შევა სული და გაცოცხლდებიან“ (ეზეკ. 37:5).

 

მესამე დღე

„რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელიანები უმეფოდ, უსარდლოდ, უმსხვერპლოდ და უთერაფიმოდ, მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში“ (ოს. 3:4-5).

ეს „დიდი ხანი“  წარმოადგენს ორიათას წელიწადს, ანუ ორ დღეს, ხოლო მესამე დღეს დაუბრუნდება სიცოცხლე:

„წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს, მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას. ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე“ (ოს. 6:1-2).

ეს წინასწარმეტყველება არაა მხოლოდ ქრისტეზე, რომელიც მკვდრეთით აღდგა სიკვდილიდან მესამე დღეს, არამედ აღსრულდება ასევე ისრაელზე, რომელსაც „დაუბრუნდება სიცოცხლე“ ღვთისაგან ორიათასწლოვანი დაშორების შემდეგ. ეს მესამე დღე მოჰყვება წინამორბედ ორ დღეს. თვით ღმერთი კი შემდეგნაირად გვარწმუნებს ამაში:

„წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭრდებათ და მომძებნიან“ (ოს. 5:15).

ქრისტემ დატოვა ისინი, ამაღლდა ზეცად, მაგრამ დაბრუნდება, როდესაც მიხვდებიან თავიანთ ცოდვას და ეს იქნება ტანჯვის დღეებში, რომელიც წოდებულია, როგორც „გასაჭირის ჟამი იაკობისათვის“ (იერემ. 30:7), შვიდწლეულის დასასრულს.

ეს მოხდება მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით, ვისაც ებრაულად ეწოდება: Yeshua Ha Mashiach

მაშ ასე, შვიდწლეული, რომელიც შემორჩენილია ისრაელზე და იერუსალიმზე აღსასრულებლად, შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ მომენტში. ეს იქნება ღმერთის მოხედვა ისრაელზე, ეს იქნება სამსჯავრო წუთისოფლისთვის, ისეთი, როგორიც არასოდეს ყოფილა (მათ. 24:21; გამოცხ. 13-19 თავები და ა.შ). უკანასკნელი შვიდწლეულის დასასრულს „მთელი ისრაელი გადარჩება“ (რომ. 11:26), რადგან გაიგებენ და იწამებენ მაშინ, რომ იესო ნაზარეველი არის მესია და მხსნელი.

გამონაკლისის გარეშე, ყველა ვინც გადარჩება, გადარჩება იესო ქრისტეს მიერ, რადგან „არ არსებობს ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი ცისქვეშეთში“ და ამ ადამიანთა რიცხვში ის კურთხეული იუდეველებიც იგულისხმება, რომლებსაც იხსნის უფალი ამ პერიოდის დასასრულს (საქ.4:12; ზაქ.12:10; 13:1 და ა.შ.)

როდესაც დასრულდება ეს შვიდი წელი, რომელსაც ასევე „დიდი ჭირის“ სახელწოდებითაც მოიხსენიებენ, დაბრუნდება უფალი, „ლომი იუდას ტომიდან,“ თავის განდიდებულ ეკლესიასთან ერთად (გამოცხ. 5:5; 19:14) და ისრაელი შევა ათასწლეულში და იქნება დედამიწაზე მცხოვრები ყველა სხვა ერის თავი. ამით აღსრულდება აბრაამიდან მოყოლებული მიცემული ყველა, ჯერ აღუსრულებული წინასწარმეტყველება ისრაელზე.

ცხადია, რომ ეს გარყვნილი მსოფლიო სისტემა სამუდამოდ დასრულდება და უფალი დაამყარებს ნამდვილ „ახალ მსოფლიო წესრიგს,“ რომლის დამყარებასაც ამაოდ გვპირდებიან თანამედროვე პოლიტიკოსები და რელიგიური ლიდერები. ერთადერთი, რასაც ისინი მიაღწევენ ამ მცდელობით იქნება ის, რომ ხელს შეუწყობენ დაღუპვის ძის აღზევებას (გამოცხ. 6:12-17; 2თეს:2:3 და ა.შ.).

უფალი უკვე კართანაა, რათა წაიყვანოს თავისი სასძლო – ეკლესია და ასე დაიწყებს თავისი წინასწარმეტყველების აღსრულებას ისრაელზე.

გაამზადეთ თქვენი გულები უფალთან შესახვედრად!

ღმერთმა გაკურთხოთ!

 

© მიგელ როსელ კარილო, Centro Rey Jesucristo ეკლესიის პასტორი, მადრიდი, ესპანეთი.

2006 წლის სექტემბერი. შესწორებულია 2009 სექტემბერში.

www.centrorey.org

© Miguel Rosell Carrillo, pastor de Centro Rey Jesucristo, Madrid, España

Septiembre 2006. Revisado en Septiembre 2009

 

http://www.centrorey.org/escatologia/esc_05.html

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Diccionario Bíblico Ilustrado Vila/Escuain.

2. Ibid.

3. Sir Robert Anderson, “El Príncipe que ha de venir”, pág. 110

4. Comentarista de Matthew Henry.

5. Sir Robert Anderson, “El Príncipe que ha de venir”, pág. 114

FIN

 

თარგმანი: ალიკა ბერიკაშვილი

რედაქტირება: ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...