რეფორმაციის გზა

264

გოლგოთის ჯვარზე დაიბადა ეკლესია, ქრ. შობიდან 33 წლს. ქრისტეს მიმდევრებმა დაიწყეს ქადაგება მკვდრეთით აღმსდგარი მაცხოვრის შესახებ და მიუხედავად დევნებისა ისინი არ წყვეტდნენ მოღვაწეობას.პირიქით დაუღალავად ავრცელებდნენ ქრისტეს მოძღვრებას და ქადაგებდნენ არამარტო რომის იმპერიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. დევნა შეუბრალებელი იყო და ქრისტიანები სიცოცხლეს ხშირ შემთხვევაში მოწამეობრივი აღსასრულით ამთავრებდნენ. ეს პერიოდი ადრეული ქრისტიანული ეპოქის სახელითაა ცნობილი და მოიცავს დროის მონაკვეთს ქრისტე შობიდან ახ. წ. 313 წლამდე. რომის კარგი გზები ქრისტიანობის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორი გახდა. მოძღვრების გავრცელებას ხელს უწყობდა ბერძნულად დაწერილი სახარებაც. იმ პერიოდში ბერძნული ( კოია ) საერთაშორისო ენა გახლდათ, სწორედ კოიაზეა დაწერილი ახალი აღთქმა. კოია – ეს არ იყო ფილოსოფიის ენა, არც პოლიტიკის, ეს უბრალო ხალხის სასაუბრო ენას წარმოადგენდა, რაც ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ სახარება იყო ყველასთვის.

მე-2 საუკუნეში ისრაელი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, ტაძრის დანგრევას და აჯანყებას ებრაელთა განთესილობა მოჰყვა. დამყნობილი ველური ტოტები გაუამაყდნენ ებრაელებს, რამაც საფუძველი ჩაუყარა ანტისემიტიური მოძრაობის დაწყებას. თუ პირველი 300 წელი ეკლესია ზემოქმედებდა კაცობრიობაზე, მე-4 საუკუნეში ქვეყნიერებამ დაიწყო ზემოქმედება ეკლესიაზე, რამაც გამოიწვია პოლიტიკის, ქვეყნიერების და წარმართობის განზავება ქრისტიანობასთან.

313 წლიდან 843 წლამდე გრძელდებოდა ქრისტიანობაში წარმართული წესების, ოკულტიზმის, სპირიტიზმის და სხვათა აღრევა. იმპერატორები წყვეტდნენ რა იქნებოდა ქრისტიანობისთვის კანონი. “დამოკიდებული ეკლესიის” გაჩენის პერიოდს ცეზარე-პაპიზმის ხანა ეწოდა. ეკლესია გახდა მორჩილი ინსტრუმენტი კეისრის ან პაპის ხელში. მე-4 საუკუნეში დაიწყო ბავშვების მასობრივი ნათვლა იმპერატორის ბრძანებით, რაც ისტორიაში პედობაპტიზმის სახელით შევიდა, ეს ქმედება ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანობის არსს იმდენად, რამდენადაც ქრისტეს მიმდევრობა ქრისტეს რწმენის სრულ გააზრებას და მიღებას გულისხმობს. 431 წელს მე-3 მსოფლიო კრებაზე დაიწყო მრავალღმერთიანობის შემოდინება: წმინდანები, მეოხები,მფარველები და შუამდგომლები. წესად იქცა მათდამი ლოცვა და ვედრება, თუმცა მანამდე ქრისტიანები მხოლოდ ერთი ღმერთის წინაშე ლოცულობდნენ. მე-4 საუკუნეშივე ჩამოყალიბდა ბერ-მონაზვნობა, რომელსაც საფუძვლად გნოსტიციზმი დაედო. მე-5 საუკუნეში შეიქმნა რელიქვიის კულტი, როდესაც სვიმეონ მესვეტე ჩამოხსნეს და დაანაწევრეს.დაიწყო მასშტაბური ამოთხრა წმინდანთა ნეშტების და მათი ნაწილებით ვაჭრობა. წმ. ნაწილების თაყვანისცემის საყოველთაო ისტერიამ და მოთხოვნამ ამ ნაწილებზე, განაპირობა ის რომ არსებობდა ათანასე ალექსანდრიელის სამი თავი (!) და ამგვარი ფაქტები არც თუ ცოტა იყო. იოანე ოქროპირი ამბობდა: “მიბაძეთ ადამიანის რწმენას და არ ეძიოთ მისი ნაწილები.”

მე-7 საუკუნიდან მე-8 საუკუნემდე ისლამმა სწრაფი აღზევება განიცადა. მუსლიმთა ურდო 10-ჯერ აღემატებოდა ბიზანტიურ ჯარს. ბიზანტია დაეცა შიდა პრობლემების, ცრუ რელიგიის, კორუფციის და სხვა მიზეზთა გამო. სწორედ ამ დროს 717 წელს დაიწყო რეფორმაცია ლეონ მესამე ისავრელიანის მეთაურობით. ერთ წელიწადში მან შეძლო კორუფციის დაძლევა. დაითხოვა ყველა კორუმპირებული გენერალი და შემოიღო სიკვდილით დასჯა ქრთამის ამღებისა და შემთავაზებლისთვის. მან მთავრობაში უბრალო ქრისტიანები დააყენა. პირველად ისტორიაში კანონით გაათანაბრა მდიდარი და ღარიბი. კანონებს საფუძვლად ბიბლია დაედო. ასევე დაიწყო წმ. ნაწილების მასშტაბური დამარხვა. ეკლესიამ დაიწყო აღდგინება, რაც 100 წელს გაგრძელდა. ისტორიაში ეს პერიოდი “ხატმებრძოლობის” სახელით შევიდა, თუმცა რეალურად ეს, რეფორმაციის დასაწყისი იყო. 718 წელს ლეონ ისავრიანელის მცირერიცხოვანმა არმიამ მარცხი განაცდევინა რიცხოვნებით 10-ჯერ მეტ არაბებს, რომლებსაც ეგონათ, რომ ბიზანტიას დასცემდნენ და ინგლისამდე ჩავიდოდნენ. მიუხედავად კარგი დასაწყისისა 843 წელს რეფორმაციამ დაღმავლობა განიცადა.

მე -11 საუკუნეში ეკლესია გაიყო. რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეტყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები – ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს – კათოლიკური. ეკლესიის გაყოფას, მალევე მიჰყვა ჯვაროსნული ომები. ეკლესიის დაცემა გრძელდებოდა, რომელმაც პიკს 1500 წლისთვის მიაღწია. ევროპაში ბიბლიის ქონის გამო ხალხს კოცონზე წვავდნენ. ეკლესიამ დაკარგა იმუნიტეტი, რაც გამოწვეული იყო ანტისემიტიზმითა და ცეზარე -პაპიზმით. პოლიტიკის დიდი გავლენით ეკლესიაზე, რადგან პოლიტიკური ლიდერები ცდილობდნენ გამხდარიყვნენ ეკლესიის თავი ქრისტეს ნაცვლად.

მე-14 საუკუნეში ინგლისში დიდი პოპულარულობა მოიხვეჭა ჯონ უიკლიფის ქადაგებებმა რომელიც რომის პაპის უზნეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მანვე ინგლისურ ენაზე თარგმნა ბიბლია და გაავრცელა ხალხში. მისი სწავლება გავრცელდა ჰოლანდიაში, ბელგიაში, გერმანიასა და ჩეხეთში. ჩეხეთში რეფორმაციის ქადაგება და ჩეხურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის გავცრელება დაიწყო იან ჰუსმა, რომელიც 1415 წელს სიკვდილით დასაჯეს პაპისტებმა, რასაც შედეგად ჩეხი და ბოჰემიელი რაინდების პროტესტი და 15 წლიანი სისხლისმღვრელი ომი მოჰყვა კათოლიკებსა და ჩეხ რეფორმატორებს შორის. კათოლიკებმა საერთო ჯამში 6 ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყეს ჩეხეთზე და შეძლეს რეფორმაციის გავრცელების შეჩერება როგორც ჩეხეთში, ისე პოლონეთში.

მე-16 საუკუნის დასაწყისში გერმანიაში გავრცელდა ჰუმანისტური იდეოლოგია, რომელიც ქრისტიანობის პირველსაწყისებთან დაბრუნებას ქადაგებდა. პირველსაწყისებთან დაბრუნება აუცილებლი იყო, რადგან 15 საუკუნის მანძილზე ქრისტიანობა დიდად დაშორდა თავის ფესვებს. 1517 წლამდე ქრისტიანობამ მიაღწია თავისი დეგრადაციის პიკს – უდიდეს დაცემას. სწორედ ამ წელს 31 ოქტომერს დაიწყო დიდი რეფორმაცია მარტინ ლუთერის თაოსნობით.

1512 წლიდან ლუთერის ურთიერთობა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან დაიძაბა და მწვერვალს 1517 წელს მიაღწია. პაპმა ლეონ X-მ წმ. პეტრეს ტაძრის განახლების დღეს მორწმუნეთაგან გაღებული წვლილის სანაცვლოდ ინდულგენციები ანუ წყალობის სიგელები დაარიგა, რაც ლუთერმა დაგმო. მან ჩამოაყალიბა 95 თეზისი, სადაც წარმოაჩინა საკუთარი მრწამსი უზენაესთან პიროვნების უშუალოდ დაკავშირების შესაძლებლობის თაობაზე. თეზისები იმა წლის 31 ოქტომბერს ვიტენბერგის მთავარი ტაძრის კარიბჭეზე მიაჭედა, საიდანაც ელვისებურად მოეფინა მთელს გერმანიას. ამას მიესალმნენ ჰუმანისტები, ინტელიგენტები და აჯანყებული გლეხები. აღფრთოვანდნენ სტუდენტები. მათ უნივერსიტეტის ეზოში დაწვეს რომაული კათოლიკობის აპოლოგეტის -ტეცელის – საპასუხო თეზისები. გაიმართა საჯარო პაექრობა. პროტესტანტმა ლუთერმა მომხრეები თანამოწესე ბერებს შორისაც ჰპოვა.ლუთერი წერდა სტატიებს და პამფლეტებს , რითაც ის ცდილობდა დაენახვებინა ხალხისთვის, რომ ცოდვათა მიტევება არა ინდულგენციებით, არამედ ღმერთის მადლით ხდებოდა, გამართლება კი არა საქმეთაგან,არამედ რწმენით, იესო ქრისტეს პირად მხსნელად აღიარებით. ლუთერმა დატოვა უმდიდრესი წერილობითი მემკვიდრეობა. 1521 წლის 3 იანვარს რომის პაპმა მას ანათემა გამოუცხადა, შერაცხა ერეტიკოსად და განკვეთა ეკლესიისაგან. ნიუხედავად ამისა ლუთერის იდეები სწრაფად ვრცელდებოდა და მხარდაჭერას ჰპოვებდა საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში, რასაც ასევე ხელი შეუწყო ლუთერის მიერ ბიბლიის გერმანულად, ხალხურ დიალექტზე თარგმნამ. მიუხედავად პაპის მცდელობებისა, რეფორმაციის წარმატებას წინ ვეღარაფერი დაუდგა. დღითიდღე მეტ მომხრეს და თანამოაზრეს ჰპოვებდა იგი ხალხში . ჰუგენოტთა ცნობილი ომის შემდგომ რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა ”კათოლიკური ლიგა”, რასაც პროტესტანტებმა „ევანგელისტური კავშირის’’ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთო ევროპულ, ე.წ. „30 წლიან” (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ…

პროტესტანტიზმი ბევრ მიდინარეობას აერთიანებს, მათ შორის განსხვავებებიც ბევრია, თუმცა არის ძირითადი თეზისები, რომელიც უნივერსალური რჩება უმეტესობისთვის : Sola scriptura (მხოლოდ წერილი), Sola fide (მხოლოდ რწმენით), Sola gratia (მხოლოდ მადლი), Solus Christus (მხოლოდ ქრისტე), Soli Deo gloria (დიდება მხოლოდ ღმერთს).

რეფორმაცია ძველის გარდაქმნას, ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს, თუმცა ქრისტიანებისთვის ის, საწყისებთან დაბრუნებას ნიშნავს. ამ გაგებით ჩვენ უნდა ვიყოთ რეფორმატორები და რეფორმაცია არ უნდა დარჩეს მე-16 საუკუნის ისტორიულ მოვლენად. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეკლესიას დღეს აღარ სჭირდება დაბრუნება თავდაპირველ საწყისებზე, რადგან დრო და ადამიანური ბუნება ცვლის მის პირველსახეს. ჩვენ გვიყვარს წესების გამოგონება და ჩვენივე გამოგონილი დადგენილებების მორჩილება, მზად ვართ დოგმად ვაღიაროთ ისინი და “ომებიც” კი ვაწარმოოთ მათ არ გამზიარებელთა წინააღმდეგ…თუმცა ძალიან გვიჭირს შეურყვნელად დავიცვათ ის, რაც ასე ძვირფასია, ადვილად ვკარგავთ პირველ სიყვარულს და ვექცევით რელიგიურ ჩარჩოში, უარს ვერ ვეუბნებით ტრადიციებს, მონდომებით ვიცავთ წინაპართა გადმოცემებს, ვურწყავთ მათ ქრისტიანობას და ვქმნით რაღაც ახალს,გაუგებარ სინთეზს, ამასობაში კი ისე ვკარგავთ ქრისტეს, რომელიც უნდა იყოს ცენტრი, ათვლის წერტილი,რომ ამას ვერც ვაფიქსირებთ. თითოეული ჩვენთაგნი უნდა იდგეს ქრისტიანობის სადარაჯოზე, თითოეული ჩვენთაგანი უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ, რომ ქრისტიანობა იყოს ის, რაც იყო პირველ საუკუნეში. იესო ქრისტემ მაგალითი დაგვიტოვა, რათა მივყვეთ მის კვალს და ვიაროთ ზუსტად მის ნაკვალევზე!

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...