რა არის ევთანაზია?

1 141

belgio-eutanasia-per-i-minori„ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.“ (დაბადება 9:6)

ევთანაზია (ბერძნ. „კარგი სიკვდილი“: eu – (კარგი) + thanatos (სიკვდილი)) უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტია.

ევთანაზია ახალგამოგონებული მეთოდია, თუმცა მას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია გააჩნია, რომელიც ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან იღებს სათავეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოკრატე მოიხსენიებს ევთანაზიას და ეწინააღმდეგება მას თავის ჰიპოკრატეს ფიცში (დაიწერა, დაახლ. ქრ. შობამდე 400 წელს) ძველი ბერძნები და რომაელები თვლიდნენ, რომ არავითარი აზრი არ ჰქონდა იმ ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, ვისაც სიცოცხლისადმი ინტერესი აღარ გააჩნდა.

ამგვარად, ნებაყოფლობითი ევთანაზია ნებადართული იყო ძველ ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებში. პირველი კანონი ევთანაზიის წინააღმდეგ მიიღეს ნიუ იორკში, 1832 წელს.

დღესდღეობით, ევთანაზია კანონიერია ჰოლანდიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში, ხოლო თვითმკვლელობაში დახმარების გაწევა (assisted suicide) ლეგალურია იაპონიაში, შვეიცარიაში, ალბანეთში, კოლუმბიასა და აშშ-ს შემდეგ შტატებში: ორეგონში, ვაშინგტონში, ვერმონტში, ნიუ მექსიკოსა და მონტანაში.

ევთანაზია და თვითმკვლელობაში დახმარების გაწევა ცოტაოდენ განსხვავდება ერთმანეთისგან: პაციენტისათვის სასიკვდილო ინექციის გაკეთება ან მის თავზე პლასტიკური პაკეტის ჩამოცმა მისი დახრჩობის მიზნით, ევთანაზიად ითვლება, ხოლო, თუ თავად პაციენტი გადაყლაპავს ექიმის მიერ მიწოდებული წამლის ზედმეტ დოზას ან სასიკვდილო ინექციის ვენაში შესაყვანად თავად დააწვება შპრიცს, ეს უკვე თვითმკვლელობაში დახმარების გაწევის აქტად ითვლება, თუმცა, არსებითად, ეს ორი რამ ერთი და იგივეა.

ევთანაზია ორ კატეგორიად იყოფა: ნებაყოფლობით და იძულებით ევთანაზიად. ნებაყოფლობითია, როცა იგი კეთდება პაციენტის თანხმობით, ხოლო იძულებითი ევთანაზია გულისხმობს სასიკვდილო დაავადების მქონე ადამიანის მოკვდინებას მისი თანხმობის გარეშე.

რაში გვჭირდება ევთანაზია? განა თანამედროვე მედიცინას არ შეუძლია ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნება და გახანგრძლივება, რაც, სულ ცოტა ხნის წინ, შეუძლებელი იყო? თანამედროვე მედიცინამ ნამდვილად გაახანგრძლივა ადამიანის სიცოცხლე. სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ სისხლის მაღალი წნევა, ფილტვების ანთება, აპენდიციტი და დიაბეტი, თითქმის, უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა, რასაც თან ახლდა მტანჯველი ტკივილი.

ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლები იყო, რადგანაც ხშირი იყო მშობიარობისას მათი სიკვდილიანობის დონე. მრავალი ახალშობილი ვერ აღწევდა ზრდასრულობის ასაკს ანტიბიოტიკების, იმუნიზაციის, თანამედროვე ქირურგიის, თერაპიისა თუ მედიკამენტების არარსებობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ასე განვითარდა, ის ყოვლისშემძლე არ არის და არ ძალუძს ყოველგვარი დაავადების განკურნება. არსებობს სასიკვდილო დაავადებანი (ე.წ. ტერმინალური მდგომარეობა), რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს. ისმის კითხვა: ნუთუ ამის გამო ევთანაზია და თვითმკვლელობაში დახმარების გაწევა ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასიკვდილოდ დაავადებულთათვის? არა!

აქ ორი პრობლემა წამოიჭრება: სიტყვის „ტერმინალური“ განსაზღვრება და ის ცვლილებები, რომლებიც უკვე მოხდა იმისათვის, რომ ევთანაზია და თვითმკვლელობაში დახმარების გაწევა მათთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი, ვინც არ გახლავთ „ტერმინალურ მდგომარეობაში.“ არსებობს ამ სიტყვის (ტერმინალური) მრავალი განსაზღვრება; მაგალითად, სანამ მეორე ხარისხის მკვლელობაში ბრალს წაუყენებდნენ, ჯეკ კევორკიანმა (Jack Kevorkian), რომელმაც მონაწილება მიიღო 130-ზე მეტი ადამიანის სიკვდილში, განაცხადა, რომ „ტერმინალური მდგომარეობა“ ანუ „სასიკვდილო დაავადება“ გახლდათ „ნებისმიერი დაავადება, რაც, თუნდაც ერთი დღით, ამოკლებს სიცოცხლეს“ (!) (და ეს მაშინ, როცა თავად წლების განმავლობაში ებრძოდა თირკმელების პრობლემას და ბოლოს, ღვიძლის კიბოსა და პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, რისგანაც გარდაიცვალა კიდეც 2011 წლის 3 ივნისს). დანიელი ფსიქიატრმა დოქტორმა ბუდევინ ჩაბოტმა (Boudewijn Chabot), რომელიც წამლების ფატალური დოზით ამარაგებდა დეპრესიაში მყოფ, მაგრამ ფიზიკურად ჯანმრთელ ქალებს, განაცხადა: „გამუდმებით თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი პაციენტები, მართლაც, სასიკვდილოდ არიან დაავადებულნი“ (!!!). მრავალი თვლის, რომ ევთანაზია მკვლელობაა და კანონით უნდა აიკრძალოს შემდეგი მიზეზების გამო: 1. ევთანაზია იძულებითი გახდება, 2. ევთანაზია გამოიყენება მაშინაც კი, როცა ადამიანს არ აქვს სასიკვდილო დაავადება, 3. ევთანაზია ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობისა და ფასეულობის უარყოფაა.

პირველი მიზეზი, რის გამოც ევთანაზია უნდა გაუქმდეს, გახლავთ ის, რომ შეიძლება იგი იძულებითი გახდეს, რაც ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევაა და ისჯება კანონით. ამგვარად, იძულებითი ევთანაზია არ უნდა იყოს გამონაკლისი, რაკი მისი დაკანონება სურს ზოგიერთ ადამიანს. მაგალითად, ლენ დოიალი (Len Doyal) სამედიცინო ეთიკის პროფესორი ლონდონის Queen Mary-ს უნივერსიტეტისა, მომხრეა გაერთიანებულ სამეფოში იძულებითი ევთანაზიის დაკანონებისა. იძულებითი ევთანაზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი გახლავთ კარენ ენ კუინლანის (Karen Ann Quinlan) შემთხვევა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ევთანაზიის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაში. წვეულებიდან დაბრუნებულმა 21 წლის კარენმა გონება დაკარგა დექსტროპროპოქსიფენის, დიაზეპამისა და ალკოჰოლის ერთდროულად მიღების შედეგად. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გოგონა უცვლელ ვეგეტატიურ მდგომარეობაში ჩავარდა. მას შემდეგ, რაც იგი რამდენიმე თვე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და, როცა მისი მდგომარეობა მაინც არ გაუმჯობესდა, მისმა მშობლებმა საავადმყოფოს მოსთხოვეს მიეცათ მათი შვილისთვის სიკვდილის უფლება. საავადმყოფომ ამაზე უარი განაცხადა, მაგრამ ნიუ ჯერსის უზენაესმა სასამართლომ მშობლების სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ კარენ კუინლენდი გამორთეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან 1976 წელს, მან კიდევ, თითქმის, ათი წელი იცოცხლა კომაში მყოფმა და გარდაიცვალა ფილტვების ანთების შედეგად 1985 წელს. სხვა მაგალითი, 1988 წელს კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა: სამუელ ლინარესმა (Samule Linares), 6 თვის ჩვილმა პატარა საგანი გადაყლაპა, რომელიც მის სასუნთქ მილში გაიჭედა და გამოიწვია ტვინისათვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტა. კომაში მყოფი ჩვილი ჩიკაგოს საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასუნთქ აპარატზე შეართეს. რვა თვის შემდეგ ის ისეც კომაში იმყოფებოდა და საავადმყოფო გეგმავდა სამუელის ხანგრძლივ მკურნალობაზე გადაყვანას. სამუელი მშობლებმა მოინახულეს იგი საავადმყოფოში. დედამ მალე დატოვა პალატა, მამამ კი იარაღის მუქარით აიძულა ექთანი დაეტოვებინა იქაურობა. შემდეგ გამორთო სასუნთქი აპარატი და ბავშვი ხელში ეჭირა, სანამ იგი გარდაიცვლებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაბარდა იგი პოლიციას. ეს შემთხვევები კვლავ წამოჭრის მნიშვნელოვან კითხვებს მორალური თეოლოგიის, ბიოეთიკის, ევთანაზიის, ლეგალური მეურვეობისა და სამოქალაქო უფლებათა სფეროებში.

შემდეგი არგუმენტი ევთანაზიის საწინააღმდეგოდ გახლავთ ის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მაშინაც კი, როცა პაციენტი არ არის სასიკვდილოდ დაავადებული. ექიმები, რომელთაც, თავდაპირველად, სასიკვდილო დაავადების მქონე ადამიანთა მოკვდინება სურთ, შემდეგ სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრების შესახებ რჩევას აძლევენ მარტოსულ, დეპრესიაში მყოფ და ინფორმაციის არმქონე ადამიანებს. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ნენსი კრიკი (Nancy Crick), რომელმაც თავი მოიკლა ოჯახის წევრების გარემოცვაში. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იგი ჯანმრთელი იყო და არ გახლდათ დაავადებული ნაწლავების სიმსივნით სიკვდილის მომენტში. მისმა ექიმმა ფილიპ ნიცშკემ (Philip Nitschke) იცოდა ეს, თუმცა არავისთვის გაუმხელია და, როცა ეს ფაქტი გახმაურდა, მან განაცხადა: „… მას ან ნაწლავების სიმსივნე ჰქონდა ან ნაწლავების სიმსივნის შედეგები და მისი სიცოცხლის ხარისხი ისეთი გახლდათ, რომ მან სიკვდილი მიიჩნია უპირატესად.“ სხვა მაგალითი: მარტა ალფონსო ბაუესმა (Martha Alfonso-Bowes), ასევე ნიცშკეს პაციენტმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1995 წლის სექტემბერში, რადგან იგი კუჭ-ნაწლავის სიმსივნით იყო დაავადებული. ისევე, როგორც ნენსი კრიკის შემთხვევაში, მხოლოდ მარტას სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ქირურგიული ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო გამოჯანმრთელება და ოპერაციის გარეშეც კიდევ 5 წელი იცოცხლებდა. ამგვარად, ის არც სასიკვდილოდ იყო დაავადებული და არც ტკივილი აწუხებდა. ის დეპრესიაში იყო თავის საყვარელ ვაჟთან მომხდარი განხეთქილების გამო. ამგვარი შემთხვევები, შეიძლება, ჩვენ გარშემოც მოხდეს, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ადამიანთა ცხოვრებაში.

ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობისა და ფასეულობის უარყოფა კიდევ ერთი არგუმენტია ევთანაზიის საწინააღმდეგოდ. დღევანდელ დღეს, ბევრი ადამიანი, ძველ ბერძენთა და რომაელთა მსგავსად, თვლის, რომ არავითარი აზრი არ აქვს იმ ადამიანთათვის სიცოცხლის შენარჩუნებას, რომელთაც უკვე აღარ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა და თავიდან იშორებენ მათ გულმოწყალების ნიღაბმორგებულნი. ისევ ექიმ ფილიპ ნიცშკეს დავუბრუნდები, რომლის პაციენტმაც ჯუნ ბერსნმა (June Burns) ევთანაზიის სასარგებლოდ განაცხადა ტელევიზიით, რომ ერჩივნა თავი მოეკლა, ვიდრე „ძაღლივით მომკვდარიყო“ სიმსივნით. ექიმი ნიცშკე დაეხმარა მას ევთანაზიის სასარგებლო კამპანიის მოწყობაში, მაგრამ დაავადებამ განვითარება შეწყვიტა და ერთი წლის შემდეგ ჯუნმა განაცხადა: „მე სიცოცხლე მინდა!“ ნიცშკეს კიდევ ერთი პაციენტი პიტერ ვიესი (Peter Wiese) 1997 წელს გადაიღეს სატელევიზიო შოუსათვის 60 წუთი, სადაც მან განაცხადა, რომ სასიკვდილოდ იყო დაავადებული და, რომ „არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა“, მაგრამ ხსენებულმა გადაცემამ სხვა ექიმებსაც ჩამოართვა ინტერვიუ, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ვიესი სულაც არ იყო სასიკვდილოდ დაავადებული. მაშასადამე, ნამდვილი დახმარებისა და თანაგრძნობის ნაცვლად ეს ექიმი თავის პაციენტებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა.

ამასთან დაკავშირებით სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ევთანაზია არ გახლავთ თანაგრძნობის აქტი, არამედ ესაა სულმოკლეობა და სისასტიკე, ადამიანის ხელშეუხებელი სიცოცხლის არად ჩაგდება. ეს არ არის ადამიანისადმი გულმოწყალებითა და ღრმა სიბრალულით გამოწვეული მოქმედება, არამედ ესაა ცივსისხლიანი და გაცნობიერებული მკვლელობა, რომელსაც არავითარი გამართლება არ გააჩნია და, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანთა თავიდან მოშორებას, რომელთა სიცოცხლეც „უკვე უსარგებლოა“. ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ განსაზღვრო, ვისი სიცოცხლეა აზრს მოკლებული და უსარგებლო და მით უმეტეს, არ გაქვს იმის უფლება, გადაწყვიტო, იცოცხლოს თუ მოკვდეს ადამიანი. ეს მხოლოდ ღმერთის პრეროგატივაა. ევთანაზია არ არის გამოსავალი. ეს მხოლოდ პრობლემის გადაჭრის უადვილესი და უმოკლესი გზაა. გახსოვდეს მცნება: „არა კლა“ (რჯლ. 5:17).

ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort