როგორ დავძლიოთ შიში?

483

“რა ვუყო ჩემს უამრავ შიშს?” – ეს არის სულის შეძახილი, რომელიც ხშირად ისმის. უმეტესად უბედურება მდგომარეობს არა გამართლებულ სიფრთხილეში, არამედ თავისთავად შიშში. შიში არის გონების მდგომარეობა, რომელიც ვრცელდება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე.

როდესაც ტყის მჭრელები ხეს ჭრიან, ისინი ჭრას არ იწყებენ ფესვებიდან. ხის მოსაჭრელად 3 ეტაპია გასავლელი:

  1. შეშის მჭრელები, პირველ რიგში, ადიან ხეზე და წვრილი ტოტებისგან ათავისუფლებენ მას.
  2. ისინი დარჩენილი ხის შიშველ ტანს ელექტროხერხის საშუალებით ძირში ჭრიან.
  3. ბულდოზერის მეშვეობით კი იღებენ ფესვებს და ავსებენ იმ ადგილს, სადაც ხე იყო.

ყოველივე ამის შემდეგ ვეღარავინ შეძლებს იმის წარმოდგენას, რომ ამ ადგილას უზარმაზარი ხე იზრდებოდა.

სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ თქვენს უამრავ შიშსაც ასევე შეგიძლიათ მოექცეთ. თავდაპირველად მოიშორეთ წვრილმანები. როგორ უნდა გააკეთოთ ეს?

დასაწყისისთვის, მაგალითად, როდესაც დაძინებამდე შემოივლით თქვენს სახლს, ჩაკეტავთ ყველა კარსა და ფანჯარას, ნუ მოქაჩავთ ყველა სახელურს ხუთჯერ ან ექვსჯერ, იმაში დასარწმუნებლად, ნამდვილად ჩაკეტილია თუ არა კარი. ან თუ გაიგებთ, რომ თქვენს ქალაქში ეპიდემიაა, ნუ იტყვით: “აი, მე შემდეგი ვიქნები!” შეწყვიტეთ შიშით ნაკარნახევი მტკიცებულებების წარმოთქმა და მალე შენიშნავთ, რომ შიშით ნაკარნახევი აზრებიც ნაკლებად აგეკვიატებათ. ეს არის ის, რაც “პატარა ტოტებს” შეეხება.

ახლა კი, მოდით, ავიღოთ ელექტროხერხი იმისათვის, რომ მოვჭრათ ჩვენი შიშის მთავარი ღერო. მოდით, ამ ელექტროხერხს დავარქვათ სახელი – სიყვარული.

როგორ შეგიძლიათ შიში სიყვარულით “მოჭრათ”? გახსოვდეთ მუხლი ბიბლიიდან,სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს“. დიახ, სიყვარული ძალიან მახვილი იარაღია. იგი მძლავრი ხერხია, რომელსაც შეუძლია მთელი ძალით შეეჭიდოს შიშს, გადახერხოს იგი და წააქციოს.

ეს ბიბლიური მუხლი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს იგი მთელი სისავსით.

მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თქვათ: “როგორ შეიძლება მისი სიყვარული? ის ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარია. მე შემიძლია მიყვარდეს ჩემი ცოლი, ჩემი შვილები, მაგრამ როგორ შემიძლია მიყვარდეს ღმერთი? მე შემიძლია მიყვარდეს ადამიანი, მაგრამ როგორ შემიძლია მიყვარდეს ზოგადი იდეა?”

თუმცა მოიცადეთ, ერთი წუთით დაფიქრდით და გაიხსენეთ, რომ ღმერთი ადამიანი გახდა თქვენ გამო, მის შესახებ ბიბლია გვამცნობს. ყოველ საღამოს, დაძინებამდე წაიკითხეთ ბიბლია და მანამდე იკითხეთ და სთხოვეთ ღმერთს მისი გაცხადება, სანამ პირადად იესო ქრისტეს არ გაიცნობთ. როდესაც გაიცნობთ მას, თქვენ შეგიყვარდებათ იგი. როდესაც შეგიყვარდებათ იგი, თქვენ მიენდობით მას. როდესაც მიენდობით, თქვენს მრავალნაირ შიშთან ერთად მთლიანად მის კუთვნილებაში აღმოჩნდებით. ეს არის სწორედ ის, თუ როგორ სდევნის შიშს სრულყოფილი სიყვარული.

თუკი ამ რჩევას პრაქტიკულად გამოიყენებთ, თქვენი შიშის მთავარი ღერო აღარ იარსებებს თქვენს ცხოვრებაში. ის, რაც დარჩება გასაკეთებელი, არის ღრმად ჩახედვა და მიღწევა იქამდე, რაც ზედაპირზე არ ჩანს, ე.ი. ფესვებამდე, რომელზეც შიშის ბნელი ხე იზრდებოდა.

ამ საქმის ბოლო საფეხური იქნება ბულდოზერი, რომელსაც ჩვენ ”რწმენას” შევარქმევთ და რომელიც გაქექავს და ამოძირკვავს შიშის მკვებავ ფესვებს. რას წარმოადგენს შიშის ფესვები? ჩვენ სხვადასხვაგვარი შიშის „დაგროვებას“ ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიწყებთ. ნორმალური შიში, რომელიც სიფრთხილის ელემენტს წარმოადგენს, გონივრულია. მის გარეშე ადამიანი უბრალოდ სულელი იქნებოდა. მაგრამ უბედურება ის გახლავთ, რომ ნორმალური შიში ადვილად ხდება არანორმალური. ხშირ შემთხვევაში, გამოუცნობის, სიბნელის ან უცნობი ადამიანის წინაშე ბავშვური შიშისაგან ფესვების მთელი აბლაბუდა ყალიბდება.

შიშის სხვადასხვა ფესვები ცოდვით ფორმირდება. ყოველთვის, როდესაც თქვენ სცოდავთ, გეშინიათ, რომ ეს გამოაშკარავდება და თქვენ შესახებ ყველა გაიგებს. თქვენში დანაშაულის გრძნობა ვითარდება. თქვენი გონება იწყებს შფოთვას, ცდილობს რა ღირებულებების შეცვლას, შავისათვის თეთრის დარქმევას და თქვენს დარწმუნებას იმაში, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, სულაც არ არის ცუდი. ამგვარად, თქვენი ცხოვრება სიცრუისა და თავის დაძვრენის დომხალად იქცევა. შედეგად ვითარდება აკვიატებული იდეები და ფსიქოზი.

ამ ყველაფრისგან თანდათანობით იზრდება განუსაზღვრელი, ავბედითი შიში, რომელიც საბოლოოდ თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწევს. იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ ამ დომხალისგან, თქვენს გონებაში მოიმარჯვეთ “რწმენის ბულდოზერი” და მსგავსად წვეტიანი დანისა, მისი მეშვეობით, ამოძირკვეთ თქვენი გონებიდან შიშის ყველა ფესვი. უთხარით საკუთარ თავს: “მე მწამს, რომ იესო ქრისტეს შეუძლია ჩემი ცოდვების პატიება. მე სწორედ ახლა ვთხოვ მას ამის შესახებ. მე მწამს, რომ ჩემი ცხოვრება მისით არის გამოსყიდული.”

სიყვარულისა და რწმენის შეთავსებას ნებისმიერი შიშის გადალახვა შეუძლია. ეს არის დიადი კეთილი უწყება, რომელიც იესოს აქვს ჩვენთვის.

ნორმან ვინსენტ პილი

ჩატვირთვა...