დედამიწელი „უცხოპლნეტელი“, ანუ მე(ც) ქრისტიანი ვარ!

115

მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ერთი რიგითი წევრი იმ საზოგადოების, რომელიც ამ ქვეყნისთვის იღწვის.მეც ჩვეულებრივი დედა ვარ, ჩვეულებრივი თანამშრომელი, ჩვეულებრივი მომხმარებელი, თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ პროტესტანტი ვარ. აი, ეს კი ერთობ განსხვავებულს მხდის გარეშეთა თვალში.

საკმარისია სიტყვა „პროტესტანტი“ გაიგონ, იწყება დაუსრულებელი შეკითხვები (უკეთეს შემთხვევაში, ხოლო უარეს შემთხვევაში − დაუფარავი აგრესიის თანხლებით): და რას უცხადებთ პროტესტს?… და შენ როგორ უყურებ ამას? შენც ასე აკეთებ? შენთვისაც მნიშვნელოვანია ეს?…იყო პროტესტანტი, ჩვენს ქვეყანაში, თითქმის იგივეა, რაც იყო უცხოპლანეტელი.

უსამართლო ვიქნები, თუ არ ვახსენებ იმ ცვლილებებს, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საზოგადოებამ განიცადა და გარკვეულ ნაწილს კარგად ესმის, რომ, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენც ქრისტიანები ვართ. გარკვეულ ჯგუფებში შეხვედრები და დებატებიც კი იმართება მართლმადიდებლებსა და პროტესტანტებს შორის, რაც, ვფიქრობ, ჯანსაღი საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელია.

სასიკეთო ძვრებთან ერთად, საერთო სურათი მაინც, ერთობ მძიმეა. მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში არსებული უძველესი საგანმანათლებლო კერებისა, უდიდესი კულტურისა და თანამედროვე რეფორმებისა განათლების სისტემაში, წიგნიერების დონით აფრიკის ქვეყნებს გავუტოლდით. ავადსახსენებელმა 90-იანებმა, ომებმა, სიდუხჭირემ, ტალონებმა და საყოველთაო უმუშევრობამ თავისი დაღი დაასვა ქვეყნის განვითარებას. ძალიან ხშირად, ჩვენი ეროვნული სიამაყე ამ ფაქტს უგულებელყოფს და მიგვაჩნია, რომ საკმარისად განათლებულებიც ვართ, განვითარებულებიც და სხვისგან სასწავლიც არაფერი გვჭირს რა.

ფასადურობა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელსაც მე კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურების“ სინდრომი შევარქვი და, რომელიც გვკარნახობს თვალი ავარიდოთ რეალობას (ვითომდა, ღირსების შენარჩუნების მიზნით), ნაცვლად იმისა, რომ მისი შეცვლის გზები ვეძიოთ.

ამ სარჩო-საბადებელდაკარგული აზნაურებივით, რომელთაც მხოლოდ ჩინიღა შემორჩათ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც აქტიურად ყიდულობდა დიპლომებს გასული საუკუნის მიწურულს და იხდიდა ქრთამს შვილის „მოსაწყობად“, თუმცა წითელყდიანი დიპლომების ქონამ ვერ აღმოფხვრა პრობლემები ქვეყნის სხვადასხვა დარგში.

შორს წაგვიყვანს ამაზე მსჯელობა და მთავარი სათქმელი მაინც ისაა, რომ მეტი განათლება, მეტი ცოდნა და ინტერესი გვჭირდება. უკვე ვიწვნიეთ, რომ განათლება, ყოველთვის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის ეკვივალენტი არ არის. ღირებულებებს და ხალხთან დამოკიდებულებას ბავშვი ოჯახში ხედავს და ითვისებს.

მძიმე სოციალურმა ყოფამ, ქართველი ქალების მასობრივმა ემიგრაციამ და ყოველდღიურ სარჩოზე ფიქრმა უკან დასწია უფრო მნიშვნელოვანი − შინაგანი ღირებულებები…

თითოეული ჩვენგანის და საგანმანათლებლო ინსტიტუციების ვალია, მეტი დრო დავუთმოთ ბავშვების არამარტო გაზრდას, არამედ აღზრდას.

განათლებული საზოგადოება – თავისუფალი საზოგადოებაა!

თავისუფალ საზოგადოებაში კი „უცხოპლანეტელები“ არ არსებობენ, თავისუფალ საზოგადოებაში ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლებას უტოვებენ და ამ არჩევანს პატივს სცემენ… თავისუფალ საზოგადოებაში არ გჭირდება „თავის მართლება“, რომ შენ(ც) ქრისტიანი ხარ!

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort