იყავი შვილისთვის სულიერი დისციპლინის ნიმუში

212

ნებისმიერი მოწაფეობა მოიაზრებს დისციპლინას. თუ მუსიკის, სპორტის ან ნებისმიერი რამის შესწავლა გსურს, უნდა გქონდეს დისციპლინა. მის გარეშე არასდროს არაფერი გამოგივა. მას, ვინც უფალ იესოს მოწაფე გახდა, უნდა ჰქონდეს სულიერი დისციპლინა. მხსნელიც და მოციქულებიც გამუდმებით მოუწოდებდნენ მოწაფეებს სულიერი დისციპლინისკენ და უფლის პირველ მოწაფეებს ის საკმარისზე მეტადაც ჰქონდათ. იერუსალიმის პირველ ქრისტიანებზე დაწერილია:

“ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და სამი ათასამდე სული შეემატათ იმ დღეს. და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი. ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამეთუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. მამულებსა და ქონებას ყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეულს საჭიროების მიხედვით. ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით იღებდნენ საზრდოს. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს” (საქმ. 2:41-47).

დაინახეთ მათი სულიერი დისციპლინა? ისინი ერთი მეორეს დახმარებაში იყვნენ, რადგან სწორედ ეს ნიშნავს მოზიარეობას; გამუდმებით ამოწმებდნენ საკუთარ თავებს, როგორ მიჰყვებოდნენ მხსნელის მოძღვრებას და ასევე გამუდმებით ლოცვაში ატარებდნენ დროს. მეორე, რაც აჩვენებს მათ სულიერ დისციპლინას ის არის, რომ ისინი ყოველდღე ერთსულოვნად იმყოფებოდნენ ტაძარში. არ გეგონოთ, რომ ისინი ზარმაცები იყვნენ, ან არ ჰქონდათ სამუშაო, ან არ ჰყავდათ ოჯახები, რომლებიც მატერიალურად უნდა უზრუნველეყოთ. მაგრამ მათ ჰქონდათ სულიერი დისციპლინა, რადგან ისინი პრაქტიკაში ატარებდნენ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს, რომელმაც თქვა:

“თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ” (მათე 6:33).

დღესაც არსებობენ უფალ იესოს მოწაფეები, რომელთაც შეინარჩუნეს პირველი მოწაფეების სულიერი დისციპლინა, მაგრამ, სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი მოწაფე ტოვებს ამ დისციპლინას და მათთვის ქრისტიანობა გახდა ჰობი, ხოლო ეკლესია რაღაც სოციალური კლუბის მსგავსი რამ. მომისმენია, თუ როგორ უთქვამთ მათ, რომ “თავისუფლები არიან ქრისტეში” და რომ მათ “არ სურთ, იყვნენ რელიგიურები” და ამიტომ მიატოვეს სულიერი დისციპლინა, რათა იცხოვრონ ქვეყნიურად და გახდნენ ამა სოფლის მეგობრები. ისინი “შრომისმოყვარენი” არიან, როდესაც საუბარია მატერიალურ შემოსავლებზე, იმისათვის, რომ გამოიმუშაონ მეტი ფული, მზად არიან, დასაქმდნენ ორ და სამ სამუშაოზეც კი და იმყოფებოდნენ ოჯახისგან შორს მრავალი წელი, ხოლო როცა საუბარი ეხება იმას, რომ ვიყოთ მხსნელის ჭეშმარიტი მოწაფეები და დავემორჩილოთ დისციპლინას, რომელსაც ის ითხოვს, მაშინ მათ არ სურთ იმ ძალისხმევის მეათასედის გამოყენებაც კი, რასაც ისინი ქვეყნიერებისადმი სიყვარულში იჩენენ.

მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო პავლე მოციქულის მეორე წერილზე ტიმოთეს მიმართ. ტიმოთეს ჰყავდა მამა, რომელზეც ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ბერძენი იყო, ანუ წარმართი, რადგან მამის გამო ტიმოთეს მთელი ცხოვრება არ შეეძლო წინადაეცვითა, თუნდაც ეს ძალიან სდომებოდათ მის დედას და ბებიას, რომლებიც ებრაელები იყვნენ. და მაინც, ტიმოთე არ გაჰყვა მამის მაგალითს, არამედ იღებდა დედის, ევნიკეს და ბებიის, ლოისის მაგალითს, რომელთაც აჩვენეს მას უპირფერო რწმენა და ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ წმინდა წერილს. მე ვფიქრობ, რომ ამ ქალებს ექნებოდათ გარკვეული სახის ზეწოლა, რადგან ისინი წარმართი მამაკაცის ავტორიტეტის ქვეშ იმყოფებოდნენ. მაგრამ მათ იცოდნენ, როგორ შეენარჩუნებინათ სულიერი დისციპლინა და განევითარებინათ ის თავიანთ ბავშვში, რაც გამოუვიდათ კიდეც, რადგან ისინი აძლევდნენ ტიმოთეს მისაბაძ მაგალითს.

იესოს მოწაფის როგორ მაგალითს აძლევთ ბავშვებს ახლა? თუ ფიქრობთ, რომ ის ფაქტი, რომ სამ სამსახურში მოეწყვეთ და ყოველთვის ეუბნებით შვილებს, რომ “ამას მათთვის აკეთებთ”, მაგრამ არ გამოყოფთ დროს, რათა მათთან ერთად ყოველდღიურად შეისწავლოთ ბიბლია და ილოცოთ და ისინი არ ხედავენ, თუ როგორ მსახურობთ ეკლესიაში თქვენი სულიერი ნიჭებით, მათზე ეს არ იმოქმედებს? შესაძლოა მათ ქრისტეს მოწაფის სხვა მაგალითი იპოვონ ეკლესიაში, რომლისთვის მიბაძვაც მათ მოუნდებათ, მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

თქვენ გიკვირთ, რომ მორწმუნეთა ბევრი შვილი ტოვებს რწმენას და ეკლესიას? ან უფრო უარესი, ზოგიერთები ეკლესიაში რჩებიან, მაგრამ საშინელ პირფერობაში ცხოვრობენ, ისე, რომ გზარავს, როდესაც გესმის, თუ რას აკეთებენ ისინი. როგორია იმის ალბათობა, რომ შენი შვილი ქრისტეს გზით ივლის, თუ მას არ ასწავლეს სულიერი დისციპლინა და მას არ დაუნახავს ის თქვენში, თავიანთ მშობლებში?


შენ ფიქრობ, რომ ბავშვი ვერ ხედავს, როდესაც ხვდები პატარა წინააღმდეგობას, ან ეჯახები კიდევ რაიმე სხვა პრობლემას, როგორ იმართლებ თავს, რომ არ შეგიძლია ასე ღვთისმსახურებაზე წასვლა? განა მას არ ესმის, რომ იმავე პრობლემით სამსახურში, კურსებზე, დარბაზში, წვეულებაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას წახვიდოდი, მაგრამ ღვთისმსახურებაზე წასვლას სახლში დარჩენას ამჯობინებ? შენი შვილები ხედავენ და იმახსოვრებენ ამ ყველაფერს და ისინი გაიმეორებენ შენს მაგალითს, მაგრამ უფრო ფართო მასშტაბებით.

როდესაც მე მიანმარში საკვირაო სკოლის მასწავლებლებს ვამზადებდი, მოვიდა ერთი დედა სამი ბავშვით, რომელთაგანაც ყველაზე პატარა იქნებოდა სამი წლის. ძალიან გაოცებული ვიყავი, რომ ეს ბავშვები სამი დღის განმავლობაში დამჯერად ისხდნენ და არ გამოსცემდნენ პატარა ხმაურსაც კი, თამაშობდნენ სხვა ოთახში წყნარად და საშუალებას აძლევდნენ დედას, ესწავლა. დედა აღფრთოვანებული იყო იმ ყველაფრით, რასაც სწავლობდა და გადაწყვიტა, თავის საკვირაო სკოლაშიც ესწავლებინა ეს და ასევე გაევლო სხვა ურწმუნო ბავშვებთან ერთად კურსი “ეს ის გზა არაა, იონა!” – ბიბლიის ინდუქციური მეთოდით შესწავლის კურსი ბავშვებისთვის. როდესაც მოდიოდა ბავშვების დაძინების დრო, ის ჩუმად მიდიოდა დარბაზის ბოლოში და სანამ ბავშვს ეძინა 2-3 საათის განმავლობაში, მას ის ხელში ეჭირა და ამგვარად აგრძელებდა წმინდა წერილის შესწავლას. თქვენ ფიქრობთ, რომ მისი დანარჩენი ბავშვები ვერ ხედავენ დედის ამ წრფელ რწმენას, ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს და სულიერ დისციპლინას? ისინი ხედავენ ამას, ძალიან კარგად ხედავენ და თავადაც გაიმეორებენ. ნეტარნი არიან ამ ქალის შვილები, ის ხომ მათ უდიდეს სიმდიდრეს აძლევს, რომელსაც ცოტა მშობელი თუ აძლევს შვილს ამქვეყნად.

ვზივარ და ვფიქრობ, როგორი იქნება იმ ბავშვების სულიერი ცხოვრება, რომელთა მშობლებიც მოდიან ეკლესიაში ერთ კვირას და მომდევნო ორ ან სამ კვირას აღარ მოდიან? სხვათა შორის, ზოგიერთი მათგანი ბავშვს სახლში ასწავლის, ან ცდილობს ატაროს ისინი მუსიკაზე, სპორტსა და სხვა გაკვეთილებზე. მაგრამ ეკლესიაში მათ ბავშვები არ დაჰყავთ, რადგან თვითონაც არ დადიან. რა მოუვათ თქვენი შვილების ცხოვრებას და როგორ იმოქმედებს ეს მათზე? არ გეშინიათ, რომ ცუდად იმოქმედოთ თქვენი შვილების მარადიულ ბედზე? მარადიულობა არის პირველი მიზეზი იმისა, რომ ღმერთმა განდოთ თქვენი ბავშვები, რათა აღზარდოთ ისინი და ატაროთ ხსნის გზით ისე, რომ ყველაფერში აძლევდეთ მათ მისაბაძ მაგალითს.

როცა საუბარია შეჯიბრებებზე, ცეკვების ან მუსიკის კონკურსზე და ა.შ. არ იშურებთ ძალისხმევას, რომ თქვენი ბავშვები იქ მოხვდნენ. ხოლო ბიბლიის შესწავლაზე, ლოცვაზე, ღვთისმსახურებაზე არ ფიქრობთ. არ გეშინიათ, რომ თქვენი გოგოები ცეკვის გაკვეთილებს, რომელთაც თქვენ მათ აძლევთ, დაამთავრებენ კაზინოებში ცეკვით, თქვენ კი სასოწარკვეთის მწარე ცრემლებით იტირებთ ეკლესიის სკამზე და შესთხოვთ ღმერთს მათ გადარჩენას? და რას ეტყვით მაშინ მათ? რომ აკეთებდით ყველაფერს მათ საკეთილდღეოდ? როგორღა დააბრუნებთ დროს? რის გაკეთებას შეძლებთ?

გულგრილო მშობლებო, მოინანიეთ დღეს ეს თქვენი ცოდვები, რომელთაც სჩადიხართ თქვენი შვილების სულებთან მიმართებით, და იჩქარეთ, გაუფრთხილდეთ დროს, რათა გადაარჩინოთ ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება და გამოიყენოთ მთელი ძალისხმევა, რათა ასწავლოთ მათ ქრისტეს მოწაფეების დისციპლინა და აჩვენოთ ეს საკუთარი მაგალითით, რადგან ბოლო ჟამის პერიოდში ვცხოვრობთ და საშიშროებები დიდია. სატანა მბრდღვინავი ლომივით დადის და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს თქვენი შვილებიდან. იყავით ყურადღებით, იფხიზლეთ და გააკეთეთ ყველაფერი, რომ გადაარჩინოთ თქვენი შვილები და ასწავლოთ მათ გამარჯვებულის ცხოვრებით ცხოვრება და ცათა სასუფეველში შესვლა, რათა მარადიულად ხარობდეთ თქვენი შვილებით, როდესაც ისინი თქვენთან ერთად მიიღებენ დიდების გვირგვინს.

დედებო და მამებო, დღესვე დაიწყეთ თქვენი შვილებისთვის სულიერი დისციპლინის სწავლება და იყავით მათთვის ნიმუში.

ავტორი: ვასილი ფილატი

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...