რატომაა ამდენი ძალადობა სამყაროში?

215

„ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია.“ (მათე 10:28).

ყოველი ჩვენგანი ცდილობს, რომ რაიმე ახსნა მოუძებნოს სისხლის ღვრასა და ძალადობას. ჩვენი დღეები სავსეა ავბედითი მომენტებით. ძალამ, რომელსაც კაცობრიობის განადგურება შეუძლია, თითქოს იმ ადამიანების ხელში გადაინაცვლა, ვისაც ამის კეთება სიამოვნებას ანიჭებს.

კარგი ადამიანები ძალადობისგან დაცულნი არ არიან. მკვლელებს არ აღელვებთ, ადამიანი ღვთისმოსავია თუ არა. ტერორისტები სულიერი მდგომარეობის მიხედვით არ არჩევენ მსხვერპლს. სისხლის ღვრის წყურვილი და ბოროტება ცამდე აღწევს.

არ ვართ გამონაკლისნი, მაგრამ არც შიშისგან ვკანკალებთ. იესო ასეთ სასტიკ სამყაროზე ამბობს: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია.“ (მათე 10:28).
მოწაფეებს იმედი სჭირდებოდათ. იესომ კი უთხრა მათ, რომ მოსალოდნელი იყო ტანჯვა, სასამართლოები, ზიზღი და დევნა; რომ მხოლოდ დაკეტილ ოთახში საუბრები ვერ გაამრავლებდა მორწმუნეებს.

მათი რწმენა ძლიერი იყო, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ ნათლად ახსოვდათ იესო უკაცრიელ სასაფლაოზე, სადაც ეშმაკეულნი დაძრწოდნენ.

იესომ თავისი მოწაფეები წაიყვანა „გაღმა და ღადარინელთა ქვეყანაში რომ მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული. სამარხებიდან იყვნენ გამოსულნი, ძალზე მძვინვარენი; ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. და აჰა, მორთეს ყვირილი და ამბობდნენ: ‘რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენ სატანჯველად?’“ (მათე 8:28-29).

ხალხი, ამ ეშმაკეულების შიშით, სასაფლაოსთან ახლოს გავლას თავს არიდებდა და შემოვლითი გზით დადიოდა.

იესო არ მოქცეულა სხვათა მსგავსად. ის იქცეოდა, როგორც ამ ტერიტორიის მესაკუთრე. იესო და ეშმაკეულნი „სისხლის ბოლო წვეთამდე“ ებრძოდნენ ერთმანეთს… და ავი სულებით შეპყრობილთ აღარ სურდათ ბრძოლის გაგრძელება.

ისინი ეკითხებოდნენ მას: „ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენ სატანჯველად?“ (მათე 8:29). მათ იცოდნენ, რომ დადგა მათი აღსასრული და საზარლად იმანჭებოდნენ. ეშმაკებმა ვედრება დაუწყეს: “თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი.” (მათე 8:31).

არავითარი ყვირილი, შელოცვა, განრისხება ან მოთხოვნა, მხოლოდ ერთი სიტყვა – „წადით“ და იესომ განდევნა ისინი.

ჩვენ, ქრისტიანები, ძალადობის წყაროს ეშმაკში ვეძებთ. ჩვენ მას მივაწერთ დანაშაულს და სისხლის ღვრას, ვისი დღეებიც დათვლილია.

ჩვენი იმედი იესოს ჭეშმარიტ გამარჯვებაში უნდა ვეძებოთ. იესო გვამხნევებს თავისი სიტყვებით: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია.“ (მათე 10:28).

გაბედულებას უსაფრთხოების ზომების გაზრდა კი არა, სულიერი სიმწიფე შობს. ძალადობით სავსე დღეები ადამიანებს მეტი რწმენისკენ მოუწოდებს. შიში მათ არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს. ისინი ზედმეტად განიცდიან, თავს ესხმიან, ან უკან იხევენ. გამბედავი ადამიანები კი ცივი გონებით მოქმედებენ. ისინი თვალს არ იბრმავებენ და ეშმაკი თავგზას ვერ უბნევს მათ.

მარტინ ლუთერ კინგი ამის მაგალითია. მან აირჩია, არ შეშინებოდა მათი, ვინც ზიანის მიყენება განიზრახა მისთვის. 1968 წლის 3 აპრილს მან საათები დაჰყო თვითმფრინავში და ელოდა დაბომბვას. როცა დღის ბოლოს მემფისში ჩავიდა, დაღლილი და მშიერი იყო, მაგრამ არა შეშინებული.

„ჩვენ მძიმე დღეები გვქონდა,“ – მიმართა ხალხს – „მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს. როგორც ყველას, მეც მსურს, დიდხანს ვიცოცხლო. დღეგრძელობა სხვა დროს იყოს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ. მხოლოდ მინდა, რომ უფლის ნება აღვასრულო. მე ვნახე აღთქმული მიწა. ამ ღამით ბედნიერი ვარ. არაფერზე ვღელავ. არავისი მეშინია. ჩემმა თვალებმა იხილეს უფლის დიდებულება.“

მის მოსაკლავად 24 საათზე ნაკლები დრო იყო საჭირო, თუმცა მათ, ვინც ლუთერის ვნება განიზრახეს, საწადელს ვერ მიაღწიეს; ვერ შეძლეს მისი სულის გატეხა.

ბოროტის მქმნელებს ნაკლებად შეუძლიათ გავნონ, თუ უკვე არ ხართ მსხვერპლი. “ადამიანის მოშიშარს მახე დაეგება, უფალზე დანდობილი კი დაცული იქნება.” (იგავები 29:25).

ნამდვილი გამბედაობა გულისხმობს სირთულეების გადალახვას და მათზე საბოლოო გამარჯვებას.

“ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემ წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.“ (ფსალმუნი 26:3).

ნუ დაგაძაბუნებთ შიში უამრავი რამის მიმართ; წინააღმდეგობა გაუწიეთ ცდუნებას, რომ უკან დაიხიოს მან. განმტკიცდით! ეს არის რწმენის დრო, უფლის იმედის დრო.

„დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. მოეშვი რისხვას და მიატოვე გულისწყრომა! ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან, ხოლო უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.” (ფსალმუნი 36:7).

გამბედაობა არის არჩევანი. დაე, ის შენი არჩევანიც იყოს.

წყარო

ავტორი: მაქს ლუკადო

თარგმანი: თამარ ცხოვრებაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...