რა არის მამონა?

325

„არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“ (მათე 6:24).

უფრო სწორი იქნებოდა, თუ შემდეგნაირად დავსვამდით კითხვას: „ვინ არის მამონა?“. ამ სტატიის მომზადებამდე მინდოდა მენახა, რას ამბობენ ამ „ქმნილების“ შესახებ მსოფლიო ქსელში. გარდა იმისა, რომ ვერაფერი სასარგებლო ვერ ვიპოვე, იმ ფაქტსაც წავაწყდი, რომ ხალხს აინტერესებს „რა არის მამონა“ და არა – „ვინ არის მამონა“. განსხვავება ნამდვილად არის, რადგან ეს არსება სავსებით რეალური პიროვნებაა.

ინტერნეტში არსებულ რუსულენოვან მასალებს შორის აბსურდული სტატიების გარდა ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაგენი, რამაც მიბიძგა იმისკენ, რომ მეტი ცნობები მომეძიებინა ამ თემის შესახებ.

მამონა (არამეულიდან „ქონება“), ბერძნულ ენაში არამეულიდან შესული ნასესხები სიტყვაა, რაც „სიმდიდრეს“ და „ფუფუნებას“ ნიშნავს (მათე 6:24; ლუკა 16:9,11,13). მამონა არის ის, რასაც ენდობი და ვისგანაც რაღაცას მოელი. ბერძნული და ძველი რომაული ვერსიით, მამონას ანალოგი გახლავთ „მერკური“, ვაჭრობის მფარველი ღმერთი.

ისტორია ქრისტიანობასთან ფულის, სიმდიდრისა და ფუფუნების დამოკიდებულების შესახებ მარტივი არ არის. ქრისტეს შობიდან ორი ათასი წლის განმავლობაში ეს ურთიერთდამოკიდებულებანი ისე ჩახლართა ზოგმა დიდად მონდომებულმა ადამიანმა, რომ „ეშმაკიც კი მოიტეხს ფეხს“. ერთი მხრივ, უამრავი კონფესიის წარმომადგენელი ლანძღავს მათ, ვინც ამ ფულს შოულობს, მეორეს მხრივ კი, იგივე ადამიანები ჩუმად, თითქოს, შეუმჩნევლად ხსნიან საკუთარ ჯიბეებს, იმის მოლოდინში, რომ სხვები იქ რაიმე ღირებულს ჩააგდებენ.

ნუთუ ამ უმსგავსობის ავტორი თავად ღვთის ძეა? საიდან დამკვიდრდა ჩვენს ცნობიერებაში სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ თუ მდიდარი ხარ, ესე იგი, ცოდვილი ხარ? ხოლო თუ გინდა წმიდა იყო, მათხოვრობისთვისაც უნდა იყო მზად. ჩემი ქრისტიანული ცხოვრებისა და ადამიანებთან ამ თემასთან დაკავშირებული ურთიერთობის გამოცდილება იმაზე მიუთითებს, რომ ხალხის უმრავლესობა მსგავს აზროვნებასაა მიჩვეული.

ამრიგად, ფული ბოროტებაა თუ სიკეთე? სიმდიდრე ცოდვაა, ხოლო სიღარიბე სიწმინდე? რატომ არის ყველაფერი ასე ჩახლართული? ვის აძლევს ეს ხელს? სადაა სიმართლე და როგორ შევცვალოთ ყველაფერი?

ერთი მხრივ, ბიბლიაში შემდეგი სიტყვებია დაწერილი: „ძალღონეს ნუ შეალევ სიმდიდრის შეძენას, შეეშვი ამაზე ფიქრს. მიაპყრობ თვალებს და აღარ არის; არწივივით ფრთებს შეისხამს და ცად აფრინდება“ (იგავები 23:4-5).

„იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: ‘რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა’“ (მარკოზი 10:23). ერთი შეხედვით, კიდევ რა მტკიცებულებაა საჭირო, ყველაფერი ისედაც გასაგებია ტყის პატარა, ეკლიანი „მხეცუკასთვის“, მაგრამ, სავარაუდოდ, ამგვარი „სწავლების“ ავტორები და მომხრეები ფიქრობენ, რომ მათ სწორედ ეს პატარა „მხეცუკები“ დაუჭერენ მხარს; მისცემენ ამ „წმინდა“ იდეის წარმომადგენლებს მთელ თავიანთ ქონებას, რათა გადარჩნენ და გამოსასყიდიც მიუტანონ ღმერთს.

მაპატიეთ ჩემი სარკაზმი, ეს ჩემი სტილი არ არის, მაგრამ იმდენად ხშირად ვაწყდები მსგავს მანიპულაციებსა და დემონურ კონტროლს, რომ ყველას გასაგონად მინდა ვიყვირო: „ხალხო, გატყუებენ, გძარცვავენ!“

ოციოდე წლის წინ მთელი, ჩემი ტრადიციული გაგებით, მჯეროდა, რომ მორწმუნეები ღარიბები უნდა იყვნენ და როდესაც პირველად მოვისმინე, რომ სიმდიდრე შეიძლება ღმერთისგან იყოს, საკუთარ ყურებს არ დავუჯერე. საკუთარ ყურებს არც იესოს მოწაფეებმა დაუჯერეს, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, მათ იმის დაჯერება უჭირდათ, რომ ღმერთი სიმდიდრის წინააღმდეგი იყო. ჩემ მიერ დასახელებულ მუხლებს დამახინჯებულად თუ განვიხილავთ, გამოდის, რომ სიმდიდრისა და ღმერთის შეთავსება შეუძლებელია.

ვისთვის მოაქვს ამას სარგებელი? მამონასთვის. ზუსტად ეს „ქმნილებაა“ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ხალხი შიშითა და ყოყმანით ცხოვრობს. ზუსტად ეს კონკრეტული სულიერი პიროვნება დგას ტრადიციულ აზრს მიღმა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ სულიერი პიროვნება არ ნიშნავს იმას, რომ ის ღმერთს წარმოადგენს. მოდით, ვნახოთ, რა გაუკვირდათ იესოს მოწაფეებს.

„იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: ‛რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა.’ მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: ‛შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში.’ იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში: ‛ვისღა შეუძლია გადარჩენა?’ შეხედა მათ იესომ და თქვა: ‛ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია’“ (მარკოზი 10:23-27).

იესოს მოწაფეები თუ ღარიბები იყვნენ და მზად იყვნენ, რომ მთელი ცხოვრება სიღარიბეში ეცხოვრათ, მაშინ რატომ „შეძრწუნდნენ“ ასე? და საერთოდ, როგორ უნდა გავიგოთ იესოს პასუხი?

„უთხრა: ‛იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული’“ (ლუკა 12:15).

აი, იესოს დამოკიდებულება სიმდიდრის მიმართ: სიმდიდრე თავისთავად ბოროტება არ არის, მაგრამ არც სიკეთეა. ეს იარაღია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი საკუთარ არსს ავლენს. დანა ერთი ადამიანის ხელში შეიძლება მკვლელობის იარაღად იქცეს, ხოლო მეორემ კი საკვების მოსამზადებლად გამოიყენოს იგი.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ და როგორ სარგებლობს მისით. იესო ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება იმაზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია თუ არა მას სიმდიდრე. ადამიანის ცხოვრება ფულთან მის ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მაშინ, როცა ვინმე სიმდიდრეს ანიჭებს პრიორიტეტს და არა ღმერთს, რა დიდიც არ უნდა იყოს ეს სიმდიდრე, ადამიანი მაინც ვერასოდეს დაკმაყოფილდება. მაგალითად, ლოტის ცოლი. მის წინ გადარჩენა იყო, მაგრამ ის თავის საყრდენს, სიმდიდრეს, უყურებდა და რა დაემართა? მარილის სვეტად იქცა. მიზეზი? ის დამოკიდებული იყო თავის ქონებაზე და მამონას ემსახურებოდა.

დემონური სული, რომელსაც სახელად მამონა ჰქვია, პასუხისმგებელია იმაზე, რომ ადამიანი ააფორიაქოს და შეაშფოთოს მის ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით. შფოთვა მამონას უკავშირდება. ეს მისთვის დამახასიათებელი სიმპტომია. სიტყვა, რომელიც მამონას კარგად განმარტავს, გახლავთ ბერძნული სიტყვა „მერიმა“, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ტანჯვა შფოთის გამო“. მამონა არის შიშისა და შფოთის სული. თქვენ თუ ეს სიმპტომები გტანჯავთ, ესე იგი, მამონას თავდასხმის ობიექტი ხართ.

აზრი არ აქვს შფოთვას. ის მხოლოდ გაზიანებთ და სრულიად უსარგებლოა. შფოთვა გავლენას ვერ მოახდენს წარსულზე, რადგან ის უკვე წარსულია. შფოთვა გვაბრმავებს და საღი აზროვნების უნარს გვართმევს. ეს ურწმუნოებაა.

შფოთვა ცოდვაა, რომელიც ადამიანს მონად აქცევს, ართმევს საღი აზროვნებისა და გონივრულად ქცევის უნარს. გვაცლის ძალას, რომ უფალს ნაყოფიერად უნდა ვემსახუროთ და გვწამდეს მისი. სწორედ ამიტომ, უკვე მრავალი საუკუნეა ისმის უფლის გამაფრთილებელი ხმა: „ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.“

წყარო: http://bogoblog.ru/

ჩატვირთვა...