სააღდგომო სამზადისი – რიტუალებად ქცეული ქრისტიანობა

0

რწმენა ბრმააო ამბობენ, მაგრამ ყრუ რომ ნამდვილად არ არის. ამას ბიბლია ხაზგასმით გვეუბნება: „ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვებისაგან.“ (რომ. 10:17)

მალე აღდგომა დადგება, დღე – სასწაული, დღე – სიკვდილზე გამარჯვების, დღე –კაცობრიობის ხსნის, მაგრამ მანამდე მორწმუნეთათვის უმძიმესი კვირა დაიწყო – გზა გოლგოთისკენ მიმავალი. ეს ღალატისა და გაცემის, ბარაბას არჩევისა და ეკლის გვირგვინის, „ვია დოლოროსას“ და ქრისტეს ჯვარცმის კვირაა…

ჩვენს ქვეყანაში ყველამ ვიცით აუცილებლად შესასრულებელი სააღდგომო ტრადიციების შესახებ, მაგრამ ხშირად „ოდითგანვე“, „მამა-პაპა“ და „ძველებმა უკეთ იცოდნენ“ ფრაზებით გადაფარული ვერგაგებული შინარსისგან ვცლით უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას და უბრალო რიტუალებამდე დაგვყავს, ამიტომაც აღდგომა ვისთვის საფლავზე გასასვლელი მიზეზია, ვისთვის გემრიელი პასკებისა და პანატონეების ცხობის კვირეული, ვისთვის გრძელვადიანი მარხვის ბოლო კვირა და ვისთვის კიდევ უქმეები.

სამწუხაროა, მაგრამ ნომინალური ქრისტიანობით და ნაციონალური კულტურის საკუთარ აღმსარებლობასთან შერწყმით ქრისტიანობა რიტუალებამდე დავიდა და ამიტომაცაა, რომ უამრავმა ადამიანმა აღდგომის დღესასწაული პასკასთან, კვერცხთან, საფლავების მონახულებასა და ბევრ სხვა ნიუანსთან გააიგივა.

სწორედ ამიტომ არის, რომ თუ საფლავზე კვერცხის გადამგორებელსა და ერთი ჭიქა ღვინის წამქცევს ტოვებ კაცი, შეგიძლია მშვიდად განისვენო. ნაცვლად იმისა ვეჭიდებოდეთ უფლისმიერ სიხარულს მკვდრეთით აღდგომის და საუკუნო სიცოცხლის შესახებ, საფლავზე ღვინის წამქცევი გვეიმედება, თითქოს იქ იყოს ჩვენი სამუდამო განსასვენებელი. სწორედ ამიტომ ვთქვი თავში, რომ რწმენა ბრმაა და არამც და არამც ყრუ, რადგან ის ქრისტეს სიტყვების მოსმენისაგან მოდის…

მინდა ვხედავდე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე უფრო მეტ ადამიანს უფლის სახლში, ვიდრე სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, სანოვაგით სავსე საბარგულით, ავტომობილების გრძელ კოლონაში; მინდა ვხედავდე უფრო მეტ, სულიწმიდით აღვსილ ადამიანს, ვიდრე ფეხარეულ მემთვრალეებს ამ წმინდა უქმეებზე; მინდა ვხედავდე შინაარს იმ ტრადიციებში, რომლებსაც სიმბოლურად უნდა ვაკეთებდეთ და არა შიშით, რომ რამე თუ შეგვეშლება, „განგება“ დაგვსჯის.

ჩვენ იმდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ წვრილმანებს (მაგ; მიცვალებულს საით ექნება თავი და მისთანები), რომ მთავარი უკანა პლანზე იწევს. მთავარი კი მაშინაც მთავარია, თუ მას უკანა პლანზე გადავწევთ. იმით, რომ ჩვენ არ ვანიჭებთ მას დიდ მნიშვნელობას, ჭეშმარიტება არც გაცვდება და არც შეიცვლება, ის იქნება თვითმყოფადი და თითოეულ ჩვენგანს ოდესმე მოუწევს ამ ჭეშმარიტებასთან პირისპირ დარჩენა.

სინამდვილე კი ისაა, რომ ნომინალურ ქრისტიანობას შევაფარეთ თავი, შინაარსზე მაღლა წეს-ჩვეულებები დავაყენეთ, დავივიწყეთ ქრისტეს გადადგმული ნაბიჯების ფასი გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე… ჩვენთვის კვირა დიდი ორშაბათით იწყება და ასე გრძელდება დამწკრივებული „დიდი“ დღეებით, იესოსთვის კი თითოეული დღე უმძიმესი იყო, ღალატის, მეგობრებისგან მიტოვების, უსამართლობის, შეურაცხყოფის და აუტანელი ტკივილის, იმისთვის რაც არ ჩაუდენია და რაც მე და შენ ჩავიდინეთ…

მალე აღდგომა მოვა, მიყვარს მწვანე ჯეჯილში სისხლისფრად შეღებილი კვერცხები წითლად რომ ღვივის, მიყვარს პასკის სპეციფიკური სურნელით რომ არის გაჟღენთილი ჰაერი, მიყვარს იმედის და სიცოცხლის სუნი გაზაფხულს რომ მოჰყვება და კვირა დღეს ყველაზე მეტად იმის გახსენება მახარებს, რომ სამარხი ცარიელია!!!

ქრისტე აღდგა!

ნატალია ჩიქოვანი