რატომ გადაწყვიტა ჩემმა ოჯახმა ჰელოუინზე უარის თქმა

0

ჰელოუინის საკითხი გაცხარებული დავის საგნად არის ქცეული ქრისტიანულ წრეებში. არ მინდა, რომ ამ სტატიაში განვსაჯო ისინი, ვინც ჰელოუინის აღნიშვნა გადაწყვიტა. ამ სტატიაში მე მინდა მოგითხროთ ჩემი ოჯახის ისტორიისა და იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დღესასწაულზე უარის თქმა.

მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის აღვნიშნავდით ჰელოუინს. ჩემი ოჯახი წვეულებებს აწყობდა ამ დღეს. ადრე ჩემთვის ჰელოუინი ყოვლად უმწიკვლო დღესასწაული იყო, თუმცაღა გარკვეულ მომენტში ყველაფერი შეიცვალა. ზუსტად არ მახსოვს, როდის მოხდა ეს. შესაძლოა, ეს მოხდა იმ დროს, როცა მე კუდიანის ფორმას ვიცვამდი და დედაჩემმა იფიქრა, რომ იმდენად დამაჯერებლად გამოვიყურებოდი, რომ ნება არ მომცა ჯვარი მომეხსნა და ასე გავსულიყავი სახლიდან; ან მაშინ, როცა დეიდაჩემთან „მოჩვენებების სახლში“ შევედი, რომლის დეკორაციებიც თეატრალურ დასთან ერთად დავდგით? ისეთი შეშინებული ვიყავი, რომ დეიდას ვემუდარებოდი ნება მოეცა, რომ პირველივე შემხვედრ კარადაში დავმალულიყავი.

მაღალ კლასებში სწავლისას, ვმუშაობდი ჰელოუინისათვის განკუთვნილი კოსტიუმებისა და ნივთების მაღაზიაში, სადაც ყოველ საღამოს შესაბამისად ვიცვამდი, ხოლო ყოველ წელს ვგეგმავდი და ვახდენდი ამ კოსტიუმების ჩვენების ორგანიზებას. ნელ-ნელა დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ ჰელოუინი არ იყო მხოლოდ გართობა და თამაში. ამ დროს დავინტერესდი იმით, რაც ზებუნებრივს უკავშირდებოდა.

რაც უფრო მემატებოდა ასაკი, მით უფრო მეტად ვაცნობიერებდი, რომ ეშმაკი არსებობს. ის მოსულია იმისათვის, რომ მოკლას, მოიპაროს და მოსპოს, მაგრამ ღმერთი უფრო დიდია. იესო მოვიდა იმისათვის, რომ მოგვცეს სიცოცხლე და მოგვცეს უხვად. როგორც კი დავიწყე ეგზორციზმის შესწავლა და საკუთარი თვალით ვიხილე ბოროტ სულთა განდევნის შემთხვევები და მოვისმინე ლოცვები, რომლებიც მიმართული იყო დემონებისგან ადამიანთა გათავისუფლებისკენ, ჩემთვის ეს უკვე აღარ იყო სახალისო გართობა და თამაში. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა.

შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს შეგვეძინა შვილები და როცა უფროსი შვილი საკმარისად გაიზარდა, საჭირო გახდა გადაწყვეტილების მიღება. რაც უფრო მეტად ვფიქრობდი ჰელოუინთან დაკავშირებული დისკუსიების შესახებ და ვიგებდი მათ ნამდვილ წარმომავლობას, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ჰელოუინი არ იყო უბრალოდ გართობისა და თამაშისთვის განკუთვნილი დღესასწაული. მას ჰქონდა ძალიან ბნელი მხარე. როგორ უნდა აღმეზარდა ჩემი შვილები და ჩამეგონებინა მათთვის, რომ წელიწადში 364 დღის განმავლობაში იესო ქრისტესთვის უნდა ეცხოვრათ, მაგრამ მეთქვა, რომ ნორმალური იყო, წელიწადში ერთხელ მონაწილეობა მიეღოთ ჯადოქრობასთან დაკავშირებულ წარმოდგენებში?

დავიწყე ჰელოუინის წარმომავლობის დამოუკიდებლად კვლევა. ეს დღე წმინდა დღედ აღინიშნება ბევრ დემონურ წრეში. მოკლედ რომ ვთქვა, ჰელოუინი არის იმ რელიგიის დღესასწაული, რომელსაც მე არ ვაღიარებ.

ბევრი არგუმენტი მომისმენია იმ ადამიანებისგან, რომლებსაც უნდათ, გამართლება მოუძებნონ ამ დღის აღნიშვნას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არგუმენტი ასეთია: „ჰელოუინი მხოლოდ გართობა და თამაშებია. ჩვენ ჩვენს შვილებს სხვადასხვა კოსტიუმებში ისე გამოვაწყობთ, რომ არავითარი ბოროტი განზრახვა არ გვამოძრავებს ამ დროს.“

ისიც მომისმენია, რომ „ყველა წმინდანის“ დღესასწაული კათოლიკური წარმომავლობისაა და რადგან ჰელოუინიც ამ დღესასწაულს ეფუძნება, შესაბამისად, მასში არ შეიძლება იყოს რაიმე ცუდი. ფაქტობრივად, კათოლიკურმა ეკლესიამ ჰელოუინის წარმართული ტრადიციები აიღო და შეეცადა, ეკლესიისათვის მოერგო ისინი. სწორედ ამიტომ არ ვეთანხმები ამ არგუმენტს. ბევრი ადამიანი იმასაც ამბობს, რომ „ზოგიერთ საშობაო და სააღდგომო ტრადიციასაც გარკვეული წარმართული ფესვები აქვს“, მაშ, რატომ უნდა ვთქვა უარი ჰელოუინზე, როცა ყოველივე დანარჩენი მისაღებია? ჩემი პასუხი ამ კითხვაზე სკამაოდ მარტივია. შობის დღესასწაულზე მე ხეს არ ვეთაყვანები, არამედ აღვნიშნავ უფალ იესო ქრისტეს შობას. აღდგომას წითელ კვერცხს და პასკას არ ვადიდებ, არამედ ქრისტეს აღდგომას.

ბოლოს მინდა ვთქვა: „ჩვენს შვილებს ვასწავლით, რომ ჩვენ, ქრისტიანები, განვსხვავდებით ქვეყნიერებისგან და ეს ნორმალურია. რატომ უნდა ვაკეთოთ რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ასე იქცევა? რატომ არ უნდა დავიხიოთ ერთი ნაბიჯით უკან და არ შევხედოთ, რა შედეგები მოაქვს ამ ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში?“

წყარო

  • 20
    Shares