როგორ დავძლიოთ ხალხის წინაშე გამოსვლის შიში?

200

იმ მომენტიდან, როდესაც გავხდით უფალ იესო ქრისტეს მოწაფენი, გადარჩენასთან და მარადიულ სიცოცხლესთან ერთად ჩვენ გვერგო პატივი, ვიყოთ ამ მიწაზე მისი წარმომადგენლები და „ელჩები”. ახალ აღთქმაში დაწერილია:

მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია. ყოველივე ღვთისაგან არის, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება. იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა სოფელი და არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და გვიბოძა შერიგების სიტყვა. ამგვარად, ჩვენ ელჩები ვართ ქრისტესთვის, და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.“ (2 კორინთელთა 5:17-20)

შერიგების მსახურება გულისხმობს გამოსვლას ხალხის წინაშე. მხოლოდ ქრისტეზე დამოწმების მეშვეობით შეგვიძლია დავეხმაროთ ხალხს, შეურიგდნენ უფალს. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გზავნის ელჩს – ხელშეკრულების დადების ძალაუფლების მქონეს, ის მოელის, რომ იგი ისაუბრებს, როდესაც საჭირო იქნება ლაპარაკი; გაჩუმდება, როდესაც საჭირო იქნება დადუმება, და ზუსტად გადასცემს ინფორმაციას, რომლის გამოც იქნა წარგზავნილი. ელჩი, რომელიც იუარებს წერილის გადაცემას ან დააგვიანებს, სამუდამოდ იქნება დისკვალიფიცირებული იმის თვალში, ვინც გაგზავნა ის.

ჩვენ, ქრისტიანებს, მონდობილი გვაქვს შერიგების მსახურება და ვალდებულნი ვართ, მოვუწოდოთ და მხურვალედ ვთხოვოთ ადამიანებს, შეურიგდნენ უფალს. ჩვენ ამას უნდა ვაკეთებდეთ ყოველდღიურად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ დიდი აუდიტორიის წინაშე.

სულიწმიდა გვაძლევს ხალხის წინაშე გამოსვლის ძალას

 

ზეცად ამაღლების წინ უფალმა იესომ თქვა:

არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.” (საქმ. 1:8)

უზიარებდე დამოწმებას უფალ იესო ქრისტეს შესახებ, ნიშნავს საუბრობდე ხალხის წინაშე. 12 მოციქულთაგან თითქმის არც ერთი  არ იყო მომზადებული იმისთვის, რომ გამოსულიყო ხალხის წინაშე იესო ქრისტესთან შეხვედრამდე და მის მოწაფედ გახდომამდე. თავისი ამაღლების წინ უფალმა მისცა დავალება მათ, ემცნოთ სახარება დიდძალი ხალხისთვის და სულიწმიდას უნდა მიეცა მათთვის ძალა და შესაძლებლობა, ეუწყებინათ ეს გადარჩენა.

იესო ქრისტეს მოწაფე, რომელიც გაიაზრებს მიღებულ პასუხისმგებლობას, ეცდება, ნებისმიერი შესაძლებლობის დროს გადასცეს სახარება ხალხს პირადად და აუდიტორიის წინაშე. მაგრამ ის, ვინც ვერ იაზრებს ამ პასუხისმგებლობას, დაიმორცხვებს მაშინაც, როდესაც ექნება შესაძლებლობა ხალხში წარდგენისა. გაურბოდე ან უარყოფდე ხალხში წარდგომას, ეს ნიშნავს, გაურბოდე პასუხისმგებლობას.

 

როგორ წარვდგეთ ხალხის წინაშე, თუ ვღელავთ?

 

ფიქრობთ, რომ მარტო თქვენ ღელავთ? თუ ფიქრობთ, რომ სხვა გამომსვლელნი ხალხის წინაშე არ ღელავენ? ყველა ღელავს, ამიტომ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის კონტროლი და დაძლიოთ ღელვა. ზოგჯერ ხალხის წინაშე გამოსვლის წინ სუნთქვა მეკვრება და ვგრძნობ უხერხულობას. ნიშნავს ეს იმას, რომ მე არ შემიძლია საუბარი? არამც და არამც. მე მივყვები ჩემი უფლის რჩევას, ვეძებ ადგილს, სადაც შემიძლია განვმარტოვდე და ვლოცულობ, რადგან ის დამპირდა მე:    

არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.“ (ფილიპელთა 4:6-7)

ეს დაპირება ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც  მაქვს შიში აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა. მე უნდა გადავლახო ის და ლოცვის მეშვეობით მივენდო ღმერთს, რათა მოვიპოვო სიმშვიდე და ღირსეულად დავამოწმო ჩემი მხსნელის შესახებ. თუ ჰკითხავთ სხვა მქადაგებლებს, მასწავლებლებს, ვფიქრობ, ყველა მათგანი გეტყვით, რომ მათ აქვთ შიში და ღელვა ხალხის წინაშე გამოსვლის წინ, მაგრამ ისინი სძლევენ ამ შიშს და თქვენც უნდა ისწავლოთ მისი დაძლევა.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ მთლიანად გვეფანტება აზრები და სიტყვები?

 

თუ შენ იცი, რომ აწყდები ამ პრობლემას, მაშინ მოამზადე შენი სიტყვა წერილობითი სახით. თუ წინასწარ იცი, რომ მოგიწევს დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგენა, სიტყვა სიტყვით დაწერილი ტექსტი დაგეხმარება, უკეთესად გაიგო ის და თუ შენ ღელავ, შეგიძლია წაიკითხო. ძალიან კარგი იქნება, თუ აუდიტორიის წინაშე წარდგომის წინ ერთხელ მაინც  წაიკითხავ მას, და უმჯობესია რამდენჯერმე ხმამაღლა წაკითხვა.

 

რა გავაკეთოთ, თუ სასაუბროდ მოულოდნელად მიგვიწვიეს?

 

ვთქვათ, იმყოფებით ხალხთა შეკრებაზე და მოულოდნელად მოგცეს საშუალება, ისაუბროთ წინასწარი მომზადების გარეშე. როგორ მოიქცევით?

ილოცებთ, რომ დროულად მოიყვანოთ მწყობრში თქვენი ფიქრები გონებაში? თუ თან გაქვთ ფურცელი ან ბლოკნოტი, შეადგინეთ პატარა სქემა და მიჰყევით მას. მე ხშირად ქაღალდის ხელსახოციც კი გამომიყენებია ამისთვის, რათა დროულად შემექმნა სქემა და მესაუბრა. თან თუ არ გაქვთ არაფერი, არც საწერკალამი, არც ფურცელი, მაშინ შექმენით ეს სქემა გონებაში და ეცადეთ, რომ შედგებოდეს ის 3 ან მაქსიმუმ 5 პუნქტისგან. ზედმეტი არაფერი ილაპარაკოთ, არამედ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, რათა გაიგოს ხალხმა მოსმენილი. პეტრე მოციქულისთვის ორმოცდამეათე დღე მოულოდნელი იყო, რადგან არ ელოდა ამდენ ხალხს სახლის გარშემო, სადაც იკრიბებოდნენ. მიუხედავად ამისა, ის წარდგა მათ წინაშე და აუხსნა უმრავლესობას, რა დაემართა მას და ამ ახსნა-განმარტებით გადავიდა სახარების უწყებაზე. საბოლოოდ იმ დღეს ბევრმა ადამიანმა მოინანია და მიიღო გადაწყვეტილება, გამხდარიყო უფალ იესო ქრისტეს მოწაფე, წმინდა ნათლობის მიღებით.

 

როდესაც გეპატიჟებიან ღონისძიებაზე, იყავით მზად, წარდგეთ ხალხის წინაშე

 

თუ მიდიხართ რაიმე ღონისძიებაზე, იქ შესაძლოა მოგთხოვონ ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლა. მოემზადეთ წინასწარ, რომ კარგად იცოდეთ, რა უნდა თქვათ. როდესაც პავლე იყო მიწვეული თავისი სწავლების წარსადგენად არეოპაგში, ათენში, ჩანდა, რომ ის უკვე მზად იყო, რადგან მისი სიტყვა ორგანიზებული იყო; ის ციტირებს ბერძენი მწერლების ნაწარმოებებიდან. მისი სტრუქტურული და კარგად შედგენილი სიტყვა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ის მრავალი დღის განმავლობაში ემზადებოდა და ელოდებოდა მიწვევას, ესაუბრა არეოპაგში, როდესაც მიეცა ეს შესაძლებლობა, მან გამოიყენა ის. მერე რა, რომ უმრავლესობამ უგულებელყო მისი სწავლება იმ მომენტში? მიუხედავად ამისა, მისი მეშვეობით ღმერთმა გადაარჩინა რამდენიმე სული ამ ქალაქში. ესენი იყვნენ დამარისი, დიონისე არეოპაგელი და ზოგიერთი სხვაც. იყავი ყოველთვის ყურადღებით, ყოველთვის მზად, რომ ილაპარაკო და არ უგულებელყო მოწვევა.

 

არ ილაპარაკო ზედმეტი, არ ილაპარაკო ბევრი, მაგრამ იყავი მტკიცე, რომ გასაგებად გადასცე უწყება იესო ქრისტეს შესახებ. მხოლოდ ხალხის წინაშე გამოსვლის მეშვეობითა და სისტემატური მომზადების შედეგად შეძლებთ გამოცდილების დაგროვებას. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენთვის არ ლაპარაკობთ, არამედ ხალხისთვის, რომელიც გისმენთ; უსურვებთ, რომ ყოველი მათგანი გადარჩეს და შეიძინოს მარადიული სიცოცხლე.

ავტორი: ვასილი ფილატი

თარგმანი: თათა ხარძიანი

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

ჩატვირთვა...