მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

452

“მე იმისთვის დავიბადე, რომ ვებრძოლო ფანატიკოსებს და ეშმაკებს, რომლებსაც ადამიანის გარეგნობა აქვთ. მე უნდა ამოვძირკვო ყველა კუნძი და გავჩეხო ყველა ეკლიანი ბუჩქი, რათა ნიადაგი გათავისუფლდეს. მე მეტყევე ვარ, რომელიც უხეში ნაჯახით გაკაფავს ახალ ბილიკს ფარისევლების ტყეში,” – ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც XVI საუკუნეში მთლიანად შეცვალა მსოფლიო. ახალგაზრდა გერმანელმა ბერმა, რომელსაც მარტინ ლუთერი ერქვა, თავისი უშიშარი მხილებებით ეკლესიის რეფორმირება შეძლო და კათოლიციზმის საფუძვლები შეარყია. იგი იწვევდა მონარქების რისხვას, ხშირად რჩებოდა მარტო, კარგავდა მეგობრებს, მას ზურგს აქცევდნენ ოჯახის წევრები. ლუთერი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გაბედა და შეუტია ბნელ, სიცრუით სავსე და ფარისეველ ღვთისმსახურთა კასტას. მან შეძლო სააშკარაოზე გამოეტანა ყველა ის მანკიერება, რომელსაც ეკლესიის მსახურები ღვთის შიშის და რწმენის სახით ნიღბავდნენ. ლუთერმა დაიწყო რეფორმაციის პროცესი, რომელიც საბოლოოდ კათოლიკური ეკლესიის მარცხით დასრულდა.

მარტინ ლუთერი 1483 წლის 10 ნოემბერს პატარა გერმანულ ქალაქ აისლებენში, ჰანს და მარგარეთ ლუთერების ოჯახში დაიბადა. ბიჭუნას დაბადებიდან ექვსი თვის შემდეგ, ლუთერების ოჯახი საცხოვრებლად მანსფელდში გადაბარგდა, სადაც ჰანსმა მუშაობა სპილენძის მაღაროში დაიწყო. მარტინი ხედავდა თუ როგორ თავდაუზოგავად შრომობდნენ მისი მშობლები და ბავშვობიდანვე გააცნობიერა, რომ მხოლოდ ასეთი გზით მიაღწევდა ცხოვრებაში დასახულ მიზანს. მამამისმა, რომელიც თავდაპირველად ჩვეულებრივი მაღაროელი იყო, საკუთარი შრომის შედეგად სპილენძის მოპოვების საკუთარი წარმოების ორგანიზება შეძლო. ამის წყალობით, ლუთერების ოჯახმა საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დაკავება შეძლო. თანდათანობით, მათი ოჯახი მანსფელდის მაღალი ფენის წარმომადგენელი გახდა. ისინი ურთიერთობდნენ ქალაქის მმართველებთან, მდიდარ ვაჭრებთან, საზოგადოების გავლენიან პირებთან, ადგილობრივ არისტოკრატებთან. მართალია, ლუთერები უკვე დიდი ხანია რაც გლეხების კლასს აღარ მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ მათ ოჯახში მაინც რჩებდა გლეხებისთვის დამახასიათებელი ერთი ნიშანი – შუა საუკუნეების გერმანიაში (ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებშიც), გლეხობის უდიდესი ნაწილი უკიდურესად ღვთისმოშიში იყო. ლუთერების ოჯახშიც ქრისტიანულ წესებს მკაცრად იცავდნენ. დედა გამუდმებით ლოცულობდა, მარტინის მამა, კი როდესაც ბავშვებს დასაძინებლად დააწვენდა, მათ საწოლთან მუხლებზე დგებოდა და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა შვილებისთვის მშვიდი ძილი მიეცა. ლუთერების ოჯახში ყველაზე პატივსაცემ წმინდანად ღვთისმშობელი მარიამის დედა – წმინდა ანა იყო, რომელიც მაღაროელთა მფარველად ითვლებოდა. ჰანსი ხშირად ლოცულობდა და ევედრებოდა წმინდა ანას დახმარებას. ამიტომ ნებისმიერი წარმატება და ოჯახის წინსვლა უცილობლად წმინდა ანას უკავშირდებოდა.

რელიგიური წესების გარდა, ლუთერების ოჯახში მკაცრად იცავდნენ დისციპლინას. იმ პერიოდის გერმანულ საზოგადოებაში ბავშვების აღზრდის წესი მხოლოდ დისციპლინას ეფუძნებოდა. ურჩი და ცელქი პატარების მოსარჯულებლად ყველაზე ხშირად ფიზიკურ საშუალებებს მიმართავდნენ. მშობლები ხელშეუხებელ ავტორიტეტად ითვლებოდნენ და მათი სიტყვა კანონი იყო. გამონაკლისს არც ლუთერების ოჯახი წარმოადგენდა. ამიტომ მარტინის ცნობიერებაში ლოცვა და დისიციპლინა განუყოფელი იყო. ერთხელ, პატარა მარტინი დედამ ჯოხით მხოლოდ იმის გამო დაასისხლიანა, რომ მან მაგიდიდან თხილი დაუკითხავად აიღო.

აღზრდის იგივე მეთოდი იყო სკოლაშიც. ერთი კვირის განმავლობაში, მოსწავლე შეიძლება წკეპლით 15-ჯერაც კი ეცემათ. სკოლის მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ ბავშვებს ლათინური ესწავლათ. იმ პერიოდის ევროპაში ლათინური იურისპრუდენციის, ეკლესიის და დიპლომატიის ენას წარმოადგენდა. იგი საერთაშორისო ენაც გახლდათ და უცხო ქვეყნებში კომუნიკაციისთვის მას მოგზაურებიც იყენებდნენ. სკოლებში ლათინურის მექანიკური ზუთხვის პრაქტიკა იყო დანერგილი. თუ მოსწავლეს არ შეეძლო სიტყვების დაზეპირება, მას წკეპლით უმოწყალოდ სცემდნენ. წკეპლასთან ერთად, მოქმედებდა დასმენების სისტემაც. ერთი მოსწავლე, რომელიც მასწავლებლის მიერ ჯაშუშად ინიშნებოდა, თვალს ადევნებდა თანაკლასელებს, რომ მათ შემთხვევით გერმანულად არ ესაუბრათ. თუ ვინმეს გერმანულზე გამოიჭერდნენ, დამნაშავეს ვირის ნიღაბს უკეთებდნენ და მას მანამდე უნდა ეტარებინა ეს ნიღაბი, ვიდრე ვინმე სხვა არ დაუშვებდა იგივე შეცდომას. კვირის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეების მიერ დაშვებულ შეცდომების ითვლიდა და ამის საფუძველზე ადგენდა სასჯელს – ყველაზე ხშირად ეს სასჯელი თანაკლასელების თანდასწრებით გაწკეპლა იყო. ბავშვების უმეტესობა ისე იყო შეჩვეული ფიზიკურ დასჯას, რომ პროტესტსაც აღარ გამოთქვამდნენ.

სკოლის დასრულების შემდეგ, მარტინი მამის მოთხოვნით ერფურტის უნივერსიტეტში შევიდა, სადაც იურისპრუდენციის შესწავლა დაიწყო. იურისტობა გერმანიაში პრესტიჟულ და სარფიან საქმედ ითვლებოდა და ჰანსი მიიჩნევდა, რომ თუ შვილი ამ პროფესიას აირჩევდა, მას გარანტირებული მომავალი ექნებოდა. თუმცა მარტინმა უნივერსიტეტის დასრულება და იურისტის დიპლომის აღება ვერ შეძლო. მის ცხოვრებაში შემთხვევა მოხდა, რომელმაც სამუდამოდ განსაზღვრა მისი მომავალი.

ერთხელ, არდადაგების შემდეგ, იგი სახლიდან უნივერსიტეტში ბრუნდებოდა. გზა კი ტყეზე გადიოდა. ისე მოხდა, რომ მარტინი გზაში შეყოვნდა და ტყეს მხოლოდ საღამოს მოაღწია. იმ პერიოდის მორწმუნეების წარმოდგენით, უღრანი ტყე დემონებით, ავი სულებითა და ალქაჯებით იყო დასახლებული, რომლებიც ღამე აქტიურობდნენ. ამიტომ მარტინი ტყეში შიშით მიდიოდა და ყოველი ბუჩქის უკან ეშმაკები ელანდებოდა. მოსახლეობაში უამრავი ცრურწმენა ვრცელდებოდა და ხალხი ათას ლეგენდას იგონებდა. იგივე მდგომარეობა გახლდათ ლუთერის ოჯახშიც: საკმარისი იყო ოჯახში კვერცხი დაკარგულიყო, რძე აჭრილიყო, ან კარაქი დამძაღებულიყო, რომ ეს ყველაფერი ეშმაკს ბრალდებოდა. ტყეში ღამით სიარული ლუთერისთვის ყველაზე დიდი გამოცდა გახდა, რომელიც მას მანამდე ცხოვრებაში ჰქონია. ამას დაემატა უეცრად ამოვარდნილი ქარიშხალიც, რომელმაც ლუთერს ზუსტად იმ დროს მოუსწრო, როდესაც იგი ტყიდან გამოდიოდა. მაშინ, საყოველთაოდ გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ღმერთი ქარიშხალს ადამიანების დასასჯელად იყენებდა. ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულება ცნობილი ქრისტიანული სურათი გახლდათ, სადაც ქრისტე მართლმსაჯულების ტახტზე უკმაყოფილო სახით იჯდა, ხოლო ტახტის ქვევით ქარიშხალი ადამიანებს ჯოჯოხეთისკენ მიერეკებოდა. სურათი ჯოჯოხეთის სცენით მთავრდებოდა, სადაც ეშმაკები ცოდვილებს მარადიულ ცეცხლში ხრუკავდნენ. ეს ნახატი მარტინის სახლშიც იყო და ამიტომ ღვთისმოშიში ახალგაზრდა ქარიშხალს ღმერთის რისხვად აღიქვამდა. ტყიდან მინდორში გამოსულ ლუთერს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს: ცაზე იელვა და მინდორში ეულად მდგარ ხეს მეხი დაეცა. ლუთერმა უცებ ბავშვობის მეგობრის სიკვდილი გაიხსენა, რომელმაც ღმერთი გააბრაზა და იგი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა. მარტინი მიწაზე დაემხო და წმინდა ანას გადარჩენა შესთხოვა: “წმინდაო ანა დამეხმარე! მაჩუქე სიცოცხლე და ბერად აღვიკვეცები,” – ემუდარებოდა ლუთერი ზეცას.

ქარიშხალმა და მეხმა იმდენად დიდი გავლენა იქონია ლუთერზე, რომ მამის უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად მან უნივერსიტეტი მიატოვა და ეკლესიას მიაშურა. მარტინმა ყველაზე მკაცრი საძმო – განდეგილი ავგუსტინელების ორდენი აირჩია, რომელთა მონასტერიც ქალაქ ერფურტში მდებარეობდა. სანამ საძმოში მიიღებდნენ, ლუთერს ერთი წლით გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეს: მკაცრი მარხვა, ტანსაცმლის ნაცვლად უხეში ძონძების ტარება, ღამის მსახურებაში მუდმივი მონაწილეობა, დღისით მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულება, ყველა სიამოვნებაზე უარის თქმა, ხორციელი სურვილების დათრგუნვა, ცხოვრება პატარა კელიაში და ქუჩაში მათხოვრობით ფულის შეგროვება. მთელი წელი ლუთერი ამ რეჟიმით ცხოვრობდა. გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ, ლუთერი ბერად აღიკვეცა. მისი ასკეტიზმი ავგუსტინელთა ორდენის მძიმე შინაგანაწესის ფონზეც კი თვალშისაცემი გახდა.

მარტინს ყველაზე ნაკლები ეძინა, ყველაზე მკაცრად იცავდა მარხვას, ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდა და ყველაზე მეტს ლოცულობდა. ლუთერი თვლიდა, რომ იგი ყველაზე დიდი ცოდვილი იყო და ამიტომ მისი აღსარება უსაშველოდ იწელებოდა. ის ღვითისმსახური ვინც მარტინის აღსარებას იღებდა, იმდენად იღლებოდა, რომ ბოლოს ლუთერს აღარც კი უსმენდა, მაგრამ იგი თავის ცოდვებზე საუბარს მაინც განაგრძობდა. ერთხელ მისმა აღსარებამ 6 საათზე მეტი გასტანა.

1507 წელს, როდესაც ლუთერს 25 წელი შეუსრულდა იგი მღვდლად აკურთხეს. მას უკვე შეეძლო თავისი პირველი მესა ჩაეტარებინა (კათოლიკური წირვა). იგი იმდენად ნერვიულობდა, რომ ფეხზე ძლივს იდგა. მარტინი მზად იყო გაქცეულიყო და ცერემონია ჩაეშალა. მას მიაჩნდა, რომ არ იყო ამბიონზე დგომის ღირსი. თუმცა მარტინმა შეძლო ძალა მოეკრიფა და მესა ბოლომდე დაესრულებინა.

რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო მკაცრი ხდებოდა ლუთერი საკუთარი თავის მიმართ. “საკმარისად ვიმარხულე თუ არა?” – ეს იყო კითხვა რომელიც მუდმივად აწუხებდა მას. ლუთერის ერთადერთ მიზანს ღმერთთან დაახლოება წარმოადგენდა. მარტინის აზრით კი, ეს მხოლოდ მონანიებით იქნებოდა შესაძლებელი. იგი ყოველ აღსარებაში ინანიებდა თავის ცოდვებს, მაგრამ ეს მას შვებას არ აძლევდა.

შუასაუკუნეებში, უბრალო ადამიანს არ შეიძლებოდა სახლში ბიბლია ჰქონოდა. ყველა ბიბლია ლათინურად იყო დაწერილი და მისი წაკითხვის უფლება მხოლოდ ღვთისმსახურებს ეძლეოდათ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ სასულიერო პირები კარგად იცნობდნენ ბიბლიას. მათი უმრავლესობა საერთოდ არ კითხულობდა წმინდა წიგნს. ევროპაში უცოდინარობით გამოწვეული სულიერი სიბნელე სუფევდა, რომლითაც კარგად სარგებლობდნენ ეკლესიას შეფარებული შემთხვევითი ადამიანები.

ამ უცოდინარობის შედეგად, საზოგადოებაში ღმერთის შესახებ დამახინჯებული წარმოდგენა იყო შექმნილი. ღმერთის ბუნება სისასტიკესთან და სასჯელთან იყო გაიგივებული და მოსახლეობა მის მიმართ სიყვარულის ნაცვლად შიშს განიცდიდა. ღმერთის კეთილგანწყობის მოპოვებას ხალხი შემოვლითი გზით ცდილობდა და ამისთვის ყველაზე ხშირად ღვთისმშობელს იყენებდა. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ როგორც დედას, მას შეეძლო ღმერთის მკაცრ ბუნებაზე გავლენა მოეხდინა და ცოდვილისთვის სასჯელი შეემსუბუქებინა. იმისიც კი სჯეროდათ, რომ ღვთისმსობელს, როგორც ქალს, შეეძლო ადვილად მოეტყუებინა ღმერთიც და ეშმაკიც და იმ ადამიანს დახმარებოდა, რომელიც მას ლოცვით მიმართავდა. ხალხის ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდიოდა: ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ამდენი მთხოვნელების გამო წმინდა მარიამი ყველასთვის ვერ იცლიდა. ამიტომ ხალხი ღვითსმშობლის დედას – წმინდა ანას მიმართავდა და ეგონათ, რომ იგი უშუამდგომლებდა მათ წმინდა მარიამთან, თავის მხრივ კი მარიამი ცოდვილისთვის ღმერთის მოწყალების მოპოვებას შეძლებდა.

ცოდვის დანაშაული და ამ დანაშაულისთვის ღვთის სასჯელის მიღების შიში იყო ძირითადად ის გრძნობა, რომლის საშუალებითაც ცდილობდა ეკლესია მორწმუნეების მიზიდვას. ღვთისმსახურები მრევლს ასწავლიდნენ, რომ ზეცაში არსებობს საბანკოს მსგავსი სისტემა, სადაც ადამიანის მიერ გაკეთებული ყველა კეთილი საქმე პირად ანგარიშებზე იყო დაგროვილი. მათივე მტკიცებით, ცოდვების შესამსუბუქებლად შესაძლებელი იყო ამ კეთილი საქმეების გადარიცხვა სხვადასხვა “ანგარიშებზე”. კათოლიკური ეკლესიის სწავლების მიხედვით, იესომ, წმინდა მარიამმა, წმინდა პეტრემ და სხვა წმინდანებმა დედამიწაზე ცხოვრებისას საკმარისზე მეტი კეთილი საქმეები გააკეთეს. ამიტომ, როდესაც ისინი ზეციურ სამოთხეში მოხვდნენ, მათ უამრავი “ზედმეტი” კეთილი საქმე დარჩათ. ეს “ნამატი” განსაკუთრებულ ანგარიშზე იდო, რომელთა გამოყენების უფლებაც მხოლოდ რომის პაპს ჰქონდა. ეს ე.წ. “კოლექტიური სიკეთე” უბრალო ადამიანისთვისაც გახდებოდა ხელმისაწვდომი თუ იგი სასულიერო პირების მითითებებს შეასრულებდა. თუ მლოცველი ეკლესიას დიდ თანხას შესწირავდა, ან წმინდა რელიქვიების მონახულებაში ფულს გადაიხდიდა, იგი ე.წ. ინდულგენციას მიიღებდა. ეს იყო ერთგვარი ქვითარი ცოდვების მიტევების შესახებ. ქვითარის მფლობელი დარწმუნებული იყო, რომ განსაწმენდელში (იგივე სალხინებელი – კათოლიკურ რწმენაში ადგილი, სადაც იმ გარდაცვლილთა სულები ხვდებიან, რომლებიც ღვთის წყალობით სარგებლობენ, მაგრამ მთლიანად არ არიან თავისუფალნი ცოდვისგან და ამ ცოდვებისგან იწმინდებიან) მისი ყოფნის პერიოდი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. მრევლის მოსაზიდად ეკლესია მორწმუნეებს პირდებოდა, რომ, თუ ისინი ქრისტიანთათვის წმინდა ადგილებს მოინახულებდნენ, ცოდვებისგან გათავისუფლდებოდნენ. ასეთი ადგილები ძირითადად რომში იყო თავმოყრილი. რომში მორწმუნეს შეეძლო ენახა ის ვერცხლის მონეტები, რომელიც იუდას ქრისტეს გაცემის სანაცვლოდ მისცეს, წმინდა პეტრეს თოკი, ღვთისმშობლის რძის ნაწილი, ის კიბე, სადაც იესო იდგა სასიკვდილო განაჩენის გამოტანის დროს და ა.შ.

რომი იყო ის ქალაქი, სადაც წმინდა მოციქულების: პეტრეს და პავლეს ცხედრები ესვენა. ეკლესიის მსახურებმა თითოეული ცხედარი ორ ნაწილად გაჭრეს და ეს ნაწილები ოთხ მთავარ ეკლესიაში მოათავსეს, რათა უფრო მეტი შემოსავალი მიეღოთ. კათოლიკური ეკლესია ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რათა ფინანსები მოეზიდა.

1510 წელს ლუთერი ერფურტის მონასტრის კიდევ ერთ ღვთისმსახურთან ერთად რომში მიავლინეს, რათა პაპის კარზე მათ მონასტრისთვის საჭირო საკითხები მოეგვარებინათ. რომში ლუთერი ადგილობრივი ავგუსტინელების ორდენის მონასტერში გაჩერდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მონასტრის ყოველდღიურ ცხოვრებაში: ლოცულობდა, ამბობდა აღსარებას, ესწრებოდა ღვთისმსახურებას. თავისუფალ დროს იგი წმინდა რელიქვიების მონახულებას უთმობდა. სიწმინდეების ასეთი სიმრავლის მიუხედავად, რომმა ლუთერს იმედი გაუცრუა. მან დაინახა, რომ რომში უზნეო სასულიერო პირები იყვნენ, რომელთაც ღვთის მსახურება ნაკლებად ადარდებდათ. კათოლიკური ეკლესიის მიმართ ლუთერის რწმენას რომში პირველი ბზარი გაუჩნდა. რომიდან დაბრუნების შემდეგ, ლუთერი ერფურტიდან ვიტენბურგში, ავგუსტინელთა ორდენის მონასტერში გადაიყვანეს. თუმცა ახალ ადგილას მარტინის სულიერი ტანჯვა არ განელებულა. იგი თავს ისევ უდიდეს ცოდვილად თვლიდა და აღსარებაზე მღვდელთან კვლავ საათობით ინანიებდა ამ ცოდვებს.

ლუთერმა ნათლად გააცნობიერა, რომ ვერც კეთილი საქმეებით, ვერც წმინდა ადგილების მონახულებით და ვერც გულწრფელი აღსარებით იგი სულიერი სიმშვიდის მოპოვებას ვერ შეძლებდა და სასოწარკვეთილებამ მოიცვა. მას ეჩვენებოდა, რომ ვერასოდეს მოიპოვებდა ღმერთის კეთილგანწყობას. მარტინს საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა ღმერთის შესახებ – მის წარმოდგენაში უფალი მხოლოდ ადამიანების დასჯას ცდილობდა. საბოლოოდ, მარტინმა გააცნობიერა თავისი ცოდვა – მას ეზიზღებოდა ღმერთი, რადგან იგი ადამიანებს ასამართლებდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ცდილობდნენ ღმერთის გულის მოგებას, იგი ადამის მოდგმას მაინც ჯოჯოხეთისკენ ისტუმრებდა. ლუთერს ეჩვენებოდა, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო ასეთი ღმერთის სიყვარული.

1512 წელს ლუთერმა თეოლოგის ხარისხი მიიღო და იგი ლექციების წასაკითხად ვიტენბურგის უნივერსიტეტში მიიწვიეს. მაგრამ ლექციების წასაკითხად მარტინს ბიბლიის ცოდნა სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ სასულიერო პირს, ბიბლიის წაკითხვა მარტინს ნებისმიერ დროს შეეძლო – მონასტერში ბიბლია გამოსაჩენ ადგილას იდო, მაგრამ იმ პერიოდში ღვთისმსახურებს ბიბლიის კითხვას არავინ ავალდებულებდა. ამიტომ ლუთერმა ბიბლიიდან მხოლოდ დაზეპირებული ტექსტები იცოდა, ხოლო თავად წიგნს მხოლოდ ზედაპირულად იცნობდა.

1513 წლიდან მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და წაკითხულით გაოცებული დარჩა. ლუთერის წარმოდგენა იესოზე, რომელიც გულგრილად უშვებდა ადამიანებს ჯოჯოხეთში, ძირფესვიანად შეიცვალა. მარტინი ქრისტეს უკვე სამეფო ტახტზე მჯდომს კი არა, ჯვარზე გაკრულს ხედავდა, რომელმაც ადამიანების ცოდვა იტვირთა. მისი სულიერი ტანჯვა შეწყდა – მან ქრისტე გაითავისა. რაც უფრო ეცნობოდა ბიბლიას, მით უფრო ხვდებოდა იგი, რომ რომის კათოლიკური ეკლესია თვალთმაქცებისა და ფარისევლების თავშესაფარად გადაიქცა. ლუთერის ამ მოსაზრებას ხელს რომის პაპის მიერ იმ პერიოდში განხორციელებული პოლიტიკაც უწყობდა.

XVI საუკუნის მეორე ათწლეულში რომის პაპმა ლეო X-მ ინდულგენციების ისტორიაში ახალი ერა შემოიტანა. პაპი რომში წმინდა პეტრეს ბაზილიკას აშენებდა, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი ტაძარი უნდა ყოფილიყო. პაპი აღფრთოვანებაში მოდიოდა მხოლოდ იმ ფიქრისგან, რომ ამ ნაგებობით საკუთარ სახელს უკვდავყოფდა. მაგრამ ლეო X-ს მშენებლობის დასამთავრებლად თანხები არ ჰყოფნიდა. ფინანსების მოსაზიდად პაპმა ინდულგენციების გაყიდვა გადაწყვიტა. მორწმუნეებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სთავაზობდნენ ინდულგენციებს. ფულის საფასურად ეკლესია ნებისმიერ ცოდვილს ყველა ცოდვების პატიებას ჰპირდებოდა. ინდულგენციების გაყიდვა პაპმა ბრანდენბურგის არქიეპისკოპოსს დაავალა. ვაჭრობა სწრაფად რომ წასულიყო, არქიეპისკოპოსმა ერთი ღვთისმსახური დაიქირავა, რომელსაც ინდულგენციების გაყიდვის შესაშური ნიჭი ჰქონდა. მას იოაჰიმ ტეტცერი ერქვა: “ღმერთი და წმინდა პეტრე მოგიწოდებთ თქვენ! გადაარჩინეთ თქვენი სული და აგრეთვე იმ მიცვალებულების სულები, რომლებიც თქვენგან შველას ითხოვენ. ინდულგენციის შეძენით, თქვენ ყველა ცოდვა მოგეტევებათ – მოუსმინეთ გარდაცვლილთა სულების ხმას: “შეგვიბრალეთ, შეგვიბრალეთ” – ამბობენ ისინი. ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ, გაგზარდეთ, ფეხზე დაგაყენეთ, მემკვიდრეობა დაგიტოვეთ, ნუთუ თქვენ ასეთი გულქვები იქნებით, რომ ყურადღებას არ მოგვაქცევთ? გვიხსენით გაგვათავისუფლეთ,” – ასეთი სიტყვებით მიმართავდა ტეტცერი მოქალაქეებს და მისი ქადაგება ჭრიდა: გაბრუებული და შეშინებული ხალხი ცოდვების მოსანანიებლად ფულს არ იშურებდა ინდულგენციების გაყიდვამ ლუთერში ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ მან ამ თემას მთელი ნაშრომი მიუძღვნა. ნაშრომში, რომელიც 95 პუნქტს შეიცავდა, მარტინი რომის პაპის მიერ ინდულგენციების გაყიდვის გზით ფულის შოვნის მეთოდს აკრიტიკებდა. გარდა ამისა, ლუთერს მიაჩნდა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ ჭეშმარიტ გზას გადაუხვია და საზოგადოება შეცდომით მიჰყვება მას.

95 პუნქტიანი ნაშრომი მარტინმა ვიტენბურგის ეკლესიის კარებზე გააკრა. თავისთავად ამ ფაქტში რაიმე განსაკუთრებული არ იყო. იმ პერიოდში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და დისკუსიის მოწყობის მიზნით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში განცხადების გაკვრა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სწორედ დისკუსიის გამართვა სურდა ლუთერს. იგი სულაც არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერი რაც 95 პუნქტში ჩამოაყალიბა ჭეშმარიტებას წარმოადგენდა. ზოგიერთი თეზისის მართებულებაში თავად მარტინს ეპარებოდა ეჭვი. ამიტომ მას სურდა ჭერშმარიტების დასადგენად დებატები გაემართა. მაგრამ მოვლენები სულ სხვა კუთხით განვითარდა. 95 თეზისი ვიღაცამ ლათინურიდან გერმანულ ენაზე თარგმნა და იგი მოსახლეობაში გაავრცელა. რამდენიმე კვირაში ლუთერის თეზისები მთელ გერმანიას მოედო. თეზისებმა ორგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: სასულიერო ფენა ლუთერის ნაშრომმა სასტიკად გააღიზიანა, ხალხმა კი მარტინის თამამი მსჯელობა აღფრთოვანებით მიიღო.

თეზისები იმდენად რეზონანსული გამოდგა, რომ მის შესახებ რომშიც კი შეიტყვეს და პაპმა ვითარების შესწავლა მოითხოვა.

1517 წელს რომის პაპის წარმომადგენელმა, კარდინალმა თომას დე ვიო კაეტანმა 95 თეზის განსახილველად ლუთერი აუგსბურგში დაიბარა. მარტინს ეგონა, რომ კარდინალთან დებატები გაიმართებოდა, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობდა კათოლიკური ეკლესიის გაჯანსაღებას. თუმცა მისი იმედები არ გამართლდა. კაეტანმა არც კი მოუსმინა ლუთერს და მისგან კატეგორიულად მოითხოვა თეზისების უარყოფა. ლუთერმა ამაზე სასტიკი უარი განაცხადა. რაც უფრო აძლიერებდა რომის ეკლესია დევნას მით უფრო ძლიერი ხდებოდა ლუთერის პოზიციები. მარტინი წერდა უამრავ ნაშრომს კათოლიკური ეკლესიის მანკიერ მხარეებზე, ამხელდა სასულიერო პირების უმსგავსო საქციელს, აკრიტიკებდა მათ ფარისევლობას და ვეცხლისმოყვარეობას. უბრალო ხალხში მისი ნაშრომები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. მარტინს ეკლესიის რეფორმაცია ჰქონდა გადაწყვეტილი და მის რეფორმას მხარს მთელი გერმანია უჭერდა. მიუხედავად პაპის მცდელობისა, მისი დაპატიმრება ვერ მოხერხდა, რადგან საქსონიაში, სადაც ლუთერი მოღვაწეობდა, საზოგადოება მხარს მარტინს უჭერდა.

1520 წელს რომმა პაპის სპეციალური ბულა (ბრძანებულება) გამოქვეყნდა, რომელიც ინდულგენციებთან დაკავშირებით რომის კათოლიკური ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავდა. როგორც მოსალოდნელი იყო ამ ბრძანებულებამ ინდულგენციების გაყიდვების კანონიერება დაადასტურა. ფაქტობრივად, პაპის ბულა 95 თეზისის წინააღმდეგ მიმართულ ოფიციალურ ბრალდებას წარმოადგენდა. ლუთერს ეკლესიიდან განკვეთა და ერიტიკოსის სახელი ემუქრებოდა. რეფორმატორის ნაშრომები და წიგნები რომში, კელნში და სხვა ქალაქებში ხმარებიდან ამოიღეს და დაწვეს. მარტინს პოზიციის შესაცვლელად ეკლესიამ 16 დღე მისცა. პაპის ამ ბრძანებას ლუთერმა “ანტიქრისტეს საზიზღარი ბულა” უწოდა: “შენ ლეო X და თქვენ კარდინალებო, თუ ეს ბულა მართლა გამოიცა თქვენი ბრძანებით, მოგიწოდებთ უარჰყოთ იგი ახლავე. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, იცოდეთ, რომ მე, ისევე როგორც ყველა ქრისტიანი, ჩავთვლი, რომ რომის ტახტს სატანა დაეპატრონა. მე აღარ დავემორჩილები თქვენს ბრძანებებს, რადგან თქვენ ქრისტეს დაუძინებელი მტრები ხართ.” ამის შემდეგ, ლუთერმა საჯაროდ დაწვა პაპის ბულა და განაცხადა, რომ იგი ამიერიდან აღარ თვლის პაპს ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლად.

1521 წელს გერმანიის ქალაქ ვორმსში ლუთერი საერო სასამართლოზე გამოიძახეს. სასამართლოს სხდომას თავად გერმანიის იმპერატორი კარლ V ხელმძღვანელობდა, თუმცა მთავარი ბრალმდებელი რომის კათოლიკური ეკლესია იყო. სასამართლოზე ლუთერს მოსთხოვეს უარი ეთქვა მის მოძღვრებაზე და საჯაროდ ეღიარებინა, რომ მისი ნაშრომები ცილისწამებას წარმოადგენდა: “მანამდე, სანამ ვინმე არ ამიხსნის და წმინდა წერილებზე დაყრდნობით არ დამიმტკიცებს, რომ ჩემი მოძღვრება მკრეხელობაა, მე არ ვუარყოფ ჩემს მიერ დაწერილ არც ერთ სიტყვას. მე თქვენს წინაშე ვდგავარ მართალი. დაე ღმერთი იყოს ჩემი დამხმარე. ამინ!” – განაცხადა სასამართლოზე ლუთერმა.

1521 წლის მაისში ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადეს. ამიერიდან, ნებისმიერ ქრისტიანს შეეძლო იგი მოეკლა. პაპის ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ ლუთერის სწავლება სიბინძურეს წარმოადგენდა და იგი იკრძალებოდა მთელი იმპერიის მასშტაბით. იკრძალებოდა ლუთერის წიგნების კითხვა, ბეჭდვა და გავრცელება. გარდა ამისა, იმპერიის მაცხოვრებელს ეკრძალებოდათ გაეწიათ ნებისმიერი დახმარება ერეტიკოსისთვის. მაგრამ პაპის ბრძანება უმოქმედო აღმოჩნდა. ლუთერის სწავლება და საზოგადოების მიერ მისი რეფორმატორული იდეებისადმი სიმპათიამ, მარტინს საქსონიის ტერიტორიაზე მოღვაწეობის შეუზღუდავი საშუალება მისცა. ლუთერის საქმიანობას ხელს საქსონიის მმართველი ფრიდრიხიც უწყობდა, რომელიც მარტინის დიდი მხარდამჭერი იყო. დროთა განმავლობაში ლუთერის სწავლება მთელ გერმანიას მოედო, რამაც გერმანიის ტერიტორიაზე პაპის ძალაუფლება მინიმუმამდე დაიყვანა.

მარტინმა შეძლო გერმანულ ენაზე ბიბლიის გადათარგმნა და მისი მოსახლეობაში გავრცელება. ამის შედაგად, უბრალო ხალხმა მიიღო მანამდე მისთვის აკრძალული წიგნის კითხვის საშუალება. ის რაც ადრე მხოლოდ სასულიერო პირების პრეროგატივას წარმოადგენდა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ეკლესიის რეფორმაციამ ევროპაში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. ლუთერის წყალობით, ევროპაში ცვლილებებისა და რეფორმების ერა დაიწყო. ახალი იდეები გავრცელდა ყველა გერმანულ მიწაზე, გადაწვდა საფრანგეთს, შეაღწია ინგლისსა და შვეიცარიაში. რომის ეკლესია უშედეგოდ ცდილობდა ამ სიახლეების შეჩერებას. ადამიანი კი რომელმაც სათავე დაუდო მანკიერი ეკლესიური სისტემის რღვევას, 1546 წლის 18 თებერვალს ღამის 2 საათზე ვიტენბურგში გარდაიცვალა.

“გევედრები უფალო, იესო ქრისტე, მიიბარე ჩემი სული. მეუფეო ზეცათაო, მე ვტოვებ ამ სამყაროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შენთან ვიცხოვრებ მარადის.” – ასეთი ლოცვა წარმოთქვა მარტინ ლუთერმა უკანასკნელად.

წყარო: 24saati.ge

ჩატვირთვა...