როგორ დავძლიოთ კრიტიკა?

180

ძალიან ხშირად ჩვენი კარიერა, ჩვენი ემოციური სიმყარე და ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვრეაგირებთ კრიტიკაზე.

სინამდვილეში კრიტიკის ორი სახეობა არსებობს: რბილი, ობიექტური, შემოქმედებითი (რომელზეც არცთუ ისე ბევრი რეაგირებს) და სხვა – უკმეხი, მტრული, სწორხაზოვანი.

თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდებიან თქვენი საქმეების და მსახურების „წკრიალახმიანი“ კრიტიკოსები.

როდესაც შტორმი ამოვარდება, იოლი არ არის მასთან გამკლავება, თუმცა ამის ფონზე მოგვიწევს სწავლა.

უმთავრესი, რისი სწავლაც მოგვიწევს, არის ის, რომ თუ თქვენ მგრძნობიარე და სინდისიერი ადამიანი ხართ, ვერ შეძლებთ, უბრალოდ უკუაგდოთ კრიტიკა ან თავი მოიკატუნოთ, რომ ის საერთოდ არ არსებობს.

კრიტიკის დროს ადამიანის რეაქციის სამი დონე არსებობს: ემოციური, რაციონალური და პრაქტიკული.

ემოციური რეაქციის კონტროლი ყველაზე რთულია. კრიტიკა პირდაპირი შეტევაა თქვენს თვითშეფასებაზე, ასე რომ, რისხვით და გულისწყრომით რეაგირება, ერთი შეხედვით, ძალიან იოლია, მაგრამ ის მხოლოდ გასუსტებთ თქვენ.

ემოციური რეაქციის გაკონტროლება მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.

ბიბლია, რომელიც ადამიანის შინაგანი არსის უღრმეს გაგებას იტევს, ამბობს: „ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.“

მას, ვისაც დაუმსახურებელი კრიტიკით გამათრახება მწვავე ტკივილს აყენებს, ეს შეიძლება უაზროდ მოეჩვენოს, მაგრამ საოცარი ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ ის ტკივილს აყუჩებს.

ეს ეფექტური საშუალებაა. თქვენ უბრალოდ უნდა შეიგნოთ, რომ ძლიერი მამაკაცები და ქალები ყოველთვის იყვნენ გაკრიტიკებულნი.

უდიდესი ადამიანი, რომელიც დედამიწაზე დადიოდა, მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, დაწყევლილი და ბოლოს ჯვარზე გაკრული მისი თანამედროვეების მიერ, რომლებიც ვერ იტანდნენ ადამიანთა აზროვნებაში გადატრიალების მომხდენ მის იდეებს.

კრიტიკის დასაძლევი ერთ-ერთი ნაბიჯია – იყო რაციონალური.

აიღეთ თქვენ წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა და ობიექტურად გამოიკვლიეთ იგი. ჰკითხეთ თქვენს თავს პატიოსნად, იქნებ ამ კრიტიკაში არის სიმართლე?

მოერიდეთ საკუთარი თავის გამართლებას; თუ თავს ამის უფლებას მისცემთ, უფრო გაართულებთ საწყის შეცდომას. თუ თქვენ მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ კრიტიკა თქვენზე მართალს ამბობს, მაშინ საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ – მისი აღიარებაა.

ეს, თავისთავად, მას უკვე გაჩუმებას აიძულებს. ბოლოს და ბოლოს, თუ მას დაეთანხმებით, კიდევ რის თქმას შეძლებს იგი? გარდა ამისა, უბრალოდ გასაოცარია, თუ რამდენად იხევენ ადამიანები უკან იმისგან, ვისაც თავისი უმართლობის აღიარება შეუძლია.

ჭორები, მაგალითად, სხვა არაფერია, თუ არა შურითა და დაუცველობის გრძნობებით მოტივირებული კრიტიკა. „პატარა“ ადამიანებისათვის ხშირად სხვისი ნაფლეთებად ქცევა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ თავზე მუშაობა. მაგრამ რა არის მათი ჯილდო? მათ ეჭვით უსმენენ, ახლოს გაცნობის შემდეგ კი საერთოდ აღარ სჯერათ მათი.

ბიბლია გვასწავლის, რომ ბოროტს სიკეთით უნდა გადავუხადოთ. ეს არ არის რელიგიური სისულელე. სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია. დაუძინებელი კრიტიკოსები, როგორც წესი, დაზიანებული და უბედური ადამიანები არიან, რომლებიც იბღინძებიან, ფუჭ საქმიანობას ეწევიან, ცდილობენ რა სხვათა წარუმატებლობით დამალონ საკუთარი არასრულფასოვნება.

ქრისტიანულად, როდესაც თქვენ სხვა ადამიანში მტრობას აწყდებით, უნდა გადადოთ რისხვა, შეეცადოთ გაიგოთ, რამ გამოიწვია ეს მტრობა და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრათ მიზეზი, როგორც სხვა ადამიანის, ასევე თქვენ გამო.

თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავი არაკეთილმოსურნეებისგან თქვენი ემოციური რეაქციის კონტროლით; მიიღოთ მშვიდი და რაციონალური დამოკიდებულება კრიტიკის მიმართ; პატიოსნად ეცადოთ, დაეხმაროთ თქვენს კრიტიკოსებს მათი რისხვისგან თავის დაღწევაში.

მაგრამ თქვენი საუკეთესო დაცვა არის თქვენი ყოფაქცევა დღიდან დღემდე, თქვენი მაღალი მორალური სტანდარტები, სუფთა სინდისი, სიცრუის, ტყუილის და მალვის გარეშე ცხოვრება.

ნორმან ვინსენტ პილი

ჩატვირთვა...